თბილისში საქართველო-სომხეთის ერთობლივი სავაჭრო-ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გავნითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეკონომიკის მინისტრმა ვაჰრამ ავანესიანმა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის ეკონომიკური პროფილის უწყებების წარმომადგენლებმა.
სხდომის დღის წესრიგში საქართველო-სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთოების არაერთი მიმართულება იქნა განხილული, მათ შორის სავაჭრო ბრუნვის ხელშეწყობა, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობა, ინფრასტრუქტურული პროექტები და ა.შ. ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა გეოგრაფიული სახელების ავთენტურობის თემასაც.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნების საგარეო პოლიტიკაში თანხვედრა არ არის, სომხეთი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა მედიასთან საუბრისას. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველო-სომხეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზე, მისი ინფორმაციით, გასულ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა ტურიზმის სფეროში და ამ მიმართულებით ახალი ხელშეკრულების მომზადება იგეგმება.
საქართველო-სომხეთს შორის ეკონომიკური ურთირთობების პერსპექტივების შესახებ ისაუბრა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმაც. ვაჰრამ ავანესიანი ამ მხრივ ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს, თუმცა, მისი განცხადებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ახლაც საკმაოდ დინამიურად ვითარდება.
საქართველო-სომხეთის ერთობლივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის შემდეგი სხდომა ერევანში ჩატარდება.