reportiori.ge - ცნობილი რუსი თეოლოგისა და მეცნიერის სენსაციური განცხადება: „..მაგრამ რა საერთო აქვთ აფხაზეთთან იმათ, ვისაც ჩვენ დღეს აფხაზებს ვუწოდებთ?“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:39
პრეს-დაიჯესტი
ცნობილი რუსი თეოლოგისა და მეცნიერის სენსაციური განცხადება: „..მაგრამ რა საერთო აქვთ აფხაზეთთან იმათ, ვისაც ჩვენ დღეს აფხაზებს ვუწოდებთ?“
ავტორი:
11 თებერვალი, 2014. 15:19

მართლმადიდებელ-მისიონერული აპოლოგეტური ცენტრის „სტავროსის" ორგანიზებით, ჩერემენეცკის (ლენინგრადის ოლქი) იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერში სანკტ-პეტერბურგისა და ლადოჟის მიტროპოლიტის ვლადიმირის, გატჩინისა და ლუჟსკის ეპისკოპოსის მიტროფანეს ლოცვა-კურთხევით 2013 წლის 26 ივნისს ჩატარდა რუსეთის პირველი მართლმადიდებელი მისიონერული კონფერენცია. ერთ-ერთ მომხსენებლად გამოვიდა ცნობილი თეოლოგი, პროფესორი, მთავარდიაკონი ანდრია კურაევი, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში აფხაზთა სარწმუნოებრივ მდგომარეობას ეცნობოდა და მისიონერულ საქმიანობას ეწეოდა. კონფერენციის მონაწილეთა მიერ დასმულ კითხვას, გვიამბეთ აფხაზეთში თქვენი დაკვირვების შესახებო, მან ყველასათვის მოულოდნელი, მაგრამ ზუსტი, ღრმად მეცნიერული პასუხი გასცა. რუსმა მეცნიერმა ისტორიული აფხაზეთი საქართველოს კუთვნილ ტერიტორიად, ისტორიული აფხაზები - ძირძველ ქართველებად, ხოლო თანამედროვე აფხაზები (აფსუები) XVI-XVII საუკუნეებში ჩრდილოეთ კავკასიიდან თურქეთის დახმარებით ჩამოსახლებულ ხალხად გამოაცხადა. ა. კურაევის აზრით, დღევანდელი აფხაზები ისტორიული აფხაზეთის სამეფოს, ისტორიული აფხაზეთის საკათალიკოსოს, თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ტაძრებისა და კულტურის სხვა ძეგლების სამართალმემკვიდრეს არ წარმოადგენენ.


სრულად გაგაცნობთ პროფესორის, მთავარდიაკონ ანდრია კურაევის გამოსვლას ჩერემენეცკის ოანე ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერში გამართულ პირველ მართლმადიდებელ მისიონერულ კონფერენციაზე 2013 წლის 26 ივნისს.


- თუ შეიძლება გვიამბეთ აფხაზეთში თქვენი დაკვირვების შესახებ.

- იქაურ დაკვირვებას არა მგონია წარმატებული ეწოდოს. ზოგჯერ მშურს კიდევაც პირველი ქრისტიანი მისიონერების. ისინი ნამდვილად თავისუფალნი იყვნენ. ჩემს შემთხვევაში საქმე სხვანაირად გახლდათ, ანუ, თუ მე თავისუფალი ვიყავი ჩემს ქმედებებში, ეს ერთია. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მე ყველა მიმართულებით შებოჭილი ვიყავი. ანუ, არის ადგილობრივი სამღვდელოება, რომელსაც საერთოდ არ სჭირდება აფხაზეთში მოსკოვის წარმომადგენელი. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროსთვისაც ყველაფერი ეს საელჩოსთვის განკუთვნილი ურმის მეხუთე თვალივითაა. საპატრიარქო მეუბნება, რომ ამ მისიისთვის სახსრები არა აქვს. მე კი, მაპატიეთ, მაგრამ მღვდელი არ ვარ, არ შემიძლია საეკლესიო წესების შესრულებით ფული ვიშოვო, ანუ ორიდან ერთი: ან უნდა ვიზრუნო ამ მისიისთვის თანხის მოძიებაზე, ან მისიონერობით უნდა დავკავდე. ოფიციალურად მე იქ არავინ ვარ, ყველა გამირბის, რადგანაც ეკლესიური თვალსაზრისით ოფიციალურად ეს საქართველოს ტერიტორიაა. ამიტომაც არა მაქვს იქ ყოფნის, საქმიანობის უფლება. ასე რომ, წელიწადნახევრის ვაი-ვაგლახი, რა თქმა უნდა, თავისებური დაკვირვებაა: მიდიხარ სკოლაში გაკვეთილის ჩასატარებლად, დირექტორის პირველივე შეკითხვაა „რას გვაჩუქებთ".


