reportiori.ge - ელიზბარ ჯაველიძე: გიმეორებთ: კოჟორიძე, გიგაური, ლომჯარია, უსუფაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილები – ებრძვიან ქართველ ერს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:52
ინტერვიუ
ელიზბარ ჯაველიძე: გიმეორებთ: კოჟორიძე, გიგაური, ლომჯარია, უსუფაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილები – ებრძვიან ქართველ ერს!
08 მარტი, 2014. 18:37


„სახელისუფლო ურემი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაგვიტოვა, ძალიან ჭრიალებს", - ასე აფასებს ქვეყნაში არსებულ მდგომარეობას „სახალხო კრების" წევრი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე. ამ და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე, იგი „რეპორტიორს" ესაუბრა:


- უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, ქართველი ხალხის მოლოდინი იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ბოროტი საქმიანობა დამთავრდებოდა - არ გამართლდა. დღითიდღე იზრდება უკმაყოფილება არსებული ხელისუფლებისადმი, რომელმაც თავისი უნიათობით გააცოცხლა და გააჯეჯილა მკვლელები, სისხლის მსმელები, მძარცველნი და ყაჩაღნი. არ გეგონოთ, მკაცრ შეფასებას ვაძლევდე „ნაციონალურ მოძრაობას", ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ის ფაქტები, რომელიც წარმოჩინდა ციხის კადრებით, შემდეგ უფრო შემზარავი ამბებით, რაც ჩვენმა საზოგადოებამ ვერ იხილა, მაგრამ ინფორმაციამ გამოჟონა, აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მოღვაწეობა იყო სისტემური და მე ვიტყოდი, უფრო მაღლა მდგომი ფაშიზმი, ვიდრე ოდესმე კაცობრიობას უხილავს. ხალხი, რომელიც გამოდის და დღეს „ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას იცავს, ადამიანებად აღარ ირიცხებიან! მათ შეიძლება უწოდო  ნახირი, რომელიც საძოვარზეა გასული, ვისთვისაც მთავარია, მხოლოდ საკვების მოპოვება და სხვა ცნობიერება! მე არასოდეს მითქვამს ქართველი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები, მაგრამ დღეს ვრწმუნდები, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ტელევიზიებისა თუ სხვა რამის მეშვეობით, არიან ტვინგამორეცხილნი! მეტიც: არასამთავრობო ორგანიზაციების, უმეტესობა არიან არა გავლენის აგენტები, რომლებზედაც გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს იდეოლოგიური მანქანა და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები, არამედ, არიან პირდაპირ აგენტები, რომლებიც ფინანსდებიან დასავლეთიდან და რომელთა მთავარი მიზანია, დაფინანსება როგორმე გაიხანგრძლივონ! დიახ, ისინი ებრძვიან ქართულ ცნობიერებას და ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ერის წინააღმდეგ გამოდიან. ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი და საშიში მტერი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა, ვიღაც კოჟორიძე ხელმძღვანელობს, რომელიც დაფუძნებულია სოროსის ფონდის მიერ! გვარებსაც გეტყვით: ეკა გიგაური რომ არის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდან" და ნინო ლომჯარია კიდევ - „სამართლიანი არჩევნებიდან", ეს არის ბუკეტი არასამთავრობო საზოგადოებისა, რომლებიც ყოველგვარი რიდის გარეშე, პირდაპირ ებრძვიან ეროვნებას, ქართულ ზნეობასა და ტრადიციებს! თითქოს ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანები არიან, მსოფლიო მერცხლები, რომლებსაც დემოკრატიის გაზაფხულის დადგომა უნდათ და ამისთვის ჭიკჭიკებენ.. არადა, ყვავები და ყვანჩალები არიან, რომლებიც დასჩხავიან ქართველ ერს და სასიკვდილოდ იმეტებენ!

 

- იურისტთა ასოციაციის შემქმნელები დღეს სახელისუფლო ეშელონებში საკმაოდ დიდ ადგილს იკავებენ...

- ჯერ ერთი, ცოლ-ქმრის, უსუფაშვილ-ხიდაშელის მიერ არაერთგზისაა გაცხადებული - ჩვენ გვეამაყება, რომ ამ ორგანიზაციის თანადამფუძნებლები თუ არა, აქტიური წევრები ვიყავითო. „რესპუბლიკური პარტიის" გუნდი, რომლებიც ხელისუფლების ძალიან მაღალ ეშელონებში მოკალათდა და წარმართავენ ქართულ პოლიტიკას, არის დიდი უბედურება. „რესპუბლიკელების" მიზანია, შექმნან ფენომენი ადამიანისა, რომელიც საერთოდ დაცლილი იქნება ყოველგვარი ეროვნული ცნობიერებისაგან, სიყვარულისაგან, უფლის რწმენისაგან... ზოგადად, ეს იქნება კოსმოპოლიტი ადამიანი... გიმეორებთ: კოჟორიძე, გიგაური, ლომჯარია, უსუფაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილები - ებრძვიან ქართველ ერს!


