reportiori.ge - ირან-საქართველოს ურთიერთობების შესაძლო პერსპექტივები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:05
პრეს-დაიჯესტი
ირან-საქართველოს ურთიერთობების შესაძლო პერსპექტივები
ავტორი:
11 თებერვალი, 2014. 15:17

ირანი, ისლამური რევოლუციის გამარჯვების 35-ე წლისთავს, საერთაშორისო არენაზე მოპოვებული წარმატებებით ხვდება. ქვეყანას შვიდი თვეა ახალი პრეზიდენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება ჰყავს, რაც განაპირობა რევოლუციის შედეგად ჩამოყალიბებულმა სახელმწიფო მართვის უნიკალურმა და მყარმა სისტემამ.


ძნელად მოიძებნება ქვეყანა, არათუ რეგიონში, არამედ მსოფლიოში, სადაც პოლიტიკური სისტემა ისეთ მკაცრ ურთიერთკონტროლზე იყოს დაფუძნებული, როგორც ირანში. პრეზიდენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება მუდმივი კონტროლის ქვეშ არის, როგორც პარლამენტის (მეჯლისის) მხრიდან, ისე სახელმწიფოს წინამძღოლთან - სულიერ ლიდერთან არსებული საბჭოს მხრიდან. სახელმწიფოს წინამძღოლის - ქვეყნის სულიერი ლიდერის მოღვაწეობა კი საბჭოს მახვილი თვალის დაკვირვების ობიექტია.


ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკური სისტემა მჭიდროდაა გადაჯაჭვული რელიგიასთან, რაც მუდმივი კრიტიკის საგანია. ზოგი თვლის, რომ რელიგია არ უნდა იყოს ქვეყნის მთავარი წარმმართველი ძალა, ის არ უნდა ერეოდეს ქვეყნის მართვის საქმეში. ამ მოსაზრებას არ იზიარებს ირანის შიიტი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა, რომელიც საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობით თვლის, რომ რელიგიის და პოლიტიკის შეხმატკბილებულმა თანაცხოვრებამ მოიტანა ის წარმატებები, რაც დღეს აქვს ირანს.


ირანის რევოლუციის სულისჩამდგმელი და ქვეყნის მეთაური იმამი ხომეინი თავის ანდერძში წერს: „ისლამი და ისლამური მმართველობა - ღვთიური მოვლენაა და ამ მოვლენის ხორცშესხმა უმაღლესი ხარისხით უზრუნველყოფს ისლამის ძეთა ბედნიერებას ამ ქვეყნად და საიქიოში. ისინი შეძლებენ, აღკვეთონ ჩაგვრა, ძარცვა-გლეჯა, მანკიერება, უზნეობა და ძალადობა და მიიყვანონ ადამიანები სრულყოფილების სასურველ საფეხურებამდე...


უეჭველია, რომ ისლამური რევოლუციის არსებობის საიდუმლო ხალხმა იცის, მომავალი თაობები კი ისტორიიდან გაიგებენ, რომ მის ორ საფუძველს შეადგენს ღვთაებრივი სტიმული და ისლამური მმართველობის უმაღლესი მიზანი და ხალხის ერთი იდეით გაერთიანება მთელს ქვეყანაში იმავე სტიმულისა და მიზნისთვის".


განვლილი 35 წელიწადი რომ უდიდესი გამოცდის და გამოწვევების წლები იყო ისტორიულად უძველესი, მაგრამ რევოლუციურად ახალგაზრდა ქვეყნისთვის, მტკიცება არ სჭირდება. რა არ იყო ამ 35 წლის განმავლობაში - დასავლეთის მიერ წაქეზებული ერაყის ომი ირანთან, რომელიც რვა წელიწადი გრძელდებოდა და რომელიც ერთ მუშტად შეკრული ირანელი ხალხის წარმატებით დასრულდა;


სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება აშშ-ის ადმინისტრაციასთან და გარკვეულ ამერიკულ წრეებთან; ამერიკელთა მხრიდან ირანისთვის ყველაზე საშიში მტრის სტატუსის მინიჭება; ირანის ახალგაზრდა ხელისუფლების დამხობისთვის განხორციელებული არაერთი ტერორისტული აქტი, ბირთვულ საკითხებზე მომუშავე მეცნიერების მკვლელობა; ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი მედიური პროპაგანდის გაშლა; ირანის იზოლაციაში მოქცევის მცდელობა; ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესება და სხვა.


