reportiori.ge - გიორგი მამაცაშვილის ღია წერილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობისადმი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:08
სამართალი
გიორგი მამაცაშვილის ღია წერილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობისადმი
ავტორი:
06 აგვისტო, 2013. 22:13

ბატონებო!  ვიმედოვნებ, რომ თქვენ ჯერ არ დაგვიწყებიათ სამწუხარო და აღმაშფოთებელი ფაქტი, დაკავშირებული მოქ. ფარესაშვილის გარეგნობის მსგავსი პიროვნების ე.წ. „პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების" გასაჯაროებასთან. ასევე, ვფიქრობ, რომ გამოძიებისთვის კარგად არის ცნობილი ყველა ის დეტალი, რაც ამ სკანდალური ფაქტის ჩაწერასა და გავრცელებას ეხება და, როგორც შსს განცხადებიდან ირკვევა, „უტყუარად დადგენილ" ამ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით, ბრალდება წარედგინა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს გ. ხვედელიძეს, რომელიც თანამდებობიდან იქნა გათავისუფლებული და დაპატიმრებულიც კი. ანუ, თქვენთვის უტყუარად არის ცნობილი, რომ ფარული კადრების არც გადაღებასთან და, მითუმეტეს, არც გავრცელებასთან პირადად მე და სააგენტო "რეპორტიორს" არავითარი შეხება არ გვქონია! სამაგიეროდ, შეხება მაქვს, როგორც მონაწილეს, ერთ შეხვედრასთან, რომელიც შედგა ჩემი უფროსი კოლეგისა და მეგობრის ნ. ფოფხაძის ოჯახში და რომელშიც მონწილეობდა ზემოთ ნახსენები, მაშინ ჯერ კიდევ შს მინისტრის მოადგილე გ. ხვედელიძე და „საზოგადო მოღვაწე" ლაშა ამირეჯიბი, რომელიც დღემდე, გაზეთ „ალიაში" გამოქვეყნებულ ინტერვიუმდე, იწოდებოდა საზოგადოებრივი მოძრაობის „სახალხო კრების" ერთ - ერთ ლიდერად. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ შეხვედრის ინიციატორი და ორგანიზატორი გახლდათ მოქ. ლ. ამირეჯიბი, ხოლო მთავარი არგუმენტი, რის გამოც ჩვენ დავთანხმდით ამ შეხვედრაში მონაწილეობაზე, გახლდათ ის, რომ მოქ. ამირეჯიბს თურმე „ეშინოდა", რომ შსს შენობაში საუბრის შემთხვევაში მოხდებოდა ამ, ვითომდა კონფიდენციალური" შეხვედრის აუდიო და ვიდეო ჩაწერა. და შეხვედრა უნდა შემდგარიყო „ნეიტრალურ მოედანზე", ანუ იმ სახლში, სადაც მას ექნებოდა უსაფრთხოებისა და გულახდილობის სრული გარანტია. ასეთ „საიმედო ადგილად", მოქ. ლ.ამირეჯიბმა, როგორც თავად განმარტა, „შეარჩია" მამამისის-დიდი ქართველი მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის მეგობრის სახლი და დაბეჟითებით სთხოვა მას ამ შეხვედრის მასპინძლობა და მისი ინტერესების დაცვაში ხელშეწყობა. ამ დეტალებზე იმიტომ ვამახვილებ თქვენს ყურადღებას, რომ უკვე რამდენიმე თვეა „საზოგადო მოღვაწე" ლ.ამირეჯიბი ამ ჩვეულებრივი შეხვედრის, მისი შინაარსის, მიზნებისა და შედეგების შესახებ ქმნის რაღაც „იდუმალებით სავსე", უცნაურ აჟიოტაჟს. არადა, ყველაფერი იყო აბსოლუტურად მარტივი: არსებობდა კონფლიქტი პრესის ფურცლებზე, რომელშიც ჩართული იყო სამი პიროვნება - ხელისუფლების რგოლი - გ.ხვედელიძის, გ.ხუხაშვილისა და ლ.ნაცვლიშვილის მონაწილეობით, და „საზოგადო მოღვაწეთა" დუეტი" ლ. ამირეჯიბისა და გ. ფარესაშვილის შემადგენლობით; ორივე მხრიდან იყო სურვილი კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე და, ვიმეორებ, ორივე მხარის შეთანხმების საფუძველზე შეირჩა კონკრეტული ადგილი სასაუბროდ! ჩვენი მიზანი არ არის ამ შეხვედრის შინაარსის გადმოცემა. ამას პროფესიული „უსინდისობით" - ცალმხრივად და სიცრუით აკეთებს „საზოგადო მოღვაწე" ლ.ამირეჯიბი. ჩვენი მიზანი უფრო სხვა რამეა, რომლის გარკვევისთვისაც ამ დეტალებზე ყურადღების გამახვილებაა საჭირო, რამეთუ აუცილებლობას წარმოადგენს გარკვევა იმისა, თუ რატომ აღმოვჩნდით მე და ნ.ფოფხაძე ისეთ სიტუაციაში, როცა უსაფუძვლოდ და ყოვლად უზნეოდ ვილანძღებით დიდი ქართველი მწერლის ჭაბუა ამირეჯიბისადმი სიყვარულის, პატივისცემისა და ერთგულების გამო. ჩვენ გვინდა გავერკვეთ შემდეგში:


1. როგორც მოგვიანებით დავადგინეთ, ჩვენთან შეხვედრის წინა დღეს, შსს შენობაში შემდგარა „მეგობრული საუბარი", რომელშიც შსს მაღალჩინოსნებთან(!) ერთად მონაწილეობდნენ „საზოგადო მოღვაწე" ლ.ამირეჯიბი და შსს მინისტრის პირველი მოადგილე გ.ხვედელიძე. იქ შედეგიანად გარკვეულა რაღაც „გაუგებრობები". მაშ, რაღა საჭირო იყო დამატებითი შეხვედრა „ნეიტრალურ მოედანზე", ანუ, კონკრეტულად სწორედ ნ.ფოფხაძის სახლში? ჩვენთვის არ არის ცნობილი ის, თუ ვისი იდეა იყო ეს, ვისი მიზანი, ვინ და რა შედეგს ელოდა ამ მორიგი შეხვედრიდან? რატომ მოვიდა ამ შეხვედრაზე „საზოგადო მოღვაწე" ლ.ამირეჯიბი ფარული ჩაწერისთვის საგანგებოდ ეკიპირებული? სამაგიეროდ, გაგვიჩნდა გონივრული ეჭვი, რომ წინასწარ იყო დაგეგმილი გ.ხვედელიძის წინააღმდეგ რაღაც პროვოკაცია, რომლის მონაწილეებიც უნებლიედ აღმოჩნდნენ გ.მამაცაშვილი და ნ.ფოფხაძე. მეტიც: ამ პროვოკაციის ორგანიზატორი და უშუალო შემსრულებელი უშეცდომოდ ცნობილია -„საზოგადო მოღვაწე" ლ.ამირეჯიბი!


