reportiori.ge - კობა ოთანაძე: არ მინდა იმის დაჯერება, რომ საქმე ბოლომდე არ მივა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:36
პრეს-დაიჯესტი
კობა ოთანაძე: არ მინდა იმის დაჯერება, რომ საქმე ბოლომდე არ მივა!
ავტორი:
10 მარტი, 2014. 18:24

მუხროვანის ე.წ. ამბოხის სკანდალური ვიდეოკადრების გავრცელებას, სადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ამჟამად პატიმარი, ვანო მერაბიშვილი ხელქვეითებს ორი გვამის მირთმევას სთხოვს, ამ პროცესებისგან დაზარალებული ადამიანების საქმეების გადასინჯვა მოჰყვა. ყოფილი პოლიტპატიმარი კობა ოთანაძე სიკვდილსა და 30-წლიან ციხეს მართლაც ღვთის შეწევნით გადაურჩა. ის „პრემიერს" საკუთარი დაპატიმრების სკანდალურ დეტალებზე ესაუბრა.


კობა ოთანაძე: - ახალმა პარლამენტმა პოლიტპატიმრის სტატუსი კი მოგვანიჭა, ციხეებიდან გამოგვიშვა, მაგრამ ჩვენი საქმეების გადასინჯვა არ მოუხდენიათ. მადლობა ღმერთს, ალბათ, ახლა მიანც დაიწყო. ნასამართლეობაც მოგვიხსნეს, მაგრამ შავ სიაში ვართ და სამსახურს მაინც ვერ ვიწყებთ. არც ერთი ყოფილი პოლიტპატიმარი არ ვმუშაობთ. თავდაცვის სამინისტროსაც მივაკითხეთ, მაგრამ ალასანიამ განაცხადა, ჯერ ვერ მივიღებ ამ ადამიანებსო.


- ასეთი სკანდალური ვიდეომასალა რომ არსებობდა, აქამდე იცოდით?

- ჩვენი ყველა წამება „მვდ"-ს გადაღებული რომ აქვს, ეგ ვიცი. ჩვენი ჩაცხრილვის კადრებიც არსებობს. ვინც იღებდნენ, ისინიც ვიცი, ახლაც მუშაობენ იქ. როგორც ჩანს, ასეთ კადრებს ინახავენ და როცა აწყობთ, მაშინ გამოაქვთ. ახლა ამის გამოქვეყნება, მე მგონი, „ნაციონალების" იმ ფრთას აწყობდა, რომელიც ვანოს ფრთასთანაა დაჯახებული. რაც მიშა წავიდა და ამათ აღარ პატრონობთ, ერთმანეთს დაერივნენ. ჩვენი ჩაცხრილვის ჩანაწერიც რომ გამოაქვეყნონ, უფრო საინტერესო სამხილებს აღმოაჩენენ. იქ იყო მთელი ნაცბანდის ელიტა თავმოყრილი და როგორ გვაწამებენ, ისიც გამოჩნდება. ყველა მათგანი, ვინც იქ იყო, წიხლებს გვირტყამდა სისხლისგან დაცლილ ადამიანებს. ერთმანეთს ასწრებდნენ, ვინ უფრო მეტ წიხლს ჩაგვარტყამდა, შეგვაგინებდა. ძაღლი რომ ელაქუცება თავის პატრონს, ასე იქცეოდნენ იქ მყოფი ადამიანები მერაბიშვილის, უგულავას, ადეიშვილის, თარგამაძის წინაშე. ეს ხალხი დღემდე ინარჩუნებს თანამდებობებსა და სამსახურს, მაგრამ იქიდან მოსაცილებლები არიან.


- მერაბიშვილი გახმაურებულ ვიდეოჩანაწერში ბრძანებას იძლევა, რომ ორი გვამი უნდა მიუტანონ. ახლა ამბობს, რომ ეს რუსებზე თქვა. ამჯერადაც ცრუობს?!

