reportiori.ge - ლევან ვასაძე: საქართველო – ჭაბუას გარეშე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:37
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ლევან ვასაძე: საქართველო – ჭაბუას გარეშე!
ავტორი:
10 მარტი, 2014. 18:21

„არავის ჰყოლია ამხელა მწერალი ასეთ სიღატაკესა და მივიწყებაში თანამედროვე სამყაროში".


„თითქმის არ არის ჩვენს ისტორიაში მაგალითები, როდესაც ერისკაცი ბერად აღიკვეცებოდეს და მისი ბერული სახელი მის საერო სახელს ვერ გადაძლევდეს".


„ამ ეპოქაში კაცმა არ იცის, რა უფრო დიდია, ჭაბუას შექმნილი უკვდავი შედევრის ცხოვრება ქართულ კულტურაში, თუ ჭაბუასვე შედევრალური ცხოვრების მაგალითი".


„კვირის პალიტრა" იმ გაზეთთაგანი იყო, რომელმაც ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალების შესახებ პირველ გვერდზე დაწერა და ჭაბუასთან გამოსამშვიდობებელი ნადიმიდან (სხვა სიტყვას რატომღაც ვერ ვხმარობ) მოსულმა, გადავწყვიტე, სწორედ მის ფურცლებზე აღმეწერა ჩემი განცდა.

წინადღით ლექსის მიძღვნა ვცადე, მაგრამ იმავე საღამოს რეზო ამაშუკელს ვსტუმრობდი და საუბრისას ჭაბუასადმი მიძღვნილი მისი ისეთი ლექსი ვნახე, რომ დავდუმდი და ვეღარ გავბედე. 


ლია სტურუამ კარგად თქვა გაჭრილ საფლავთან: ბოლო წლებში შენს ყელში გაჩხერილი ზღარბიო.  ნეტავ რა იყო ჭაბუასათვის მეტი ტკივილის მიზეზი ამ ბოლო წლებში, ავადმყოფობა, თუ ბოლო ათი წლის მანძილზე ქვეყანაში დატრიალებული უბედურების ფონზე იძულებული დუმილი - დაყუდებული ბერების უკიდურესი ასკეზა, ათონის ნაცვლად მოვლენილი ქვემო ვაკის ბინაში, იქ - ნებსითი, აქ - უნებლიე.  თუმცა რა დუმილი, მისი დაფაც და მისი თვალებიც მეტს ეტყოდნენ ერს, ვიდრე ბევრის ანტიქართული, როდესაც ჭაბუას ნახვის იშვიათი ბედნიერება გვერგებოდა ხოლმე.


სანამ უღირსება უხვად არიგებდა ღირსების ორდენებსა და მიწიერი ყოფის პრივილეგიებს, ჭაბუა, უკვე მერამდენედ მოძულებული მორიგ ხელისუფალთაგან, უკიდურესი გაჭირვებითა და უბრალოებით სწევდა ერის სინდისის ჭაპანს. მათემატიკურ ენაზე ვთქვათ: ჭაბუა ამირეჯიბისნაირი ქართველი ტიტანების არდაფასება და მოძულება ამა ქვეყნის ხელისუფალთა მიერ უკუპროპორციულია მათდამი ქართველი ხალხის სიყვარულისა. ამის ფონზე არ შემიძლია არ აღვნიშნო - ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ეკატერინე ხვედელიძემ, მუხლჩაუხრელად, ფეხით მიაცილეს ჭაბუა სამების ტაძრიდან მთაწმინდის პანთეონამდე და მე ვვარაუდობ, რომ ეს ასე იქნებოდა ერთი თვით ადრეც, სანამ ბატონი ბიძინა ჯერ კიდევ პრემიერი იყო. ეს, მგონი, არც ერთ ჟურნალისტს არ აღუნიშნავს, შენ კი აღნიშნავ და პირფერობაში ჩამოგართმევენ, არადა, არ აღნიშნავ და უსინდისობა იქნება.


