საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ევროპელ ლიდერთა კავშირის (European Leadership Network) წევრი გახდა. ეს არის ევროპის მაღალი რანგის პოლიტიკოსთა, სამხედრო პირთა და დიპლომატთა გაერთიანება, რომლის ძირითადი მიზანია საერთაშორისო თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულებების უკეთ გაცნობა საზოგადოებისთვის და ამ კუთხით ევროპაში განათლების საერთო დონის ამაღლება. ძირითადი აქცენტი მიმართულია ევროპის როლსა და პასუხისმგებლობაზე ბირთვული იარაღის არგამოყენებისთვის, აგრეთვე სხვადასხვა ფორმატში მრავალმხრივ თანამშრომლობაზე განიარაღებისა და მთლიანობაში ბირთვული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით.
ევროპელ ლიდერთა კავშირი ამუშავებს თავისუფალ კვლევებს და ეწევა ანალიტიკურ სამუშაოს ზემოთაღნიშნულ მიმართულებებზე. იგი უზრუნველყოფს საერთაშორისო დიალოგისა და დებატების მოწყობის პლატფორმას საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით. ევროპელ ლიდერთა კავშირი ეფუძნება მრავალმხრივი თანამშრომლობის პრინციპს, რაც ერთადერთი ეფექტური გზაა წინსვლისა და პროგრესისკენ.
შიდაევროპული კოორდინაციის გზით ევროპელ ლიდერთა კავშირი ეფექტურ როლს ასრულებს ევროპული საერთო ხედვის გავრცელებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მთელს მსოფლიოში.
ამ ორგანიზაციის წევრები მსოფლიოს სხვა მრავალ ცნობილ პოლიტიკოსებთან, დიპლომატებთან და ექსპერტებთან ერთად არიან: გერმანიის ყოფილი კანცლერი - ჰელმუდ შმიდტი; ნატოს ორი ყოფილი გენერალური მდივანი - ვილი კლაესი და მაიკლ ქერინგტონი; გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი - ჰანს დიტრიხ გენშერი; ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი - მარტ ლაარი; ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი - ჯეკ სდელორსი; ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი - ლინას ლინკიაკიჩუსი; ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ- მინისტრი - რუდ ლუბერსი; პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი - ადამ დანიელ როტფელდი; სერბეთის ყოფილი პრემიერ - მინისტრი - ბრორის ტადისი; თურქეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი - ჰიკმეტ ცეტინი; დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი - დესმონდ ბრაუნი; რუსეთის ორი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი - იგორ ივანოვი და ალექსანდრე ბსემერტნიხი.
ევროპელ ლიდერთა კავშირში ჩამოყალიბებულია პარტნიორ ექპერტთა ჯგუფი ევროპასა და რუსეთის ფედერაციაში. ბატონი თედო ჯაფარიძე, როგორც კავშირის სრულუფლებიანი წევრი, კოორდინაციას გაუწევს ორგანიზაციის საქმიანობას საქართველოში და მთლიანად კავკასიის რეგიონში, რაც პირდაპირ კავშირში იქნება რეგიონული უსაფრთხოების, ენერგოუსაფრთხოებისა და კონფლიქტების მოგვარების შესაძლო გზებისა და მიმართულებების შემუშავებასთან.