საია-ს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეში ბრალდებულ მამუკა ივანიაძის ფარული ვიდეოგადაღება შესაძლოა, პროკურატურამ კანონდარღვევით განახორციელა. საიას თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის თქმით, მთავარ პროკურატურაში "მცირემიწიან ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ტრაქტორების შეძენისათვის განკუთვნილი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმეზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრალდებულ მამუკა ივანიძეზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტები ვერ დასტურდება. კოჟორიძის განმარტებით, პროკურატურის მხრიდან ითქვა, რომ მამუკა ივანიაძემ პროკურორს საკუთარი ნებით მისცა ჩვენება ადვოკატის გარეშე, რომელიც ფარული ვიდეოჩანაწერის სახით გავრცელდა.
"ჩვენ გვაქვს გარკვეული კვითხვის ნიშნები ფარული ვიდეოგადაღების კანონიერებაზე. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რაც არაპროფესიონალის თვალითაც ნათად ჩანს , ვიდეომასალა უწყვეტ რეჟიმში არ არის მიწოდებული და დამონტაჟებულია. სასამართლოს ნებართვის არარსებობის შემთხვევაში, იმ პირთა ქმედებაში ვინც ფარული ჩანაწერის გაკეთება დაგეგმა ან განახორციელა, დანაშაულის ნიშნები იკვეთება. პროკურატურამ კი განმარტა, რომ ვიდეოჩანაწერის მოპოვება კანონის დაცვით განხორციელდა. თუმცა ამისთვის სასამართლო განჩინებაა საჭირო. უნდა აღინიშნოს, რომ დაცვის მხარისგან მიღებული ინფორმაციით თანახმად, პროკურატურამ ზემოთაღნიშნული ფარული ჩანაწერი დაცვის მხარეს არ გადასცა და არც სასამართლო განჩინება მისი დაკანონების შესახებ. ამ გარემოებამ გაამძაფრა ეჭვი, რომ მსგავსი განჩინება არ არსებობს. ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები," - აღნიშნა კოჟორიძემ.
მისივე განმარტებით, საქართველოს კანონდებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფარული ჩანაწერის განმახორციელებელი ნივთების შეტანას კრძალავს. კოჟორიძე მიიჩნევს, რომ გამოსაძიებელია, თუ როგორ მოხვდა ეს მოწყობილობა საპატიმრო დაწესებულებაში და ასევე გასარკვევია სასჯელაღსრულებითი დაწესებულების იმ თანამშრომლს ქმედებაში არსებობს თუ არა დანაშაულის ნიშნები, ვისაც პროკურორ გიორგი დავითაშვილის შემოწმება ევალებოდა დაწესებულებაში შესვლისას. საია მიმართავს მთავარ პროკურატურას, გაასაჯაროოს ის სასამართლოს განჩინება, რომლითაც პროკურორ გიორგი დავითაშვილის მიერ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მამუკა ივანიაძის ფარული ვიდეო გადაღება დაკანონდა. "იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი განჩინება არ არსებობს, მოვითხოვთ, დაუყონებლივ დაიწყოს ზემოაღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება", - აცხადებს კოჟორიძე.