reportiori.ge - ევროინტეგრაციისთვის განწირულნი ანუ რატომ ვერ გაიმარჯვებს სხვა ორიენტაცია საქართველოში, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ხელისუფლება იქნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:39
პრეს-დაიჯესტი
ევროინტეგრაციისთვის განწირულნი ანუ რატომ ვერ გაიმარჯვებს სხვა ორიენტაცია საქართველოში, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ხელისუფლება იქნება
ავტორი:
28 მარტი, 2014. 16:20



როდესაც საქართველოში საგარეო ორიენტაციაზეა ლაპარაკი, აბსოლუტურად ყველა შეთანხმებულია, რომ ამ გზაზე მთავარი დაბრკოლება არის რუსეთი და მისი პოლიტიკური ამბიციები, მაგრამ რატომღაც ნაკლებად აქცევენ ყურადღებას რამდენიმე საინტერესო მომენტს.

1. იმის თაობაზე, რომ, ქვეყნის სტრატეგიული ორიენტირი ევროატლანტიკური სივრცე, ევროკავშირი და ნატოა, საკმაოდ ბევრი დაწერილა. არანაკლები თქმულა იმის შესახებაც, თუ რატომ უნდა გვქონდეს სწორედ ასეთი სტრატეგია და არა სხვა. თუმცა, საინტერესო ეს კი არ არის, არამედ ის, რომ არანაირი ალტერნატიული მოსაზრება (თუნდაც ნეიტრალიტეტის), რაიმე მწყობრი არგუმენტაციითა და ლოგიკური დასაბუთების მცდელობით, დღემდე არავის წამოუყენებია. „ევროპაში გაგვაპიდარასტებენ“ და „მაგნები მართლმადიდებლობას ებრძვიან“ ტიპის არასერიოზული მტკიცებები, ცხადია არ ითვლება.

2. ეს სტრატეგიული ორიენტაცია პრაქტიკულად უცვლელია ყველა ხელისუფლების დროს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ოპოზიცია ყველა ხელისუფლებას მუდმივად ადანაშაულებდა (და დღესაც ადანაშაულებს) პროდასავლური ორიენტაციის ღალატსა და პრორუსული ინტერესების გატარებაში.

3. ქართული პოლიტიკური სპექტრი პრაქტიკულად მთლიანად ემხრობა ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში. ამ პოლიტიკური სპექტრის (განსაკუთრებით მისი გავლენიანი ნაწილის) უმრავლესობა ასევე მხარს უჭერს ნატო-ში გაწევრიანებას.

4. ამის თაობაზე ადრეც ვწერდი, მაგრამ აქაც გავიმეორებ: 1994 წლისთვის ომში დამარცხებულ და სამოქალაქო დაპირისპირებით დაუძლურებულ საქართველოს მთავრობაში უშუალოდ რუსეთიდან დაინიშნენ უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, ხოლო თავდაცვის მინისტრი საერთოდ რუსი გენერალი იყო; ფულადი ანგარიშსწორებისთვის ძირითადად გამოიყენებოდა რუსული რუბლი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქვეყნის პრემიერი ე.წ. წითელი დირექტორი ოთარ ფაცაცია იყო, ჯაბა იოსელიანი მთავრობის არაფორმარული წევრი გახლდათ და მხედრიონიც ჯერ კიდევ მხედრიონობდა. ერთხელ შევარდნაძემ პარლამენტის სხდომაზე (!) ისიც კი განაცხადა, მთელი მთავრობა სავსეა (!) ერთი მეზობელი ქვეყნის აგენტურითო (!) და ეს არც არავის გაკვირვებია. ჰოდა, ამ მოცემულობიდან სულ რაღაც 7 წელიწადში საქართველო გახდა ევროკავშირის და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, დაიწყო სერიოზული ურთიერთობები ნატო-სთან, ამერიკელებმა დაიწყეს ქართული არმიის წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, განხორციელდა ბაქო-სუფსა და ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტები და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ.

