სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტძარში საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა,რომ „ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა ხალხმა დაივიწყა, რა არის ნამდვილი ფასეულობა, რას უნდა მივსდევდეთ".
„ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ცოდვა ცოდვად აღარ ითვლება, როცა პირიქით - სიკეთე უარყოფილია. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ადამიანი განსაკუთრებით ხედავს სხვის ცოდვებს, განკითხვაშია და თავის ცოდვებს ვერ ხედავს", - ბრძანა პატრიარქმა.
ქადაგებისას ილია მეორემ წმინდა მამა იოანე კლემაქსის, კიბისაღმწერელის ხსენების დღეზეც ისაუბრა. მისი თქმით, სულიერი კიბე, ყოველი ადამიანის წინაშე დგას და ამ კიბეს აქვს ორი გზა, ერთი ზემოთ, მეორე ქვემოთ.
„ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც შესწევს ძალა, რომ იაროს მაღლა. უპირველეს ყოვლისა ადამიანს უნდა გააჩნდეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, სიყვარული, სიხარული და ვისაც აქვს ჭეშმარიტი სარწმუნეობა, ღმერთი აძლევს მრავალ სიკეთეს", - განაცხადა ილია მეორემ.
დიდმარხვის მეოთხე კვირიაკეს, დღეს ტაძრებში წმინდა მამის, იოანე კლემაქსის, კიბისაღმწერელის ხსენება აღინიშნება. დიდმარხვა 3 მარტს დაიწყო და 20 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.