აფხაზური რელიგიურობა - დიახაც, ის თავისებურია... ძალიან საინტერესო საკითხია, რომელიც სერიოზულ განხილვას საჭიროებს. დასაშვებია თუ არა მისიონერული სიყალბე, სიყალბე სიკეთისთვის. საქმე აი, რაშია: აფხაზებს, მაგალითად, ძალიან მოსწონთ ის იდეა, რომ მათი ტრადიციული ქრისტიანობამდელი რელიგია არ ყოფილა წარმართული - ჩვენ მაშინაც ერთი ღმერთი გვწამდა და გაქრისტიანების შემდგომაც იმავე ღმერთს ვადიდებთო. თუკი ამ თეზისს დავეთანხმებით, უეჭველია, ქადაგებაც გაადვილდება, მაგრამ სამეცნიერო ეთნოგრაფიული ლიტერატურის ელემენტარული გაცნობაც კი გვიჩვენებს, რომ ეს ასე არ არის! ეს არის წმინდა წყლის პოლითეიზმი და ის, ვისაც ისინი თავის ერთიან ღმერთს უწოდებენ, სრულებითაც არ არის ასეთი! ის დაახლოებით ბერძნული სამყაროს დასაბამიერი ღმერთის - ზევსის მსგავსია. წარმოიდგინეთ, როდესაც ამას ბერძენი ამბობს, შენ მას უმალ ეთანხმები. სიგიჟემდე მომწონს ჰერაკლიტეს ფრაზა (ყურადღებით მოუსმინეთ): „ერთიანი მხოლოდ ერთია, მას უნდა და კიდევაც არ უნდა ზევსის სახელით იწოდებოდეს". მართლაც, საოცარი საღვთისმეტყველო ფორმულააა. მე ამ საკითხში უცებ დავეთანხმებოდი ფილოსოფოს ჰერაკლიტეს. პრობლემა ერთი რამ არის: როდესაც ჰესიოდეს ან ჰომეროსის ეთნოგრაფიას კითხულობ, სავსებით აშკარაა, რომ ზევსი სრულებითაც არ არის დასაბამიერი ღმერთი, მას კრონიდი ჰქვია, კრონოსის შვილია. არც ის არის პირველი, რადგანაც მანამდე ურანოსი იყო. მათ სულაც არა აქვთ ჩვენი იდეალური სამების უბრალო ურთიერთობები - ურთიერთსიყვარული და მორჩილება. იქ კი, გახსოვთ, უფრო ერთმანეთის უსასრულო მტრობაა, ომები, ინტრიგები და ა.შ., ანუ ნორმალური კომუნალური შფოთი ზეცაში. აი, რაღაც ამდაგვრია აფხაზური მითოლოგიაც, როცა მას ჩაუღრმავდები. ამას თავად აფხაზს თუ მოუყვები, არ მოეწონება. მაგრამ თუკი თავზე ხელს გადაუსვამ: - დიახ, დიახ, რა თქმა უნდა, თქვენ გყავდათ ერთი ღმერთი, თქვენ უძველეს დროშიც იყავით „ბრძენნი", და საერთოდ, იცით, თქვენ, აფხაზებო, ჩვენ, რუსები, მეხუთე საუკუნეში მაიმუნებთან ერთად ხეებზე დავძვრებოდით, თქვენთან კი, ბიჭვინთაში, უკვე ტაძარი იდგა - ჩინებულია! მაგრამ რა მიმართება აქვთ მათ ამ ტაძართან. უმჯობესია, ეს საკითხი არ დასვათ. ან, ვთქვათ, მეტად სერიოზული საკითხი - რა საერთო აქვთ აფხაზეთთან იმათ, ვისაც ჩვენ დღეს აფხაზებს ვუწოდებთ. ფაქტია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არის გასაოცარი უძველესი ქრისტიანული მართლმადიდებლური ტაძრები, არსებობდა უძველესი მართლმადიდებელი აფხაზეთის სამეფო, არსებობდა აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია. ყველაფერი ეს სიმართლეა! საქმე ის არის, თუ რა კავშირი აქვთ ამასთან იმათ, ვინც დღეს იქ ცხოვრობს. პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ადამიანები თავის თავს „აფსუას" უწოდებენ, თავის ქვეყანას - „აფსნის" და არა აფხაზეთს. სიტყვა „აფხაზეთი" კი ქართული სიტყვაა, ე.