მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, მინისტრები „ძალიან კარგ" და „კარგ მინისტრებად" მყავს შეფასებულიო, ხოლო მოქმედმა პრემიერმა, ბატონმა ღარიბაშვილმა სიტყვად მიადევნა, „შეუცვლელი არავინააო", სასწრაფოდ გავარდა ხმა, რომ 19 მინისტრიდან ოთხი მინისტრი: თამარ სანიკიძე, გურამ ოდიშარია, მაია ფანჯიკიძე და ირაკლი ალასანია დაკავებულ თანამდებობას დატოვებენ. სანიკიძისა და ოდიშარიას შემდგომი ბედი თანამდებობრივი თვალსაზრისით, უცნობია, მაგრამ ფანჯიკიძე ალასანიათი ჩანაცვლდება, თვით ფანჯიკიძეს კი რომელიმე ქვეყნის ელჩად გაუშვებენო.
შენი მუხლების ჭირიმე, პრემიერო, „ხარისხიანი ქართველი, ირაკლი ალასანია", უმუშევარი არ დამიტოვო შარაზე!
ბატონო პრემიერო, გწერთ ერთი ვინმე, უხარისხო ქართველი (ბრჭყალების გარეშე). არ ვიცით, რატომ, მაგრამ ბატონი ალასანიასგან ეს „თიკუნი" ყველა ჩვენგანს ერგო, მათ ვინც იმ ავად სახსენებელ 26 მაისს სააკაშვილის ბრძანებით შემოსეულმა ოფიციალური თუ არაოფიციალური ძალოვანი უწყების ყველა გულ-ტვინგაყინულმა მონამ დაგვარბია, გვცემა, გვაწამა, ციხეებში გამოგამწყვდია და მოგვკლა. ქართული არაკისა („ენით დაკოდილი") არ იყოს, იმათ ხომ შავი დღე გვაყარეს, ფიზიკურად გაგვისწორდნენ, მაგრამ სისხლით შენაღებ რუსთაველზე ჟურნალისტის გადამღები კამერის წინ ამაყად მდგარმა ირაკლი ალასანიამ ენით მოგვიღო ბოლო - ეგენი უხარისხო ქართველები იყვნენო...
ბატონო პრემიერო, რა ვქნათ ჩვენ, უხარისხოებმა, რა ქვას ვახალოთ თავი, როგორ მოვიშოროთ „უხარისხობა", როცა ხსენებულ „ხარისხიან ქართველს" ისეთი ბედი არგუნა ვიღაცამ, რომ რაგინდ იძირებოდეს, მაინც ტივტივებს და თან არც სველდება?
მოგეხსენებათ, სამუშაოს დასაწყებად ე.წ. „სივს" ითხოვენ. რა ჯანდაბა უწერია ასეთი ამ „ხარისხიან ქართველს" ისეთი იმ თავის „სივიში", რომ ხარისხიანი და უხარისხო ქართველების საერთო ქვეყნის, საქართველოს ბედ-იღბალი აბარია მუდამ შინ თუ გარეთ?
თქვენ რას გიწერთ იმ „სივიში", ჩვენ, უხარისხო ქართველებმა არ ვიცით, მაგრამ ჩვენ გვაქვს მისი ცხოვრებისეული „სივი", რომლის მიხედვითაც, ჯერ ხომ მისი „ხარისხი" განისაზღვრება და მერე ეჭვქვეშ დგება როგორც მისი პიროვნება, ისე ამ პიროვნების სანდოობის ხარისხი.
უცნაური და ფასეული „სივები" აქვს ამ „ხარისხიან" ქართველს" და თქვენი ჭირიმე, დააფასეთ!
ჰო, დააფასეთ, თორემ თვითონ თუ დაიდო ფასი, რა იცით რა მოხდეს და რა განმეორდეს? ვთქვათ, ხომ შეიძლება თქვენგან ხელნაკრავმა იგივე მოიმოქმედოს, რაც მანამდე, სანამ ივანიშვილი გამოჩნდებოდა პოლიტიკურ ორბიტაზე - ოკუპანტი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ქართველი პოლიტიკოსის ურთიერთობაზე ღიად საუბრობდნენ, რომ „ხარისხიანმა ქართველმა" რუსებს ფული მოსთხოვა „რაღაცის" სანაცვლოდ...
ჰო, ჰო! მაგ „ხარისხიან ქართველს" ისეთი „პლეტები" სჩვევია, გაოცებისგან დღემდე გონზე ვერ მოსულა მაშინდელი ის ოპოზიცია (დღეს რომ მთავრობაში გყავთ), რა გააკეთა 2009 წლის აპრილის გაერთიანებული ოპოზიციის ქუჩის აქციებზე...