მაღიზიანებს, როდესაც ძმები ბერძენიშვილები და მათი თანამოაზრეები გამოდიან და ირონიით ლაპარაკობენ არასაპარლამენტო ოპოზიციაზე. მათი პარტიის საწყისი პერიოდი ყველასათვის ცნობილია - როგორ დაასმინა ლევან ბერძენიშვილმა თავისი თანაპარტიელები, ძმაც კი გაიმეტა საციხედ! მერე გამოვიდნენ, თითქოს დისიდენტები და დევნილები იყვნენ. ფაქტებით ვიცი, როგორ ცდილობდა ციხიდან ახლად გათავისუფლებული ძმები ბერძენიშვილების სამსახურში მოწყობას ცეკას იდეოლოგიური მდივანი გურამ ენუქიძე. რომ ვკითხე, მერაბ კოსტავას მასწავლებლობა აუკრძალეთ და ამათი გულისთვის რატომ იკლავთ-მეთქი თავს, არ დამიმალა და მითხრა - ზემოდან არის დავალებაო... აი, ეს ხალხი დღეს ჩვენ დაგვცინის და უკვე ისე გაკადნიერდნენ, ზემოდან უყურებენ ქართველ ხალხს. ეს არის ჩვენი ქვეყნის დიდი უბედურება. ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღემდე დიდ პატივს ვცემ, მას ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული და საერთოდაც, მისი დამსახურებაა, რომ ჭირი მოვიშორეთ მიხეილ სააკაშვილის სახით, მაგრამ მეორე ჭირი მოიყვანა, რომელიც უარესია, ვიდრე სააკაშვილი!

 

- პირობისამებრ, ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო სექტორში გადავიდა, არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნდა, მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს სწორედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩასაძირად გაკეთდა, რომელზედაც ზემოთ ვისაუბრეთ. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

- ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციას გამართლება მაშინ ექნება, თუ ის იქნება ქართულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული, დაიცავს ქართველი ხალხის ინტერესებს. თუ ისეთივე პოზიციაზე დადგება, როგორზედაც ესენი დგანან, მაშინ ქვეყანა დაღუპულია, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი დღეს კიდევ არსებობს, განსხვავებით „ოცნებისაგან", რომლის ავტორიტეტი დღითიდღე კატასტროფულად მცირდება. ამის სანაცვლოდ კი, დღითიდღე იზრდება ნაძირალა „ნაციონალების" ავტორიტეტი. ესეც რა თქმა უნდა, „ოცნების" დამსახურებაა და მათი უნიათო, გაუბედავი ნაბიჯებისა... სხვათა შორის, „რესპუბლიკელები" ყოველთვის აცხადებდენ, რომ მათი უმთავრესი მიზანი „ნაციონალების" გადარჩენაა...


მე ვარ ადამიანი, რომელსაც არასოდეს არავისთვის მიჩივლია და საერთოდ, მეცნიერი და მწერალი კაცი არ უნდა ფიქრობდეს ადამიანთა დაჭერაზე, ეს არ უნდა უხაროდეს, მაგრამ დღეს ისე ვარ გაღიზიანებული, მათი დაჭერა კი არა, ფიზიკური განადგურებაც არ მეწყინება! მერაბიშვილს გამოუტანეს განაჩენი, მაგრამ შეკრებითობის პრინციპი არ არსებობს და 5 წელი აქვს მისჯილი კაცს, რომელიც არის ჩამოყალიბებული მკვლელი! ასევეა მისი სულიერი მოძღვარი მიხეილ სააკაშვილი! თავის დროზე სააკაშვილს კალიგულას ვადარებდი, რომელიც თავისი ფსიქიკით ოცდაერთ პუნქტში ემთხვევა მის ქცევებს. დარწმუნებული ვარ, ხალხს რომ აწამებდნენ და კადრებს იღებდნენ, შემდეგ სააკაშვილს ამას ანახებდნენ. კალიგულასაც სიამოვნებდა, როცა ცოცხალ ადამიანებს ნადირებს უყრიდა და ასეა სააკაშვილიცა და მისი ბანდაც - ბოკერია, უგულავა და ახლად გამომცხავარი პოლიტიკოსები - რატიანები, საყვარელიძეები, ვისი თვალებიდანაც ადეიშვილის სევდა გამოკრთის.


