reportiori.ge - ღალატი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:38
პრეს-დაიჯესტი
ღალატი
ავტორი:
28 მარტი, 2014. 23:21



კობა არაბულის ნაამბობიდან:_ ბარისახოს სკოლა-ინტერნატში ერთი მასწავლებელი გვყავდა. განათლებით ფილოსოფოსი იყო, უამრავი რამ ჰქონდა წაკითხული, თითქმის ყველა სფეროში ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა ჰქონდა, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ფრიად დაბნეული და უმწეო გახლდათ.
ერთხელ სანადიროდ წავიდა ეს ჩვენი ფილოსოფოსი მასწავლებელი, საღამოს კი უთოფოდ დაბრუნდა შინ.
_ სად დაკარგე, კაცო, თოფი? _ ჰკითხეს გაკვირვებ
ულმა თანასოფლელებმა.
_ მე თოფი არ დამიკარგია, _ იწყინა მასწავლებელმა, _ თოფი კი არა, ის ხე დავკარგე, რომლის ტოტზეც თოფი ჩამოვკიდეო.
პოლიტიკურ ჭიუხებში სანადიროდ გაჭრილი ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი, კობას ფილოსოფოსი მასწავლებლისგან განხვავებით, შინ ფრიად შთამბეჭდავი ნანადირევით, პრეზიდენტის გვირგვინით, თავდამშვენებული დაბრუნდა, თუმცა სანადიროდ წასულს თოფი საერთოდ არ ჰქონია...


არის თუ არა დანაშაული, 
როცა ადამიანს ენდობი?


ოტია პაჭკორიას აქვს ერთი დოკუმენტური მოთხრობა `მოყვასი ჩემი~, რომელშიც დიდი ოსტატობით არის გადმოცემული ტრაგიკული ხვედრი კაცისა, რომელმაც ერთადერთი `დანაშაული~ ჩაიდინა: _ ადამიანს ენდო! ხოლო იმ ადამიანს, რომელსაც ლევ სოფიანიდი ენდო, ისეთი ნათელი თვალები და ისეთი პატიოსანი ღიმილი ჰქონდა, არ შეიძლებოდა მის მიმართ ნდობით არ გამსჭვალულიყავი.
თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ სათნო ღიმილს, ამ მიამიტურ გამოხედვას, ამ გასხივოსნებულ თვალებს, ამ პატიოსნებას არ ჰქონდა შინაარსი, არ ჰქონდა ეთიკური სარჩული.
ლევ სოფიანიდი, არისტოკრატი და ფილოსოფოსი, მწიგნობარი და პოეტი, კაცი აღსავსე სიკეთით და წესიერებით, დააპატიმრეს.
ბრალდების მთავარი მოტივი ეს იყო: _ რატომ ენდეო ადამიანს?
სწორედ ამას ჩაუთვლიან დანაშაულად ადამიანს, რომლისთვისაც ადამიანის ნდობის გარეშე სიცოცხლეს აზრი არ აქვს.
ენდობი ადამიანს, ნიშნავს, რომ გიყვარს იგი. `სიყვარული კი სიცოცხლეა, ყველაფერი, რასაც მე ვიგებ, ვიგებ მხოლოდ იმიტომ, რომ მიყვარს. ყველაფერი არის, ყველაფერი არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ მიყვარს!~ _ ამბობს ანდრეი ბოლკონსკი. გიყვარს, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ენდობი და რადგან ენდობი, ე. ი. გწამს მისი და მის მაგივრადაც იღებ პასუხისმგებლობას.
თუმცა ხანდახან ეჭვქვეშ დგება სიყვარულის და სიკეთის ყოვლისშემძლეობა და ამის მიზეზი ადამიანის მრავალ ცუდ თვისებათაგან ყველაზე ცუდი თვისება _ უმადურობაა.
ბიძინა ივანიშვილს ერთადერთი `დანაშაული~ აქვს ჩადენილი _ ის ადამიანს ენდო, მან კი ეს ნდობა ვერ გაამართლა, უფრო ზუსტად, მარგველაშვილი ვერ მიხვდა, რა უზარმაზარ პასუხისმგებლობას გაკისრებენ, როცა ნდობას გიცხადებენ.
ზოგიერთებს, ვისაც ადამიანის ხასიათის თავისებურებებში ღრმად წვდომის უნარი არ აქვთ, შეიძლება ეგონოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი, ხშირ შემთხვევაში, ზედმეტად მიამიტურად ეკიდება ადამიანებთან ურთიერთობის უაღრესად სერიოზულ და რთულ საკითხს და მეგობრებს და თანამებრძოლებს ისე ირჩევს, რომ სათანადოდ არ სწავლობს და არ იკვლევს მათ პიროვნულ თვისებებს.
სინამდვილეში ეს სულაც არ არის ასე...
ბიძინა ივანიშვილი, როცა ვიღაცას ერთი შეხედვით ზედმეტად აქებს და მის პიროვნულ თვისებებზე აღმატებულ ხარისხში ლაპარაკობს, იმიტომ კი არ აკეთებს ამას, რომ ბოლომდე არ იცის, სინამდვილეში ვინ არის ესა თუ ის ადამიანი, არამედ იმიტომ, რომ ქების სიტყვებით ერთგვარ სამოქმედო პროგრამას აძლევს მას და ირიბად მიანიშნებს, როგორი უნდა იყოს ის, როგორ უნდა მოიქცეს, როგორ უნდა იღვაწოს და იმოქმედოს.
ქების სიტყვები ეს ავანსია, სიკეთის ქმნისთვის წახალისება და წაქეზებაა და არა მავანის კაიკაცობის დამადასტურებელი მოწმობა თუ სიგელი.
ცოტა წინ თუ წავიწევთ, ივანიშვილის მიერ არჩეული ადამიანებთან ურთიერთობის ეს ფორმა, ფაქტობრივად, კონცეფციაა, რომელიც თავისი არსით ღრმად ქრისტიანული და ღრმად ჰუმანურია.
ბიძინა ივანიშვილს ძალიან უყვარს ადამიანები და, აქედან გამომდინარე, ენდობა მათ, რადგან უნდობლობა უპატივცემულობა და უსიყვარულობაა.