- მერაბიშვილი ზღაპრებს ყვება. მან კარგად იცის, რომ იქ არანაირი რუსი არ ყოფილა. გამოძიებაშიც არ არის ნახსენები რუსი. 9 თვე მიმდინარეობდა ჩემი გამოძიება და იქ ერთი შეკითხვაც არ დაუსვამთ ვინმე რუსების შესახებ. საიდან მოიგონა მერაბიშვილმა რუსების იქ არსებობა ახლა, ვერ გეტყვით. სინამდვილეში ეს თქვა ჩვენზე. სამნი ვიყავით და ორს თუ მოკლავდნენ, მათთვის, ეტყობა, ესეც საკმარისი იქნებოდა. რაც შეეხება გიგი უგულავას, რომელმაც ვერ გაიხსენა, იქ რა უნდოდა, მე უფრო მეტს შევახსენებ - ის ჩვენი ჩაცხრილვის დროსაც იქ იყო. მანქანიდან რომ გადმომაგდეს, ხელ-ფეხი დამიცხრილეს და საკონტროლო დამახალეს, ამას ესწრებოდა მერაბიშვილთან, თარგამაძესთან და სხვა ბობოლა „ნაციონალებთან" ერთად. მე გონება დაკარგული ბოლომდე არ მქონია და მათი სახეები კარგად მახსოვს. მთელი ნაციონალური ელიტა ესწრებოდა ჩვენს ფიზიკურ განადგურებას. მერაბიშვილი ტელეფონით ელაპარაკებოდა ვიღაცას. შეიძლება პირდაპირ ხაზზე მიშაც იყო, არ ვიცი.


- ამ ვიდეოფაქტების გავრცელების შემდეგ, ასევე გავრცელდა ვიდეომასალა, რომელიც ერთი შეხედვით მუხროვანის ამბოხის დაგეგმვის ამბავს ამტკიცებს და ამაზე რას იტყვით?

- იყო ასეთი ოფიცერი - ღვალაძე, რომელსაც ავარიის შედეგად 4-5-ჯერ ჰქონდა გაკეთებული თავის ოპერაცია. ამ კადრებში ღვალაძეს კუდ-ის თანამშრომლები ალაპარაკებენ. ღვალაძის ახლობლის სახლში ჰქონდათ დამონტაჟებული გადამღები კამერა და ისიც რაღაცეებს ყვებოდა. მხოლოდ ღვალაძე ჰყავდა ადეიშვილის პროკურატურას „ოქროს მოწმედ". ამ ე.წ. ამბოხის სხვა მოწმე მათ არ ჰყოლიათ. მართლა გადატრიალებას თუ ვაწყობდით, მაშინ უფრო კომპეტენტურ ადამიანებს არ უნდა ელაპარაკათ ამ კადრებზე? მოლაპარაკებაზე შეიძლება მხოლოდ ერთი ადამიანი იჯდეს?! ღვალაძეც დაიჭირეს და ორი წელი მისცეს, ჩვენ კი გაგვანადგურეს. ამას წინათ ტელევიზიით გამოვიდა და ყვებოდა, როგორ აწამეს, მისგან ჩვენებები რომ მიეღოთ. ოჯახის განადგურებით მემუქრებოდნენ და რა ვქნა, ვერ გავუძელიო, ამბობდა. სხვა კომპრომატი, რომლითაც ჩვენს ვითომ ამბოხს დაამტკიცებდნენ, არ ჰქონდათ. ღვალაძე ჩვენი დაკავების წინა დღეს დაიჭირეს, 4-5 მაისს და ვითომ მისი ჩვენებით გაიხსნა ეს საქმეც.


- „ნაციონალები" ამბობენ, რა გასაკვირია ოთანაძისგან ამბოხი, იგივე სახის ამბოხს შევარდნაძის დროსაც აწყობდაო. მე მახსოვს გაფიცვა მუხროვანში, სადაც მერე შევარდნაძე მოვიდა და ამის შემდეგ დარეგულირდა სიტუაცია. ამ ბუნტის თაოსნობასაც ტყუილად გაბრალებენ?