მთაწმინდის პანთეონში ლაშა თაბუკაშვილის სიტყვა ყველას სჯობდა, ხალასი, ხმაცრემლიანი, გორდასავით მოქნეული.  უთხრა, აწი ყველანი სახელითა და შენობით მოგმართავთ, როგორც შოთას, ილიას, ვაჟას, აკაკის, გალაკტიონს და ნიკალასო და მართალიც იყო. ჭაბუაზე საუბარი შეუძლებელია მისი პლეადისა და ლეგენდარული „თეთრი გიორგის", „მუსტაფა შელიასა" და სხვათა გარეშე. ვუსმენდი მამაჩემის ამ მეგობარს და ბაბუაჩემ ლევანზე ვფიქრობდი, რომელიც ბებიაჩემთან, მარიკა აბაშიძესთან ერთად მუსტაფა შელიას კლასელები იყვნენ. 


როდესაც ბაბუს მამა, სიო ჭანტურიშვილი 1937 წელს დახვრიტეს 1918-1921 წლებში გურიის ერობის თავმჯდომარეობისათვის, ბაბუა და ბებია, მუსტაფა შელია, ტიციანის ქალიშვილი ნიტა ტაბიძე, ბიჭიკო (გიორგი) თუშმალიშვილი, ლუკა ტყემალაძე და სხვები 16-17 წლისები იყვნენ. მუსტაფამ იმ წელს დააარსა ლეგენდარული „თეთრი გიორგი" და სანამ მას, 7 წლის მერე 23 წლისას, ქუჩაში ნაგანით ჩეკისტი მოკლავდა, მუდმივ მალვაში იყო კა-გე-ბესაგან. ბაბუ მეტყოდა ხოლმე, მუსტაფას თავიდანვე ასაკისათვის შეუფერებლად მწიფე, ეროვნული აზროვნება ჰქონდაო.  ერთხელ მოწაფეები ქუჩაში მოვდიოდით. მუსტაფამ გაზეთის ფურცელს დახედა და მითხრა, - ნახე, ლევან, ჟურნალისტები თათრების და სომხების წაკიდებას ცდილობენ თბილისში, როგორ აღუწერიათ უბრალო ჩხუბში მკვლელობაო.


არსებობს იმდროინდელი კლასის ფოტო, ლუკა ტყემალაძის ხელით ლექსი აქვს მიწერილი, დგანან ეს მეათეკლასელი ბავშვები 40 წლის უფროსი ადამიანების თვალებით, არც ერთს არა ჰყავს არდახვრეტილი მშობელი, ან ბიძა-დეიდა. იქ, კლასის ფოტოზე, ბუნებრივია, ჭაბუა არ არის, რადგან იგი, მათზე წლით უმცროსი, მათი კლასელი არ იყო.  თითქოს ამ წლით უმცროსობის სიმეტრიულად, ჭაბუას ბიძას, შალვა ამირეჯიბს, რომელიც სიო ბაბუასავით მწერალი იყო, 1938 წელს დახვრეტენ. მუსტაფა (ლევან) შელია, ჭაბუას ძმაკაცი, მალვისას ერთ ღამეს გაათევს თავის კლასელ ლუკა ტყემალაძესთან და ამისათვის ლუკა ციმბირში 17 წელს გაატარებს ჭაბუასავით. როდესაც 1992 წლის თბილისის ომში მთაწმინდაზე ჩვენი წინაპარი აბაშიძეების აშენებული სახლი დაგვეწვა, რომელშიც ბინა გვქონდა და ბახტრიონზე, ბებია-ბაბუას ოროთახიან გაყინულ ბინაში გვეძინა იატაკზე, ლუკა და ბაბუ ჭადრაკს თამაშობდნენ ხოლმე გვიანობამდე. „ლუკა წინ წავა!" - იტყოდა ხოლმე უეცრად ბაბუ ლუკას შეტევაზე ჩაფიქრებული და ყველას გვეცინებოდა. ჩვენ აქეთ, შიმშილის ნამდვილ ზღვარზე მისულები, ნაცრისფერ მაკარონს მივირთმევდით აბაშიძეების ჭალაში მოწეული ტყემლით და მათ საუბარს ვუსმენდით.


