საქართველოში ვიზიტით მყოფი ყოფილი ევროკომისარი გაფართოვებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი გიუნტერ ფერჰოიგენი დღეს სოფელ დვანს ეწვევა.
როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანსწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან განაცხადეს, ფერჰოიგენს გამყოფ ხაზთან მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი უმასპინძლებს. ციხელაშვილი ყოფილ ევროკომისარს გამყოფ ხაზზე შექმნილ ვითარებას, ასევე რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლების შედეგად შექმნილ პრობლემებს გააცნობს.
მათთან ერთად დღეს დვანში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საკითხებში ლიტვის, შვედეთის, საფრანგეთისა და რუმინეთის სპეციალური წარმომადგენლები ჩავლენ და ვითარებას ადგილზე გაეცნობიან. სოფელ დვანში გამგზავრებამდე კი, გიუნტერ ფერჰოიგენი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე „ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობა: გამოწვევები და შესაძლებლობები" საჯარო ლექციას გამართავს. ყოფილი ევროკომისარი ორდღიანი ვიზიტით საქართველოს გუშინ ეწვია.