ი. ისინი, ვინც ოდესღაც თავის თავს აფხაზებს უწოდებდნენ, ქართული ეთნოსის ნაწილს წარმოადგენდნენ, როგორც მეგრელები და სხვანი. ვთქვათ, ქართველებიც, ქართველი ისტორიკოსებიც ასე ფიქრობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ აი, ის ავთენტური, ქართული ეკლესიის წიაღში და ქართველ ხალხთან გაერთიანებული მართლმადიდებელი აფხაზები თურქებმა გაჟლიტეს და გამოდევნეს იქიდან, იმ სანაპიროდან, მე-16-17 საუკუნეებში. ნაწილი გაქრა და ნაწილი აღმოსავლეთით, საქართველოს ღრმა მთიანეთში გაიხიზნა. ხოლო დაცარიელებულ სანაპირო ზოლში თურქულმა ხელისუფლებამ მთებიდან ჩერქეზები ჩამოასახლა და უთხრა: - ამიერიდან აქ იცხოვრეთ. ანუ გამოდის, რომ აფხაზეთის ამჟამინდელი მოსახლეობა დიდი ხანი არაა, რაც იქ არის; მაგრამ მათ ეამებათ თავიანთი თავი იმ უძველესი ტაძრების მშენებლებად და მემკვიდრეებად მიიჩნიონ როგორც, მაგალითად, ვალახები ნეტარებენ იმის გამო, რომ ჩვენ ძველი რომაელების მემკვიდრეები ვართო, თავის თავს რუმინელებს, რომეებს, რომანებს, უძველეს რომაელთა შთამომავლებს უწოდებენ; თუმცა დაკებს რა კავშირი აქვთ რომთან. - ძალიან, ძალიან შორეული. მაგრამ რუმინელები პატიოსნად მაინც აღიარებენ, რომ მათთან რუმინეთში იმპერატორ ტრაიანეს კულტია. რატომ. იმიტომ, რომ ტრაიანემ დაიპყრო დაკები. და აი, გასაოცარი ამბავი: ე.ი. ერი თაყვანს სცემს თავის დამპყრობელს იმიტომ, რომ - ჩვენ, ბარბაროსები, ამით ევროპულ ცივილიზაციას მიგვაერთონ. აფხაზეთში საპირისპირო სიტუაციაა. ის ძირძველი აფხაზები მათ არ დაუმარცხებიათ, როგორღაც ეს დეპორტაცია მათ დაუხმარებლად მოხდა. მათი მიწები კი დაისაკუთრეს, სახელიც ნაწილობრივ მიითვისეს, მაგრამ არა თავიანთთვის, არამედ ტურისტებისთვის. თავის თავს ისინი აფხაზებს არ უწოდებენ. ამას აკეთებენ მხოლოდ რუსულ ენაზე და უცხოელებთან, აგრეთვე ნაწილობრივ სხვა ისტორიაზე საუბრისას. მაგრამ მე თუ აფხაზებს ამის მოყოლას დავუწყებ, ისინი ძალიან განაწყენდებიან, ქართველების აგენტს დამარქმევენ. ხოლო თუკი ეტყვი: დიახ, დიახ, აფხაზები უძველესი მართლმადიდებელი ხალხია დედამიწაზე, დაუბრუნდით თქვენი წინაპრების სარწმუნოებას, ვშიშობ, რომ ისტორიული თვალსაზრისით ეს ერთგვარი ეშმაკობა იქნება, მაგრამ მისიონერული თვალსაზრისით - ძალიან ეფექტური. ჩვენ, რუსებსაც, უახლეს ისტორიაში მსგავსი პრობლემები გვაქვს.


