რუსეთის სამხედროების მიერ ოკუპირებული ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ შამგონაში გატაცებული სამი ადგილობრივი მცხოვრების ადგილსამყოფლის შესახებ ოჯახის წევრები ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობენ.
მამუკა ბერია, სულხან და მურად წყაროზიები მდინარე ენგურზე თევზაობისას გუშინ, 2 აპრილს, დააკავეს. სოფლის მკვიდრნი და დაკავებულთა ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან ჩაწერაზე უარს აცხადებენ, პირად საუბარში კი ჰყვებიან, რომ უბნიდან, სადაც სამი თანასოფლელი თევზაობდა, შემოესმათ ყვირილი, „გვიჭერენ, გვიჭერენო", ადგილზე მისულებს კი იქ უკვე არავინ დახვდათ. ახლობლები ვარაუდობენ, რომ რუსეთის სამხედროებმა სამივე მამაკაცი თავდაპირველად ფიჩორის სამხედრო ბაზაზე მიიყვანეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აცხადებენ, რომ დაკავებულთა შესახებ მხოლოდ გავრცელებულ ინფორმაციას ფლობენ. უწყების სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ოთარ გოგოხიას განცხადებით, ზუგდიდის სოფელ ფიჩორში მომხდარის მოკვლევა მის კომპეტენციაში არ შედის: „ზოგადად ვიცი, რომ დააკავეს სამი კაცი. ვიცი მათი სახელები და გვარები, მაგრამ ესენი ჩემი ხალხი არ არის და ამიტომ არ ჩავრეულვარ. ეს ჩვენ არ გვეხება, შამგონა ჩვენი არ არის და ამიტომაც არ ვართ ამაში ჩართული".
სოფელი შამგონა ოკუპირებულ ნაბაკევს და თაგილონს ესაზღვრება. სოფლებს ერთმანეთისგან მდინარე ენგური და რუსეთის სამხედროების მიერ გათხრილი ე.წ. სასაზღვრო ზოლი ყოფს. შამგონაში რუსეთის სამხედროების მიერ ადგილობრივთა დაკავების შემთხვევები იშვიათი არ არის. მოსახლეობის თქმით, ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით სოფლელებს სწორედ თევზაობისას ან ფიჩხის შეგროვებისას აკავებენ.