ირანმა გაძლო და არა მარტო გაძლო, არამედ წარმატებულად იღვაწა განათლების, მეცნიერების, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ბირთვული კვლევის, ენერგეტიკის, მედიცინის დარგებში და 35 წლის განმავლობაში ისეთი ქვეყანა ააშენა, რომელიც არათუ ტოლს არ უდებს რეგიონისა და მსოფლიოს ქვეყნებს, არამედ სხვადასხვა დარგში უსწრებს კიდევაც მათ.


რამ განაპირობა ყოველივე ეს. უპირველესად იმან, რომ ისლამური რესპუბლიკის წყობის პირობებში ირანში ყველა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმე და პრობლემა საყოველთაო კენჭისყრის საფუძველზე და არჩევნების გზით წყდება. სწორედ ასეთი დემოკრატიული, საყოველთაო არჩევნების გზით ჩატარდა შარშან პრეზიდენტის არჩევნები, რომელშიც წარმატება ხვდა ლიბერალური აზროვნების პიროვნებას, პოლიტიკაში ღრმად ჩახედულ და რეფორმებით განმსჭვალულ ჰასან როუჰანის.


ირანის პოლიტიკურ სისტემაში გაუთვითცნობიერებელ საზოგადოებას მიაჩნია, რომ პრეზიდენტი მეორეხარისხოვანი პირია, რომელიც ქვეყნის წინამძღოლის გარეშე ნაბიჯსაც არ დგამს. ქვეყნის წინამძღოლი, სულიერი ლიდერი დიდი უფლებებით სარგებლობს და მათ შორის უმთავრესი შიიტი მოსახლეობის ნდობაა, მაგრამ ესოდენ მარტივი შედარება ორ თანამდებობას შორის არცთუ მართებულია.


პრეზიდენტი ის ძალაა, რომელიც წარმართავს ქვეყნის ყოველდღიურ პოლიტიკას და საქმიანობას, უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, სამხედრო მშენებლობას, ეკონომიკურ განვითარებას და ა.შ. მაგრამ ამ კურსის გატარების დროს ითვალისწინებს ქვეყნის წინამძღოლის მოსაზრებებს, მითითებებს, პარლამენტის რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს.


ქვეყნის კონსტიტუციაში მკაფიოდ არის გამოხატული წინამძღოლის უფლება-მოვალეობები, საზედამხედველო საბჭოში წევრების შერჩევა-დანიშვნა, უმაღლესი სასამართლო ორგანოს განწესება, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთა დანიშვნა და გადაყენება, თავდაცვის უმაღლესი საბჭოს შექმნა, ომის, ზავის და შეიარაღებული ძალების მობილიზაციის გამოცხადება, საყოველთაო არჩევნების შემდეგ რესპუბლიკის პრეზიდენტის დანიშვნის ბრძანებულებაზე ხელის მოწერა, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით პრეზიდენტის გადაყენება, მსჯავრდებულთა შეწყალება...

პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ მკვეთრად შეცვალა ქვეყნის პოლიტიკური კურსი და გეზი აიღო დასავლეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე.

არის თუ არა დასავლეთის მიმართ გამოვლენილი ამგვარი კურსი უცხო ირანისთვის. ნამდვილად არა!