***

ანდრია კურაევის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ცნობილ ისტორიკოსს, პროფესორ ჯემალ გამახარიას.


- მთავარდიაკონ ანდრია კურაევის ამ ყველასათვის მოულოდნელ განცხადებას რაიმე დადებითი გავლენა თუ ექნება აფხაზეთის დეოკუპაციის პროცესზე.

- არა მგონია, ანდრია კურაევის მიერ აფხაზეთის პოლიტიკური ისტორიის ყველაზე მთავარი, საკვანძო საკითხის ობიექტურმა შეფასებამ მოსკოვის იმპერიალისტური პოლიტიკა ხვალვე შეცვალოს. ასეთ რამეს მიზნად, ეტყობა, არც კურაევი ისახავდა. მიუხედავად ამისა, თავისი შეფასებით, მან, ნებსით თუ უნებლიედ, საფუძველი გამოაცალა აფხაზეთის „დამოუკიდებლობის" სასარგებლოდ კრემლის მიერ წამოყენებულ ერთადერთ „არგუმენტს" ისტორიული სამართლიანობის ვითომ აღდგენის შესახებ. ამიტომ, ცხადია, ა.კურაევის შეხედულებები აფხაზეთის პოლიტიკურ და საეკლესიო ისტორიაზე ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის საქმეს რაღაც ეტაპზე, გარკვეულწილად წაადგება.


- არის თუ არა კურაევი ის ფიგურა, რომლის სიტყვას შეიძლება საერთაშორისო არენაზე სერიოზული რეზონანსი მოჰყვეს.

- ა. კურაევი საკმაოდ პოპულარული ფიგურაა რუსეთში, ცნობილია იგი დასავლეთშიც, მაგრამ როგორც ვხედავთ, მის მიერ ნახევარი წლის წინათ გაკეთებულ ჩვენთვის საინტერესო განცხადებას არც საერთაშორისო არენაზე, არც რუსეთში და, წარმოიდგინეთ, საქართველოშიც კი დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია. ამაში მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ. ა.კურაევის ფიგურა კი აქ არაფერ შუაშია.


- XII-XIII საუკუნეების აფხაზეთის რეალური ისტორიის გახმოვანება რუსული ეკლესიის წარმომადგენლის მხრიდან თუ შეიძლება რაიმე სიკეთის მომასწავებელი იყოს.

- გააჩნია, ჩვენ როგორ გამოვიყენებთ ა. კურაევის განცხადებას, რომელიც მან აფხაზეთში წელიწადნახევრიანი მისიონერული მოღვაწეობის, აფხაზი ხალხის, მისი ჭეშმარიტი რელიგიური წარმოდგენების, სათანადო სამეცნიერო ლიტერატურის ღრმად შესწავლის შემდეგ გააკეთა. ეს განცხადება მას ჩვენთვის სიკეთის ან აფხაზებისთვის ზიანის მოსატანად არ გაუკეთებია. საქვეყნოდ ცნობილმა მეცნიერმა, ღვთისმეტყველმა, რელიგიათმცოდნემ საკითხი ყოველმხრივ შეისწავლა და კარგად გააზრებული, დასაბუთებული დასკვნა წარმოადგინა. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ როგორ გამოიყენებს ამ დასკვნას, რომელსაც მე პირადად აბსოლუტურად ვეთანხმები. უფრო სწორი და სამართლიანი იქნება ვთქვათ, რომ ა.კურაევი გვეთანხმება ჩვენ, ქართველ მეცნიერებს.


- კურაევმა სწორი დასკვნა კი გააკეთა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ხმაა...

