reportiori.ge - თემურ შაშიაშვილი: ძალიან მალე ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით სკანდალურ ინტერვიუს მოგცემთ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:49
ინტერვიუ
თემურ შაშიაშვილი: ძალიან მალე ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით სკანდალურ ინტერვიუს მოგცემთ!
ავტორი:
14 მარტი, 2014. 20:33



გთავაზობთ ინტერვიუს  პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ლიდერთან, სახალხო კრების წევრ თემურ შაშიაშვილთან:

 

– ბატონო თემურ, ჩვენი საუბარი თქვენთან დაკავშირებული ახალი ამბით დავიწყოთ – როგორც შევიტყვეთ, ქუთაისის მერად კენჭისყრას აპირებთ. უკვე გადაწყვიტეთ თუ მხოლოდ სურვილის დონეზეა?

– ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არა მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მეხმიანება ქუთაისიდან და მთხოვენ, კენჭი ვიყარო!

ძალიან განვიცდი ქუთაისის დღევანდელ მდგომარეობას. ქალაქი მაფიოზური კლანების გამგებლობაში რჩება, ისევ ნაციონალური მოძრაობის ნარჩენების ხელშია ყველაფერი და მათ „ოცნების“ წარმომადგენლებიც მშვენივრად შეუხმატკბილდნენ.

როცა მე მიყავი ქუთაისის მერი, წელიწადში 10 მილიონი იხარჯებოდა ქალაქის საჭიროებისათვის, დღეს იხარჯება 20-ჯერ მეტი, მაგრამ, აბა, ვინმემ თქვას, რომ თუნდაც 2-ჯერ მეტი საქმე კეთდება.

ქუთაისის ავტოქარხანა იმის ნაცვლად, რომ მაღალი ტექნოლოგიების პარკად გადაექციათ, სააკაშვილის ხელისუფლებამ ქურდულ სამყაროს ჯართად ჩაუგდო ხელში და ახალი ხელისუფლებაც არაფერს აკეთებს ამის გამოსასწორებლად.

ქუთაისში, ერთ პატარა ჭავჭავაძის პროსპექტზე, ორმოცდაათი ბაზრობა და ავტოსადგური აშენდა და არცერთი არ არის ისეთი, რომლის უკანაც პარლამენტარი ან რომელიმე მაფიოზი პოლიტიკოსი არ დგას...

10 წლის განმავლობაში ვიყავი ქუთაისის მერი და იმერეთის გუბერნატორი. ვინმემ მითხრას, მამაპაპეულის გარდა, ერთი სახლი თუ მაქვს, ერთი კვადრატული მეტრი თუ მაქვს რაიმე ფართი ან მიწა, ერთი პროცენტი წილი თუ მაქვს რომელიმე ბიზნესში! მაშინ მილიონ ლარად ნახევარი ქალაქის და რაიონის ყიდვა შეიძლებოდა, მაგრამ მითხრას ვინმემ, სადმე ერთი ლარის რამე თუ მიყიდია!

– ბატონო თემურ...

– უკაცრავად, ერთი წუთით... ნაციონალმა მერაბ სამადაშვილმა მთელი ზესტაფონი შეჭამა და დღესაც არავინ სთხოვს პასუხს! ნაციონალმა ბეჟუაშვილმა მთელი ტყიბული შეჭამა და პასუხის მოთხოვნა კი არა, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ დაიძმაკაცა!

– მერაბ სამადაშვილი დღესაც ისევე ფეოდალობს ზესტაფონში, როგორც სააკაშვილის დროს?

– კიდევ უკეთესად, კიდევ უკეთესად და მესამედაც გაგიმეორებთ – კიდევ უკეთესად!

– კი მაგრამ, როგორ და რატომ?

– მე მეკითხებით ამას?! არ მინდა, გავიმეორო, ხალხი რასაც ლაპარაკობს ზესტაფონში.