- ეს 2000-2001 წელს მოხდა. მეთაური ვიყავი, მაგრამ მაშინ ყველა გავიფიცეთ. მუხროვანში სწავლებაზე ვიყავით წასულები და არანაირი დაფინანსება, საწვავი არ გვქონდა. ხალხი შიმშილით გვეხოცებოდა. ერთი წელი ხელფასები არ იყო დარიგებული და ჯარისკაცებს სახლში ისე ვუშვებდით, ფორმასაც ვერ ვაცმევდით. სასწავლო ცენტრის მეთაური ვიყავი და ერთ დღესაც არ ჩაგვისხია საწვავი, ჯარისკაცებს ტანკი რომ ეტარებინათ. არადა, რესპუბლიკის მასშტაბით ტანკისტებს ჩვენ ვამზადებდით. მოწმობებეს ვაძლევდით, რომ ტანკისტები იყვნენ, სინამდვილეში კი ტანკში არ მსხდარან. ვითხოვდით, ელემენტარული პირობები შეექმნათ, თეთრეული, ტანსაცმელი მოეცათ. და თუ არ შეეძლოთ, ნაწილი დაეშალათ. გაფიცვამდე უამრავჯერ მივმართეთ ხელისუფლებას, მაგრამ, რაც გვეკუთვნოდა, იმის ერთ პროცენტსაც არ იძლეოდნენ. იძულებული ვიყავით, რაიმე ფორმით ყურადღება მიგვექცია. ცხადია, მაინაც არ იყო ამბოხი. შევარდნაძე თავად ამოვიყვანეთ და თუ ამბოხი იყო, ჩვენ შეიარაღებულები ვიყავით, შევარდნაძე გვერდით გვეჯდა და სხვა რა გვინდოდა?! თავად ჩამოვედი ქალაქში და ავიყვანე იქ. ახლა ასეთი პროტესტიც არ ყოფილა.

ორი მოქმედი მეთაური, ამირიძე და გორგიაშვილი აპირებდნენ გადადგომას, თბილისში კარვები იყო გაშლილი, 2008 წლის ომიც წაგებული გვქონდა, მაგრამ მიშას ზეიმი უნდოდა. ამ ყველაფრის პროტესტის ნიშნად უნდა გადამდგარიყვნენ ეს ოფიცრები ტელეკამერების წინ. ხელისუფლებამ იცოდა, რომ ისინი გადადგომას აპირებდნენ და არ აწყობდათ ამის გახმაურება. მერე შეიძლება სხვა მეთაურებიც აჰყოლოდნენ ამ პროტესტს, ამიტომ გადაწყვიტეს, ისინი სამაგალითოდ დაესაჯათ.

იმ დროს მე უმუშევარი ვიყავი. ლევან ამირიძემ ჩვენ მოგვაკითხა და იმ დღეს ავიყვანეთ ის ნაწილში, მაგრამ იქიდან გამოსვლა ვერ მოვასწარით, ნაწილი უკვე გადაკეტილი ჰქონდათ. ამირიძე რომ არ აგვეყვანა, ჩვენ ამ სიტუაციაში ვერანაირად ვერ მოვხვდებოდით. შემთხვევით მოხდა ჩვენს თავს ყველაფერი. არც ნაწილის მეთაური ვიყავი და არც რაიმე სამსახური მქონდა, ამბოხი რომ დაებრალებინათ. ამბოხი მაშინ იქნებოდა, იარაღი რომ გვქონოდა, ტექნიკა დაგვექოქა და ა.შ., ასეთი რამ არ მომხდარა. ჩვენს წინააღმდეგ თავდაპირველად საქმე დაუმორჩილებლობის მუხლით აღძრეს, მერე ამბოხში დახმარება დამიმატეს და ბოლოს ვიაღცას ათქმევინეს, ოთანაძის ასაფეთქებელი კაფსულები გვქონდაო. შემიკრიბეს და 30-წლიანი პატიმრობა მომისაჯეს. პროკურორი, ვინც ეს საქმე როგორც სააკაშვილს უნდოდა, ისე შეკერა, იყო რობერტ გრიგალაშვილი. ის ახლაც მუშაობს. მოსამართლე გახლდათ კოპალიანი და ისიც კვლავ მუშაობს მოსამართლედ. ვინც ჩაგვცხრილა, ისინიც ისევ სამსახურებში არიან, ჩვენ კი უმუშევრები ვართ (მწარედ იცინის). სპეცრაზმის უფროსი მაშინ იყო ზვიად ხარაზიშვილი. დღეს ეს კაცი გორში, განსაკუთრებულ საქმეთა სამსახურის უფროსია.


