reportiori.ge - დემურ მიქაძე: განუკითხაობაა, განუკითხაობა! ასე შორს ვერ წავალთ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:52
ინტერვიუ
დემურ მიქაძე: განუკითხაობაა, განუკითხაობა! ასე შორს ვერ წავალთ!
ავტორი:
10 მარტი, 2014. 23:01

ფხიზლად, ფხიზლად და ფხიზლად! / თორემ მიაღწევს მიზანს / ადამიანის მტერი; / აი, ამ ვარდებისგან, / მწვერვალებისგან, / მზისგან / დარჩება მარტო მტვერი!" -ეს წლების წინ გარდაცვლილი პოეტ დომენტი ახობაძის ლექსის ნაწყვეტი გახლავთ, რომელიც მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილს მიუძღვნა და, ალბათ, მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ 9 წლის განმავლობაში ქვეყნის სათავეში მოკალათებული „კაცობრიობის ძაღლთაპირები" მის მიერ ხოტბაშესხმულ იდეალებს ქუთაისის „დიდების მემორიალივით" გადაბუგავდნენ. თადარიგის გენერალ-მაიორ დემურ მიქაძესთან საუბარი სწორედ იმ ისტორიით დავიწყეთ, რომელიც შორეული წარსულიდან დღევანდელობას ეხმიანება და რამაც პოლიციის თბილისის სამმართველოს ყოფილი უფროსი „ასავალ-დასავალის" რედაქციაში მოიყვანა:


- ეს ლექსი ქუთაისში ყოფნისას სუფრაზე ერთ-ერთმა მეგობარმა უბის ჯიბიდან ამოიღო და წაგვიკითხა. საოცარი გრძნობა დაგვეუფლა, რადგან ლექსში პოეტი საზოგადოებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს და წინასწარ აფრთხილებს მომავალ ბოროტებაზე. სუფრის წევრებს დავპირდი, რომ ლექსის კვალდაკვალ ფართო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებდი იმ ბოროტებას, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ თავს დაგვატეხა.


მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში უამრავი ტერიტორიაა და ძეგლის დანგრევის აუცილებლობა არ იყო, სააკაშვილის ხუშტურებმა „დიდების მემორიალი" შეიწირა და ნაცარტუტად აქცია. სხვათაშორის, ქუთაისელებთან ვთქვი, ჯობდა, თავის დროზე გამოსულიყავით და წინ აღდგომოდით ამ ფაქტს-მეთქი. ასე მიპასუხეს - თქვენ, თბილისელებმა, რატომ არ ამოიღეთ ხმა, როცა დავით აღმაშენებლის ძეგლს აქეთ-იქით დაათრევდნენო? მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ თემასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟია - მწერლები, მეცნიერები, გენერლები, შემოქმედებითი ინტელიგენცია აღმაშენებლის ძეგლის თავის ადგილზე დაბრუნებას ითხოვენ, ჩამი-ჩუმი არ ისმის, ხელისუფლება დუმს. შთაბეჭდილება რჩება, რომ არსებული ხელისუფლება ძველი შეცდომების გამოსწორებას არ ცდილობს. ქუთაისში „დიდების მემორიალს" აღარაფერი ეშველება, მაგრამ ის ხომ მაინც შეუძლიათ, დავით აღმაშენებლის ძეგლი თავის ადგილზე დაბრუნონ?! უაღრესად დიდ პატივს ვცემ გურამ ოდიშარიას და გულწრფელად გითხრათ, განვიცდი იმ ამბავს, რომ ამდენი სჯა-ბაასის მიუხედავად, კულტურის სამინისტრო ერთხელაც არ გამოხმაურებია დავით აღმაშენებლის ძეგლის საკითხს. ხალხი სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში დაიქანცა. ხომ არ შეიძლება, ისევ სააკაშვილის ხუშტურებზე ვიყოთ აწყობილნი?!


- ვისარგებლებ შემთხვევით და როგორც გენერალ-მაიორს, იმ სკანდალური ვიდეომასალის შესახებ გკითხავთ, სადაც შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი ორ გვამს ითხოვს...

