reportiori.ge - ეკონომიკის ექსპერტთა კლუბის მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 06:06
ეკონომიკა
ეკონომიკის ექსპერტთა კლუბის მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს
22 მარტი, 2014. 19:30


ეკონომიკის ექსპერტთა კლუბი პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. მიმართვას, რომელსაც ექსპერტთა კლუბის სახელით ხელს ლევან კალანდაძე, ირაკლი ლექვინაძე, ემზარ ჯგერენაია და ვაჟა ბერიძე აწერენ, "რეპორტიორი"უცვლელად გთავაზობთ:


"ჩვენ გავეცანით ლოგისტიკური დარგის წინაშე არსებულ პრობლემებს, რომელთა გადაჭრის თხოვნითაც 40-ზე მეტმა კომპანიამ თქვენ და პარლამენტის თავმჯდომარეს საჯარო ფორმით მოგმართათ. მიგვაჩნია, რომ ეს პრობლემები სისტემურ ხასიათს ატარებს.


საქმე ის გახლავთ, რომ დღემდე გრძელდება წინა ხელისუფლების პერიოდში ჩამოყალიბებული პრაქტიკა, როცა სახელმწიფო უწყებების თუ მაღალი რანგის ჩინოვნიკების მხრიდან ზეპირი მითითებების საფუძველზე ხორციელდება ბიზნესში უხეში ჩარევა და ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) სასარგებლოდ, ზოგ შემთხვევაში კი ბაზარზე ერთი რომელიმე კერძო კომპანიის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება.


ამის ნათელი მაგალითია თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის (გეზ) საქმიანობა, როცა მხოლოდ იქ ხდება იმპორტირებული ტვირთების დამუშავება, ხოლო ანალოგიური საქმიანობის ნებართვის მქონე კერძო კომპანიები უბრალოდ გაქრნენ ბაზრიდან. 2011 წლიდან მოყოლებული ბაზარზე მოქმედი 60 ზე მეტი კომპანიიდან მხოლოდ ორია დარჩენილი და ისინიც მხოლოდ იმიტომ ახერხებენ საქმიანობის გაგრძელებას, რომ გააჩნიათ გარკვეული სასაწყობო მეურნეობები.


იგივე მდგომარეობაა ქალაქ ფოთში, სადაც იმპორტირებული ავტომობილების სატერმინალო მომსახურება ხორციელდება "გეზ"-თან არსებულ ერთ კონკრეტულ ტერმინალში. ცხადია, ეს ხდება ზეპირი მითითების საფუძველზე და ამას არანაირი საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული საფუძველი არ გააჩნია. იმავე უფლებების და ისეთივე ინფრასტრუქტურის მქონე სხვა ტერმინალში ამ ტიპის ტვირთის დამუშავების მცდელობისას, მას მებაჟე, უბრალოდ არ ემსახურება.


დარგის წარმომადგენელი 40-ზე მეტი კომპანია ხედავს უფრო დიდ საშიშროებას, რაც შესაძლოა ბაზრიდან მათი გაქრობის წინაპირობა გახდეს. მათი საჯარო განცხადების მიხედვით, ფოთში მიმდინარეობს წინარე სამუშაოები, რომლებშიც მონაწილეობენ ფოთის ნავსადგურის მფლობელი კომპანიის საკუთრებაში არსებული "ეიპიემს ტერმინალს ფოთი" და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები. მათ მიერ ერთობლივად გამართულ თათბირებზე თუ .. სამუშაო შეხვედრებზე ყველა სხვა დანარჩენ სატერმინალო ლოგისტიკურ კომპანიას ეცნობება, რომ მიმდინარე წლის მაისიდან მხოლოდ "ეიპიემს ტერმინალს ფოთი" მოახდენს ტვირთების გამარტივებული წესით დამუშავებას. ეს ნიშნავს, რომ დარგში პირდაპირ დასაქმებული 5000-ზე მეტი ადამიანი ფოთში დარჩება უმუშევარი, ასევე უმუშევარი დარჩება არაპირდაპირ დასაქმებული 2000-ზე მეტი ადამიანი, სანაცვლოდ შეიქმნება მაქსიმუმ 500 სამუშაო ადგილი. "ეიპიემს ტერმინალს ფოთის" მხრიდან მომსახურების მონოპოლიზების მცდელობა გრძელდება, რამდენადაც საზღვაო ხაზების წარმომადგენლებთან სულ ახლახანს გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე "ეიპიემს ტერმინალს ფოთის" წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ჩააყენეს საქმის კურსში საერთაშორისო საზღვაო ხაზები, რომ მიმდინარე წლის მაისის თვიდან ფოთში გამარტივებული წესით სატერმინალო მომსახურება განხორციელდება მხოლოდ მათ კუთვნილ ტერმინალში და არსად სხვაგან. რა აძლევს მათ ასეთი თამამი, უაპელაციო, საღ აზრს მოკლებული და მონოპოლისტური განცხადებების კეთების საფუძველს, ჩვენთვის უცნობია.