- უპირველეს ყოვლისა, უნდა გითხრათ, რომ მსგავსი დასკვნა ანდრია კურაევამდე გაკეთებული აქვს XVIII-XXI საუკუნეების ათობით მეცნიერს - ქართველს, რუსს, გერმანელს, ფრანგს, ინგლისელს და ა.შ. ამ თვალსაზრისით, ეს არ არის „ერთი ხმა". გარდა ამისა, ა.კურაევის ხმა გამორჩეულია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, 1910 წლის შემდეგ მსგავსი აღიარება არც ერთ რუს მეცნიერს არ გაუკეთებია. მთელი საუკუნის მანძილზე ისინი აფხაზეთის ისტორიის მხოლოდ ფალსიფიკაციით, სეპარატისტულად განწყობილი, მათ მიერვე „ხელდასხმული" ისტორიკოსების დახმარებითა და წაქეზებით იყვნენ დაკავებულები. აი, გამოჩნდა კურაევი, რომელმაც რუსებს, სეპარატისტებს და ქართველ „ინტერნაციონალისტებს" ერთი საუკუნის ნამუშევარი წყალში ჩაუყარა. ამიტომ მისი განცხადება არის არა „ერთი ხმა", არამედ ერთი მძლავრი ბომბი, რომელიც მან აფხაზეთის ისტორიის გამყალბებლებს, ამ გაყალბებული ისტორიის საფუძველზე აფხაზეთის საქართველოსგან მოწყვეტის მოსურნეებს ნებსით თუ უნებლიედ აუფეთქა.


- ქართველებმა როგორ უნდა გამოვიყენოთ კურაევის ეს „ბომბი".

- ა.კურაევის „ბომბი" იდეოლოგიურ და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა გასანეიტრალებლად, მათი განიარაღების, მხილების მიზნით უნდა გამოვიყენოთ. როცა ოკუპანტები კვლავ დაიწყებენ კარგად დაზეპირებული ისტორიული ზღაპრების მოყოლას აფხაზებზე და ოსებზე, მაშინვე ა. კურაევის (რომელსაც კრემლში ძალიან კარგად იცნობენ) მეცნიერული დასკვნები ცხვირწინ უნდა ავუფრიალოთ. კიდევ ერთ გარემოებაზე გავამახვილებდი ყურადღებას: პოლიტიკური საკითხის განხილვისას თუ მოგვარებისას ა.კურაევის დასკვნები ამ ეტაპზე, ალბათ, დიდად არ გამოგვადგება, მაგრამ ბოლო წლებში თავსმოხვეულ საეკლესიო დავაში, შესაძლოა, ჩვენთვის ძალიან დადებითი როლი შეასრულოს, რადგანაც ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ საკითხის ისტორიულ ასპექტს ენიჭება. როგორც ვიცით, ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედებს სასულიერო პირთა მცირე ჯგუფი (დ. დბარი და სხვ.), რომელიც ისტორიული „ავტოკეფალური აფხაზური ეკლესიის" ვითომ აღდგენას მოითხოვს და ამ მიზნით კონსტანტინოპოლის პატრიარქს, სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს მიმართავს. თუ რაღაც მიზეზით ეს დღემდე გაკეთებული არ არის, მაშინ უნდა ვთხოვოთ დედა ეკლესიის წმინდა სინოდს, პირადად უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, რომელიც იმავდროულად აფხაზეთის მიტროპოლიტიც ბრძანდება, რომ ა.კურაევის დასკვნა ბერძნულ ენაზე ითარგმნოს და იგი რუსულ დედანთან ერთად კონსტანტინოპოლის პატრიარქს გაეგზავნოს. თანდართულ წერილში უნდა მიეთითოს ჩვენი საპატრიარქოს დამოკიდებულება ა.კურაევის დასკვნისადმი, სხვა მეცნიერების (ქართველების, რუსების, ევროპელების) ანალოგიური მოსაზრებებისადმი და ა.შ. საპატრიარქოს ჰყავს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ასეთ წერილს მაღალ აკადემიურ დონეზე შეადგენენ. დარწმუნებული ვარ, ა.კურაევის დასკვნა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საეკლესიო სფეროში სეპარატიზმის აღკვეთის საქმეში.


სანდრო ალექსიძე

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016