- გამოქვეყნებული კადრები, ალბათ, იმ ვიდეომასალების ნაწილია, რომელიც რეალურად არსებობს. არ გამოვრიცხავ, კიდევ ბევრი ასეთი ჩანაწერი არსებობდეს, ანუ შეიძლება ითქვას, რომ კომპრომატების ომი დაიწყო.

ის, რაც ამ კადრებში ვიხილეთ, იყო არა სპეცოპერაცია, არამედ სრული ბაკქანალია. როგორ შეიძლება ქუჩაში დგომითა და იქ მოფიქრებული გეგმით ამბოხის ჩაქრობა?! ან გაუგია ვინმეს, ამბოხის ჩაქრობაში ქალაქის მერი და პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ?! როცა ასეთი სპეცოპერაცია ტარდება, იგი აბსოლუტურად გასაიდუმლოებული უნდა იყოს. გათვლილი უნდა იყოს ყველა დეტალი, თუ როგორი კონტრდარტყმა მიაყენონ ამბოხებულებს. ჯერ უნდა იყოს მიღებული ინფორმაცია, რა ხდება იმ ბაზაზე, საიდან მოვიდა და ვინ მიიღო შეტყობინება, როგორ შედგა გეგმა და ა. შ. ისე, როგორც შიგანან საქმეთა მინისტრი იქცეოდა, რიგითი ოპერიც კი არ მოიქცეოდა. წლების განმავლობაში ვმუშაობდი ძალოვან სტრუქტურებში და მსგავსი აცანცარებული პიროვნებები, როგორიც ამ კადრებში ვიხილე, არ მინახავს. ყველამ ისედაც ვიცოდით, რა ბოროტებებიც იგეგმებოდა და ხორციელდებოდა ამ ადამიანების მიერ, უბრალოდ, არსებული კადრებით კიდევ ერთხელ დარწმუნდა საზოგადოება, რომ ყველაფერი სააკაშვილისა და მერაბიშვილის ტვინში იხარშებოდა. პირადად მე, ვფიქრობ, რომ იქ არავითარი ბუნტი არ ყოფილა. როგორ, სატანკო ბატალიონი რომ გამოსულიყო ამათ წინააღმდეგ, ესენი ქუჩაში ირბენდნენ?! ის, რაც ვიხილე, სასაცილო იყო. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მათ ე. წ. ამბოხით იმ დროს არსებული საპროტესტო აქციები გადაფარეს.

სამწუხაროდ, ბევრი მათგანი, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ისევ თანამდებობებზეა. კადრებში ასახული ადამიანებიდან ერთი ატაშეა რომელიღაც ქვეყანაში, ერთი კი თავდაცვის სამინისტროში მუშაობს. ადამიანს, რომელსაც სისხლის სამართლის დანაშაულს ედავებიან და ოთხი მუხლი აქვს წაყენებული, არ უნდა ჰქონდეს ქვეყნის დატოვების და ევროკავშირის ტრიბუნაზე გამოსვლის უფლება. მანახეთ რომელიმე ქვეყანა, სადაც შეიძლება, ეს მოხდეს! განუკითხაობაა, განუკითხაობა! ასე შორს ვერ წავალთ! საზოგადოება ელოდა, რომ სამართლიანობა აღდგებოდა... თუ ასე გაგრძელდა, სამართლიანობის აღდგენაზე ნურც ვიოცნებებთ!


- საინტერესოა, ბოლო წლების განმავლობაში ძალოვნებიდან თუ მოუმართავს ვინმეს და რჩევის სახით რაიმე უკითხავს?

- ვიღას ახსოვს ძველი გვარდია... ბოლო წლების განმავლობაში რამდენი პოლკოვნიკი და გენერალი გარდაიცვალა, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ერთი პირიც არ მოსულა დაკრძალვაზე...

- არც ახალი ხელისუფლების დროს?