ჰო, ჰო! იმდროინდელ ბავშვსათც კი ახსოვს, იმ გაავებული შეხლა-შემოხლის დროს „ხარსხიანი ქართველი" გიგა ბოკერიას რომ ხვდეოდა, ხან ღიად და ხან ფარულად...
ჰო, ისიც ახსოვთ, გიგი უგულავას გამარჯვება რომ მიულოცა ჯენტლმენურად, მაგრამ „ქუჩის სივი" ამბობს, ალალად მიულოცაო... რატომაც არა! ის ხომ სულაც „ნაცმოელების" ძმაკაცი იყო... და არის! არა ბიჯო და, უხარისხო ქართველები დავდიოდით სააკაშვილის რეჟიმის დარაჯებთან „საიმასქნოდ"... ჰო, და კიდევ, ჩვენ უხარისხო ქართველებმა დავიბარეთ „ბენზინჩიკები" და ჩვენ მოვთხოვეთ გოგი ლიპარტელიანს საპრეზიდენტო არჩევნების დაფინანსება - ხომ ამოგვხდიდნენ კიდეც სულს... მას, „ნაცმოელების" მეგობარ „ხარისხიან ქართველს" ვინ ამოხდიდა სულს, სულთამხუთავი გივია თარგამაძე თუ პითონად წოდებული ბოკერია?
ჰო, სულ „ხარისხი, ხარისხი" და მოუნდა ბიჭს პრეზიდენტობა, რომელიც ყოველთვის უნდოდა... რატომ, რა, მხოლოდ სხვები ხომ არ არიან 21 დეკემბერს დაბადებულები? უბრალოდ, ისე უხარისხოდ დაიწყო თხრა, პირდაპირ ივანიშვილთან კი გაიყვანა ხვრელი, მაგრამ ჩამოენგრა სულწაპანას გვირაბი...
ისე, კაცმა რომ თქვას, კიდევ კარგი, უხარისხოდ თხრიდა, თორემ კი გახდებოდა პრეზიდენტი. წლების მანძილზე ნამეცადინებია, ისეთი ნასწავლი აქვს საპრეზიდენტოდ თავმოსაწონი ტრიუკები, კი გააბრიყვა და შეოიკრიბა თავმომწონე ე.წ. „ოპოზიციური ელიტა" ერთხანს, სულ „ირაკლი, ირაკლის" გაჰყკიოდნენ ქალები...
ჰო, ჰო! ისეთი „ხარისხიანია" ეს ბიჭი, სადაც არ გგონია, იქ ამოჰყოფს თავს! - ამ ამბის „სივი" თქვენთვე გიდევთ მთავრობაში. რომ ეგონა წინამორბედ პრემიერს ქვეყნის № 1 „ხარისხიანი" მოდარაჯე (ანუ თავდაცვის მინისტრი) სამხედრო ბაზებს ათვალიერებს ავღანეთშიო, კარგად გემახსოვრებათ, ხარისხიანად ატარებდა დროს გაყინული თბილისის ნაცვლად საამოდ თბილ დუბაიში ძებნილ თუ საძებარ „ნაცელიტასთან" ერთად. (პირჯვარი იწერეთ, რომ ავღანური პლანი ან კოკაინის დიდი პარტია არ გამოაყოლა ხელს, ისე, გუნება-განწყობის გასახალისებლად...)
ჰო, ჰო! უყვარს „ხარისხიან ქართველს" ასევე „ხარისხიან ქართველებთან" ურთიერთობა, აბა, უხარისხო ქართველების ცოლებთან და მათ სადაქალოსთან ერთად ხომ არ გაივლ-გამოივლის პარიზში - უგულავას ცოლი, მერაბიშვილის ცოლი... კარგია... ამ ამბის „სივიც" გაქვთ, მაგრამ მაინც...
ეჰ, იმდენი ხარისხიანად გატარებული დრო ახსოვს „ხარისხიან ქართველს" სხვა „ხარისხიან ქართველებთან" ერთად, რომ ვალდებულიც კი იყო ეთქვა ის „ისტორიულ-ისტერიული" ფრაზა. „მე არ ვთვლი „ნაციონალურ მოძრაობას" მტრად!" - გეტყობა, ბიძია, გეტყობა... ძაღლი ძაღლის ტყავს არ გლეჯს...