35 წლის განმავლობაში პირობითად მიჩნეული კონსერვატული თუ ლიბერალური აზროვნების პრეზიდენტები ერთმანეთს ეცილებოდნენ საგარეო პოლიტიკის თავისებურ წარმოსახვაში. გავიხსენოთ ე.წ. ლიბერალები რაფსანჯანი, ჰათამი და - კონსერვატორი აჰმადინეჟადი. „ლიბერალებისა" და „კონსერვატორების" ბრძოლა ხელისუფლებისთვის და ხელისუფლებაში ყოფნა, მათ მიერ რბილი თუ მკაცრი დასავლური კურსი არ იწვევს სახელმწიფო პოლიტიკური სისტემის რყევას, პირიქით ხელს უწყობს მის სიმტკიცეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.


ისლამური რესპუბლიკის არსებობის დღიდან გამოკვეთილია მუდმივი მცდელობა „ცივილიზაციათა დიალოგის" დაწყებისთვის და სხვათა, განსაკუთრებით დასავლელთა ნაკლები მზაობა თეირანის მოწოდების გაზიარებისთვის. პრეზიდენტი ჰათამი არაერთი წლის განმავლობაში ცდილობდა დასავლეთთან საერთო ენის გამონახვას, მაგრამ უშედეგოდ. დასავლეთი, უპირველესად აშშ, არ იყო მზად ამისთვის. და როდესაც თეირანის ძალისხმევას არ მოჰყვა დასავლეთის შესაბამისი პასუხი, ირანმა მკაცრ ნაბიჯებს მიმართა, რაც თავისთავად სახელმწიფოს პოლიტიკური კურსის გამარჯვებად შეიძლება აღვიქვათ.


ირანის ბირთვული კვლევების სწრაფი ტემპით განვითარებამ, ცენტრიფუგების გამრავლებამ და ურანის 20%-მდე გამდიდრებამ დასავლეთი, კერძოდ აშშ, აიძულა სულ სხვანაირად აღექვა ირანის პრობლემა. აშშ-ის შავკანიანი პრეზიდენტის ბარაკ ობამას პირველი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში, ინაუგურაციაზე ითქვა ირანთან დიალოგის დაწყების თაობაზე. თუმცა, მსგავსი რამ არ მომხდარა განვლილი 6 წლის მანძილზე.


მეექვსე წლისთავზე პრეზიდენტმა ობამამ მკვეთრი შემობრუნება გააკეთა ირანის მიმართ და ნაცვლად გაბრაზებულ-გაბუტული ტონისა, გულისყურით მოეკიდა ირანელთა მოწოდებას დიალოგისკენ.


ორივე მხარე ელვის სისწრაფით გამოხატავს ერთმანეთისკენ სვლის სურვილს, რაც დროებითი (ნახევარწლიანი) ხელშეკრულებითაც დამტკიცდა „ჟენევა-2"-ის მოლაპარაკებებზე. ირანი წყვეტს ურანის 20%-იან გამდიდრებას, თუმცა, იტოვებს უფლებას 5%-იანი გამდიდრებისთვის. 20%-დე გამდიდრებულ ურანს ანადგურებს „მაგატეს" ექსპერტთა ზედამხედველობით; საშუალებას აძლევს „მაგატეს" ექსპერტებს შეამოწმონ ბირთვული ობიექტები და ა.შ.


დასავლეთი ნაწილობრივ ხსნის ირანის წინააღმდეგ შემოღებულ ეკონომიკურ სანქციებს, „ტყვეობიდან" ათავისუფლებს აშშ-ის ბანკებში არსებულ ირანის კუთვნილი ფულის ნაწილს, დაახლოებით 7 მილიარდამდე დოლარს (ზოგი 4 მილიარდს აღნიშნავს). როგორც პრესა იუწყება, ირანს უკვე დაუბრუნეს 800 მილიონი დოლარი, დანარჩენის დაბრუნება მოხდება 6-თვიანი გამოსაცდელი ვადის გავლის შემდეგ.