თვალთმაქცის 
მეთამორფოზა

ვფიქრობ, გიორგი მარგველაშვილს გულწრფელად არასოდეს ჰყვარებია ბიძინა ივანიშვილი, თუმცა სიყვარულს და ერთგულებას საჯაროდ ეფიცებოდა.
ვფიქრობ, გიორგი მარგველაშვილი არასოდეს ყოფილა დიდი სიმპატიით განწყობილი არც ბიძინა ივანიშვილის და არც `ქართული ოცნების~ მიმართ, თუმცა ბიძინა ივანიშვილს და `ქართულ ოცნებასაც~ ხოტბა-დიდებას ასხამდა.
გიორგი მარგველაშვილი, უბრალოდ, თვალთმაქცობდა და ბიძინა ივანიშვილის პერსონით უსაზღვროდ აღტაცებული და აღფრთოვანებული ადამიანის როლს შესაშური ოსტატობით ასრულებდა, ხოლო როცა მიზანს მიაღწია და პრეზიდენტობა გაინაღდა, ერთბაშად ჩამოიგლიჯა ნიღაბი და პუბლიკის წინაშე თავისი ნამდვილი სახით წარსდგა.
_ ამ ხნის კაცი ვარ და არ მინახავს, არ მსმენია, ორ-სამ თვეში ადამიანი ასე შეცვლილიყოსო, _ ბრძანა ბატონმა ბიძინამ.
ცდება ბატონი ბიძინა _ `თავისუფლების ინსტიტუტის~ წიაღიდან ამოზრდილი მარგველაშვილი კი არ შეცვლილა, დროებით იცვალა ფერი, ახლა კი თავის ნაჭუჭს, თავის ნამდვილ სახეს და თავის იდეოლოგიურ საძმოს დაუბრუნდა.
ბატონ ბიძინასთან ერთად ბევრს გაუკვირდა, ასე დემონსტრაციულად როგორ ამიუყენა გვერდით ვანო მაჭავარიანიო, თუმცა გასაკვირი აქ არაფერია _ ის არასოდეს წასულა შორს ვანო მაჭავარიანისგან, გიგა ბოკერიასგან, ლევან რამიშვილისგან და, საერთოდ, იმ `ნაციონალური~ ჯოგისგან, სადაც ზოგიერთს ჟვანიას საფირმო დამღა ჰქონდა დაკრული, ზოგს ბურჯანაძის, ზოგს _ სააკაშვილის, მაგრამ მთლიანობაში ეს იყო და არის ერთი პოლიტიკური ჯოგი, ერთი ზნით, ერთი ხასიათით, ერთი ინსტინქტებით შეკრული.
გიორგი მარგველაშვილის `შემოქმედებას~ თუ გადავავლებთ თვალს, ადვილად დავრწმუნდებით, რომ ის არასდროს არ ყოფილა დიდი წარმოდგენისა ქართველ ხალხზე, უფრო მეტიც, მას არ მოსწონს და არ უყვარს ქართველი ხალხი, რადგან ინტუიტურად გრძნობს, რომ არც ქართველ ხალხს უყვარს იგი, ისე, როგორც არ უყვარს და არ მოსწონს მისი იდეოლოგიური საძმოს სხვა წევრები.
ეს ორმხრივი უსიყვარულობა შესანიშნავად ჩანდა იმ მიტინგებზე, სადაც მარგველაშვილი ვერა და ვერ ახერხებდა კონტაქტის დამყარებას აუდიტორიასთან და ამ უხერხული სიტუაციის გადაფარვას ყალბი პათეტიკით ცდილობდა.


გახდება თუ არა 
გიორგი 
მარგველაშვილი 
სააკაშვილი #2?

მარგველაშვილი ნაწილობრივ უკვე გახდა სააკაშვილი #2, როცა მის მიერვე არაერთგზის კატეგორიული ტონით გაკეთებულ განცხადებებს მიაფურთხა და ავლაბრის რეზიდენციაში შევიდა, რითაც სააკაშვილს გაურკვეველი წარმოშობის ფულით აშენებული ეს `შენობა~ გაუპრავა.
