საპარლამენტო უმცირესობის წევრის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, "მნიშვნელოვანია არა ჩადენილი დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, არამედ ის, რომ დანაშაული მატულობს, რაც საგანგაშოა".
აღნიშნული განცხადება კუბლაშვილმა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანაშაულის და მათი გახსნის შესახებ გამოქვეყნებული სტატისტიკის კომენტირებისას გააკეთა და აღნიშნა, რომ ყოველდღიურად, ძალიან თვალნათლივი ხდება, რომ კრიმინოგენური ფონი საკმაოდ მძიმეა.
"ის დანაშაულები, რომელიც ხდება და რომელიც შუქდება მასმედიის საშუალებით, შესაბამისი შეშფოთების საფუძველს იძლევა. ამიტომ ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, რამდენია გახსნილი ამ დანაშაულებიდან, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თავად დანაშაულის რაოდენობა მატულობს და ვფიქრობ, რომ ეს საგანგაშოა", - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 7 თვის დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა. შსს-ს მიერ გავრცელებული ქვეყნის მასშტაბით არსებული კრიმინოგენული მონაცემების ამსახველი სტატისტიკის თანახმად, 2013 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაულმა 4126 ერთეულით იკლო, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაორმაგებულია და 53,3%-ს შეადგენს.