- მიუხედავად იმისა, რომ 9 ტყვიით იყავით დაჭრილი, ცნობილია, რომ ციხეში, დაკითხვებზეც გაწამებდნენ. ამჯერად ვინ იყვნენ თქვენი მწამებლები, მათ გვარებსაც დაგვისახელებთ?

- მათ ჰქონდათ დაბეჭდილი ფურცელი, სადაც ეწერა, რა უნდა მეთქვა. უნდოდათ, რომ იმ პარტიის ლიდერებისთვის დაგვებრალებინა ყველაფერი, რომლებსაც ესენი პრორუსულ ძალას უწოდებდნენ, ანუ ნათელაშვილისა და ბურჯანაძისთვის. მთხოვდნენ, მეთქვა, რომ მათთან შეთანხმებულები ვიყავით. ვითომ პუტინამდე უნდოდათ გასვლა და ეს სისულელეები უნდა მელაპარაკა. სამხედრო კონტრდაზვერვა იძიებდა ჩვენს საქმეს და ვისაც მოჰქონდა ეს ფურცლები, ვინც გვაიძულებდა, ესენი გვეთქვა, ისინიც კვლავ თანამდებობებზე არიან. 9 საათის შემდეგ გლდანის ციხის ადმინისტრაცია მიდიოდა და ესენი შემოდიოდნენ. ციხის თანამშრომლებს, საერთოდ, არაფერს ეკითხებოდნენ, როცა მოუნდებოდათ, იქიდან გაყრიდნენ კიდეც ხოლმე. გასაღებები თავადაც ჰქონდათ და ვიდეოკამერებითაც იყვნენ აღჭურვილი. რასაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ. უარი რომ ვთქვი ამ ტექსტის წაკითხვაზე, ფანჯრიდან გადმომაგდეს და ჭრილობები გამეხსნა. მაინც ვერ ეღირსა მიშა, რომ ეს წამეკითხა. თუ წავიკითხავდი, მაიმედებდნენ, ცოტას მოგისჯით და სხვებსაც გადაარჩენ, თუ არა და ხალხმა იცის, რომ მაინც დაჭრილი ხარ და მოკვდებიო.


- როცა ასე გაწამებდნენ, არ გიფიქრიათ, ჯანდაბას, წავიკითხავ, ოღონდ აქედან ცოცხალი გავიდეო?

- რა მნიშვნელობა აქვს, როდის მოკვდები?! თუ ღმერთი გადაგარჩენს, კაცურად მაინც ხომ გახვალ. ესენი სახელის გატეხაზეც მუშაობდნენ. ყველას სულიერად გატეხაც უნდოდათ. თითქმის 41 სამხედრო თუ არასამხედრო დაგვიჭირეს მაშინ და აქედან ნახევარზე მეტს არ ვიცნობდი. მფრინავებიც დააპატიმრეს უმიზეზოდ. სამხედრო მფრინავის მომზადება ყველაზე ძვირადღირებული სიამოვნებაა ქვეყნისთვის, მაგრამ ერთ-ერთთან წინა დღეებში ამირიძეს ჰქონდა დარეკილი და ეს გახდა მათი დაკავების მიზეზი. დანაშაულის დაფარვის მუხლი წაუყენეს. დღესაც უმუშევრები დადიან ასეთი პროფესიონალები. ამირიძის მამიდაშვილს, რომელიც საქმის კურსში არც იმაზე იყო, ამირიძე გადადგომას რომ აპირებდა, დანაშაულის დაფარვისთვის სამი წელი მიუსაჯეს. ზოგიერთს იძულებით აღიარებინეს, მაგრამ მათაც მერე 4 წელი და მეტი მაინც მისცეს. დაუსჯელად არავინ გაუშვეს.

