2014 წლის 1-ლი აპრილიდან შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე აქტიურდება დეკლარირების სპეციალური ფორმა, რომლის შევსებითაც იწყება დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცედურა.
დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად მოქალაქე, შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge განთავსებულ შესაბამის ფორმაში, მხოლოდ პირადი ნომრისა და საკუთარი საბანკო რეკვიზიტის მითითებით, შეავსებს ელექტრონულ დეკლარაციას და აქვე მიიღებს ინფორმაციას მისთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობის შესახებ.
დეკლარაციის შესავსებად მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ მიმართონ შემდეგ ბანკებს: სს ბანკი „რესპუბლიკა“; სს „პრივატბანკი“; სს „თიბისი ბანკი“; სს „საქართველოს ბანკი“; სს „ლიბერთი ბანკი“; სს „ბაზისბანკი“; სს „ქართუ ბანკი“; სს „კორსტანდარტ ბანკი“; სს „ბანკი კონსტანტა“; სს „ფინკა ბანკი საქართველო“. აღნიშნულ ბანკებთან გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, დეკლარაციებს საგადასახადო ორგანოში ბანკი თავად წარადგენს.
ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში, მოქალაქეს, მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაერიცხება დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა.
თუ 2013 წელს ხელფასის სახით მოქალაქეს დარიცხული აქვს 6000 ლარი (ანუ „ხელზე“ წლის განმავლობაში აღებული აქვს 4800 ლარი), სახელმწიფო უკან დაუბრუნებს 360 ლარს (ანუ დაუბეგრავი მინიმუმის - 1800 ლარის - 20 პროცენტს) თუ მოქალაქეს ერიცხება 1800 ლარზე ნაკლები, მაშინ უკან დაიბრუნებს იმ თანხის 20%-ს, რაც წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიიღო.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)