ისტორიულად ასე იყო: როდესაც „პირველი არხის" კიბეებზე ხალხი იკრიბებოდა, ან სახელმწიფო გადატრიალებას ჰქონდა ადგილი, ან ეროვნული მოძრაობა იწყებოდა, ან არალეგალები ლეგალებს ეომებოდნენ... მოკლედ, ძველი ქვეყანა ინგრეოდა და ახლის შენება იწყებოდა.
კოსტავას № 65-ში 6 მარტსაც შეიკრიბნენ ჟურნალისტები და... ჟურნალისტები. ერთ მხარეს მოწვეულები, მეორე მხარეს კი მასპინძლები წარმოადგენდნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა საკუთარ მოადგილეს რესურსების დარგში ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა. „არ გენდობი და გიშვებო", ასე განუცხადებია ბარათაშვილს ბაქრაძისთვის, თუმცა, ბაქრაძემ მისი ბავშვობის მეგობრის ამ განცხადებაში „იდეოლოგიური მიზეზები" და „პოლიტიკური ზეწოლის კვალი" აღმოაჩინა და საგანგაშო ზარები დაარისხა. იქ მისული ჟურნალისტები გაკვირვებულები ადევნებდნენ თვალს ბაქრაძის განცხადებებს: ან აქამდე რა ეტყობოდა მისი ნამუშევარი სატელევიზიო კადრებს, ან მერე რა უნდა გააკეთოსო. საგულისხმო ბაქრაძის ბრიფინგში არა თვით ბაქრაძის განცხადებები, არამედ ის უკანა ფონი იყო, რომლებიც „ზურგს უმაგრებდნენ" ნაციონალ ძმას. გენერალური დირექტორის მოადგილე რადიომაუწყებლობის დარგში ნიკა ცერცვაძე, ტელემაუწყებლობის მთავარი რეჟისორის მოადგილე ილია ნატროშვილი და ავტომეურნეობის უფროსი მამუკა გერმანიშვილი. ყველას კუდი ეწვის, თუ ბარათაშვილი ერთი ნაციონალის მოხსნას მაინც გაბედავს, ესე იგი ყველას შეუდგება წყალი და დღეს არა ხვალ, ისინიც ბაქრაძის ბედს გაიზიარებენ. მოკლედ, როგორც იტყვიან, ყველა თავისთვის ცდილობდა. ხოლო ლუსტრაცია და ხარაკირი, რომელიც თავადვე გაუკეთეს ნიღაბაფარებულმა ნაციონალებმა თავს, ალბათ, მალევე გამოჩნდება საზოგადოებრივი მაუწყებლის საკადრო პოლიტიკაში.
იმდღევანდელ ბრიფინგზე კიდევ ერთი, ნაციონალთათვის „საჭირბოროტო" საკითხი გაჟღერდა. ბაქრაძის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში ბევრი არაპროფესიონალი მუშაობდა და მათი უსწრაფესი გამოვლენა ატესტაციის გზით აუცილებელი იყო, თუმცა გენდირექტორი ამ ინიციატივას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა, რითაც ხელს აფარებდა უვიც ოპერატორებსა და რეჟისორებსო. სინამდვილეში, თემა არახალი, ჯერ კიდევ ლევან გახელაძის ბორდის თავმჯდომარეობისდროინდელი იყო. ატესტაციის ჩატარება და საგამოცდო ტესტების მომზადება ილია ნატროშვილმა საკუთარი ინიციატივით „ჩაიბარა". ოპერატორებმა კი, დრომოჭმული ბორდის ნარჩენებთან გამოცდების ჩაბარება სავალდებულოდ არ მიიჩნიეს. სიტუაცია ისე დაიძაბა, გაღიზიანებული ტექპერსონალი ლამის გაფიცვამდე მივიდა, რასაც არხის გაჩერება და უმართავი პროცესების დაწყება მოჰყვებოდა. მოკლედ, მენეჯმენტმა „ბუნტი" ჩააქრო, მასთან ერთად კი, იმედია, უკანასკნელი „ნაციონალური გაფართხალება" „1-ლ არხზე", რომელმაც ბოლო იმედი საკადრო პოლიტიკის გაკონტროლებისა უკანმოუბრუნებლად გააყოლა ყოფილი ხელისუფლების ხსოვნას...
ვიდრე „პირველი არხის" კიბეებზე ბრიფინგი მიმდინარეობდა და კამერებიან ოპერატორებს შესასვლელი გზა გადაკეტილი ჰქონდათ, საზმაუს შესასვლელთან დიდი „საავტომობილო საცობი" შეიქმნა, ამიტომაც „ჩაგრული ნაციონალის" ისედაც არცთუ ომახიანი განცხადებები ამ საყოველთაო ხმაურში საერთოდ ჩაიკარგა. ამისთვის შეგვაწუხესო! - არაორაზროვანი სინანულით დატოვეს კოლეგა ჟურნალისტებმა გადასაღები მოედანი, რომლებიც, საზმაუს კიბეებზე დაძახებისას, ჩვეულებრივ, სახალხო რევოლუციებსა თუ სახელმწიფო გადატრიალებებს ელიან...
(ლევან მაჭუტაძე, გაზეთი „ალია")
ნაწილი 2