სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს რეკომენდაციით მიმართა – რუსეთის ფედერაციაში მიკაელ კადიევის ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, რუსეთში მის მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესაძლო რისკები სრულყოფილად შეისწავლოს. შეგახსენებთ, 2013 წლის 13 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი. საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსალოდნელია, რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს მიკაელ კადიევის ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართოს. ომბუდსმენი მთავარ პროკურორს ასევე სთხოვს, რუსეთის უფლებამოსილი ორგანოებიდან მიიღოს გარანტიები, რომ მიკაელ კადიევის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ადგილი არ ექნება კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს და მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას სრულყოფილად ისარგებლოს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით“ გარანტირებული უფლებებით, მათ შორის. უფლებით სამართლიან სასამართლოზე. „დაკავებულის ერთი სახელმწიფოდან მეორეში ექსტრადირების საკითხს, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა კანონმდებლობა განიხილავს, უპირველესად, ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ექსტრადირების განმახორციელებელ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულება ეკისრება, სრულყოფილად გამოიკვლიოს, თუ რამდენად დიდია რისკი იმისა, რომ ექსტრადირებული დაექვემდებაროს ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ მოპყრობას. რუსეთის ფედერაციაში დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტსა და შესაბამისად, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევას არაერთ საქმეში ადასტურებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. მითითებული ფაქტი კი ცალსახად მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ არსებობს დიდი რისკი იმისა, მიკაელ კადიევი, რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების შემთხვევაში, დაექვემდებაროს ღირსების შემლახავ მოპყრობას. ზემოხსენებული გარემოებების გამო, საქართველოს სახალხო დამცველს დაუშვებლად მიაჩნია მიკაელ კადიევის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.