ჯერჯერობით ვითარება პოზიტიურად მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხრიდან ისმის მკვეთრი განცხადებები. სიმკვეთრის ინიციატორი აშშ-ის გარკვეული წრეებია, მათ შორის კონგრესმენები, რომლებმაც 124 ხელმოწერა შეაგროვეს ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისთვის.


რესპუბლიკელთა „ინიციატივას" ირანის მეჯლისის წევრებმაც ინიციატივით უპასუხეს - ურანის 60%-მდე გამდიდრება. ამერიკის კონგრესის წინაშე, ყოველწლიური გამოსვლის დროს, პრეზიდენტმა ობამამ გააფრთხილა კონგრესმენები, რომ ტყუილად იღვაწებენ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოსაღები პროექტის შესაქმნელად, ვინაიდან მას ვეტოს დაადებს. მისი განცხადებით, ამჯერად, დიპლომატიური მოლაპარაკებების დროა და არა ახალი სანქციების შემოღების.


როგორც ჩანს, მომავალი 6 თვის განმავლობაში არაერთხელ მოხდება ურთიერთდადანაშაულება, დასავლეთის მცდელობა, ჩაშალოს ჟენევაში მიღწეული შეთანხმება და ა.შ., მაგრამ უნდა ვიმედოვნოთ, რომ საღი აზრი ამჯერად მაინც მიზანს მიაღწევს.


რაც შეეხება აშშ-ის ევროპელ მოკავშირეებს - ისინი აღარც კი უყურებენ ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადის დამთავრებას. ევროპული ბიზნესი ირანისკენ დაიძრა. და არა მარტო ბიზნესი, პოლიტიკოსებიც. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან თეირანთან სარფიანი ხელშეკრულების გაფორმებაში. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან გერმანელები და ფრანგები. ფრანგული ავტომშენებლობის გიგანტი „რენო", რომელიც ირანული ავტომანქანა „ხოდრო"-ს დამფუძნებელია, ცდილობს, აღადგინოს ძველი ურთიერთობები.


ავტომშენებლობას ირანში განსაკუთრებული ადგილი უკავია. 2008 წელს, ირანში ყოფნის დროს, მასპინძლებმა შესაძლებლობა მოგვცეს, გავცნობოდით სამრეწველო ობიექტებს, მათ შორის ავტომშენებლობის გიგანტს, რამაც უდავოდ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. ავტომშენებლობის სრული ციკლი, ქარხნის თანამედროვე იერსახე, შესანიშნავი სამუშაო პირობები, სისუფთავე, თანამედროვე ტექნოლოგიები - აი, ის ნიუანსები, რითაც გხიბლავთ ეს ქარხანა. ისე, როგორც ისპაჰანის მეტალურგიული კომბინატი მოდერნიზებული მეტალურგიული ციკლით და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისთვის განკუთვნილი რეკრეაციული ცენტრით.


ირანთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის რუსეთიც, მრავალი წლის განმავლობაში ამ ქვეყნის პარტნიორი. ირან-რუსეთის ურთიერთობებში იყო და არის მჭიდრო თანამშრომლობის მომენტებიც და გაურკვევლობის ელემენტებიც, თუმცა, ამ უკანასკნელმა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული პოლიტიკური ვექტორი ვერ დააზიანა.


რუსეთი ის ქვეყანაა, რომელიც 35 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ირანთან გამორჩეულ დამოკიდებულებას. არის ამ დამოკიდებულებაში ნაკლებად გასახარი მომენტებიც, ცხადია ირანისთვის. მათ შორის გამოვყოფდი გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ის წინადადებისთვის მხარის დაჭერას, რამაც ირანის წინააღმდეგ 4 ეკონომიკური სანქცია აამოქმედა, აგრეთვე - ირანისთვის ს-300 რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მიყიდვის ანულირებას.


გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთი ირანისგან ყოველდღიურად მიიღებს 500 ათას ბარელ ნავთობს, ნაცვლად რუსული საქონლისა, რომელიც გაიგზავნება ირანში. სწორედ ამ რუსულ საქონელში შესაძლებელია იარაღიც მოიაზრებოდეს. აშშ-ის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჰეიდენმა განაცხადა, რომ ლავროვსა და ქერის შორის პარიზის შეხვედრის დროს ამ საკითხზეც გამახვილდა ყურადღება. ვაშინგტონის აზრით, მსგავსი რამ ეწინააღმდეგება ირან-„ექვსეულის" მოლაპარაკებას.


ირანსა და რუსეთს შორის რომ ლაპარაკია რუსეთის მიერ ირანისთვის სამხედრო იარაღის ვალის გასტუმრებაზე, ფაქტია. 2007 წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმდა ხელშეკრულება ს-300 რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შეძენასთან დაკავშირებით. 2010 წელს რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა ეს კონტრაქტი გააუქმა, რის საპასუხოდ ირანმა, ხელშეკრულების დარღვევისთვის რუსეთს კომპენსაცია - 4 მილიარდი დოლარი, მოსთხოვა. რუსეთმა ეს თანხა არ გადაიხადა.


პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ როუჰანის ბიშკეკში, „შანხაის ორგანიზაციის" სამიტის ფარგლებში გამართული მოლაპარაკების დროს პუტინი დაპირდა ირანის პრეზიდენტს - ნაცვლად ს-300-ის მიწოდებისა, მოდერნიზებული („ანტეი-2500"-ის) მიწოდებას. თუ ახალი კონტრაქტი ამოქმედდება, რუსეთი შეიძენს ირანულ ნავთობს - 500 ათას ბარელს დღეში, რის შედეგადაც ირანს თვიურად მილიარდნახევარი დოლარი დაუგროვდება, რაც სრულიად საკმარისი იქნება ახალი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შესაძენად.

ირანში რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ლავროვის ვიზიტი და მოსკოვში მისი კოლეგის ზარიფის მოლაპარაკება რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, რეგიონში რუსეთის ახალი პოლიტიკის დაწყების მიმანიშნებელია.

ირანით ვაშინგტონის დაინტერესება თავისთავად აფხიზლებს რუსეთს და ირანთან უფრო მჭიდრო კავშირების დაწყებას უკარნახებს.


და როდესაც ირანის მიმართ დასავლეთ-აშშ-ის მოჭარბებული ინტერესი გამოკვეთილია, როდესაც ირანისკენ დაძრულია დასავლური ბიზნესი, გაოცებას იწვევს საქართველოს ხელისუფლების მოძველებული პოზიცია ამ ქვეყნის მიმართ. იმის შიშით, რომ აშშ-მა საყვედური არ უთხრას ირანთან კავშირისთვის, ის სავიზო რეჟიმსაც აწესებს, ცალმხრივად აუქმებს რა სააკაშვილის ხელისუფლების დროს დადებულ უვიზო ხელშეკრულებას, ამისთანა გაუსაძლის პირობებს უქმნის ირანის ბიზნესს საქართველოში - საბანკო ოპერაციების აკრძალვით დაწყებული, ფულის გაყინვით დამთავრებული.


არადა, ირანს საპასუხო ნაბიჯები არ გადაუდგამს. საქართველოს მოქალაქეები ჯერაც უვიზოდ მოგზაურობენ ირანში. ოფიციალურ ირანს, საპროტესტოდ სიტყვაც არ დაუძრავს, ალბათ იმის იმედით, რომ ახალი ხელისუფლება გონს მოეგება და შეცვლის პოლიტიკას. შეცვლის. ვეჭვობ. ის ვაშინგტონის მითითების გარეშე ამას არ გააკეთებს. ესეც თქვენი დამოუკიდებლობა!


