„სამწუხაროა, რომ მოსკოვში არასწორად გაიგეს ჩვენი კონსტრუქციული მიდგომა და ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდების აღდგენის ნაცვლად, კვლავ გამყოფი კედლის მშენებლობას განაგრძობენ", - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსების მიერ ქარელის რაიონის სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების საკითხს.
აბაშიძის განცხადებით, რუს კოლეგასთან გრიგორი კარასინთან შეხვედრის წინ რუსების მიერ მავთულხლართების გავლება ტრადიციად იქცა და მსგავსი ფაქტები რუსულ-ქართული ურთიერთობების ჩიხიდან გამოსვლის მცდელობას ხელს არ უწყობს.
„ჩვენ არ გვქონდა და არც გვაქვს ილუზია, რომ რუსეთთან დაწყებული ორმხრივი დიალოგი მარტივი პროცესი იქნებოდა. ამას ჩვენ ყოველთვის ვუსვამდით ხაზს. არც სოჭის ოლიმპიადაში ჩვენი სპორტსმენების მონაწილეობის გამო გამოვთქვამთ სინანულს, რადგან ამ სწორმა გადაწყვეტილებამ თავის მიზანს მიაღწია და კიდევ ერთხელ დაუდასტურა საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენი კეთილი ნება. ამგვარად აღიქვამენ ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც დაბეჯითებით გვირჩევენ გავაგრძელოთ რუსეთთან რთული დიალოგი", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.