reportiori.ge - როგორ გავუმკლავდეთ ჭარბოფლიანობას?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:35
სხვადასხვა
როგორ გავუმკლავდეთ ჭარბოფლიანობას?
ავტორი:
23 თებერვალი, 2014. 12:43



სხეულის სუნი ზოგჯერ იმდენად ინტენსიურია, რომ ადამიანი ეჭვობს, ავად ხომ არ ვარო. სინამდვილეში კი დამნაშავე მემკვიდრეობითი ფაქტორი, ან არასათანადო ჰიგიენაა. მათი უმრავლესობა, ვისაც სხეულის მკვეთრი სუნი აქვს, ან დაბადებიდანვეა დაჯილდოებული აქტიური აპოკრინული ჯირკვლებით, ან ჯეროვნად არ უვლის სხეულს. ამ შემთხვევაში კანზე იბუდებენ ბაქტერიები, რომლებიც ოფლს უსიამოვნო სუნს აძლევენ. ოფლის სუნმა შეიძლება გააღიზიანოს არა მარტო ოჯახის წევრები და მეგობრები, არამედ პიროვნების თვითშეფასებასაც მიაყენოს დარტყმა.

ოფლის სუნს ადამიანი უძველესი დროიდან ებრძოდა. მაგალითად, რომაელები იღლიის ქვეშ არომატული ბალახით სავსე სპეციალურ თოფრაკებს ითავსებდენენ. პირველი მადეზოდორირებელი საშუალება ჩვეულებრივი სოდა გახლდათ - ის ანეიტრალებდა ბაქტერიების სიცოცხლისთვის აუცილებელ მჟავე გარემოს. შემდეგ ალუმინის მარილების შემცველი პასტების გამოყენება დაიწყეს, ხოლო ტერფებსა და ხელისგულებს ჭიანჭველას მჟავას ხსნარით, ან მუხის ქერქის ნახარშით იმუშავებდნენ. მხოლოდ XIX საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის დასაწყისში მოახერხეს მეცნიერებმა პირველი დეზოდორანტებისა და ანტიპერსპირანტების ფორმულების შემუშავება, თანამედროვე დეზოდორანტები კი გასული საუკუნის 50-იან წლებში გაჩნდა.

არ დაიჯერებთ და ოფლი სასიცოცხლოდ აუცილებელია. მისი გამოყოფა არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, წყალმარილოვან ბალანსს, გამოაქვს ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის საშიში, ტოქსიკური პროდუქტები, მონაწილეობს თერმორეგულაციაში. მძიმე ფიზიკური დატვირთვისას და სიცხეში ოფლია ერთადერთი საშუალება, რომელიც ორგანიზმს გადახურებისგან იცავს.

გაძლიერებულ ოფლდენას ხშირად სდევს თან სუნი, თანაც უმეტესად - ახალგაზრდა მამაკაცებში. ახალგაზრდა ქალებში სუნიანი ოფლი ზოგჯერ მენსტრუალური ციკლის დარღვევებს უკავშირდება.

ითვლება, რომ ოფლის სუნს ოფლის შემადგენლობაში შემავალი რამდენიმე ამინომჟავა (ლეიცინი, თიროზინი), ცხიმოვანი მჟავები, ბაქტერიები, ოფლის დაშლის პროდუქტები განაპირობებს. იღლიის ჭარბი ოფლიანობა უმეტესად მემკვიდრეობით არის გამოწვეული და ორივე სქესის ადამიანებში გვხვდება, თუმცა უმეტესად ახალგაზრდა, იშვიათად - ხანდაზმულ მამაკაცებს აწუხებთ და არ აღენიშნებათ ბავშვებს. ჭარბი ოფლიანობა საოფლე ჯირკვლების მომატებულ აქტივობას უკავშირდება. თითოეულ იღლიისქვეშა ფოსოში დაახლოებით 25 ათასი ასეთი ჯირკვალია განლაგებული.

ემოციურად მეტად მძიმეა ხელისგულებისა და ტერფების მომატებული ოფლიანობა - აკროჰიდროზი. ხელისგულების ოფლიანობისას ყოველთვის მკაფიოდ არის გამოხატული ემოციური და ასაკობრივი ფაქტორები. აკროჰიდროზის განვითარებას ხელს უწყობს ნევროზი, ალკოჰოლიზმი, პოლინეიროპათია.

