reportiori.ge - ეროვნული იდეოლოგიის ვერტიკალური და ჰორიზონტალური პოსტულატები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:45
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ეროვნული იდეოლოგიის ვერტიკალური და ჰორიზონტალური პოსტულატები
ავტორი:
10 თებერვალი, 2014. 15:12

ილიას მიერ საქართველოს ეროვნული მოძრაობისათვის ჩამოყალიბებული ფორმულა: "მამული, ენა, სარწმუნოება" დღესაც გამოხატავს ქართული ეროვნული იდეოლოგიის სამ მთავარ პოსტულატს. ეს პოსტულატები, ერთგვარად, ვერტიკალური მიმართულებისაა, რომელსაც ამაგრებს სხვა სამი, ასე ვთქვათ, ჰორიზონტალური პოსტულატი, რომელთაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.


 მამული. ქვეყანა, სამშობლო არის ადამიანთა ერთობისთვის, ერისთვის ის სასიცოცხლო არეალი, გეოგრაფიული გარემო, რომლის გარეშეც არ ყალიბდება სოციალური ერთეული - ერი, რომელიც სინამდვილეში ღვთისმიერი ერთეულია. მიწა, სამშობლო მხარე, ქვეყანა არის ის ერთადერთი ადგილი, სადაც შესაძლებელია საუკუნეთა, ათასწლეულთა მანძილზე, წარღვნიდან წარღვნამდე, მეორედ მოსვლამდე ცხოვრობდეს ერი და ვითარდებოდეს. სადაც იბადებიან, მოღვაწეობენ, იკრძალებიან თაობები და თაობები. სადაც ყოველი მტკაველი, ყოველი საფლავი, ყოველი ნაგებობა და ნანგრევი, ყოველი კულტივირებული მცენარე, ყოველი მდინარე და მთა, რაღაც ძალიან საერთოსი, რაღაც ძალიან ძვირფასის სახსოვარია, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად. ეს არის ის საკუთარი მტვერი (მიწა, თიხა), რომლისგანაც ღმერთმა ადამი შექმნა და რომლადაც იქცა ქართველთა ეთნარქების თუბალის, მოსოხის, თარგალის, კარდუს სათაყვანებელი ძვლები.


ქართული და, საერთოდ, ქრისტიანული წარმოდგენით, ივერია არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ა. შ.


საქართველოს საზღვრები არის განსაზღვრული თავად ღვთის მიერ და ეს ისტორიულადაც არის დადგენილი. ამიტომ მისი ყოველი გოჯის დათმობა მტრისათვის არის ღვთის მიერ მოცემულის განიავება, ღალატი.


 ენა. ენა არის კომუნიკაციის საშუალება, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. საერთო ენით ვესაუბრებით ერთმანეთს, გარდაცვლილ და მომავალ თაობებს. ქართულად მივმართავთ ღმერთსაც. ღმერთიც ქართულად გვესიტყვება. შემთხვევითი არ არის, რომ ქართველი კაცის წარმოდგენაში ქართული ენა არის ლაზარე, ღვთის საუკეთესო მეგობარი. ქართველს სჯერა, რომ ღმერთს მისი ენისა ყველაზე უკეთ ესმის, რომ მისი ენა პირველადია, უძველესია, რომ ქართული ენით განისჯება კაცობრიობა და რომ თავად უფალი ამ ენით საუბრობს.


ეს სრულიადაც არ არის დასაძრახი. მესიანისტური იდეოლოგია მრავალ ერს აქვს. მეცნიერები მართლაც ამტკიცებენ ქართული ენის უძველესობას, მის სიახლოვეს სავარაუდო უძველეს საერთო კაცობრიულ მეტყველებასთან. სულთმოფენობის დღეს სულმან წმიდამ ქართულად აამეტყველა თავად ღვთისმშობელი და ივერია არგო განსანათლებლად. ასევე, ანდრია პირველწოდებული, სიმონ კანანელი, მატათა, წმიდა ნინო, ათცამეტი ასურელი მამა, შემდეგ ეფთვიმე მთაწმინდელი ღვთისმშობლის გამოცხადებამ და ა.შ.