ვფიქრობ, ბაბუ ბოლომდე ნაწყენი იყო იმისთვის, რომ მას, როგორც მამადახვრეტილს, ძმაკაცები დაინდობდნენ და „თეთრი გიორგის" შესახებ თავის დროზე არ ეტყოდნენ. თბილისის ომიდან ორიოდე წლის შემდეგ, გაჭირვებისაგან ისევ უცხოეთში გადახვეწილი, ჩემი სტუდენტური დანაზოგის 100 დოლარს ვგზავნიდი შინ, რაზეც ბებია (ბუბა) ამბობდა, ეს ამდენი ფული სად წავიღოთო. ლუკას, თავად უოჯახოდ დარჩენილს, ხშირად უცრემლდებოდა თვალები ჩემი და ჩემი დის, თათას და ჩემი დეიდაშვილების ბესო და მარიკა ჟღენტების დანახვაზე. ახლაღა ვხვდები, რატომ:  ჭაბუას საფლავთან ჩემი ბავშვობის ძმაკაცს, გიო მგელაძესაც ათქმევინეს სიტყვა  - აღელვებულმა გიომ ჭაბუას წერილი წაგვიკითხა, სადაც ის ბრძანებს, ჩვენი ერი უკიდურეს რიცხობრივ სიმცირემდე მივიდა მეოცე საუკუნის დასალიერს, ამ რიცხვს მიღწეული ერები ქრებიან და მოგონებად რჩებიანო. ამიტომ ყველას გვერდით, გამრავლდით და იოჯახეთო, ჩემი თაობისადმი ჩემი ეს ძახილი დარჩაო ხმად მღაღადებლისად უდაბნოშიო. სულ დამბურძგლა ამ სიტყვებზე... იმიტომაც, რომ იქვე იდგნენ ცრემლიანი ქუცნა, შალვა და ჩუკი, რომელსაც ლაშას დღემდე ვერ ვეძახი.


ირაკლი, რახანია, გმირთა პანთეონში წევს, კიდევ ერთი სისხლ-ცრემლიანი მსხვერპლი ჭაბუასი თავისი საყვარელი სამშობლოსთვის. აფხაზებს უთქვამთ, - არ გვესმოდა, რისთვის შეგვაკლეს ქართველებმა ამ ჩაის ბუჩქებისათვის ამდენი ხალხიო... იქ ლომგულად დაცემული ირაკლი ამირეჯიბის ნეშტის დატოვება არ შეიძლებოდა. ის მათ აუცილებლად ჭაბუასთან უნდა ჩამოებრძანებინათ, მისი სპეტაკი გული ამით ნაკლებად მოკვდებოდა, ვიდრე უსაფლავოდ დარჩენილი შვილისათვის. ირაკლი დედაჩემის დეიდაშვილის, ნინო (ნიკა) ფერაძის კლასელი იყო. წმინდა გრიგოლ ფერაძის შთამომავალს, დაობლებულ ნინოს, ბავშვობის ბოლო წლებში ჩემი მშობლები ზრდიდნენ, ერთად გვეძინა ბავშვებს ჩემს საძინებელში. დაბადების დღეებზე მოსული ირაკლი მზეჭაბუკივით ლამაზი და ვაჟკაცი, ხუთიოდე წლით უმცროსს ჩამიხუტებდა და კარატეს მასწავლიდა ხოლმე. ირაკლის და ნინოს, კლასელებს, როგორც ბებია-ბაბუაჩემს, მგონი, ერთმანეთი უყვარდათ, თუმცა ამას არავინ ვიმჩნევდით - თბილისი ჯერ კიდევ დარბაისლობდა. როდესაც ირაკლი დაიღუპა, მე ამერიკაში ვსწავლობდი. მალევე გავიგე სოხუმის დაცემაც. წლების მერე ჭაბუას დის, ნათია ამირეჯიბის ვაჟის, ჩემი ძმაკაცის, ირაკლი კაკაბაძისადმი მიწერილ ლექსში ამ განცდას „ძარღვიანად ამოგლეჯა გულისა" დავარქვი. რა იქნებოდა ეს განცდა ჭაბუასათვის, ვინ აღწერს.


ჭაბუას სასახლეს გუშინ ჩვენი ჩოხოსანი ზორბა ჯარისკაცები მოასვენებდნენ მწყობრით.  ჩვენ უკან მივყვებოდით და როცა შეგვეძლო, ხელს ვაშველებდით. ბატონმა ბიძინამ მითხრა, რა საოცრებაა, ტაძრიდან როგორც კი გამოვასვენეთ, როგორ იდარაო.  მართლაც მზეჭაბუკს თბილისის მზე აცილებდა ქუფრიანი დილის მიუხედავად გამოსხივოსნებული. დავკრძალეთ და ისიც მიეფარა, თითქოს ჩვენთან აღარა ესაქმებოდა და ჭაბუას უნდა გაჰყოლოდა საიქიოს.


