საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს დარჩენილი 5 წევრის შესარჩევად გასამართ კონკურსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევად 2 თვის წინ ჩატარებული კონკურსის შედეგად პარლამენტმა შეძლო მხოლოდ 4 წევრის არჩევა 9 ვაკანტურ თანამდებობაზე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლების შესაბამისად, დღეს გამოცხადდა კონკურსი სამეურვეო საბჭოს დარჩენილი 5 წევრის შესარჩევად. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, მათ შორის მათაც, ვინც წინა კონკურსში მონაწილეობდა, განცხადებები უნდა წარადგინონ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე არა უგვიანეს 2014 წლის 26 მარტის 18:00 საათისა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პარლამენტის ვებ-გვერდიდან.
წინა კონკურსის ბოლოს გაჩენილ ზოგიერთ უსაფუძვლო კითხვასა და ეჭვზე მკაფიო და ცალსახა პასუხის გაცემის მიზნით, გადავწყვიტე, საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარვუდგინო საკონკურსო კომისია იმავე 9 წევრის შემადგენლობით, რომლებმაც წინა კონკურსის დროს შეარჩიეს და პარლამენტს წარუდგინეს მეურვეობის კანდიდატები.
კანონის მოთხოვნის შესაბამისად, მე მქონდა კონსულტაციები აჭარის უმაღლეს საბჭოსთან, სახალხო დამცველთან, საპარლამენტო უმცირესობასთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან, რომლებმაც სრულად გაიზიარეს აღნიშნული პოზიცია. სასიამოვნოა, რომ წინა საკონკურსო კომისიის ცხრავე წევრი ასევე გაგებით შეხვდა ჩვენს მოსაზრებებს და არგუმენტებს და, მიუხედავად ამ საკითხზე ადრე გამოთქმული შეხედულებებისა, მათ თანხმობა განაცხადეს პარლამენტის მიერ ხელახლა შესაქმნელი საკონკურსო კომისიის წევრობაზე.
დარწმუნებული ვარ, ამჯერად ყველა გავითვალისწინებთ კონკურსის პირველ ეტაპზე მიღებულ გამოცდილებას და წარმატებით დავასრულებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირებას“, - ნათქვამია დავით უსუფაშვილის განცხადებაში.
(მოამზადა თამარ ნადარეიშვილმა)