2. ზემოთ მოტანილ „გონივრულ ეჭვს" და ვარაუდს არსებობის საფუძველი რომ გააჩნია, ის ფაქტიც მეტყველებს, რომ „საზოგადო მოღვაწე" ლ. ამირეჯიბმა დაუყოვნებლივ (!!!) წარადგინა შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ შეხვედრის აუდიოჩანაწერი, რომელიც ფარულად(!!!) და უკანონოდ(!!!) თავადვე განახორციელა! ჩანაწერი კონკრეტული მაღალჩინოსნების მიერ იქნა მოსმენილი, ასევე კონკრეტული პერსონების მონაწილეობით... რა თქმა უნდა, ამ „კოლექტიური მოსმენის" მონაწილები ჩვენთვის ცნობილია.აუდიო - ჩანაწერის შსს - ში დაუყონებლივ წარდგენის ფაქტი გვაძლევს საფუძველს, სარწმუნოდ მივიჩნიოთ მოარული ხმები „საზოგადო მოღვაწის" ლ. ამირეჯიბის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ სპეცსამსახურებთან, რამეთუ ასეთი შესაშური ოპერატიულობა არ არის დამახასიათებელი ახალბედა ენთუზიასტებისთვის. ასე პროფესიულად მხოლოდ შტატიანი „ოპერები" ან „დავერბოვკებული", სტაჟიანი ინფორმატორები („ნასედკები") იქცევიან! ეს ჩემზე უკეთ თქვენ, ახალგაზრდა, გამოუცდელ, ჯერ ნაკლებად „გარყვნილ" მაღალჩინოსნებს თუ არ მოგეხსენებათ, იმათ მაინც კითხეთ, ვინც ფარულ მოსმენა - მიყურადებასა და გადაღება - ჩვენებას კარგა ხანია პროფესიულად კურირებს ან ეწევა... მათ შორის „საზოგადო მოღვაწე" ლაშა ჭაბუას - ძე ამირეჯიბსაც ვგულისხმობთ! დიახ, „ბოროტი ენები" იმასაც ღაღადებენ, თუ რა პირობებში, როდის, როგორ გახდა „დათა თუთაშხიას" ავტორის შვილი პროფესიონალი ჩამშვები, „ნასედკა", ჩამწერი და „ოპერატორი"... თუმც, ეს თქვენი და მისი პრობლემაა. შსს-სთვის იმიტომ, რომ გაშიფრული „ინფორმატორი" ნაკლებსასარგებლოა, ხოლო „საზოგადო მოღვაწე" ლ.ამირეჯიბისთვის იმიტომ, რომ ეს მისი პირადი საქმეა და მისი არჩევანი, რაც არ არის ჩვენი განსასჯელი... ყველა თავად ირჩევს საკუთარი ცხოვრების წესს!

ამ „ღია წერილის" მიზანი, როგორც ზემოთ გითხარით, სულ სხვა რამეა, თუმცა მჭიდროდ არის დაკავშირებული ზემოთქმულთან და ამას ბოლოსთვის მოგახსენებთ. გ.ხვედელიძის გადაყენება - დაპატიმრებით ფრთაშესხმულმა და გალაღებულმა „ამირეჯიბმა და კომპანიამ" გადაწყვიტა „საკუთარი მტრების მხილებისა და დასჯის" მასშტაბების და პერსონალური სიის გაფართოება. მას შემდეგ, რაც უშედეგოდ დამთავრდა ამ მიზნით პრემიერ - მინისტრისადმი არაერთგზის საჯარო მიმართვა, „საზოგადო მოღვაწეთა" დუეტმა ბრძოლის ხაზზე გამოიყვანეს მედია - სტრუქტურები. და წამოვიდა ცილისწამების ნიაღვარი, შანტაჟი, უხამსობა... როცა „ნამეტნავად გადააჭარბა", შევეცადეთ პასუხი გაგვეცა. პირველ რიგში, მოვინდომეთ გაგვერკვია მისი სტატუსი, გვაინტერესებდა, ვინ გვებრძვის -„სახალხო კრება" თუ მის ერთ-ერთ ლიდერად „რეკლამირებული" მოქალაქე ლ.ამირეჯიბი. „რეპორტიორის" მიერ გამოქვეყნებულმა ჩემი მოკლე პასუხის შემდეგ უკვე „დასაბმელი" გახდა ეს „საზოგადო მოღვაწე"- დაუზარლად ავრცელებს სოციალურ ქსელებში ყოვლად უაზრო ბრალდებებს და მეტიც: გადადის პირად შეურაცხყოფაზე! ჩვენ კი ვიცით, რომ მისი ეს "აქტიურობა" განეკუთვნება მხოლოდ და მხოლოდ მედიცინის, კონკრეტულად კი - ფსიქიატრიის სფეროს, მაგრამ ბევრისთვის ხომ ის დიდი ჭაბუას შვილია, რომელსაც ებრძვიან „ლუბლიანკისა და კრემლის ბინადარი" და მისი გაზრდილი მეგობრები... გვემუქრება სასამართლოთი, რაღაც აუდიო-ჩანაწერის გამოქვეყნებით (ვითომ ჯერ არ გამოუქვეყნებია ის ფრაგმენტები, რაც მხოლოდ მას აწყობს და არა სრული ვარიანტი). ვინც შეუშინებია, ის შეაშინოს!... გამოაქვეყნოს! რაც უნდა! თანაც, დროზე! ჯერ ერთი,სათანადო პასუხი გაეცემა ყველაფერს, და არა გვგონია, ამ ჩანაწერით ნათელი არ გახდეს მისი მათხოვრული ბუნება, როცა ხელისუფლებას ეხვეწება თანამდებობას და მის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებას... და მეორეც: ვპირდებით სამოქალაქო სარჩელის წარდგენას, რამეთუ ამ „სიმართლისათვის მებრძოლმა რაინდმა" ქურდულად (!), არაკაცურად, ფარულად და უკანონოდ ჩაწერა შეხვედრა იმ ოჯახში, სადაც ლამის ოჯახის წევრად იყო აღიარებული!!! დიახ, ისეთივე პასუხს გავცემთ, როგორც გავეცით და საზოგადოება გავანათლეთ იმაში, რომ არავითარი ერთ-ერთი ლიდერი „სახალხო კრებისა" ის არ არის, რომ ანგარებიანად ეტმასნება სასიქდულო მამულიშვილებს, დიდი ნონა გაფრინდაშვილის მეთაურობით რომ იღწვიან თავიანთი რწმენისთვის.

