reportiori.ge - ფენომენალური ნიჭის ადამიანები – ნოსტრადამუსი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:41
სხვადასხვა
ფენომენალური ნიჭის ადამიანები – ნოსტრადამუსი
ავტორი:
15 თებერვალი, 2014. 15:02

ნოსტრადამუსი დაიბადა სენ რემიში 1503 წელს. დედის მხრიდან წინაპრები თავისი დროის ცნობილი ექიმები იყვნენ. ერთი მათგანი კალამბრიის ჰერცოგის პირადი მკურნალი გახლდათ. არანაკლები ექიმები იყვნენ მამის წინაპრებიც, ვინმე პეტრ აბრაჰამ სალომონი იერუსალემის მეფე, რენე პროვანსელს ახლდა ჯვაროსნულ ომში. მამა უძველესი იუდეური ისსაჰარების გვარს მიეკუთვნებოდა, რომელთაც წინასწარმეტყველების უნარი გააჩნდათ.


დაწყებითი განათლება ნოსტრადამუსმა შინ მიიღო. ბაბუა ჟან დე სენ-რემიმ შეაყვარა ციური სხეულების შესწავლა და ამიტომაც „პატარა ვარსკვლავთმრიცხველს" ეძახდნენ.


მოხუცის გარდაცვალების შემდეგ ნოსტრადამუსი ავინიონში სწავლობდა ბუნებისმეტყველებას. 22 წლისა, მონპელიეში, იმ პერიოდის ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტში სამედიცინო ხელოვნების ეუფლება. 1526  წელს ექსში ყოფნისას შავი ჭირის ეპიდემიის ეპიცენტრში მოხვდა. ნოსტრადამუსმა ჭირის საწინააღმდეგო საშუალება გამოიგონა, რომლის შემადგენლობაც მის ერთ-ერთ ნაშრომშია აღწერილი. 1529 წელს სამედიცინო ფაკულტეტის დოქტორის წოდება მიენიჭა. ერთ ხანს იქვე იმსახურა დოცენტად. 1548 წელს ნოსტრადამუსმა ვენეციური წარმოშობის არისტოკრატ ანნა-პონცია-ჯემელ-ლე-ზე იქორწინა. სწორედ აქ, ქალაქ სალონ დე-კროში იგრძნო წინასწარმეტყველების უნარი რომ გააჩნდა. უფროს ვაჟ ცეზარისთვის მიწერილ წერილში აღნიშნავს, რომ ოკულტიზმის რამდენიმე წიგნის დაწვის შემდეგ მიხვდა: - თავად შეეძლო მოვლენების განჭვრეტა. ყველა ასტრონომიული მონაცემი და ასტროლოგიური გათვლები ადასტურებენ, რომ ნოსტრადამუსი არაბუნებრივ ნიჭს ფლობდა, რისთვისაც უფალს მადლობას უხდიდა.


პირველი ცენტურიების გამოქვეყნების შემდეგ 1555 წელს პარიზში ჩავიდა. იგი საფრანგეთის მეფის ჰენრიხ II-ის კარზე მიიწვიეს. თავად დედოფალი ეკატერინა მედიჩი ინტერესდებოდა თავისი დინასტიის ბედით. ნოსტრადამუსმა კარგად უწყოდა რა ტრაგიკული ბედიც ელოდა მის მეუღლეს, შვილებსა და საერთოდ ვალუების დინასტიას. მან გააკეთა ის, რაც შეეძლო - გააფრთხილა მეფე, რომ უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდებოდა, თუმცა მონარქმა წინასწარმეტყველება არად ჩააგდო და გრაფ გაბრიელ დე მონტგომერის უბრძანა, მას შებრძოლებოდა. გრაფის შუბის ნატეხი მეფეს, რომელსაც მოოქროვილი ამუნიცია ეცვა, მარჯვენა თვალში მოხვდა და ამ ჭრილობით ჰენრიხ II 1559 წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა.


„ახალგაზრდა ლომი აჯობებს ბებერ ლომს პირდაპირ შეტაკებაში, ოქროს გალიით დაფარულ თვალს დაუზიანებს, რაც მონარქის სიკვდილის მიზეზი გახდება". (1 ცენტურია, 35 კატრენი).


