reportiori.ge - ორიოდე შეკითხვა ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლ „პირველ მედროშეებს“!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:36
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ორიოდე შეკითხვა ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლ „პირველ მედროშეებს“!
ავტორი: ანა ნოდია
03 აპრილი, 2014. 14:07

რამდენიმე დღეა ყბადაღებულ თემად იქცა დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის სამწუხარო ფაქტი. ვინ აღარ გამოეხმაურა აღნიშნულ ამბავს - რიგითი მოქალაქეები, ექსპერტები, უფლებადამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციები, არასაპარლამენტო ოპოზიცია, საპარლამენტო უმრავლესობა და, რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმცირესობის თითქმის ყველა ლიდერი! შესაშური ერთსულოვნებაა! ასევე, შესაშური დამთხვევა შეფასებებშიც! გამოხატვის ფორმებიც საინტერესოა. ინდივიდუალური, დუეტები, ტრიო... კოლექტიური ხელისმოწერებით...


მაგალითად, ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთად გადაწყვიტა აღნიშნული ფაქტის დაგმობა და სასწრაფოდ განცხადება გაავრცელა - "არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ შემთხვევის გამო და დაუშვებლად მივიჩნევთ ძალადობას ნებისმიერი ადამიანის მიმართ. აქვე განვმარტავთ, რომ პარლამენტის წევრის პირადი დაცვისა და უფლებამოსილების შეუფერხებლად განხოციელების უზრუნველყოფის კონსტიტუციური ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება!" - აღარ გავაგრძელებ „პროსტინა" განცხადების მკითხველისთვის გაცნობას.


ის, რომ ნუგზარ წიკლაური სცემა 8 ნიღბიანმა, თანაც სასტიკად, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. აღმაშფოთებელი და უყოყმანოდ დასაგმობი ფაქტია! მეც გულწრფელად ვუერთდები პროტესტს, ვგმობ ძალადობას და ვამხნევებ გალახულ დეპუტატს, მაგრამ... აი, სწორედ ეს "მაგრამ" მაიძულებს გაგიზიაროთ ის გულისტკენა, რომელიც პროტესტის გაზიარების პარალელურად გამოიწვია "შეშფოთებული" ოპოზიციონერი პარლამენტარებისა და მათზე უფრო "შეწუხებულ-აღელვებული" არასამთავრობო აქტივისტების ერთსულოვნებამ. მიზეზი ამ გულისტკენისა გახლავთ ორმაგი სტანდარტი, რომლითაც, სამწუხაროდ, პოლიტიკოსებისა და "ენჯეოშნიკების" ეს ფრთა უდგება ასეთ სამარცხვინო ფაქტებს თუ მოვლენებს.


ვიმედოვნებ, მათ, ისევე როგორც მთელ საქართველოს ახსოვს 2007 წლის 7 ნოემბერი. მაშინ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კობა დავითაშვილი სასტიკად სცემეს და, პრაქტიკულად, სასიკვდილოდ გაიმეტეს. რამდენიმე დღის განმავლობაში მის კვალს ვერავინ მიაკვლია და საბოლოოდ გორის ერთ-ერთ საავადმყოფოში "აღმოაჩინეს" ჟურნალისტებმა. როგორც მაშინ მედია წერდა, „სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, კობა დავითაშვილი ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს, რომელიც მოგვიანებით სასტიკად ნაცემი საავდმყოფოში იქნა გადაყვანილი. მას ტვინის შერყევა ჰქონდა მიღებული".