მანამდე, როდესაც ხიდზე შევდგით ფეხი, სამხედრო შენაერთმა ბიჯი იცვალა. ლონდონის ჩელსიში პრინც ალბერტის ბრიჯი გამახსენდა, რომელზეც ტრაფალგარის გამარჯვების ღირსშესანიშნავად გამოკრულ დაფაზე სამეფო ბრძანება წერია: „All tropss must break step when entering this bridge" („ყველა სამხედრო შენაერთმა უნდა იცვალოს ბიჯი ამ ხიდზე შესვლისას"). საოცარი დამთხვევა, თუ უხილავი განგება: თბილისის ციხიდან („ბაგრატიონის" შამპანურის ქარხნიდან) გამოქცეული ჭაბუა სასიკვდილო საფრთხეში ჩელუსკინელების ხიდზე ჩავარდება: მას მილიცია გააჩერებს და უბრალოდ, საბუთების უქონლობის გამო დააპატიმრებს, როგორც რიგით დამრღვევს. როგორც ქუცნა გვიყვება თავის ფილმში, „მარბენალი", ჭაბუა ღამეს გაათევს მილიციის განყოფილებაში, სადაც არც კი იციან, რომ ციხიდან გამოქცეული პოლიტპატიმარი ჰყავთ დატუსაღებული, რომელსაც მთელი „კა-გე-ბე" ეძებს...


რომ სცოდნოდათ, იქვე დახვრეტდნენ. დილით გამოშვებული, სიკვდილს გადარჩენილი ჭაბუა გუდაურისპირა სეთურებში ავა და რამდენიმე თვით იქ დაიმალება. საუკუნის ბოლოს, სანამ გუდაურში ბოლო საბჭოთა ფულით სოლიკო ხაბეიშვილი სამთო-სათხილამურო კურორტს ააშენებდა, რომელმაც ამ უკიდურესად გაჭირვებულ წლებში ლამის მთელი მთიულეთისა და ხევის შენახვა შეაძლებინა ქვეყანას, პირველ სათხილამურო შეკრებებზე 6 წლის ასაკში, ჩვენც სეთურებში ვცხოვრობდით. რა ვიცოდით, რომ სწორედ მანდ მალვისას განჭვრეტდა გენიოსი არქიფო სეთურის ტრაგიკომედიას თავისი სიცოცხლის ბოლო წლების საქართველოში.


თითქმის არ არის ჩვენს ისტორიაში მაგალითები, როდესაც ერისკაცი ბერად აღიკვეცებოდეს და მისი ბერული სახელი მის საერო სახელს ვერ გადაძლევდეს. ბერი დავითის საერო ღვაწლი იმხელა არის, რომ ის თითქოს კანონიკასაც კი ესაუბრება - სულის მოსახსენებელი პანაშვიდისას ორივე სახელით მოიხსენიება პატრიარქის მიერ და დედამიწაზე ადამიანის დანიშნულებაზე გვაფიქრებს. აკი, ჰკითხა კიდეც მას და სხვათ პატრიარქმა, რისთვის გავჩნდით ამ ქვეყანაზეო.  ამ კითხვაზე პასუხების წიგნში პირველი ხელნაწერი ჭაბუასია და როდესაც იგი გამოქვეყნდება, ჩვენი ერი თავისი კლასიკოსის კალმის კიდევ ერთ საოცრებას იხილავს.  