ასოცირებულ წევრად გახდომის შემდეგ ვაშინგტონს, ბრიუსელიც დაემატება შეთანხმების თვალსაზრისით და ვიქნებით ხან ერთთან, ხან მეორესთან, ხან ორივესთან ერთად მუდმივი შეთანხმების პროცესში. არადა დამოუკიდებლობის მატარებელი მიქრის. და მასთან ერთად მიქრის ირანის ოქროს ბაზარი და არანაკლებ ოქროს - ირანული ინვესტიციები, რომლის მსგავსი ევროკავშირისგან არც არასდროს გვექნება.


რის გაკეთება შეუძლია ირანს საქართველოსთვის. უპირველეს ყოვლისა, ნავთობისა და გაზის დარგში მჭიდრო თანამშრომლობის შემოთავაზება, შესაბამისი ინვესტიციებით. საქართველოს გავლით, შავი ზღვისკენ ნავთობსადენისა და გაზის მილსადენების გაყვანა. შავ ზღვაზე თხევადი გაზის ქარხნის მშენებლობა. საქართველოს ტრანზიტით ტვირთების გადაზიდვა შავი ზღვიდან ირანში და შებრუნებით, და ამ თვალსაზრისით საქართველოს რკინიგზის მოდერნიზებისთვის უხვი ინვესტიციების გაღება, საქართველოს სოფლის მეურნეობაში ჩადებული ინვესტიციებით მეცხოველეობის ფერმების შექმნა, წარმოებული პროდუქციის ირანსა და სხვა ქვეყნებში გატანა, აგრეთვე თვით საქართველოში გაყიდვა. ირანს შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მცირე ჰესების მშენებლობაში დიდი ინვესტიციების ჩადება, წარმოებული ელექტროენერგიის სხვა ქვეყნებში გატანა. თვით ირანს საკუთარი ელექტროენერგია უხვად აქვს და ექსპორტზეც გააქვს. ირანს შეუძლია სასმელი წყლის ექსპორტის საქმეშიც დიდი ინვესტიციების ჩადება და ამ მხრივ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების, თვით ირანის დაკმაყოფილება.


ირანულ ბიზნესს აქვს ფული, არანაკლები - აშშ-ში, სხვა ქვეყნებში მცხოვრებ მდიდარ ირანელებს. მარტო აშშ-ში 3 მილიონამდე ირანელი ცხოვრობს. ირანი ცნობილია არა მარტო მრეწველობით და სოფლის მეურნეობით, არამედ მედიცინით. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეები სისტემატურად იყენებენ იაფ ირანულ სამედიცინო მომსახურებას. მსოფლიოში ცნობილია ირანის კინემატოგრაფიაც. იშვიათად ჩაივლის საერთაშორისო კინოფესტივალები, სადაც ირანულმა ფილმებმა პრიზები და საპატიო წოდებები არ დაიმსახურონ.


პოლიტიკური თვალსაზრისით, ირანი ყოველთვის მხარში ედგა საქართველოს, იზიარებდა ჩვენს პოზიციას განდეგილ რეგიონებთან მიმართებაში - არ ცნობს მათ დამოუკიდებლობას. ირანი მხარს გვიჭერდა და გვიჭერს გაეროში, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ისლამური ირანის პოზიცია რელიგიურ საკითხებშიც გასათვალისწინებელია - ვინ იცის, როდის და რა დროს დაგვჭირდება შიიტური ირანის ავტორიტეტული სიტყვა.


საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ უთქვამს (ალბათ ყასიდად.), მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარების თაობაზე. ირანი, უშუალო მეზობელი არ არის, მაგრამ ისტორიული თვალსაზრისით, არც შორეულია. და მიუხედავად წარსულის არასასიამოვნო მოგონებებისა, ღირს ამ ქვეყანასთან პრაგმატული ურთიერთობების ჩამოყალიბება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სრულიად დასავლეთი ადგას ამ გზას.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი (პოლიტოლოგი)

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016