ამ ინფორმაციას მაშინ აქვეყნებდა ყველა გაზეთი, გადასცემდა ყველა ტელევიზია და რადიო, ანუ, საიდუმლო არავისთვის არ ყოფილა... ჰოდა, სწორედ ეს არის ის „მაგრამ" რის გამოც საჯაროდ ვეკითხები საპარლამენტო ოპოზიციას- მაშინდელ მმართველ პოლიტიკურ ძალას და პარლამენტის აბსოლუტურ უმრავლესობას, ანუ „ნაციონალურ მოძრაობას":  ხომ ვერ შემახსენებდით, დავითაშვილის სასიკვდილო გამეტებასთან დაკავშირებული თქვენი საჯარო აღშფოთების, ამ ძალადობის დაგმობის, იმ დროს კოლეგა-დეპუტატის და ადრინდელი აქტიური თანამებრძოლის მხეცური ცემით გამოწვეული გულისტკივილის საქვეყნოდ გამოთქმის ერთ, მხოლოდ ერთ ფაქტს? ასეთივე შეკითხვაზე მინდა გავეცნო პასუხს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც ახლა ერთსულოვან კოლექტიურ განცხადებებს აქვეყნებენ და კატეგორიული შეფასებებით ქვას ქვაზე არ ტოვებენ. ვერ მივიღებ დუმილის გამართლებას იმის გამო, რომ 7 ნოემბრის დარბევისას ყველა "გაილახა"! ჩვენ ყველაფერი გვახსოვს - სითბოც და სიცივეც! არ გვავიწყდება ადამიანური გულისტკივილისა და თანადგომის სულ ატარა გამონათება, ისევე, როგორც ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის დუჟმორეული მუქარა "სულის ამოხდის" თაობაზე... ისიც კარგად გვახსოვს, როცა ინგა გრიგოლიას გადაცემაში დალილავებულ-დასახიჩრებული კობა დავითაშვილი თხოვდა პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს გამოხმაურებოდა და სამართლებრივი შეფასება გაეკეთებინა ამ "ინციდენტისთვის"...


ეგებ მე დამავიწყდა და თუ ვინმეს გახსოვთ, ეგებ, შემახსენოთ: ბატონმა დავით ბაქრაძემ, მაშინდელმა პარლამენტის თავკაცმა ერთი სიტყვა მაინც თუ დაძრა ხუთი შვილის მამის გასამხნევებლად, მოძალადეთა დასაგმობ-შესარცხვენად და თუ მოითხოვა სამართალდამცავებისგან ამ ბარბაროსული ფაქტის გამოძიება, დამნაშავეთა გამოვლენა და კანონის შესაბამისად მათი დასჯა? 

 

იქნებ დეპუტატვალერი გელაშვილი გაიხსენოთ, რომელსაც დღისით, მზისით, ქალაქის ცენტრში ღიად, მოურიდებლად, ცინიკურად და უკმაყოფილო მოსახლეობის დასანახად და აშკარად დასაშინებლად, მხეცურად გაუსწორდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმი?!


და ახლა, როცა პრემიერ მინისტრმა ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე არამარტო დაგმო ეს ბარბაროსობა, პირად კონტროლზეც აიყვანა ამაზრზენი ფაქტის გამოძიება, როცა პარლამენტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრებმა ასევე ცალსახად გამოხატეს პოზიცია, ბუნებრივად გვიჩნდება შეკითხვა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად მოვლენილი "პირველი მედროშეებისადმი": ადამიანის უფლებების აღიარებულ ფასეულობებში, კანონის მოთხოვნებში 2007 წლის შემდეგ პრინციპულად შეიცვალა რამე ისეთი, რომელიც მაშინ თქვენგან დუმილს მოითხოვდა და ახლა კი რისხვას? რატომ არის ქილიკის, გადაბრალების, უაპელაციო მინიშნებებისა და ვარაუდების მისამართი მაინცდამაინც მოქმედი ხელისუფლება და არა... მავანი, ვინც თავს შეურაცხყოფილად გრძნობს "ნაცემი" თუ მისი მსგავსი კოლეგების ზღვარგადასული უზნეო განცხადებებით, ან, თუნდაც, თავად "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც მსგავსი პროვოკაციებისა და "გვამების მოთხოვნის" მდიდარი პრაქტიკა აქვს?


სამწუხაროდ, ილუზიებისგან თავისუფლები ვართ და არ ველით ამ ჩვენს რეპლიკაზე "ნაცმოძრაობის" ლიდერთა, ან არასამთავრობო ორგანიზაციების თავკაცთა სინანულით აღსავსე პასუხებს, მაგრამ ჩვენს შეკითხვას ამჯერად კონკრეტული მისამართი აქვს:


ბატონი დავით ბაქრაძე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, საპარლამენტო ოპოზიციის ფაქტიური ლიდერი! და კიდევ უფრო დავაზუსტებთ ჩვენს თხოვნა-შეკითხვას: არ გეჩვენებათ, რომ კობა დავითაშვილის, ვალერი გელაშვილისა და ნუგზარ წიკლაურის შემთხვევებში ნაცმოძრაობის ლიდერთა და პირადად თქვენი მხრიდან ადგილი ჰქონდა "ორმაგი სტანდარტის" გამოვლინებას? 

 

ბატონი ბაქრაძის მისამართით კითხვას საჯაროდ ვსვამ, რადგან ის პრინციპულად თავს არიდებს "რეპორტიორთან" ურთიერთობას. 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016