ოჯახსა და ტრადიციას ასე მოძალებულ ცინიზმის სულს ჭაბუა ამირეჯიბი ბოლო წლებში მდუმარე ლოცვითა და მჭექარე სიტყვით ებრძოდა და ერს აიძულებდა, მის გასაგონად გასუსულიყო, დაფიქრებულიყო, წაეკითხა. ეროვნული მოძრაობის 80-იან წლებში ახალგაზრდები, მისი შვილებისა და დისშვილების მეგობრები მას ვსტუმრობდით ხოლმე, ერთხელ კინოს სახლში ჩვენს პოეზიის სალონს დაესწრო, ჩემი ერთი ლექსის მოსმენისას რაღაცაზე გაეღიმა კიდეც, ნეტა რაზე. ისე, რამოდენა თავხედობა უნდოდა ჭაბუას თანდასწრებით საკუთარი ნაცოდვილარის კითხვას. მაგრამ მას ასე სურდა. ჩვენთან ერთ-ერთი შეხვედრისას, მახსოვს, ჰყვებოდა ქრისტიანული მზისა და მაჰმადიანური მთვარის კალენდრებს შორის ცდომილებაზე კამათის შესახებ, რომელიც მას გამსახურდიასთან ჰქონია. თავიდან მეგონა, რომ კონსტანტინესთან და მიკვირდა ქრონოლოგიის გამო, ბოლოსღა მივხვდი, ზვიადზე საუბრობდა. გაოგნებულები ვუსმენდით, ბევრი კი არ გვესმოდა მაშინ. როდესაც განაცხადა, ტრანსკავკასიის მაგისტრალის გვირაბი კარგი იქნებოდა ქვეყნისა და მისი ეკონომიკისათვისო, ერთი ამბავი ატყდა.


ეს იყო მაშინ ეროვნული მოძრაობის რეგენეზისის მთავარი თემა, მასზე შეიქმნა პოლიტიკური კარიერა უამრავმა პოლიტიკოსმა „მწვანეებისა" და ზურაბ ჟვანიას ჩათვლით. იმჟამინდელი საზოგადოებრივი აზრით, მთავარი იყო ხევსურული სოფლების თვითმყოფადობის გადარჩენა ამ რკინიგზისაგან.  ვინ იცის, გუდაურის არ იყოს, ის გვირაბიც რომ გაკეთებულიყო, იქნებ ხევსურეთიც გადარჩენილიყო. არც ვიცი, რა იყო მეტი საოცრება: ჭაბუას სიბრძნე, თუ მისივე სიმამაცე, საკუთარი ერის შეცდომაზე მითითების არდარიდებისა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ეროვნული მოძრაობის ზოგიერთი ლიდერი მას, საბჭოთა ურჩხულის განმგმირავ გიორგის, სუკის აგენტს ეძახდა. იქნებ ამიტომაც აღმოჩნდა მერე ის ჩვენი ეროვნული მოძრაობა ეროვნული უძრაობა.


პოლიტიკოსებმა ჭაბუასადმი ხალხის უდიდესი სიყვარული ვერ დაითმინეს და საბჭოთა ციხეებში ლამის მეოთხედსაუკუნე ნაწამებ კაცს საბჭოთა აგენტობა დასწამეს. გუშინ ტელეკამერებთან გავბედე და მისი ღვაწლის ჩვენგან დაფასება ნელსონ მანდელას ღვაწლის დაფასებას შევადარე. რა თქმა უნდა, ვგულისხმობდი არა ხალხისაგან დაფასებას, არამედ მთავრობისაგან. არავის ჰყოლია ამხელა მწერალი ასეთ სიღატაკესა და მივიწყებაში თანამედროვე სამყაროში.  ასე არიან დღესაც გურამ დოჩანაშვილი და თამაზ ჭილაძე, ასე წავიდა ანა კალანდაძე და ოთარ ჭილაძე. ერთადერთი ინსტიტუტი ჩვენი ქვეყნისა, რომელიც ჭაბუას შეძლებისამებრ ჰპატრონობდა და შესატყვის პატივს მიაგებდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესია იყო. მისმა უწმინდესობამ დააჯილდოვა „თეთრი გიორგის" მეომარი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა გიორგის ორდენით, გენიოსი უწოდა მას და ბერად აღკვეცა. და რომ არა იგივე ბიძინა ივანიშვილისთანა სულგრძელი ადამიანები, ვინ იცის, კიდევ რამდენად უფრო სწრაფად გაღატაკდებოდა ჩვენი ეროვნული კულტურა.