5. ყველა სოციოლოგიური კვლევა, რაც კი ამ ქვეყანაში ჩატარებულა ბოლო ოც წელიწადში, ცალსახად აჩვენებს, რომ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებად ხალხი მოიაზრებს ევროკავშირსა და ამერიკის შეეთრებულ შტატებს, ხოლო მთავარ საფრთხედ მიიჩნევს რუსეთს.

მივაქციოთ ყურადღება, რომ ეს ყველაფერი ფაქტებია და არა ვინმეს კერძო და სუბიექტური მოსაზრება.

ახლა შევეცადოთ მთელი ეს ზემორე ჩამონათვალი ერთიანობაში გავიზიაროთ და თუკი ამ არცთუ რთულ პროცედურას შევასრულებთ, საბოლოო ჯამში მხოლოდ ერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ – სტრატეგიული ორიენტაციის თვალსაზრისით, პროდასავლური დისკურსი როგორც ქართულ პოლიტიკაში, ისე ქართულ საზოგადოებაში არის პრაქტიკულად ერთადერთი და უალტერნატივო. ანტიდასავლური თუ პრორუსული (რაც ჩვენს რეალობაში არსებითად ერთი და იგივეა) ხასიათის კანტი-კუნტი და ყარტა-ყურტა აქციები, რომლებიც საქართველოში იმართება ხოლმე აქა-იქ და შიგადაშიგ, ვერანაირ ზეგავლენას საზოგადოერივ აზრზე ვერ ახდენს. მათი ორგანიზატორები და მონაწილეეიც არანაირი გავლენითა და ავტორიტეტით ქართულ საზოგადოებაში არ სარგებლობენ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ყველაფერი საკმაოდ მყვირალა ფაქტებია. მეტიც, ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებები, ვთქვათ, ჩეხეთსა და უნგრეთში უფრო ძლიერია და უფრო გავლენიანი ძალების პოზიციას გამოხატავს (და ეს ასე იყო ამ ქვეყნების ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებამდეც), ვიდრე ეს საქართველოშია.

აქ ისმის კითხვა: რატომ? თუკი პროდასავლური დისკურსი ცალსახად გაბატონებულია საქართველოში, რატომ არ სჯერა ამ დისკურსის ასე ცალსახად გაბატონებულობისა არც თუ ის ცოტა პროდასავლელს?

ერთი შეხედვით ეს პარადოქსია. თუმცა, ამ პარადოქსულ ვითარებას, ჩემის აზრით საკმაოდ ლოგიკური ახსნაც აქვს.

საქმე ის გახლავთ, რომ ქართული ნაციონალური იდენტობა პრაქტიკულად არაცნობიერის დონეზე მოიცავს რუსეთის, როგორიც აგრესორის და ოკუპანტის ხატებას. მართალია, ასე პირდაპირ საქართველოში ბავშვები არ იზრდებიან ანტირუსული სულისკვეთებით, მაგრამ ალბათ საკამათო არ არის, რომ ქართული იდენტობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანია ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა და აკაკი წერეთელი; ასევე მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოებრიობა, როგორც ასეთი, და, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია 1801 წლისა და 1921 წლის ანექსიის ფაქტები; ახალ თაობაში კი ყოველივე ამას დაემატა აფხაზეთის ომი და 2008 წლის აგრესია – ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რაც ასევე ცალსახად ასოცირებულია რუსეთთან.

შეიძლებოდა კიდევ ბევრი ისტორიული ფაქტისა თუ მოვლენის გახსენება, სადაც რუსეთი ასევე ცალსახად მოიაზრება,როგორც აგრესორი და დამპყრობელი, მაგრამ რაც ვთქვი, ისიც სრულიად საკმარისია. იმავდროულად, ევროპა და ზოგადად დასავლეთი, გარდა იმისა, რომ მატერიალურ კეთილდღეობასა და ცხოვრების მაღალ დონესთან ასოცირდება, მიიჩნევა რუსეთთან დაპირისპირებულ მხარედ, რუსეთის აგრესიისგან დამცავ ბარიერად, რაც უკვე თავისთავად განაპირობებს დადებით დამოკიდებულებას.

