reportiori.ge - გრიშა ონიანი: ბელადი და გელათი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:45
პრეს-დაიჯესტი
გრიშა ონიანი: ბელადი და გელათი
ავტორი:
25 თებერვალი, 2014. 18:42

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩემი მშობლიური სოფლიდან ჩამოსულიც არ ვიყავი ქუთაისში, ვიცოდი, რომ ქალაქის ახლოს მდებარეობდა გელათი, სადაც დაკრძალული იყო გაერთიანებული საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელი; ისიც ვიცოდი, რომ მისი ანდერძის თანახმად, ყველას, ვინც ეკლესიაში შესვლას გადაწყვეტდა, მის გულზე უნდა დაედგა ფეხი. როცა ამის ბედნიერება მომეცა, ეკლესიაში კი შევედი, მაგრამ დიდი დავითის საფლავის ქვას მოკრძალებით ავუარე გვერდი.

 

- ერთხელაც, როცა სრულიად სხვა მასალის მოსაძიებლად, ჩემს წიგნის თაროებს ვათვალიერებდი, ხელში მომხვდა „არტანუჯის" მიერ გამოცემული გასაოცარი გემოვნებით გაფორმებული და ფერადი ფოტოებით დამშვენებული აკადემიკოს როინ მეტრეველის წიგნი „გელათი" (მეორე იერუსალიმი და ახალი ათინა). ბატონი როინის მიმართ ჩემმა სიმპათიებმა დამძლიეს, დაწყებული საქმე მივატოვე და „გელათის" კითხვა დავიწყე.

შუამდე არც ვიყავი მისული, რომ ამეკვიატა გალაკტიონის ცნობილი სტროფი - „რა განძი გვქონია, რა მძლე, რა მდიდარი"...

ვკითხულობდი ისტორიის ფოლიანტებში გაბნეულ გელათის დიდებისა და ღირსების ამსახველ ციტატებს და გული სიამაყით მევსებოდა - თვალწინ დამიდგა ქვეყნის აყვავებისა და დაცემის ისტორიული სურათები, განადგურებული ანტიკური ცივილიზაცია და გელათში აგიზგიზებული რენესანსი, თავისი ლეგენდარული აკადემიით და ქვეყნის მართვის მართლმადიდებლური და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტებით.

ბატონო როინ, უდიდეს მადლობას გიხდით და მიწამდე თავს გიხრით იმ სიამოვნებისათვის, რაც თქვენ მომანიჭეთ თქვენი „გელათით" .

წიგნის კითხვა დავამთავრე და გამახსენდა გამოჩენილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწის აკაკი მგელაძის ნაამბობი გელათზე, რომელიც თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში იოსებ სტალინმა მოინახულა...

აკაკი მგელაძემ მითხრა: „1951 წლის აგვისტოში საქართველოში ჩამოვიდა იოსებ სტალინი, რომელიც ჯერ წყალტუბოში ერთი დღით, შემდეგ ბორჯომში ოცდაათი დღით, ხოლო შემდეგ ისევ წყალტუოში ოცდაცხრა დღით ისვენებდა.

იმხანად მე ქუთაისის საოლქო კომიტეტის პირველ მდივნად ვმუშაობდი. მამცნეს, სტალინს სურს, დაათვალიეროს ქუთაისი და მისი შემოგარენიო! გადმომცეს ობიექტების ნუსხა, რისი დათვალიერებაც სურდა ბელადს. პირველი, რაც უნდა ენახა, იყო გელათი.

სტალინს წყალტუბოში ვეახლე. აფხაზეთში მოღვაწეობის დროს მე მას ბევრჯერ შევხვედრილვარ და, ამდენად, მისთვის უცხო არ ვიყავი. წყალტუბოდან სამი მანქანით წამოვედით, ხოლო ქუთაისში კიდევ ორი მანქანით დაგვხვდნენ. სტალინს არ უყვარდა დიდი ამალით სიარული... კურსი გელათისაკენ ავიღეთ და სულ მალე სამონასტრო კომპლექსის ალაყაფის კარს მივადექით. ბელადი მანქანით არ შევიდა ეკლესიის ეზოში და გარეთ ჭიშკართან გადმოვიდა მანქანიდან. ვუყურებდით... გავიფიქრე, ბელადს, ჩვეულებისამერ, ალბათ, უნდა, რომ დავითის საფლავის ქვას ფეხი დააბიჯოს-მეთქი!.. მაგრამ სტალინი დავით აღმაშენებლის საფლავთან შეჩერდა, დახედა და გვერდის ავლით ჩაუარა. ეზოში შევედით და ბელადმა მთავარი საყდრისაკენ აიღო მიმართულება. ის წინ მიდიოდა, არ საუბრობდა, ხოლო ჩვენ უკან მივყვებოდით. სტალინი ჩვეულებრივზე მეტხანს შეჩერდა კიბესთან და შენობას უყურებდა. ნელ-ნელა აუყვა კიბეებს და როცა ეკლესიის კარს მიუახლოვდა, ისევ შეჩერდა და უკან მოიხედა... ეტყობა, ჩვენი ფეხის ხმა ვერ გაიგონა. ჩვენ უკან არ მივყვებოდით.