ამიტომ შევადარე მე ჭაბუას არდაფასება ქართული სახელმწიფოსაგან, ნელსონ მანდელას, რომელიც ასევე ამ დღეებში გარდაიცვალა და ჭაბუასავით თავისი ერის თავისუფლებისათვის მეოთხედი საუკუნე ციხეში იჯდა. მანდელას მიერ შემდგომში ერის ლიდერობაცა და ნობელიანტობაც ხომ სამხრეთაფრიკელთა მიერ მისი უდიდესი დაფასებისა და წინ წამოწევის შედეგი იყო. როდესაც ერი თავის ღირსეულ შვილს ხელისგულზე დაისვამს, მაშინ მას დანარჩენი მსოფლიოც გაიცნობს და პატივს სცემს. ჩვენ კი ჩვენს სანობელიანტე ჭაბუა ამირეჯიბთან მიმართებაში „კა-გე-ბეს" დაყრილი ჭორების დაჯერებაში ავყევით - თუთაშხია მისი დაწერილი არ არისო და, სამწუხაროდ, არაფერი გვაქვს, როგორც სახელმწიფოს, დასაკვეხნი ჭაბუასთან მიმართებაში, გარდა ხალხის მისდამი უდიდესი სიყვარულისა, რომელიც მან არა სახელმწიფოს წყალობით, არამედ მისი ყველა ფორმაციის მცდელობის მიუხედავად, დაიმსახურა.


მე ჩემი გასაჭირით აქ რა სახსენებელი ვარ საერთოდ, მაგრამ იქნებ ამ ჩვენი ფსიქოლოგიის ანარეკლი იყო ისიც, რომ ახალმოსული იმპერიის იდეოლოგიასთან ბრძოლის გამო ჩემს დისკრედიტაციაზე, დაცინვასა და გაქილიკებაზე მოქოქილმა ჟურნალისტებმა უკვე ყველაფერი ქნეს ჭაბუაზე ჩემი ნათქვამის დასამახინჯებლად. ისიც დაუწერიათ,  - აწი ლევან ვასაძე იზრუნებს ჭაბუა ამირეჯიბის სახელზეო. მწარედ გამეცინა, - რა არის ჩემისთანა უღირსი ადამიანისადმი ეს ცილისწამება იმასთან შედარებით, რასაც ჭაბუა და სხვა დიდი ქართველები ითმენდნენ.


ნადიმზე მოთამადე გოგი ხარაბაძემ განსაკუთრებული სიტყვა თქვა ქალბატონ თამარზე. როგორც წინა საღამოს რეზო ამაშუკელმა სწორად ბრძანა, ქალბატონი თამარის დამსახურებაა, რომ ჭაბუა საქართველოს ათიოდე წლით დიდხანს ჰყავდა ცოცხალი, ვიდრე ალბათ იქნებოდა. ერთხელ კი შემომითვალა ჭაბუამ, - მოდიო, მაგრამ ვერ გავბედე, შეწუხება არ მინდოდა მისი და ქალბატონი თამარის. ახლა კი მწარედ ვნანობ. ასეა სულ.


როგორ იცხოვრებს საქართველო ჭაბუას გარეშე? ნადიმზე ერთმა ის თქვა, რასაც ვფიქრობდი: სასახლეში ჩაბრძანებული ბერი დავითის სქიმეს ქვეშ მისი სახე თითქოს ჩვეულებრივზე უფრო სპეტაკი იყოო.  დამთავრდა ეპოქა, რომლის ზნეობრივი მაგალითის შექმნასაც ორი მსოფლიო ომი და ერთი მსოფლიო რევოლუცია დასჭირდა ლუციფერის ხელწერად. ამ ეპოქაში კაცმა არ იცის, რა უფრო დიდია, ჭაბუას შექმნილი უკვდავი შედევრის ცხოვრება ქართულ კულტურაში, თუ ჭაბუასვე შედევრალური ცხოვრების მაგალითი. ჭაბუა ის უიშვიათესი პიროვნებაა, რომელმაც ერის ზნეობრივი და კულტურული ცხოვრება მიმართა კარგისკენ, მისი გამრუდებული გზის ერთ-ერთ მტკიცე ჯებირად დაეგო და ამისათვის შეყვარებულ იქნა ერისაგან და მოძულებულ ამა სოფლის მთავართაგან, სძლია მის დამტუსაღებელ, კაცობრიობის ისტორიაში უდიდესსა და უსასტიკეს იმპერიასაც და მის მერე მოვლენილ, არანაკლებად სასტიკ და სამარცხვინო ადგილობრივ კალიგულასაც, თუმცა ვერ კი შეძლო თავის საყვარელ ერთან საუკუნოდ ამქვეყნად ყოფნა, „რამეთუ ღმერთ არა იყო თუთაშხა"...




„კვირის პალიტრა", 2013 წლის დეკემბერი.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016