– მაინც რას ლაპარაკობენ?

– სამადაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობლებთან მოძებნა საერთო ენაო... მე არ მინდა, ეს დავიჯერო!

ტყიბულის შახტები ბეჟუაშვილების საკუთრებაა და წადით, ნახეთ, რა მონურ პირობებში არიან იქ მეშახტეები, მონათმფლობელივით იქცევა ბეჟუაშვილი. შეიძლება, პარლამენტის დეპუტატს საკუთარი შახტები ჰქონდეს? ამაზე გაჩუმებული რატომ არის ყველა?

– გასაგებია... თუ იყრით კენჭს ქუთაისის მერად, გამარჯვების იმედი გაქვთ?

– დღეს ქუთაისის მერად ჩემი წასვლა იმას  ნიშნავს, რომ პოლიტიკას უნდა შევეშვა და თავგანწირვით შევიდე საქმეში. ვისაც ქუთაისში არ ვუყვარვარ, იმათაც იციან, რომ საქმეში თავგანწირვა მახასიათებს.

საერთოდ, დღეს საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში ორიენტაცია უნდა იყოს წესიერ ადამიანებზე, გაუსვრელ ხალხზე, რომელსაც საშუალება ჰქონდა თანამდებობაზე ყოფნით დიდი ფული ეშოვა, მაგრამ ერთი თეთრი არ უშოვია.

ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი, რომ, თუ ხელისუფლება ნეიტრალურ პოზიციას დაიჭერს, ქუთაისის მერის არჩევნებში მე გავიმარჯვებ!

– ნეიტრალურ პოზიციაში რას გულისხმობთ?

– არ დაუჭირონ ვინმეს მხარი და არ გააყალბონ არჩევნები.

– კი მაგრამ, ბუნებრივია, რომ ხელისუფლებას საკუთარი კანდიდატი ეყოლება...

– ხელისუფლება კანდიდატზე კი არ უნდა ფიქრობდეს, ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს ქუთაისზე, იმაზე, თუ ვის უფრო მეტი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია ქალაქისთვის.

სწორედ ამიტომ, მე ბოლო წუთამდე არ შევიტან ჩემს განაცხადს კენჭისყრაზე. თუ ქუთაისის მერად ძალიან ძლიერი და კარგი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ჩემზე მეტის გაკეთება შეეძლება, მე მყოფნის იმის ვაჟკაცობაც, ზნეობაც და მორალიც, რომ არ ვიყარო კენჭი და ასეთ კანდიდატს დავუჭირო მხარი.

– კარგი, ახლა სხვა თემებსაც შევეხოთ... თქვენ იყავით 26 მაისის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და დარბევის დროსაც სერიოზულად დაზიანდით. კმაყოფილი ხართ იმ განაჩენით, რომელიც სასამართლომ 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილს გამოუტანა?

– 26 მაისის საქმეზე მარტო მერაბიშვილი კი არა, სააკაშვილი და მთელი მისი რეჟიმი უნდა გასამართლებულიყო!

მე არც ველოდი, რომ მერაბიშვილს 26 მაისთან დაკავშირებით 4 წელიწადზე მეტს მიუსჯიდნენ, რადგან ყველაფერი დაიყვანეს იქამდე, თუ ვინ გასცა აქციის დარბევის ბრძანება.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა ჩვენი 26 მაისი ცად აღამაღლა. ხომ გახსოვთ, დარბევის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე როგორ გვაბრალებდნენ, თითქოს „მოლოტოვის კოქტეილები“ გვქონდა და ა.შ. მერე ვინმემ მოგვიხადა ბოდიში იმის გამო, რომ არანაირი „კოქტეილები“ არ აღმოგვაჩნდა?!

ამერიკელებმა უკრაინაში მხარი დაუჭირეს იმათ, ვისაც „მოლოტოვის კოქტეილები“ და ავტომატები ეჭირათ, ჩვენ კი არაფერი გვქონდა და მაინც ჩვენს დარბევას დაუჭირეს მხარი!