ქართული ენა არის თვითგამოხატვის ერთერთი საუკეთესო საშუალება. საკმაოდ მდიდარია ჩვენი ენა, ქართული ენით შესაძლებელია ყველაფრის გადმოცემა, მათ შორის, სახარებისა და "ვეფხისტყაოსნისა".


 სარწმუნოება. ქრისტეს სჯული არის სარწმუნოება, რომელიც ჩვენ ადვილად მივიღეთ. რომელსაც ველოდით, რომლისთვისაც მზად ვიყავით. ვინაიდან იმთავითვე ჩვენი ჩვეულებანი იყო ისეთი, რომ მხოლოდ მართლმადიდებლობის მიღება შეგვეძლო.




სხვათაგან განსხვავებით, ჩვენ გვჯეროდა, რომ ქალიც ადამიანია, რომ მასაც აქვს სული და "ლეკვი ლომისა სწორია". ჩვენ გვჯეროდა, რომ შეიძლება არსებობდეს უმწიკვლო ქალი, დედა და ამიტომ შევძელით გვეცნო ყოვლადწმიდა ქალწული ღვთისმშობელი. თუკი ღმერთი არსებობს, მაშ, უბიწოდ ჩასახვაც შეიძლება, ვფიქრობდით ჩვენ და ვიცანით სიტყვა. თუკი აქ ვცხოვრობთ, შესაძლოა, მერეც ვიცოცხლოთ, ვიცოდით ჩვენ და მაცხოვარი ვირწმუნეთ.


ჩვენ ალალი ხალხი ვიყავით და ვირწმუნეთ, რომ უფალს მართლაც ეტკინა მათრახების ცემა და ჯვარზე გაკვრა. ეტკინა იმიტომ, რომ თავისი ტკივილით, წამებით, ჯვარზე გაკვრით, სიკვდილითა და აღდგომით გამოესყიდა ჩვენი ცოდვები და მარადიული ცხოვრება მოენიჭებინა ჩვენთვის. მაშ, თუ მას ორი ბუნება არ ექნებოდა, ღვთიური და ადამიანური, როგორღა ეტკინებოდა. და თუ არ ეტკინებოდა, მისი ტანჯვა ხომ არ იქნებოდა ნამდვილი, მისი ტანჯვა ხომ თვალთმაქცობა იქნებოდა, ტყუილი იქნებოდა ამიტომ ვიწამეთ ჩვენ ალალებმა ალალი სარწმუნოება - დიოფიზიტობა.


ყოველი სარწმუნოება კარგია და საშუალებაა ღმერთთან მიახლებისა, მაგრამ მართლმადიდებლობა ყველაზე სრულყოფილია. ისლამი ბიძაშვილის ცოლად მოყვანას არ კრძალავს, პირიქით, იეზიდიზმიც ავალდებულებს, ასევე იუდაიზმი, არ კრძალავს კათოლიციზმიც.


ჩვენ ტრადიციონალისტები ვართ, კონსერვატორები. თითქოს ამიტომ არ ვუღალატეთ მრწამსს და არ მივიღეთ ფილიოკვე. თითქოს ეს მხოლოდ თეოლოგიური საკითხია და მეტი არაფერი. სინამდვილეში მრწამსის შეცვლამ ევროპაში გამოიწვია რეფორმაცია (პრინციპში პირველი რეფორმაცია იყო ფილიოკვე - "და ძისაგანაც" - გამომავლობა სული წმიდისა). რეფორმაციამ გამოიწვია კონტრრეფორმაცია, ისტერია, დევნა, კოცონები, ხოცვა-ჟლეტა. ჩვენი სიჯიუტე გამართლებული ყოფილა.



დიახ, გარდაცვლილი თაობების თავდადება ქრისტიანობისათვის არ ყოფილა მხოლოდ სიჯიუტე ან ვაჟკაცობა. იგი განპირობებული იყო გარდაცვლილი თაობების მიერ დაგროვილი სიბრძნით.