შევიდაო კი ვთქვით, მაგრამ მარგველაშვილი ამ სასახლეში, როგორც თავად უწოდა, ბოროტებისა და გარყვნილების ამ ბუნაგში, კი არ შევიდა, შეიპარა. რითაც ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ აიგდო აბუჩად, სამაგიეროდ, `ნაციონალების~ დაჟინებული მოთხოვნა შეასრულა და მათი გულები გაახარა.
გიორგი მარგველაშვილი ამ ნაბიჯით, ფაქტობრივად, ღალატის გზას დაადგა და ამიერიდან ის ამ გზიდან ვერც გადაუხვევს _ უნდა მას ეს თუ არ უნდა, იძულებული გახდება ბოლომდე გაჰყვეს ამ გზას და ფინალამდე მივიდეს, სადაც არავინ იცის, რა ელოდება მას.
მარგველაშვილი შეეცდება გაიმეოროს სააკაშვილის ტრიუკი _ თან იპრეზიდენტოს და თან ოპოზიციაშიც იყოს და იმ გუნდს დაუპირისპირდეს, რომელმაც ის ხელისუფლებაში მოიყვანა.
ყოფილ თანაგუნდელებთან დაპირისპირება არის ის ერთადერთი საშუალება, რითაც მარგველაშვილი გუშინდელი ოპონენტებთან დამოყვრებას შეძლებს და მათთან პოლიტიკური კავშირების განმტკიცებით და გაფართოებით ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძოლებს.
მარგველაშვილს ერთი ნაბიჯიღა დარჩა `ნაციონალების~ ბანაკში გადასაბარგებლად და ის ამ ნაბიჯს აუცილებლად გადადგამს, თუმცა `ნაციონალების~ ბანაკის გარდა ის სხვა ოპოზიციური ძალების და არასამთავრობო ორგანიზაციების ბანაკებშიც დაიდგამს პატარ-პატარა კარვებს.
არ არის გამორიცხული, მარგველაშვილს სერიოზული მხარდამჭერები გამოუჩნდეს ე. წ. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც.
ყოველივე ეს ერთ პოლიტიკურ გაერთიანებად თუ შეიკვრება, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში `ქართული ოცნების~ საპირწონედ შეიძლება გაჩნდეს ისეთი დესტრუქციული ძალა, რომელიც მდგომარეობის დესტაბილიზაციას და პოლიტიკურ კრიზისს შეუწყობს ხელს.
გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნისთვის სახიფათო თამაში წამოიწყო და ეს მან ბიძინა ივანიშვილის მიერ ბოლო დროს გაჟღერებულ განცხადებამდე გაცილებით ადრე, ფაქტობრივად, საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრებისთანავე გააკეთა.
ასე რომ, ნურავინ შეეცდება ივანიშვილის მიერ გულწრფელად და პატიოსნად გამოთქმული შეფასება გიორგი მარგველაშვილის საეჭვო მეტამორფოზის შესახებ, განხეთქილების მაპროვოცირებელ ფაქტორად გამოაცხადოს.
ბიძინა ივანიშვილი ვალდებული იყო ქართველი ხალხისთვის პატიოსნად ეთქვა სიმართლე და მან ეს ვალდებულება მისთვის ჩვეული სიმამაცით პირნათლად შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, უხერხული კითხვები მისი მისამართითაც გაჩნდებოდა...