- თქვენ მართლმადიდებლები არა ხართ? - მოგვძახა და ხელი დაგვიქნა. ჩვენც ჩქარი ნაბიჯით დავეწიეთ და ეკლესიაში შევედით. სტალინი შუა ადგილზე გაჩერდა და მაღალ გუმბათს დაუწყო ცქერა, შემდეგ ნელ-ნელა დაიწყო ეკლესიის შემოვლა. ბელადი მიდიოდა, ყველა ხატთან ჩერდებოდა და ასე აგრძელებდა სვლას. ჩვენ კარების ოდნავ შიგნით ვიდექით და თვალს ვადევნებდით ბელადის მოძრაობას. შემოვლა დაამთავრა, დინჯად გამოემართა გარეთ და დაეშვა კიბეებზე. იმ ადგილზე, საიდანაც კარგად ჩანს ქუთაისის დიდი ნაწილი, გაჩერდა და დიდხანს გაჰყურებდა სივრცესა და ქუთაისს. ოცი წუთი, რომელიც განსაზღვრული იყო გელათისათვის, უკვე დიდი ხნის ამოწურული იყო, მაგრამ ამის შეხსენება ბელადისათვის არავის გაუბედავს. ის კვლავ ინტერესით გაჰყურებდა ქუთაისს. ბოლოს მე მთხოვეს, - უთხარით, რომ ის 20 წუთი უკვე გავიდაო!..

ამხანაგო სტალინ! - ჩვენი ოცი წუთი დიდი ხანია, ამოიწურა! - მორიდებით შევახსენე!

 

- ამხანაგო ვოლკოვ (მგელაძე), - მომმართა რუსულად, - თუ სადმე არის, იქნებ სკამი მოატანინოთ!

სასწრაფოდ სკამი მოართვეს და ისიც ნელა ჩამოჯდა.

 

- ნუ შემაწუხებთ, - გამოგვიცხადა ბელადმა, - მე ჯერ ასე კარგად არსად მიგრძვნია თავი!

ჩვენც გამოვერიდეთ და შორიახლოს დავდექით. სტალინი კი იჯდა პირით ქუთაისისკენ და ღრმად ჩაფიქრებული ჩანდა.

ორი საათი გავიდა, რაც გელათში ვიყავით, მაგრამ ბელადი საერთოდ არ ჩქარობდა. ბოლოს წამოდგა სტალინი და მითხრა: - არქიტექტორები ხომ გყავთ, ამხანაგო ვოლკოვ? მოეთათბირეთ და იქნებ აქ, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, დააპროექტოთ ორსართულიანი კოტეჯი, სულ ათ კაცზე, ოღონდ გაფრთხილებთ, არ დამახინჯდეს ანსამბლი, არ ეცადოთ არქიტექტურიდან გადახვევას, შენობა უნდა ერწყმოდეს არსებულს!

სტალინმა გეზი გასასვლელისკენ აიღო, ჩვენ თითქოს ამოვისუნთქეთ, დაძაბულობა რომ განიმუხტა!..

აკაკი მგელაძე შემდეგაც შეხვედრია ბელადს და ჰქონია მასთან შინაურული საუბრები. არ ვიცი, ბელადის აზრს მიზიარებდა თუ თავის მოსაზრებას ამბობდა, მაგრამ ჩემთვის აქვს ნათქვამი - სტალინს გადაწყვეტილი უნდა ჰქონოდა სამონასტრო ხოვრება, რისთვისაც მან გელათი შეარჩიაო!...

არავინ იცის, ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, გელათის ეზოში სკამზე ჩამომჯდარი ჩაფიქრებული სტალინი, მსოფლიოს პოლიტიკურ რუკას დასცქეროდა თუ თავისი ასკეტური ცხოვრებისთვის ბოლო სენაკს ამზადებდა.

 

გაზეთი „ასავალ-დასავალი"

24. 02. 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016