ჰო, ის რომ ხმად გამოვიდა, ალასანიას დამარცხება სამეგრელოში იმით იყო განპირობებული, რომ „ოცნება" ახალაიების კლანთან გარიგდაო, ჭორს ჰგავს, მაგრამ იმის „სივი", რომ „ნაციონალებმა" ირაკლი ალასანიას მხარდაჭერა მოთხოვეს ლალი ანთიას „რომელიღაც" არჩევნებში, ამ ამბის „სივი" თვით ანთიასთან შეგიძლიათ მოიძიოთ... „ხარისხიან ქართველს რომ ჰკითხეს, რატომ წააგე სამეგრელო, მართლა გაურიგდითო? კი უპასუხა მასავით „ხარისხიანი ქართველის" ტერმინოლოგიით: „ეს აბსურდია, ამიტომ არ გაგცემთ პასუხს, მაგრამ პრაქტიკულად, ზუგდიდში მაინც ჩვენ მოვიგეთო.. (ნეტავ, ზუგდიდი სად ჰგონია ზუგდიდელი მამია ალასანიას (ღმერთმა აცხონოს!) ვაჟს, ან მოგებას რას უწოდებს?)
ჰო, ის არ გამომრჩეს, ბიძინა ივანიშვილმა რომ მთელი მთავრობის გასაგონად უთხრა, შენზე ამბები მომდის, ფინანსურ საკითხებში ცუდად ერევი და არ შემეტლიკინო ახლა, თორემ კანცელარიაში ოთხი კაცია ამოსული, ამოვიყვან და დაგიმტკიცებენო...
ის, რომ დათა ახალაია ირაკლი ალასანიამ გადაიყვანა საზღვარზე, ამის „სივი" არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ნიკოლოზ მჟავანაძე საქვს. დიახ, ეს კაცი გაჰყვიროდა, რამდენიმე დღის წინ ფარული ვიდეოჩანაწერი მომაწოდეს, სადაც დაზვერვის ყოფილი მაღაჩინოსანი ირაკლი ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის გუნდის არსებულ ურთიერთობებზე მტკიცებულებით საუბრობსო. უხარისხო ქართველებს გვაქვს ინფორმაცია, რომ ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმაც იცოდა და ისედაც ცეცხლზე ნავთდასხმულ ურთიერთობას უარესად დაესხა ნავთი, მაგრამ, აკი, ვთქვი, ისეთი ხარისხიანი მასალისგანაა დამზადებული ეს კაცი, ვერანაირი დინება ვერ ძირავს, მაინც ტივტივებს...
უხარისხო ქართველები ვფიქრობთ, რომ მისი მასალა გამძლეობას აშშ-იდან იღებს, მაგრამ როდემდე, სანამ თქვენც უხარისხო ქართველებად არ გამოგაცხადებენ ოფიციალურად „ხარისხიანი ქართველები"?
ბოლო-ბოლო, თავდაცვის მინისტრია კაცი, რომელიც ჟურნალისტის შეკითხვაზე: - შესაძლებლად მიგაჩნიათ თუ არა, რომ ერთ ქვეყანაში ერთდროულად იყოს ნატო-სა და რუსეთის სამხედრო ბაზებიო? პასუხობს: - ეს კითხვა ვის მოუვიდა თავშიო? და განმარტავს, რომ ჩვენი ჯარი უკვე ნატოშია...
ნატო-ში შესვლის გზა რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე შესვლაზე გადის, ამაზე რას იტყვი თავდაცვის მინისტრი კაციო? ესო არისო განწყობებიო, რომელიც შეგნებულად შემოაქვთ მარგინალური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებსო. („მარგინალური", „მარგინალია" საერთოდ რას ნიშნავს, ნეტავ?).
თუმცა, ირაკლი ალასანია ხომ პოლიტიკური ფიგაროა, აქაც - ისაა, იქაც - ისაა.
ძალიან გამიგრძელდა და ამიტომ მოკლედ მოვჭრი: - ოთხ კედელში რომ გყავთ იზოლირებული საკუთარი ნებით ჩაბარებული ძებნილი კოდორელი, ემზარ კვიციანი, ის „სამშობლოს მოღალატე" ამ „ხარისხიან ქართველს" მხოლოდ ერთ კითხვაზე პასუხის გაცემას სთხოვს წლებია უკვე და თხოვნა გვაქვს უხარისხო ქართველებს, იქნებ, ერთს კითხვა დაასმევინოთ, მეორეს - პასუხი გააცემინოთ და ჩვენც მოგვასმენინოთ? არადა, კითხვა ძალზე მარტივადაა ჩამოყალიბებული: - „მიპასუხოს ალასანიამ,რატომ ჩააბარა კოდორი?" - დამთავრდა!...
დათო მხეიძე
გაზეთი „საერთო გაზეთი"
03 .04. 2014 წ.