საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, გოჩა რატიანის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით საგანგაშო არაფერია. მისი თქმით, ქართული მხარე ამჟამად ფაქტების დადგენაზე მუშაობს, თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია ეს ქმედება.
"საგანგაშო არაფერია. ამჟამად ჩვენი ყველა რესურსი მობილიზებულია. ცხელი ხაზი მუშაობს და ვარკვევთ, თუ რამ გამოიწვია ეს ფაქტი. როგორც კი მივიღებთ რაიმე გადაწყვეტილებას ან დამატებით ინფორმაციას, აუცილებლად გაგიზიარებთ", - აღნიშნა რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დაარღვია. დღის პირველ ნახევარში, რუსული სამხედრო ვერტმფრენი გორის რაიონის სოფელ არბოსთან, ოკუპირებული ტერიტორიიდან აფრინდა და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვიდა. საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს კიდევ რამდენიმე სოფელში ჰქონდა ადგილი.