საბედისწერო 
18 მარტი

რა გამოსავალი არსებობს შექმნილი სიტუაციიდან?
ზოგიერთების აზრით, გამოსავალი უთანხმოების კონსერვაციასა და პრობლემის მიფუჩეჩებაშია.
ისინი ფიქრობენ, რომ თუ ეს გაკეთდება, გიორგი მარგველაშვილი თანდათან მოჭკვიანდება და არსებული უთანხმოება დაპირისპირებაში არ გადაიზრდება.
ვფიქრობთ, ამგვარი ტაქტიკის არჩევა სერიოზული შეცდომაა, რადგან თუ ვინმეს აძლევს ხელს დროის გაწელვა, ეს, პირველ ყოვლისა, გიორგი მარგველაშვილია, რომელსაც მომავალი პარტნიორების და თანამებრძოლების შემოსაკრებად ჰაერივით სჭირდება დრო.
და თუ მას ეს დრო მიეცა, მარგველაშვილი სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის როგორც `ქართულ ოცნებას~, ასევე ქართულ სახელმწიფოსაც.
მარგველაშვილის მისამართით უკვე დაიწყო გულთბილი მესიჯების გაგზავნა `ნაცმოძრაობამ~, ხოლო ზოგიერთი ნაცელი `დაჩაგრული~ მარგველაშვილის ქომაგად და ადვოკატად მოგვევლინა.
მარგველაშვილთან საერთო ენის გამონახვა არც მის ყოფილ შეფინიას ნინო ბურჯანაძეს გაუჭირდება და თავის ახლად შეძენილ შვილობილებთან, `ქრისტიან-დემოკრატებთან~ ერთად, ალბათ, ისიც შეეცდება ოპოზიციაში გადასული მარგველაშვილი თავის თანამზრახველად გაიხადოს და მასთან მეგობრობის საიდუმლო კავშირით შეკავშირდეს.
არც ის არის გამორიცხული, მარგველაშვილის `ქართული ოცნებისგან~ დისტანცირებამ შევარდანაძის დროინდელ პოლიტიკურ ელიტასაც გაუხსნას მეორე თუ მესამე სუნთქვა და სააკაშვილის მიერ პოლიტიკურ კანალიზაციაში ჩარეცხილები კვლავ ამოტივტივდნენ ზედაპირზე.
სხვათა შორის, თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, ძველი `მოქკავშირული~ გვარდია სულაც არ აპირებს პოლიტიკურ პენსიაზე გასვლას და იმ `ტკბილ~ და `კეთილ~ დროში ნაშოვნი უზარმაზარი ფულით აქტიურად ემზადება ასპარეზზე დასაბრუნებლად.
ეს ძალა შესაფერის დროს და მომენტს ელოდება, რომ ნაწილობრივ მაინც უკან დაიბრუნოს დაკარგული ძალაუფლება და მიზნის მისაღწევად სწორედ მარგველაშვილის ფაქტორი გამოიყენოს.
მარგველაშვილისკენ უკვე აპარებს თვალს არასაპარლამენტო ოპოზიციაც, რომელიც ჯერჯერობით შორიდან ზვერავს სიტუაციას და როგორც ჩანს, იმ მომენტს უცდის, როცა მარგველაშვილსა და `ქართულ ოცნებას~ შორის საბოლოოდ გაფორმდება `განქორწინების აქტი~.
