მოსწავლის საშვის არქონის მიზეზით, აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე, მოზარდებს რუსეთის სამხედროები თავისუფლად გადაადგილების უფლებას კვლავ არ აძლევენ. გასული კვირის მსგავსად, ოკუპირებული რეგიონიდან ზუგდიდის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლაში მისვლა, დღესაც, მოსწავლეთა მხოლოდ მცირე ნაწილმა ე.წ. მესაზღვრეებისგან მალვით შეძლო.
განმუხურის საჯარო სკოლის დირექტორის, ზურაბ ჯოლოგუას ცნობით, 18 მოსწავლიდან შვიდმა შეძლო ე.წ. საზღვრის გადაკვეთა: „ჯერჯერობით საკითხი მოგვარებული არ არის. ბავშვები ეზო-ეზო მალულად გადმოვიდნენ, იმ მხრიდან სადაც არავინ იყო", -აცხადებს ის.
განმუხურის სკოლაში მოსახვედრად, სადაც სასწავლებლად მოსაზღვრე სოფლებიდან - ოკუპირებული ოტობაიიდან, ფიჩორიდან და ნაკარღალიდან დადიან, მოზარდებს რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ. მიუხედავად სირთულეებისა, განათლების ქართულად მიღების, ასევე ჩვეულ მასწავლებლებთან და თანაკლასელებთან ყოფნის მიზეზით ისინი ოკუპირებული რეგიონის სასწავლო დაწესებულებაში გადასვლას არ გეგმავენ.
მშობლებმა ე.წ. „მესაზღვრეების" მოთხოვნის თანახმად არაერთხელ განაახლეს მოზარდების საბუთები, თუმცა ამით პირობით საზღვარზე შვილების თავისუფლად გადაადგილების გარანტია ვერ მიიღეს. სოფელ ოტობაიაში მცხოვრები ერთ-ერთი მოსწავლის დედა „ლაივპრესთან" სატელეფონო საუბარში განმარტავს, რომ პრობლემების მოგვარებას მშობლები ამჯერადაც საკუთარი ძალებით, დე ფაქტო მთავრობასთან მოლაპარაკების გზით ცდილობენ.
„ბავშვებს ორი მანქანით და ავტომატებით ხელში გაეკიდნენ. კიოდნენ ბავშვები - ისე მოვიდნენ სახლში. შევიკრიბეთ სამი მშობელი და რუსებს ვკითხეთ, რატომ არ უშვებთ ბავშვებს, იქნებ გაუშვათო. გვიპასუხეს, ჩვენ კი გვინდა გავუშვათ, მაგრამ უფროსებს ასე უნდათ და რომ არ შევასრულოთ სამსახურიდან დაგვითხოვენო", -აცხადებს ის.
რესპონდენტი ფიქრობს, რომ დე ფაქტო მთავრობა, მოზარდებისთვის გადაადგილების შეზღუდვით, ოკუპირებული რეგიონის სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდას ცდილობს, რომელიც სოფლებში განსაკუთრებით ძალიან მცირეა.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)