როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოში დაბრუნებული ემზარ კვიციანი სასამარლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. არადა, ჯერ კიდევ დევნილობაში მყოფი აცხადებდა, რომ ძალიან მალე საქართველოში დაბრუნდებოდა და კოდორის ხეობის შესახებ შოკისმომგვრელ მასალებს გაახმაურებდა. რის გახმაურებას აპირებს კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული და ვის უნდა ეშინოდეს ამ მასალების გახმაურების, ამის შესახებ ემზარ კვიციანის და ნორა კვიციანი გვესაუბრება:
– სამწუხაროდ, პროკურატურასა თუ სასამართლოში ისევ სააკაშვილის დროინდელი კადრები არიან და, შესაბამისად, არც გვქონდა იმის ილუზია, რომ ემზარს გაათავისუფლებდნენ. არადა, გამოძიება უნდა დაიწყოს არა ემზარის წინააღმდეგ შეთითხნილ ბრალდებებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ ჩააბარა სააკაშვილმა კოდორის ხეობა.
– რა მოჰყვება ემზარ კვიციანის საქართველოში დაბრუნებას? გავრცელდა ვერსია, რომ ახალი ხელისუფლებისგან გარკვეული გარანტიები მიიღო..
– რა გარანტიებიც მიიღო, სახეზეა, ის ისევ პატიმრობაშია. ემზარის დაბრუნების ერთადერთი მიზანი ის არის, რომ სიმართლე უნდა იპოვოს! სიმართლე კი, ერთადერთია – კოდორის ხეობა რუსეთს მოღალატურად ჩააბარეს და ამ ყველაფერს არა მხოლოდ ემზარ კვიციანი, არამედ მთელი მისი ოჯახი შესწირეს.
– ჯერ კიდევ დევნილობაში ყოფნისას თქვენმა ძმამ განაცხადა – მალე დავბრუნდები და კოდორის ხეობაზე შოკისმომგვრელ მასალებს გავახმაურებო. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა მასალებზეა საუბარი?
– ემზარმა რომც არ თქვას, ყველამ იცის, რომ ხეობა ჩაბარდა გამიზნულად. თუმცა, ამას სამართლებრივად დამტკიცება სჭირდება და ჩემი ძმა მზად არის, ამისთვის ყველაფერი გააკეთოს. ახლა გამოდის უტიაშვილი და იძახის, რომ ემზარ კვიციანი რუსეთთან კავშირში მყოფი კრიმინალი ყოფილა. დრო მოვიდა, ბოლოს და ბოლოს, გაირკვეს, ვინ არის კრიმინალი, თანაც რუსეთის მოკავშირე – ის, ვინც 14 წლის განმავლობაში ხეობას იცავდა თუ ის, ვინც ეს ხეობა რუსებს უბრძოლველად ჩააბარა?
– სურვილის შემთხვევაში, გამოძიება ამის დამტკიცებას შეძლებს?
– რა თქმა უნდა, მტიკიცებულება უამრავია, რაზეც დღემდე არათუ ძიება არ დაწყებულა, კითხვასაც კი არ სვამს არავინ – 1995 წლის ხელშეკრულების თანახმად, კოდორის ხეობაში ქართული საჯარისო ნაწილები არ უნდა შემოსულიყვნენ. ხეობის შემოსასვლელში რუსი სამშვიდობოები იდგენ და ისეთი ჩხრეკა მიდიოდა, რომ ერთი ფორმიანი ვერ შემოგვყავდა. შესაბამისად, ჩნდება კითხვა – რუსმა სამშვიდობოებმა ქართული ჯარი ხეობაში როგორ შემოუშვეს, თანაც სრული საბრძოლო აღჭურვილობით? შეიძლებოდა, გარიგების გარეშე ეს მომხდარიყო?
– გარიგება ვის შორის?
– რუსულ და ქართულ მხარეებს შორის, ხელისუფლებებს შორის! წლების განმავლობაში რუსეთი აფხაზეთის აღიარებას ვერ ახერხებდა, რადგან კოდორის ხეობა თავისუფალი იყო. ჩააბარეს კოდორის ხეობა და აღიარებაც მოხდა!
– ანუ ეს იყო გარიგება, რომელიც რუსეთს სჭირდებოდა აფხაზეთის აღიარებისთვის?
– აფხაზები ამბობდნენ, ასი წელი ჩვენ კოდორის ხეობაში შემომსვლელი არ ვიყავით, თუ თქვენ იქ იქნებოდითო. სააკაშვილმა რუსებს კოდორი იმ დღეს ჩააბარა, როცა ხეობას ზემო აფხაზეთი დაარქვა. მაშინვე მიხვდა ემზარი, რასაც აპირებდნენ და უთხრა, არ დაგანებებთო.
ისევ კონკრეტულ ფაქტებს დავუბრუნდეთ, რაც, კიდევ ვიმეორებ, სურვილისა და ნების შემთხვევაში სასამართლოს საშუალებას მისცემს, სააკაშვილის მოღალატური ქმედება დაამტკიცოს – რატომ გააუქმეს 2005 წელს ბატალიონი „მონადირე“? მანამდე რატომ შემოიტანეს ხეობაში უამრავი იარაღი და რატომ დაგვირიგეს? იყო თუ არა უკანონო 2006 წელს ხეობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა? გამოიძიონ, ვინ იტაცებდა სინამდვილეში გაერო-ს წარმომადგენლებს და ვინ აწყობდა ხეობაში პროვოკაციებს, რომელსაც მერე ემზარს აბრალებდნენ. ყველაფერს თვითონ აწყობდნენ, რომ ხეობაში სპეცრაზმის შეყვანის მიზეზი ჰქონოდათ.
– ქალაბტონო ნორა, ვის ეშინია ემზარ კვიციანის ალაპარაკების და მისი სიმართლის?
– თუ რეალური გამოძიება წავა, უნდა ეშინოდეს სააკაშვილს! ყველაფერი მისი ბრძანებით მოხდა – თვითმფრინავების შემოსვლაც და ხეობის დაბომბვაც. უფრო მეტიც, ბრძანება ჰქონდა გაცემული – სადაც კი კვიციანებს ფეხი დაუდგამთ, ყველა ადგილი გადაწვითო! ასევე უნდა ეშინოდეს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მაშინდელ მინისტრებს – ვანო მერაბიშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილს! ახლა რომ უკრაინელი ხალხის გმირობაზე საუბრობენ, საკუთარი ქვეყნის დასაცავად ხელში იარაღიც კი აიღესო, თვითონ რატომ დატოვეს კოდორი ისე, რომ ერთხელაც არ გაუსვრიათ? იმიტომ, რომ მილიარდები გააკეთეს კოდორის ხეობის ჩაბარებით და ლტოლვილების ფულით! სწორედ ამისთვის დაბრუნდა ემზარ კვიციანი, რომ ეს დაამტკიცოს!
ესაუბრა ნონა ბენდელიანი
გაზეთი „ასავალ-დასავალი“
10. 03. 2014 წ.