- ადვოკატ ონიანის დაკავებასაც როგორი აჟიოტაჟი მოჰყვა...

- გამოდის ხატიაშვილი, თავი კაცი ჰგონია და თავს იკლავს ონიანის გამო. ონიანი, რომელიც არის ზონდერი, რომელიც გვირტყამდა პირდაპირ, რომელიც არ დაინდობს არცერთ ქართველ კაცს - გამოუშვეს! თუ ზაზა ხატიაშვილი წესიერი კაცია, მაშინ გაწმინდოს თავისი ორგანიზაცია ონიანის მსგავსი ნაძირლებისაგან! სამართლიანობა უნდა აღდგეს! მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი გავაძევეთ, ის ნებივრად დადის და ჭკუასაც გვასწავლის... ვინც სააკაშვილის გვერდით გაიარა, ჩემი აზრით, ყველა დამნაშავეა! დიახ, ვინც ჩაიდინა ბოროტება, უნდა გასამართლდეს! 50 მილიონი რომ აქვს კაცს მოპარული და ამას არ იჭერ, ეს არის სამართლიანობა?


სისტემა უნდა დანგრეულიყო, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ამერიკისა და დასავლეთის კარნახით შექმნა, ეს სისტემა ხრავს ქართველ ერს როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. ფიზიკური განადგურება ნიშნავს იმას, რომ საშინელი სისწრაფით მიდის ჯურღმულისაკენ ქვეყანა და ცოტა ხანში საქართველოში გაცილებით მეტი უცხო ტომელი იქნება, ვიდრე ქართველი; ამერიკამ  7 წელიწადში მოახერხა ის, რაც რუსეთის იმპერიამ ვერ მოახერხა 250 წლის განმავლობაში. ამერიკამ მოახერხა ქართველი ხალხის მენტალიტეტის შეცვლა. ახალგაზრდობა თითქმის წაგვართვა. მე ახალგაზრდობასთან კავშირი მაქვს და დღეს ისინი ასე აზროვნებენ - იქ არის ჩემი სამშობლო, სადაც მე კარგად ვარ...


- გამოსავალს რაში ხედავთ?

- ივანიშვილი ნაადრევად წავიდა! კატასტროფულად ეცემა „ოცნების" რეიტინგი. „ნაციონალების" ავტორიტეტი კიდევ იწევს იმიტომ, რომ ტელევიზიაში შოუებია თუ სხვა გადაცემები, კამათის დროს ესენი გამოდიან. თავხედები არიან და თან ამათ მსჯელობაში და ლოგიკაში ჯობნიან. არ გამოჰყავთ არავინ, ვისაც ჭკუა მოეკითხება. საზოგადოებრივ არხს, მაგალითად, 1992 წელს, რაც მინისტრობიდან წამოვედი, იმის შემდგომ არცერთხელ არ დავუძახივარ, მაშინ, როცა თეა თუთბერიძეს - ჭაობიდან ამოყვანილ ბაყაყს, ყოველდღე აყიყინებენ!


ივანიშვილი იყო ყველაფერი, მისი სიყვარულით, ხათრითა და იმედით აირჩია ხალხმა ეს პარლამენტიცა და პრეზიდენტიც, მაგრამ ვერ ამართლებენ, ვერა... ერთადერთი კაცი ამართლებს - ღარიბაშვილი! რომ ვუყურებ ამ კაცს, თავისი განათლებითა და პრინციპულობითაც გამოირჩევა, მაგრამ... ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს... ძალიან პატივს ვცემდი თეა წულუკიანს, მაგრამ ამ ბოლო ხანს თავისი პრინციპულობა სადღაც დაკარგა...


არაჩვეულებრივი ბიჭები არიან დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, ჯონდი ბაღათურია, ქალბატონი ნინო ბურჯანაძე თავისი ავტორიტეტით, მის გვერდით ვარ და ასეთი ზნეობრივი, პრინციპული და მებრძოლი ქალბატონი არ მეგულება. ნანა დევდარიანი, ირინა სარიშვილი ჭკუით აღვსილი ქალბატონები არიან. პროფესიონალიზმის მიხედვით უნდა მოხდეს კადრების განაწილება. ბიძინა ივანიშვილს ერთხელ  დიდი მორიდებით დავუწერე და ახლაც ვიმეორებ, ხალხური ლექსია: „კამეჩი წევს და იცოხნის, თავის ამინდი ჰგონია, ლაფში ჩაფლული ურემი, შინ მიტანილი ჰგონია". სამწუხაროდ, სახელისუფლო ურემი, რომელიც დაგვიტოვა ივანიშვილმა, ძალიან ჭრიალებს...


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016