დღეს, მართალია, ქართველების ერთი ნაწილი არის მაჰმადიანი, მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, მაგრამ უნდა ითქვას, ეს არ არის გამოუსწორებელი ტრაგედია. რამოდენიმე საუკუნის მანძილზე მათზე განხორციელებულმა რელიგიურმა დევნამ თავისი გაიტანა: საინგილოში, ტაო-კლარჯეთში, ქალდია-ტრაპიზონში, ფერეიდანში მცხოვრები ქართველები მაჰმადიანდებოდნენ, თუმცა მთავარი საფუძვლები, რომელთა გამოც მართლმადიდებლობა ყველაზე მისაღები აღმოჩნდა ჩვენთვის თავის დროზე, მათ, გამაჰმადიანებულ ქართველებს შენარჩუნებული აქვთ: დედის თაყვანისცემა, ქალის პატივისცემა, ბიძაშვილ-ნათესაობა, ენა (დიდ ნაწილს, კარგად), მამულის მონატრება, სიბრძნე.



არც ერთი ქართველი არ უნდა დაეკარგოს საქართველოს. ისევ ილიას მოვუსმინოთ: "არ გვაშინებს მეთქი ჩვენ ის გარემოება, რომ ჩვენ ძმებს, ოსმალოს საქართველოში მცხოვრებთ, დღეს მაჰმადიანის სარწმუნოება უჭირავთ, ოღონდ მოვიდეს კვლავ ის ბედნიერი დღე, რომ ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევუერთდეთ, ერთმანეთი ვიძმოთ და ქართველი, ჩვენდა სასიქადულოდ კვლავ დაუმტკიცებს ქვეყანასა, რომ იგი არ ერჩის ადამიანის სინიდისს, და დიდი ხნის განშორებულს ძმას ძმურადვე შეითვისებს, თვის პატიოსანს და ლმობიერს გულზედ ძმას ძმურადვე მიიყრდენს თვალში სიხარულის ცრემლ-მორეული ქართველი. და თუ ამისათვის საჭიროა, რომ სიხარულის ცრემლის უწინარეს ჯერ ჩვენი სისხლი დაიღვაროს, ნუთუ ქართველი უკუდრკება და თავს არ შესწირავს მას, რისთვისაც ორი ათასი წელიწადი თავი უწირავთ ჩვენთა დიდებულთა მამა-პაპათა" ("ოსმალოს საქართველო", თხზულებანი, ტ. IV).



დიდი ილიას ზემოთაღნიშნული ფორმულა "მამული, ენა, სარწმუნოება", როგორც ვთქვით, დღესაც უკვდავ პოსტულატებად რჩება. ეს ფორმულა გამოხატავს ეროვნული იდეოლოგიის ვერტიკალურ მიმართულებას. ფორმულა, დაწყებულია მიწიდან - მამული, მიემართება ენის მეშვეობით და სარწმუნოების სახით ღვთისკენ.


თითქმის ყველაფერი შეიძლება მოვიაზროთ ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სქემაში. ილიასეული ფორმულა ქვემოდან ზემოთ მზირალია. ზემოდან თუ წარმოვიდგენთ, ღმერთი, სამყარო სარწმუნოების მეშვეობით, ვერტიკალის მეშვეობით, ზემოდან ქვემოთ წამოსული ცოდნის მეშვეობით, გასაგებ ენაზე, ჩვენს შემთხვევაში, ქართულ ენაზე, გვაძლევს კომუნიკაციის საშუალებას, გზას მასთან მიახლოებისა.


რაც უფრო მართებულია სარწმუნოება, მით უფრო ახლოსაა ოთხმოცდაათ გრადუსთან მიწიდან ატყორცნილი ვერტიკალის ხაზი. მიწა-მამული არის ადგილი, სადაც ხდება ამქვეყნიური ცხოვრება-გამოცდა იმ ხალხისა, რომელსაც ღმერთი ესაუბრება ამა თუ იმ ენით.


 

ილიასეული, ასე ვთქვათ, ვერტიკალური ფორმულის  (მამული, ენა, სარწმუნოება) გარდა, ჩვენს საუკუნეში შეიძლება გამოვყოთ, ასე ვთქვათ, ჰორიზონტალური ფორმულაც, რომლიც გაშლილია ამქვეყნიური ცხოვრების სივრცეში და ავსებს და ემატება ჰორიზონტალურ ფორმულას და მასთან ერთად ქმნის ერთიან ეროვნულ ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სქემას, ესაა - ერი, გვარი ოჯახი.



მამული, როგორც ვთქვით არის სამკვიდრო, სადაც ცხოვრობს ერი. მამული არის ამა თუ იმ სარწმუნოების (სიბრძნის) მატარებელი ხალხის საცხოვრისი.