- სამწუხაროდ, დღესაც არავის აინტერესებს ჩვენი აზრი. ერთხელაც არავის გახსენებია ცოცხალი გენერლები, რომლებმაც თავის დროზე თავი დადეს მათი უსაფრთხოებისთვის. შინაგან საქმეთა დღევანდელი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის მამა ჩემი თანამშრომელი გახლდათ.  არაჩვეულებრივი პიროვნება იყო - დამნაშავეთა სამყაროს დაუძინებელი მტერი. მჯერა, მისი გაზრდილი შვილი ღირსეული იქნება, თუმცა, როგორც ყოფილი ძალოვანი და მამის მეგობარი, ახალგაზრდა მინისტრს ვურჩევდი, სერიოზული გადაწყვეტილების მიღების წინ რჩევა ძველ გენერლებსა და პოლკოვნიკებსაც დაეკითხოს. ისტორიის დავიწყება კარგს არაფერს მოუტანთ. განა რამეს ვითხოვთ?! უბრალოდ, იცოდნენ, რომ ცოცხლები ვართ და ჯერ კიდევ შეგვიძლია მათთვის სასარგებლო რჩევების მიცემა!


- მაინც, რას ურჩევდით ახალბედა ძალოვნებს?

- ლამაზი სიტყვების და თავზე ხელის გადასმის დრო არ არის! ყველა მათგანი, ვინც გავრცელებულ ვიდეომასალაში არის დაფიქსირებული, დაუყოვნებლივ უნდა დაიკითხოს! ამ გზით ადვილად გავლენ იმ წყაროზე, ვინ და რატომ დაგეგმა ეს სპექტაკლი! დიახ, სააკაშვილის მხრიდან ეს მორიგი სპექტაკლი იყო, ოღონდ უფრო ფართომასშტაბიანი. პროკურატურამ, პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიდან უნდა ამოიღოს პირველადი მასალები, რა ინფორმაცია შევიდა, ვისგან მიიღეს ინფორმაცია, რა ღონისძიება დაიგეგმა და ვინ ედგა სათავეში, ვის მოხსენდა თავდაპირველად საქმის შესახებ და ბევრი სხვა დეტალი. თუ ეს გეგმა არ არსებობს, მით უარესი იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ექსპრომტად დაგეგმეს ასეთი მასშტაბის სპეცოპერაცია.

ამაზე რთული პერიოდი საქართველოს არ ჰქონია. 24-საათიანი მუშაობაა საჭირო! ისევე, როგორც ჩვენ ვმუშაობდით 90-იან წლებში. გულწრფელად გეტყვით, ძალიან მეცოდება მთავარი პროკურორი. უმძიმეს პერიოდში მოუწია მოღვაწეობა. მას დღეს დიდი მისია აკისრია - დაგვიანებული სამართლის აღსრულება! რაც დროულად გაიხსნება გირგვლიანის, რობაქიძის, ზურაბ ჟვანიას და სხვა გახმაურებული საქმეები, მით უფრო კარგია მისთვისაც და არსებული ხელისუფლებისთვისაც. ხელისგულზე დევს არა მხოლოდ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები, არამედ ბევრი სხვა გახმაურებული საქმეც!

არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვის გულისხმობდა მერაბიშვილი, როდესაც ორ გვამზე საუბრობდა. შინაგან საქმეთა მინისტრს როგორ უნდა ამოგივიდეს პირიდან სიტყვები - გვამი მჭირდებაო!

ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანია, დახვრეტის მუხლი აღარ არსებობს. პოლიცია იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანი დაიცვას და მოსალოდნელი დანაშაული თავშივე აღკვეთოს და არა იმისთვის, რომ ადამიანები იმქვეყნად გაისტუმროს.


ის, რომ ვანო მერაბიშვილი სხდომათა დარბაზში ცრემლებს ღვრის, ნურავის აუჩუყებს გულს. ათასობით ფაილი რომ აღმოაჩინეს და მთელი საქართველო გაბახებული ჰყავდათ, მაშინ რატომ არ ტიროდა მერაბიშვილი?! სააკაშვილ-მერაბიშვილის ხელისუფლებას თუნდაც ის არ შეიძლება აპატიო, რომ ახალდაქორწინებულების ინტიმურ ურთიერთობას ვიდეოფირებზე აფიქსირებდნენ.




ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016