ჩვენი ჩაცხრილვა გლდანში, სამარშრუტო ტაქსში მოხდა. მამკოდის ტყიდან ჩამოვდიოდით ამ ტრანსპორტით და გზად გლდანში უნდა გამოგვევლო. სპეცრაზმელები მანქანაში იყვნენ ჩამალულები, 5 წუთი რომ ვიარეთ, მერე უცებ ამოცვივდნენ. ამბობენ, რომ ე.წ. ამბოხი 5 მაისს უნდა ყოფილიყო, ჩვენ კი 20 მაისს აგვიყვანეს. გია კრიალაშვილი პირველივე ტყვიაზე დაიღუპა. მე სხეულში 9 ტყვია მქონდა. ხელ-ფეხი დამიცხრილეს. მერე შეგვყარეს სხვა მანქანაში და მესმოდა, როგორ ამბობდნენ, მორგში წაიყვანეთო, ვიმეორებ, დაცხრილვა მოხდა მერაბიშვილის, უგულავას, ადეიშვილის, თარგამაძის თვალწინ. მათ თვალწინ დამახალეს საკონტროლო ტყვიაც. მერე მთელი გლდანი იქ მოგროვდა და კიდევ ხომ არ დაგვიწყებდნენ სროლას. ჩაგვყარეს და წაგვიყვანეს, ექიმებიც იქ იყვნენ. როგორც ჩანს, გზაში ნახეს, რომ ცოცხლები ვიყავით და საავადმყოფოში გადაგვიყვანეს. ექიმებმა იყოჩაღეს და გადაგვარჩინეს.


- მაღალჩინოსნებიდან კი ციხეში არავინ მოსულა და პირადად არ უწამებიხართ?! ასეთ ამბებს ზოგი პატიმარი ყვება...

- ჩვენთან ძირითადად სამხედრო კონტრდაზვერვა შემოდიოდა. მისი უფროსი იყო ღონიაშვილი. ამ კაცს ბევრი ცუდი საქმე აქვს ჩადენილი, თითქმის ყველა სამხედრო პირის გაფუჭება მაგის კისერზეა. ახლა ის უფროსი აღარ არის, მაგრამ მოადგილედ მაინც მუშაობს. როგორც ვიცი, მაისაიაც მან აწამა. ერეკლე კოდუაც ერთხელ იყო ჩემთან შემოსული. მემუქრებოდა, თუ არ იტყვი ამ ყველაფერს, ციხეში მაინც მოგკლავთო. ბოკერიამ საავადმყოფოში გვნახა დაცხრილვის დღეს. საოპერაციოშიც შემოვიდა.


ჩაცხრილვის დროს, მერაბიშვილის თვალწინ მთელი ჯარი გვირტყამდა წიხლებს და რას აღარ გვეძახდა. სამხედრო კანონია, მტერსაც რომ დაიჭერ, წიხლი აღარ უნდა დაარტყა და ესენი ნახევრად მკვდარ ადამიანებს წიხლებით გვისწორდებოდნენ. არ ვიცი, მათს ადამიანობაზე საერთოდ როგორ შეიძლება ლაპარაკი. ნაციონალებს შეიარაღებული ძალები და „მვდ"-ს ჯარი, ასე, მათ მიმართ განაწყენებული ადამიანების დასაშინებლად, ხალხის დასარბევ-ჩასახოცად სჭირდებოდათ, თორემ ხომ ნახეთ 2008 წელს, ერთი საათიც ვერ იომეს.


პროკურატურაში დაკითხვებზე ყველას გვიბარებენ და ჩვენც ყველაფერს ვლაპარაკობთ, რაც მოხდა. ყველა ჩვენი მწვალებლისა თუ ამ ოპერაციის მონაწილის გვარ-სახელს ვასახელებთ. ალბათ, ბოლომდე მიიყვანენ საქმეს, თუ პოლიტიკური ნება იქნება და გამოძიება არ გაჩერდება. ახალი ხელისუფლება რომ მოვიდა, ჩვენ მაშინაც დავწერეთ საჩივრები, მაგრამ მიშას ხელისუფლების პერიოდში ვინც დაგვიჭირეს, ყველა საქმე ხელახლაა გადასახედი. სტრასბურგშიცაა გაგზავნილი ჩვენი საქმეები და, ალბათ, იქიდანაც იქნება სათანადო პასუხი. არ მინდა იმის დაჯერება, რომ ასეთი აჟიოტაჟით დაწყებული პროცესი გააჩერონ და საქმე ბოლომდე არ მივიდეს.


 

ანკა ბაზერაშვილი

გაზეთი „პრაიმერი"

10. 03. 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016