ეს წინასწარმეტყველება და მისი ცენტურიების პირველი კრებული ნოსტრადამუსის პოპულარობის დასაწყისია.


საინტერესოა, რომ ნოსტრადამუსმა პაპის ტიარა უწინასწარმეტყველა იმ  დროისთვის ყველასთვის უცნობ ბერს - ფელიჩე პერეტის, რომელიც პაპის ტახტზე სიქსტ V-ის სახელით ავიდა 1585 წელს, წინასწარმეტყველის სიკვდილთან თითქმის ოცი წლის შემდეგ.


1564 წელს ნოსტრადამუსს ეწვია ეკატერინა მედიჩი ვაჟთან, კარლოს IX-სთან ერთად, შემდეგ ასტროლოგიც სტუმრობდა სამეფო პერსონებს. სწორედ ეს შეხვედრა აღბეჭდა თავის ნახატში ვალვერანმა. დედოფალი სკამზე ზის, კარლოს IX და ნოსტრადამუსი ფეხზე დგანან. ასტროლოგს ერთი ხელი გადაშლილ წიგნზე უდევს, მეორე ყმაწვილის თავზე, რომელიც მისი წინასწარმეტყველებით მალე საფრანგეთის მეფე გახდა და მანვე ვალუათა დინასტიის აღსასრულიც განჭვრიტა, რაც 26 წლის შემდეგ 1590 წელს ახდა.


1566 წლის 1 ივლისს ნოსტრადამუსმა შავინის მისწერა: „გამთენიისას ცოცხალი აღარ ვიქნები!"


1566 წლის 2 ივლისს დილით საწოლიდან ადგა და მოცელილივით დაეცა. თვითმხილველები ამბობდნენ, მშვიდად და წყნარად მიიცვალაო. მისი სხეული სარკოფაგში ჩადეს და სალონიში, ფრანცისკანული ეკლესიის კედელში მოათავსეს. 1791 წელს რევოლუციის პერიოდში, ერთმა იაკობინელმა მონასტერს ცეცხლი წაუკიდა და ასტროლოგის სხეულის ნარჩენები მიმოფანტა.


მეორე დღეს ეს ახალგაზრდა მკვდარი იპოვეს. ახდა, ნოსტრადამუსის კიდევ ერთი წინასწარმეტყველება: დაიღუპება ყველა, ვინც ჩემს საფლავს შეეხება.


ნოსტრადამუსის მემკვიდრეობა, დაახლოებით 140 წინასწარმეტყველებას შეიცავს. მისმა პირველმა გამომცემელმა, ასტროლოგის შთამომავალმა, ვინსენტ სეკამ, სრული კრებული საფრანგეთის მეფე ჰენრიხ IV-ს აჩუქა.


ნოსტრადამუსის ცენტურიები, მთელი მისი შემოქმედება, ლიტერატურის მსოფლიო ისტორიაში შევიდა და დროთა განმავლობაში ჭეშმარიტი უკვდავება მოიპოვა.


ლექსებად დაწერილ კატრენებში დადასტურებულად ჩანს, რომ XVI საუკუნის ფრანგი მკურნალი და ასტროლოგი, ნამდვილად ხედავდა მომდევნო ოთხი საუკუნის მოვლენებს. მის ლექსებში ისეთი ისტორიული პიროვნებების ბედ-იღბალია აღწერილი, როგორიც იყვნენ: ჰიტლერი, ნაპოლეონი, სტალინი და სხვ. მან იწინასწარმეტყველა ორთქლის მანქანის, ტელეფონის, რკინიგზის, ტელეგრაფის, თერმომეტრის, ელექტრონული ნათურის, თვითმფრინავის, ატომური ბომბისა და მრავალი სხვა გამოგონება.


მისი მინიშნებები კონკრეტულ მითითებებს არ შეიცავს; კაცობრიობის ისტორიული ფორმირების რუკაზე ნოსტრადამუსის ცენტურიების მსვლელობა დაიწყო 1555 წელს და დღესაც გრძელდება.






(მოამზადა თამაზ ჩიქვანაიამ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016