და, მივედით მთავარ სათქმელთან, იმასთან, თუ რატომ გწერთ ამ ღია წერილს: როცა  ორმეტრანი „ოყლაყი" ფიზიკური ანგარიშსწორებით გვემუქრება მე და ჩემს კოლეგებს, თანაც ის, ვისაც, ჩვენი აზრით, მთლად დალაგებული ფსიქიკა ვერ აქვს,  ფრთხილი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. და გადავდგით კიდეც ამ მომართვით! უცენზურო, ყოვლად აღვირახსნილი ლექსიკით მომართვისა და სამაგიეროს გადახდის დაპირების შემდეგ ეს „ინტელიგენტი" და, თურმე „ძველი ბიჭი", სოციალური ქსელის მეშვეობით, აი, რას გვითვლის ცალ-ცალკე ადრესატებს: „ ... ქალაქში ყურადღებით იყავით!!" „დაგხოცავთ!.." ...  არამგონია, საგანგებო ახსნა-განმარტება სჭირდებოდეს ამ ფრაზას და მასში ჩაქსოვილ ქვეტექსტს და ის გამოწვეული იყოს „საზოგადო მოღვაწის" ლაშა ჭაბუას ძე ამირეჯიბის მხრიდან ჩემი და ჩემი მეგობრების ჯანმრთელობაზე და უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნვით... შიში არ მამოძრავებს, როცა ამ ღია წერილით მოგმართავთ! არც ის, თუ როგორ ავრცელებს მოქალაქე ამირეჯიბი მოარულ ხმებს, თითქოს სააგენტო „რეპორტიორს" „მზაკვარი სამსახური -კონტრდაზვერვა" აფინანსებდეს (სტილი დაცულია). სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს ამის მოსმენა „ფარული ჩაწერის" დიდოსტატისგან. ცნობილია, რომ ყველა აგენტს სხვაც თავისნაირი ჰგონია!

