გენარალი კობა კობალაძე, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ე. წ. „მუხროვანის ამბოხის" გამო ციხეში რვა თვით გამოკეტა, რამდენიმე კვირის წინგავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალას ეხმაურება:
- ნუთუ გაუკვირდა ვინმეს ვანო მერაბიშვილის ეს სურვილი - ორი გვამი მოიტანეთო? აკი, მთელი ცხრა წლის განმავლობაში ეს ადამიანები ცხოვრობდნენ ისე, როგორც უნდოდათ!
დააკვირდით სახეებს, რომლებიც ამ ვიდეოში ჩანან. ეს ზუსტად ის სახეებია, რომლებიც ამ ეგრეთ წოდებული ამბოხის მერე კიდევ ბევრ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეში ფიგურირებენ, ამიტომ მივიღეთ ლაფანყური, აგვისტოს ომი და კიდევ არაერთი უბედურება!
- იყო თუ არა ეს მერაბიშვილის მხრიდან მკვლელობის დაკვეთა?
- მკვლელობა მოხდა, ესე იგი, მერაბიშვილის მხრიდან ეს იყო დაკვეთა! დიახ, ჩვენ ვნახეთ, რომ მერაბიშვილის განკარგულებიდან ორი კვირის შემდეგ გვამებისთვის დაწესებული ჯილდო არავის გაუუქმებია. რამდენიმეათასიანი პრემიები დაურიგდა იმ ხალხს, ვინც ეს სისხლიანი განკარგულება შეასრულა. ე. ი. ამ ხნის განმავლობაში განკარგულება ძალაში რჩებოდა!
- ისე არიან დაბნეულები, ისიც კი ითქვა, მერაბიშვილი ვიდეოში ორ გვამზე საუბრობს, სპეცოპერაციისას კი მხოლოდ ერთი დაიღუპა, ამიტომ ორი კაცის მკვლელობის შეკვეთაზე საუბარი აბსურდიაო.
- ერთი კი არა, იმ სპეცოპერაციის დროს, ფაქტობრივად, სამი ადამიანი დაიღუპა. არანაირი გარანტია არ არსებობდა, რომ 9 და 7 ტყვიით დაცხრილული ოთანაძე და ამირიძე ცოცხლები გადარჩებოდნენ. ფაქტია, რომ მათი მოკვლა იყო გამიზნული.
- როგორ ფიქრობთ, ორი გვამის მოთხოვნა მხოლოდ მერაბიშვილის სურვილი იყო თუ სააკაშვილთან შეთანხმებული სამოქმედო გეგმა?
- როდესაც მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდალი სააკაშვილი აცხადებს და თუ აფრასიძეების ოჯახის ამოწყვეტა სააკაშვილმა დაუკვეთა, რა უდგას წინ, რომ ვანოს მიერ მოთხოვნილი ორი გვამის შემკვეთიც სააკაშვილი იყოს?
- მერაბიშვილმა განაცხადა, ორ გვამში ორი რუსი სპეცრაზმელი ვიგულისხმე, რომლებიც ამბოხებულებმა მოკლესო...
- ეს მისი ფანტაზიის ნაყოფია. ჯერ ერთი, ცხრა წლის განმავლობაში სასამართლო პროცესზე არცერთ მხარეს არ დაუსვამს კითხვა ამ ორთან დაკავშირებით. რუსებს ორი სპეცრაზმელი რომ დაეკარგათ, წარმოგიდგენიათ, ამას რა მოჰყვებოდა? ხომ ხედავთ, უმცირესობაში დიდი დაბნეულობაა. ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. ის კი არა, ნაციონალების ერთ-ერთმა სახემ საზოგადოების მიმართ ასეთი მოწოდებაც კი გააკეთა - ბატონ ვანოს ტვინსა და ენას შორის სინქრონიზაცია აქვს დარღვეული, ერთს ფიქრობს, მაგრამ სხვას გადმოსცემს და გთხოვთ, ამას გაგებით მოვეკიდოთო... ხომ წარმოგიდგენიათ, ადამიანი, რომელმაც არ იცის, რას ამბობს, შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ და ცხრა წელი გაგებით ვეკიდებოდით. მოკლედ, ნაციონალებს რაღაც მასობრივი ამნეზია დაემართათ, ზოგიერთს, თურმე, ისიც კი აღარ ახსოვს, მუხროვანში როგორ მოხვდა!
- სკანდალური ვიდეოს ერთ-ერთი აქტიური მონაწილე დავით ნაირაშვილი, რომელიც ბოლო დროს ბრიტანეთში სამხედრო ატაშე გახლდით, აცხადებს, რომ ეს აჟიოტაჟი არაფრის გამოა ატეხილი...
- ნაირაშვილზე რა შეიძლება გითხრათ, ნაირაშვილს ჰყავდა ძალიან კარგი მამა, ზურაბ ნაირაშვილი. სულ ეს არის.
- ბატონო კობა, მოდით, მოკლედ გავიხსენოთ, რა მოხდა მაშინ რეალურად?
- მე როგორც ვიცი, სამხედროებს ჰქონდათ პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ 26 მაისის აღლუმში მონაწილეობა მოსთხოვეს და მიიღეს გადაწყვეტილება გაეკეთებინათ ხმამაღალი განცხადება თანამდებობების დატოვების შესახებ. სასამართლოს მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ ჯერ კიდევ იანვრიდან ხდებოდა ოფიცრების მასობრივი მიყურადება, ანუ მათი გეგმების შესახებ ხელისუფლებამ იცოდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ მათი უკმაყოფილება გაზრდილიყო. ბოლოს სამ-ოთხ კაცს ერთად მოუყარეს თავი, ჩაატარეს სპეცოპერაცია და მოინდომეს ორი გვამი. არა ხუთი ან ათი, ან დაჭრილები, არამედ ორი, რადგან რეალური სურათის მოყოლა მხოლოდ ცოცხალ ადამიანს შეუძლია, გვამი კი ვერ ლაპარაკობს. ამიტომაც ამიყვანეს სახლის წინ, ისიც იცოდნენ, იარაღის ტარების უფლება მქონდა, იმპულსური ვიყავი და ზედმეტი მოძრაობის შემთხვევაში გამანეიტრალებდნენ. მერაბიშვილი ამბობს, სპეცოპერაციის ჩასატარებლად სამართალდამცავებს გივი თარგამაძეც გავაყოლეო. თარგამაძე რომელი აიბოლიტი მყავდა, რომ ცხრა ტყვიით დაჭრილი კაცისთვის მოევლო. ის კი არა, ოთანაძე ამბობს თავის ჩვენებაში, რომ დაზიანებები პირადად გივი თარგამაძისგანაც მიიღო!
- რატომ დასჭირდა ხელისუფლებას ამ სპექტაკლის მოწყობა?
- იმხანად საზოგადოების პროტესტი დღითი დღე მწვავდებოდა. საჭირო გახდა ისეთი ფაქტი, რომელიც სხვა მოვლენებს გადაფარავდა. მოკლედ, სამხედროების უკმაყოფილება გამოიყენეს.
ესაუბრა ნონა ბენდელიანი
გაზეთი „ასავალ-დასავალი"