ჩვენ რომ იმის მეათასედი გაგვეკეთებინა აქ, რაც უკრაინაში გააკეთეს მომიტინგეებმა, ახლა სამუდამო პატიმრობა გვექნებოდა მისჯილი.

მინდა, თქვენ და თქვენი გაზეთის მკითხველსაც დავუსვა კითხვა: ვინ მოიგო საქართველოში 2003 წელს მომხდარი „ვარდების რევოლუციით?“

– თქვენ რა პასუხი გაქვთ ამ კითხვაზე?

– „ვარდების რევოლუციით“ მხოლოდ რუსეთმა მოიგო!

– რას გულისხმობთ?

– ვგულისხმობ იმას, რომ „ვარდების რევოლუციით“ მოსულმა ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს ჩააბარა, ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა, საბადოები და სტრატეგიული ობიექტები აღმოჩნდა რუსეთის ხელში.

თავად განსაჯეთ, თბილისელებს დენს რუსული ენერგოკომპანია გვაწვდის, გაზს რუსული ენერგოკომპანია გვაწვდის და როცა დასუფთავების გადასახადი დენზე იყო მიბმული, იმასაც რუსულ ენერგოკომპანიას ვუხდიდით. აი, ეს მოხდა საქართველოში 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დღეს კი სააკაშვილი ისევ გამოდის და ახლა უკვე უკრაინაში თამაშობს რუსეთთან მებრძოლის როლს!

საერთოდ, ვინც სააკაშვილს დემოკრატიასთან ახლოს აიგივებს, იმას საქართველოს მტრობის მეტი არაფერი აქვს გულში, გინდა უკრაინელი იყოს, გინდა – ამერიკელი და გინდა – რუსი!

– სხვათაშორის, სააკაშვილი უკრაინაში ბიძამისთან თემურ ალასანიასთან ერთად გამოჩნდა...

– ძალიან გამკვირვებია, უკრაინელებმა არ იციან, რომ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია რუსეთის სპეცსამსახურებთან პირდაპირ დაკავშირებული პიროვნებაა? ნუთუ უკრაინელებს დაავიწყდათ, რომ სააკაშვილი სწორედ უკრაინაში, ბორისპოლში, „კაგებეს“ ჯარის სერჟანტი იყო?!

– ბატონო თემურ, აუცილებლად უნდა შევეხოთ იმ თემებს, რომლებზეც ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით და ვწერდით სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ვგულისხმობ გახმაურებულ მკვლელობებს და, მათ შორის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობას. ქვეყანამ იცის, რომ თქვენ მოსმენილი გაქვთ სკანდალური აუდიოჩანაწერები, რომლებიც სწორედ ჟვანიას ლიკვიდაციას ეხება. საინტერესოა, ის ადამიანები, რომლებსაც ეს ჩანაწერები ხელთ აქვთ, ახლა მაინც აპირებენ თუ არა მათ გასაჯაროებას ან ფირების პროკურატურისათვის გადაცემას?

– იცით, რაშია საქმე? მე დღეს ამ თემაზე საუბარი არ მინდა, მაგრამ გპირდებით, რომ ძალიან მალე ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით სკანდალურ ინტერვიუს მოგცემთ, რომელიც ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს!

თუმცა, ერთ რამეს ახლავე ვიტყვი: კაცი, რომელმაც ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით სასწაული აუდიოჩანაწერები მოვისმინე, პროკურატურას არც კი დავუკითხივარ!

მე თქვენ ასევე გპირდებით: თუ ამ ინტერვიუს შემდეგაც არ მოინდომებს პროკურატურა ჩემს დაკითხვას ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით, „ასავალ-დასავალს“ მივცემ დეტალურ საჯარო ჩვენებას!

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი“

 

11. 03. 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016