საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გლდანის პროფესიული გადამზადების კოლეჯის მონახულებისას განაცხადა, რომ მთავრობამ სხვის ჯინაზე არაფერი უნდა გააჩეროს, რადგან ამ დროს ქვეყანა ჩერდება და დაპაუზებულ მდგომარეობაში გადადის. პრეზიდენტის თქმით, კოლეჯი უკვე რამდენიმე თვეა არ ფუნქციონირებს. „მინდა მივმართო მთავრობას, რომ არავის ჯინაზე არაფერი უნდა გააჩერო, რადგან ამ დროს ქვეყანა ჩერდება და დაპაუზებულ მდგომარეობაშია. ეს განათლების სისტემა 12 000 სტუდენტზეა გათვლილი. ძალიან ბევრი პროფესიონალი პედაგოგია. ეს სტუდენტები მუდმივად, რომ სწავლობდნენ საქართველოში, ჩვენ რამდენიმე წელიწადში ასობით ათას ადამიანს მივიღებთ, ვისაც ექნება პროფესია. პრაქტიკულად, ამ სისტემაში არის სერიოზული პრობლემები. უმუშევრობამ მოიმატა 50 000 ადამიანით და ეს რიცხვი იზრდება. ამ კოლეჯის გაჩერებაც, უმუშევრობის ერთ-ერთი მიზეზია", – განაცხადა სააკაშვილმა. კოლეჯის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის განცხადებით, კოლეჯის შენობა უკანონოდ იყო აშენებული. „სტუდენტები, რომლებმაც აქ სწავლა გააგრძელეს, აღმოჩდნენ მოტყუებულები, რადგან კოლეჯი არაავტორიზებული იყო. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იმისთვის, რომ კოლეჯმა გააგრძელოს საქმიანობა, ამისთვის აუცილებელია ავტორიზაცია. სამწუხაროდ, კანონის ეს მოთხოვნა არ იყო დაცული. შენობა უკანონოდ აშენდა, რადგან მიწა ეკუთვნის სხვა ორგანიზაციას. ჩემი ინფორმაციით, ეს ორგანიზაცია არის „ვისოლი“. შენობა აშენდა, დაიხარჯა დიდი თანხა და სამწუხაროდ, ისე გამოჩნდა, რომ ეს იყო არჩევნებისთვის განსაზღვრული მორიგი პიარ აქცია“, – აცხადებენ კოლეჯში.