ჰიპერჰიდროზი, ანუ ჭარბოფლიანობა საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ მკვეთრად აუარესებს ადამიანის ცხოვრების რიტმს. იღლიების, ხელისგულების, ფეხისგულების ჭარბი ოფლიანობის სამკურნალოდ ექიმები სულ უფრო ხშირად მიმართავენ სრულიად უმტკივნეულო და უსაფრთხო მეთოდს: ბოტოქსისა და დისპორტის კანქვეშა ინექციებს.

ზოგადი მკურნალობა ითვალისწინებს დამამშვიდებელი საშუალებების (ვალერიანის, ბარამბოს პრეპარატების) მიღებას. იყენებენ იმ საშუალებებს, რომლებიც ატროპინს და პაპავერინს შეიცავს. ემოციურ ნიადაგზე განვითარებული ჰიპერჰიდროზის დროს ინიშნება ტრანკვილიზატორებიც. იყენებენ ასევე კალციუმის პრეპარატებს, A, E, B1, B12 ვიტამინებს, სალბის ნაყენს. ზომიერი ჰიპერჰიდროზის შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ინიშნება გარეგანი, ადგილობრივი თერაპია.

ადგილობრივი საშუალებები იყოფა დეზოდორანტებად და ანტიპერსპირანტებად. პირველი ჯგუფი აფერხებს ოფლის დაშლას და პარფიუმერიული დანამატების საშუალებით ნიღბავს სუნს, მეორე კი თრგუნავს საოფლე ჯირკვლების ფუნქციას. დეზოდორანტები შეიცავს ანტიმიკრობულ კომპონენტებს, პარფიუმერიულ დანამატებსა და დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც ზოგჯერ დერმატიტის განვითარებას იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანი ალერგიისადმია მიდრეკილი.

თუ ტანი გიოფლიანდებათ: ყოველდღე იბანეთ. გამოიყენეთ ანტიბაქტერიული საპონი.

ეცადეთ, დღის განმავლობაში იღლიისქვეშა და ნაოჭების მიდამოები ნაჭრით, ან ქაღალდის ხელსახოცით გაისუფთაოთ. ამ გზით მოიშორებთ მკვდარ ქსოვილებს და ბაქტერიებს, რომლებიც სუნის წარმოშობაში მთავარ როლს ასრულებენ.

გამოიყენეთ დეზოდორანტები.

გამოიყენეთ საშუალებები, რომლებიც აქვეითებენ ოფლის სეკრეციას.

გამოგადგებათ ტალკი, საჭმელი სოდა, საბავშვო ტალკი, კარტოფილის ფქვილი - თუ მათ პრობლემურ ადგილებზე მიიფრქვევთ, სისველეს შთანთქავენ და სუნს ჩაახშობენ.

ეცადეთ, ჩაიცვათ ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი (განსაკუთრებით - საცვლები). გარეცხეთ ისეთი საშუალებებით, რომლებიც სუნს სპობს. აუცილებლობის შემთხვევაში ქვედა საცვალი გამოიცვალეთ უშუალოდ შინიდან გასვლის წინ.

აუცილებლად მოიშორეთ თმა იღლიისქვეშა ფოსოდან - სწორედ მასზე გროვდება ოფლი და ბაქტერიებისათვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

ერიდეთ ცხარე და ტკბილ საკვებს. ნივრიანი და კვლიავიანი საკვების მიღების შემდეგ ოფლს მკვეთრი სუნი ეძლევა. ზოგჯერ ეს ეფექტი საკვების მიღებიდან 24 საათის განმავლობაშიც კი გრძელდება.

თუ ფეხები გიოფლიანდებათ: ყოველდღე იბანეთ თბილი წყლით. ატარეთ სუფთა, ნატურალური ქსოვილის წინდები. გამოიცვალეთ ყოველდღიურად.

ტერფებზე წაისვით კრემი, რომელიც შეიცავს მკვებავ და მადეზოდორირებელ ნივთიერებებს, მაგალითად, გლიცერინს. მოათავსეთ წინდაში რამდენიმე ჩაის ფოთოლი. ჩადეთ ფეხსაცმელში და 1-2 დღე დატოვეთ. ფეხსაცმლიდან უსიამოვნო სუნი გაქრება.

ეფექტიანია ფეხის სპეციალური დეზოდორანტიც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ისხუროთ იგი თითებს შორის. ეცადეთ, ფეხები ყოველთვის ნატურალური ქსოვილის ტილოთი გაიმშრალოთ. გადაივლეთ ფეხებზე მუქი ჩაის ნაყენი. ჩაიში შემავალი ტანინები ამცირებენ ოფლის გამოყოფას.

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016