ხალხი, ერი, თავის მხრივ, იყოფა თემებად, გვარებად, გვარები თავის მხრივ კომლებად, ოჯახებადაა გაშლილი.


თუ ცენტრიდან, მიწიერი ცენტრიდან, მამულიდან წარმოვიდგენთ ჰორიზონტალურ ხაზსაც გაშლილს, მივიღებთ შემდეგ სურათს: მამული და ერი ერთ წერტილშია (ერთ გეოგრაფიულ მოცემულობაში) გადაკვეთილი, მერე ერი იშლება გვარებად, გვარები ოჯახებად, ოჯახები ინდივიდებისაგან შედგება.



მივიღეთ ასეთი სურათი: ინდივიდი რომ სრულყოფილად დაუკავშირდეს ამქვეყნიურ მთავარ წერტილს (ერი-მამული), საიდანაც ყველაზე სრულყოფილად დაუკავშირდება ღმერთს, მას უნდა ჰქონდეს სრულყოფილი კომუნიკაცია დამყარებული ოჯახთან, ოჯახის მეშვეობით გვართან (ეს იგივე თემია, ეს იგივე მრევლია) და გვარის მეშვეობით იგი უკავშირდება ერს (ეს იგივე ეკლესია) და მამულს (ეს იგივე სახელმწიფოა).



ამ ჰორიზონტალური სამებისა და ვერტიკალური სამების მეშვეობით ინდივიდი უკავშირდება ღმერთს. ნებისმიერი წერტილის, რგოლის გამოტოვება, ნებისმიერი წერტილის არარსებობა ან ჯეროვანი დაუფასებლობა ჯებირებს უქმნის ინდივიდის განვითარებას, მის სამსახურს ერისადმი და ღვთისადმი. ყოველი წერტილი, ყოველი რგოლი უსათუო აუცილებლობა, გარდაუვალობაა, ბუნებრივი გადაჯაჭვულობაა.


მაგალითად, თუ კაცს, თავისი ნებით, არ ჰყავს ცოლ-შვილი, ერთგვარად იგი სრულყოფილად ვერ დგას ქვეყნის სამსახურში. რაღაცას (შვილებს) მაინც აკლებს თავის ქვეყანას და საბოლოო ჯამში, ღმერთს. ლაპარაკია ერისკაცებზე და არა ბერ-მონაზვნებზე, რომლებიც თავისი ლოცვებითა და მოღვაწეობით ზრუნავენ ოჯახების სიმტკიცეზე, გვარების სიძლიერეზე, ერის ერთიანობაზე, მამულის დაცვაზე, ენის შეურყვნელობაზე და რწმენის განმტკიცებაზე.


მთავარი საყრდენი წერტილების, ერი-მამულის სიმფონიური მართვა-გამგეობისათვის ღვთის მიერ დადგენილი არის ორი ხელისუფლება, საერო და სასულიერო ხელისუფლება.



მაშასადამე, ინდივიდისათვის, რომელიც ქართულად ითარგმნება, როგორც ცალარსი (ანუ არსი, მაგრამცალი, ე.ი. არა სრული არსი). ღვთის საუკეთესო სამსახურია ოჯახის, გვარის, ერის, მამულის, ენის, სარწმუნოების სამსახური.


ადამიანი, რომელიც შემთხვევით გაიცნობს მოგვარეს (ან დედის მოგვარეს, ან ბებიის) და სიხარულით არ აევსება გული, შეგვიძლია ჩავთვალოთ, მთლად კარგი ქართველი არ არის და მთლად კარგი ქრისტიანი. ასევე, ადამიანი, რომელსაც არ ადარდებს მამულის ბედი, ვერასოდეს იქნება კარგი ქმარი ან მამა.


 მაშასადამე, მამულის, ენის, სარწმუნოების შესანარჩუნებლად საჭიროა შევინარჩუნოთ ერი, გვარი, ოჯახი. ხოლო ოჯახის, გვარის და ერის შესანარჩუნებლად საჭიროა შევინარჩუნოთ მამული, ენა, სარწმუნოება.





 რეპორტიორი: მასალაში მოყვანილი ფაქტები და აზრი ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ ემთხვეოდეს რედაქციის შეხედულებებს.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016