და ეს ყველაფერი დალექილია ყველა ქართველის ცნობიერებაში და დალექილია იმდენად მკვიდრად, რომ მისი გადაფარვა შეუძლებელია ყურძნისა და მანდარინის გაყიდვით, 37 მანეთად მოსკოვში გადაფრენითა თუ სხვა რამ მსგავსი საცდურებით. თანაც, აქ ხომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე არაა ლაპარაკი, რისი მომხრეც პრაქტიკულად ყველაა, არამედ ეროვნული იდენტობის შემადგენელზე.

ერთგვარი პარადოქსი კი ისაა, რომ ბევრი სწორედ ტრადიციულ ქართულ იდენტობაში ხედავს პრორუსულობის საფრთხეს და რამდენადაც ამ ტრადიციულ იდენტობაზე რუსულმა კულტურამაც იქონია გარკვეული ზეგავლენა, ლამის დოსტოევსკის წაკითხვაზეც უარს ამბობს. არადა ეს კუტურული ზეგავლენა, განსაკუთრებით რუსული პოპკულტურის ზეგავლენა, თავისი არსით ზედაპირულია და ახლოსაც ვერ მივა იმ სიღრმისეულ შემადგენელთან, რაც ყოველ ქართველს ბავშვობიდანვე „ცხოველად სულს დააჩნდების“.

ჩემი ღრმა რწმენით, სწორად ამიტომაა ჩვენი ქვეყანა ერთგვარად განწირული ევროინტეგრაციისთვის. ეს განსაზღვრულია არა მხოლოდ ქართული კულტურის შინაარსით (ამაზე ადრეც არაერთხელ დაწერილა), არა მხოლოდ პოლიტიკური კლასისა და პოლიტიკოსების არჩევანით, არამედ, არც მეტი არც ნაკლები, ქართული ნაციონალური იდენტობით. ამ იდენტობის იმგვარად გარდაქმნა, რომ იქიდან ამოაგდო ილია ჭავჭავაძის „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“ ან ვაჟა-ფშაველას „არწივი“, პრინციპულად შეუძლებელია და თუ ამას დავუმატებთ, რომ რუსეთიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აღიარებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ჩათვალეთ რომ პრორუსულ ორიენტაციას საქართველოში არანაირი პერსპექტივა არა აქვს.

90-იანი წლების პირველ ნახევარში საქართველოში კიდევ იყო ორიენტაციაზე კამათი, მაგრამ იქ პრორუსული ორიენტაციის მომხრეები გამოდიოდნენ უფრო პროდასავლური ორიენტაციის გატარების შეუძლებლობის პოზიციიდან და დათვისა და ბაბაიას პრინციპით მოქმედებას გვთავაზობდნენ. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი ამბობდნენ, რომ რუსეთი ცუდია, მაგრამ დასავლეთი ჩვენ ვერ გვიცავს რუსეთისგან და ამიტომ უნდა ვეცადოთ თავის გადარჩენას. თავად რუსეთის ბოროტებას და დასავლეთის სიკეთეს ეს ხალხიც კი არ უარყოფდა.

მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ აშკარად ცხადყო, რომ დათვისა და ბაბაიას პრინციპიდან არაფერი სასიკეთო არ გამოდის და მას შემდეგ ასეთი დამოკიდებულება პოლიტიკური მეინსტრიმიდან გაქრა და მარგინალურ სიბრტყეში გადავიდა.

ასე რომ, საგარეო ორიენტაცია ქართულ რეალობაში არ არის მენტალობისა და კულტურული ორიენტაციის საკითხი, არამედ ეს წმინდა ტექნიკური საკითხია. აქ არსებითი ხასიათის კითხვაა არა „რა?“, არამედ „როდის?“ და „როგორ?“.

და ეს ასე იყო, ასე არის და ასე იქნება ნებისმიერი ხელისუფლების დროს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სანამ ჩვენ ქართველები ვართ, სხვანაირად შეუძლებელია. ოღონდ მართლა.

 

დავით ზურაბიშვილი

Weekend

 

24 საათი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016