ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გასული სერიალების, ფილმებისა და მულტფილმების ე.წ. „გადახვევის რეჟიმში“ ნახვა შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ ტელეკომპანია განცხადებას ავრცელებს.
„საავტორო უფლებების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით, უცხოური ტელეკომპანიებისა და კინოსტუდიების მოთხოვნით, ჩვენს ეთერში გასული სერიალების, ფილმებისა თუ მულტფილმების ე.წ. „გადახვევის რეჟიმი“ რამდენიმე IP-ტელევიზიამ უკვე გათიშა და უახლოეს პერიოდში დანარჩენებიც ასე მოიქცევიან.
ჩვენ კარგად გვესმის მაყურებელთა გულისტკივილი, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ კანონის დაცვის მიზნით ხორციელდება. მალე ყველა ის ტელეკომპანია, რომელიც ჩვენსავით მარტო ლიცენზირებულ პროდუქციას უჩვენებს ეთერში, სამწუხაროდ იძულებული გახდება იგივე გააკეთოს, რათა არ დაარღვიოს საავტორო უფლებები“,-აღნიშნულია „მაესტროს“ განცხადებაში.