არც ის დავივიწყოთ, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს, მიუხედავად შეკვეცილი უფლებებისა, საკმაოდ ბევრი ისეთი ბერკეტი აქვს, რომლითაც პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედება შეუძლია.
ეჭვს არ იწვევს, რომ გიორგი მარგველაშვილი ახლო ხანებში დამოუკიდებელ თამაშს დაიწყებს და შეეცდება ისეთ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბდეს, რომლის გარშემოც თანდათან შემოეწყობიან ის ძალები, რომლებმაც `ქართული ოცნების~ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საკუთარი ადგილი ვერ იპოვეს `ოცნების~ ქოლგის ქვეშ.
ასე რომ, მარგველაშვილის ნაადრევი ხელმეორე დაბადება არც ისე უწყინარი და უხიფათო ამბავია, როგორც ამას ზოგიერთები ხატავენ.
_ გიორგი მარგველაშვილი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტია და ამ ფაქტს ყველამ ანგარიში უნდა გაუწიოსო, _ თითს გვიქნევენ ვიღაც-ვიღაცები.
მე მგონი, მარგველაშვილს პრეზიდენტობის ვადა მაშინ ამოეწურა, როცა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მარგველაშვილმა მას იმედები გაუცრუა, რადგან სინამდვილეში ქართველ ხალხს გიორგი მარგველაშვილი არ აურჩევია როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური პერსონა _ მან ის ბიძინა ივანიშვილის თხოვნით და მისი რეკომენდაციით აირჩია. 
ეს რეკომენდაცია კი ბიძინა ივანიშვილმა 18 მარტს უკან გამოითხოვა.
გიორგი მარგველაშვილს ღირსების გრძნობა რომ ჰქონოდა, 18 მარტს თეა სიჭინავას პოლიტიკური თოქ-შოუს დამთავრებისთანავე უნდა გადამდგარიყო და პატიება ეთხოვა ქართველი ხალხისთვისაც, კოალიცია `ქართული ოცნებისთვისაც~ და, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილისთვისაც.
მან ეს არ გააკეთა და პრეზიდენტის პოსტზე დარჩენით დესტაბილიზაციას, მოსალოდნელ დაპირისპირებას, ქაოსს და პოლიტიკურ კრიზისს დაუდო სათავე.
არავინ იცის, ხვალ და ზეგ რას მოიმოქმედებს ავლაბრის რეზიდენციაში გამაგრებული მარგველაშვილი, რომელსაც ხონჩით მირთმეული პრეზიდენტობა, როგორც ჩანს, ძალიან მოეწონა.
უკვე ვთქვი, მარგველაშვილი 18 მარტს უნდა გადამდგარიყო.
მან ეს არ გააკეთა...
ახლა ჯერი ქართველ ხალხზეა, რომელიც შესანიშნავად ხვდება, თუ რა საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ამბიციური პიროვნება, რომლის ლეგიტიმურობის ვადა 18 მარტს დასრულდა...

 

ვახტანგ
ხარჩილავა


"საერთო გაზეთი"

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016