ბატონებო! ამ ღია წერილს იმიტომ გწერთ, რომ როგორც საქართველოს მოქალაქე, მოვითხოვ - გააფრთხილოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შტატით თუ უშტატოდ მეტისმეტად „დაახლოებული" პირი - ლაშა ჭაბუას ძე ამირეჯიბი, შეწყვიტოს შსს შტატიანი თუ უშტატო თანამშრომლისთვის შეუფერებელი ქმედება! შეწყვიტოს დამოუკიდებელი ჟურნალისტისთვის და მედია - სტრუქტურისთვის ჩვეულებრივ ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, რაც გამოიხატება ღია თუ ფარული მუქარით(!), ღია თუ ფარული შანტაჟით(!) და სააგენტო „რეპორტიორის" რეპუტაციის შელახვის მიზნით მოარული ხმების, ანუ უსაფუძვლო ჭორების გავრცელებით! დანარჩენს თავად მოვუვლით...

ვინაიდან ამ „ღია წერილს" საზოგადოების წევრებიც გაეცნობიან, გვინდა ხმამაღლა განვაცხადოთ: ჩვენ ვემიჯნებით ყველა იმ ცილისწამებლურ, უხამს (თუნდაც მართალ) განცხადებას, რაც ამ ბოლო დროს ისმის „საზოგადო მოღვაწის" ლ.ამირეჯიბის მისამართით! არაფრის მოგონება არ არის საჭირო, ჩვენმა და სხვა ენთუზიასტი კოლეგების ჟურნალისტურმა გამოძიებამ იმდენი უკვე დაადგინა, რომ „საზოგადო მოღვაწე" ლაშა ამირეჯიბს საერთოდ დაეკარგება სურვილი იაროს დიქტოფონით, ტელეფონით, ჩაწეროს და გადაიღოს ფარულად და უკანონოდ ახლობლები, მამის მეგობრები, საზოგადოების წევრები, გაავრცელოს მისნაირი „ოპერატორების" მიერ გადაღებული და საკუთარი ტელეფონის აპარატში განთავსებული კადრები, რომლებიც ასახავენ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის პირადი ცხოვრების ინტიმურ სცენებს და დააშანტაჟოს მავანი და მავანი მსგავსი ჩანაწერებით, ფულის გამოძალვის მიზნით!!! განსაკუთრებით უფრთხილდით ოჯახებში მის დაპატიჟებას. ამ კაცისთვის არაფერი არ არის წმინდა - არც მეგობრობა, არც ახლობლობა და თქვენ წარმოიდგინეთ,- არც ნათელ-მირონი (!!!!!!!!!) (ნათელ-მირონობასთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ ზოგიერთი სააგენტოს ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს, რომელთა დახმარებითაც დაამონტაჟა უკანონო ჩანაწერები - არ დაგიფასდებათ, პატივცემულო კოლეგებო, თქვენი ღვაწლი... საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი)... დამიჯერეთ, ბატონებო, ჩვენი თხოვნის შესრულება წაადგება შსს-ს ავტორიტეტს... წაადგება საზოგადოებას... თანაც, ეს ადვილი გასაკეთებელია. უფრო ადვილი, ვიდრე ჩემთვის სპეციალური დაცვის გამოყოფა, ისევე, როგორც ეს გააკეთეთ ერთ-ერთი მოქალაქის შემთხვევაში, რომლის „სახეც და ტანიც", მოქანდაკე ლ.ამირეჯიბის „კომპეტენტური" შეფასებით, არაპროპორციულად გამოიყურება იმ ჩანაწერში, რომელიც თურმე ფოტოშოპითაა  გაკეთებული და, მიუხედავად ამისა, მაინც ითხოვენ შსს-სგან 300 000-იან კომპენსაციას... ისე, მინდა შეგახსენოთ, რომ პირადად მე კომპენსაცია მაშინაც არ მომითხოვია, როცა 26 მაისს 17 რეზინის ტყვიით „დამაჯილდოვა" თქვენი წინამორბედის - მერაბიშვილისდროინდელმა შსს-მ! ახლა თქვენი მოვალეობის შესრულებას გთხოვთ!


პატივისცემით, გიორგი მამაცაშვილი,

სააგენტო „რეპორტიორის" გენერალური დირექტორი

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016