reportiori.ge - ბიზნესმენები საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე კონსულტაციებს ითხოვენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 06:06
ეკონომიკა
ბიზნესმენები საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე კონსულტაციებს ითხოვენ
31 მარტი, 2014. 19:51



საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების გარშემო ბიზნესთან დამატებითი კონსულტაციების საჭიროებას ხედავს

 

"კანონის პროექტის "საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ", რომლის მიხედვითაც უქმდება იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესი პარლამენტში უკვე მესამე მოსმენით მისაღებადაა მზად, თუმცა ბიზნეს ასოციაციის აზრით, ამ ცვლილების განხორციელება ბიზნესთან კონსულტაციის და მოსალოდნელი შედეგის კარგად გაანალიზების გარეშე, მიზანშეუწონელია", - აცხადებენ ბიზნეს ასოციაციაში.

 

მათივე განმარტებით, გარდა იმისა, რომ ცვლილება დიდწილად უარყოფითად იმოქმედებს ზოგადად ბიზნეს გარემოზე, სავარაუდოდ ის ვერც მისი მიღების შემთხვევაში დეკლარირებულ მიზნებს მოემსახურება შემდეგი გარემოებების გამო:

 

"კანონპროექტის არსი ერთი შეხედვით საგადასახადო კოდექსით დღეს დადგენილი იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესის გაუქმება და შესაბამისად ამის გამო შექმნილი "არაკონკურენტული" გარემოს აღმოფხვრაა იმ კომპანიების მიმართ, რომელთაც მცირე ბრუნვა გააჩნიათ ან პროდუქციას აწარმოებენ საქართველოში; თუმცა ყურადღების მიღმაა დარჩენილი ის გარემოება, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადი არ არის მეწარმეთა, ამ შემთხვევაში იმპორტიორთა ან მწარმოებელთა გადასახადი, არამედ ეს გახლავთ საბოლოო მომხმარებლის გადასახადი, რომლის გადახდა ხდება შესაბამისი პროდუქციის შეძენისას. აქედან გამომდინარე, როდესაც მეწარმე ვალდებული იქნება დღგ გადაიხადოს საქონლის მიერ ეკონომიური საზღვრის გადმოკვეთისას, ფაქტიურად მას წინასწარ ანუ ავანსად ვახდევინებთ გადასახადს", - განმარტავენ ბიზნეს ასოციაციაში.

 

ასოციაციის ინფორმაციით, დღეს არსებული მდგომარეობით იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესით სარგებლობს ის საწარმო, რომელიც წელიწადში იხდის 200 ათას ლარზე მეტ დღგ-. ანუ ყველა ის მეწარმე რომლის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს დაახლოებით 1.1 მლნ ლარზე მეტს.

 

"ფაქტობრივად, ძნელია ასეთ საწარმოებს დაარქვა მსხვილი, უფრო მეტიც, ეს ბრუნვა საუკეთესო შემთხვევაში შეესაბამება საშუალო ზომის საწარმოების ქვედა ზღვარს. დღეს არსებული შეღავათის გაუქმება ვერაფერში დაეხმარება წვრილ საწარმოებს, რადგან მათ ისევ ძველებურად მოუწევთ ბიუჯეტთან ანგარშსწორება, საშუალო და მსხვილ იმპორტიორებს კი ნამდვილად დააზარალებს და გაუზრდის ხარჯებს, რაც დაკავშირებულია დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზებასთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა დღემდე ბიზნესისათვის ერთერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება. ბიზნესის აზრით, ამ გადაწყვეტილების ალტერნატივად შესაძლოა, განხილულ იქნეს იმპორტის დაბეგვრის სპეციალური წესის გავრცელება დღგ-ის ყველა გადამხდელზე, რაც, ერთი მხრივ, მცირე იმპორტიორებს გაუადვილებს ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას, მეორე მხრივ კი, მომხმარებელს დაიცავს იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასის ზრდისაგან", - აღნიშნავენ ასოციაციაში.

 

ბიზნეს ასოციაციის აზრით, ადგილობრივი წარმოების ხეშეწყობა მხოლოდ მისასალმებელია, თუმცა საეჭვოა თუ რამდენად შეუწყობს ხელს იმპორტის დაბეგვრის სპეციალური წესის გაუქმება ადგილობრივ წარმოებას და შეუწყობს თუ არა საერთოდ, რადგან თავად ქართველი მწარმოებლებიც არცთუ იშვიათად იმპორტირებულ ნედლეულზე არიან დამოკიდებულები.

 

"ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, იმპორტის შეზღუდვა გრძელვადიან პერსპექტივაში გაცილებით მეტად აზარალებს მომხმარებელს, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა კი ბევრად მნიშვნელოვან, გრძელვადიან სტრატეგიულ მიდგომას მოითხოვს, რაც დამყარებული უნდა იყოს შესაბამის მონაცემებზე და ანალიზზე.

 

საგადასახადო კოდექსში ზემოაღნიშნული ცვლილებების განხორციელების პროცესში, ბიზნეს ასოციაცის აზრით, რჩება განცდა, რომ სრულად არ ყოფილა გაანალიზებული მოსალოდნელი ეფექტები და გავლენა ბიზნესგარემოზე, რომელზედაც ნებისმიერი ცვლილება, საგადასახადო ტვირთის პირდაპირი ან არაპირდაპირი დამძიმების სახით, ნეგატიურად აისახება", - აცხადებენ ბიზნეს ასოციაციაში.

 

აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ პარლამენტის თავმჯდომარესთან ბიზნესმენების შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა სწორედ ის საკანონმდებლო პროცესი იყო, რომელიც ცვლის ან გავლენას ახდენს ბიზნეს გარემოზე. ბიზნეს ასოციაციის შეხედულებით, ეკონომიკასთან და ბიზნესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივის მიღება, მით უმეტეს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებებისა, არ უნდა ხორციელდებოდეს ბიზნესსაზოგადოებებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან დეტალური განხილვის და შესაბამისი არგუმენტების ანალიზის გარეშე.

 

 

"ბუნებრივია, რომ ბიზნესის შეხედულებები და არგუმენტები ამა თუ იმ საკითხზე ყოველთვის ვერ იქნება თანხვედრაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პოზიციასთან, თუმცა თავად განხილვის, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაციისა და კონსტრუქციული, საგნობრივი ოპონირების პროცესი, საბოლოო გადაწყვეტილების ხარისხზე ყოველთვის დადებით გავლენას იქონიებს", - განმარტავენ ბიზნეს ასოციაციაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016