ბატონო პრემიერო,

 

ეს არის საკითხის კონკრეტული და ლოკალური მხარე. მაგრამ თავშივე აღვნიშნეთ, რომ პრობლემა სისტემური ხასიათისაა. რას ვგულისხმობთ? - საქმე ის გახლავთ და მთავარი ის არის, სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხებზე წაყრუებით, ნებსით თუ უნებლიედ, ორღვევა კონსტიტუცია. ასეა, როცა ეკონომიკური თუ დარგობრივი პოლიტიკის შემუშავების ნაცვლად, ესა თუ ის სამინისტრო და მისი ქვემდებარე სსიპ - თავად ხდება ბაზარზე მოთამაშე ეკონომიკური სუბიექტი და ეწევა სამეურნეო საქმიანობას.


ასე ხდება, როცა სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავად ყიდულობს ვაქცინებს, როცა განსახლების სამინისტრო თავად აშენებს სახლებს, როცა ინფრასტრუქტურის სამინისტრო თავად ასრულებს სამშენებლო კომპანიის ფუნქციას და ..

 

ლოგისტიკოსების შემთხვევაშიც პრობლემა ანალოგიურია. ფინანსთა სამინისტრო საკუთარი მომსახურებით ანაცვლებს კერძო ბიზნესს და ხდება მისი კონკურენტი.


ბატონო პრემიერო, დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენ, ისევე როგორც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს, კარგად გესმით, რომ ეს არ არის საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის. ეს არ არის კონკურენციის ხელშეწყობა. ეს არ არის თქვენი მთავრობის მიერ დეკლარირებული ბაზარზე თავისუფალი დაშვების პრიმატის განხორციელება.

 

ეს პრაქტიკა ბიზნესს ვერ განავითარებს. ამ პრაქტიკით მუდმივად იქნება ხელოვნური მონოპოლიების შექმნის და სახელმწიფოს მხრიდან ამ მონოპოლიების უკანონო ხელშეწყობის საფრთხე.


მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ გადასახედია .. სსიპ-ების ინსტიტუტი. სამინისტროები არ უნდა იყვნენ სსიპ-ებისგან დაფინანსების მიმღებნი. უკიდურეს შემთხვევაში სსიპ-ებიდან მიღებული შემოსავლები პირდაპირ უნდა მიიქცეს არა ამა თუ იმ სამინისტროს, არამედ ქვეყნის ბიუჯეტში, თან ისე, რომ მკაცრი ზედამხედველობა განხორციელდეს, რათა ჩამოყალიბდეს სსიპ-ებსა და კერძო ბიზნეს შორის რეალური, ჯანსაღი, თანაბარ პირობებზე დაფუძნებული კონკურენტული გარემო. თუმცა, ესეც მხოლოდ ნახევარი ნაბიჯი იქნება, მაგრამ იმაზე უკეთესი მაინც, ვიდრე დღეს არსებული ვითარებაა. სხვა შემთხვევაში, ხელის გადაგრეხვის პრინციპით ბიზნესთან ურთიერთობა, სიკეთეს ვერ მოიტანს.


არსებული ვითარების ამხსნელი არაოფიციალური არგუმენტია ის, რომ შემოსავლების სამსახურს ერთ სუბიექტთან ურთიერთობისას უადვილდება ადმინისტრირება, რომ ამ შემთხვევაში, მისთვის რისკები კლებულობს, რომ სსიპ-ების ჩამოყალიბებისას ამ პროექტში გარკვეული სახელმწიფო სახსრები დაბანდდა. გასაგებია, მაგრამ ეს ხომ ნორმალური ფორმატი არ არის. ეს ემსგავსება მგლის შიშით ცხვრის ფარის დახოცვის პრინციპს და ამაზე დაფიქრება და კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა დღესვეა საჭირო.

 

ეკონომიკის ექსპერტთა კლუბმა თავის სხდომაზე მოუსმინა ბიზნესმენებს და განიხილა პრობლემა. კლუბი ბიზნესმენების პოზიციას დასაბუთებულად მიიჩნევს და მოგმართავთ თქვენ თხოვნით, როგორც ხალხის ნების ამსახველი ხელისუფლების პირველმა პირმა, ორიენტირებულმა ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებასა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნაზე, განიხილოთ პრობლემა და უზრუნველყოთ მისი გადაწყვეტა ბიზნესისა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად.

 

იმედს გამოვთქვამთ, რომ მთავრობა და პირადად თქვენ, სრულად და მასშტაბურად დაინახავთ აღნიშნულ უმნიშვნელოვანეს სისტემურ პრობლემას და შესაბამის გადაწყვეტილებებსაც არ დააყოვნებთ,"- ნათქვამია განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016