27 მარტს საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრი, კახი ბექაური, „მედია.გე“-ს საშუალებით აქვეყნებს სტატიას სათაურით: „კახი ბექაურის პასუხი „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტს“.
„ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა მედიასაშუალებებში, ბოდიშის მოხდით, ყველა მათგანს ჟურნალისტს მე ვერ ვუწოდებ, ვპირდები, რომ მე ბევრს ვიმუშავებ იმაზე, რომ მათ აღარ სჭირდებოდეთ ბინძური ცილისმწამებლური შეკვეთების შესრულება იმისთვის, რომ შემოსავალი მიიღონ, იმისთვის, რომ ისინი იქცნენ ნამდვილ ჟურნალისტებად, მოიპოვონ მათ და მათმა რედაქციებმა ფინანსური დამოუკიდებლობა“, – წერს ბექაური ამ აბდა-უბდაში და ძვირფასო მკითხველო, ეს კომენტარი კახა ბექაურმა გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც მე, „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტი, ირინე გოგოსაშვილი, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე მივედი, მივიტანე 360 გვერდზე დაბეჭდილი კონტროლის პალატის დასკვნა ბექაურის შავი საქმიანობის შესახებ და კომისიის თავმჯდომარის მოვალეობების შემსრულებელ კაკო სიხარულიძეს დავუდე მაგიდაზე!.. აგრეთვე, კომისიის წევრებსაც და დამსწრე საზოგადოებასაც შევახსენე, რომ კახა ბექაური კომისიის არალეგიტიმური წევრია და მისი „CV“ კონკურსში მონაწილის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ვთქვი ისიც, რომ კახა ბექაური კომისიის წევრად ნეპოტიზმის წყალობით მოხვდა და ღიად ვამხილე ნეპოტიზმში პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელიც ეკა ბერიძის, ე.ი. კახა ბექაურის ცოლის კლასელია!..
ძვირფასო მკითხველო, ბოლომდე რომ აგიხსნათ, რატომ ვილაშქრებ კახა ბექაურის წინააღმდეგ, ერთხელ კიდევ განვმარტავ, რომ ეს პიროვნება გახლავთ ჩვენი ჯიბიდან გაღებული და შევსებული ბიუჯეტის ქურდი, ანუ თითოეული ჩვენგანის დამყაჩაღებელი და ეს ყველაფერი კონტროლის პალატის მიერ არის დადასტურებული და ჩემი ნაბოდვარი არ გახლავთ!
ვსვამ კითხვას მათთვის, ვისაც ყურები და თვალები დახშული აქვთ, – ხელისუფალთა მხრიდან, რატომ ვერავინ მოიცალა ჩემ მიერ აღნიშნული, გამოქვეყნებული მამხილებელი მასალებისთვის? მაღალ თანამდებობაზე დაბრძანებულ პიროვნებებს როდემდე უნდა ვუკიჟინოთ მედიამ, რომ მხოლოდ მათი სანათესავო-საძმაკაცო-სადაქალო არ არის საქართველო?! ბიუჯეტმა მძარცველი, პროფესიონალი ქურდი კახა ბექაური უკვე დღეს, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრად რომ აირჩიეთ საქართველოს პარლამენტი და კანონი დაარღვიეთ, მერამდენედ უნდა დაგიწეროთ?! ჯანდაბას თანაკლასელობა, ნეპოტიზმი და თქვენი უვიცობა, მაგრამ კახა ბექაური კონკურსით დადგენილ მოთხოვნებსაც რომ ვერ აკმაყოფილებდა და მაინც ირჩევთ კომისიის წევრად, ამას რა ჰქვია?! რა ჰქვია იმას, რომ ამ მშიერ ქვეყანაში ქურდბაცაცობაში გაწაფულ ადამიანებს 10 ათას ლარ ხელფასს აძლევთ და თან მის წარსულსაც არ კითხულობთ?! ვიდრე მიპასუხებდეთ, მე გეტყვით: რა ჰქვია და საზოგადოებისთვის სახეში შეფურთხება! სახეში სილის გაწნა და ჩვენთვის თვალებში ნაცრის შეყრა, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ გაპატიებთ იგივე საზოგადოება და ზუსტად ისეთ განაჩენს გამოგიტანთ, როგორიც სააკაშვილის რეჟიმს გამოუტანა! აბა, მითხარით, რა განსხვავებაა თქვენსა და მათ შორის, მათსა და თქვენ შორის?!– არაფერი, გარდა იმისა, რომ ინიღბებით ხალხოსანი ხელისუფლების მანტიით, სინამდვილეში კი ისევ თქვენიანებს ნიშნავთ მაღალანაზღაურებად სამსახურებში და დაბალანაზღაურებადშიც. მე არ ვიცი, ვინ ირგებს ნებისმიერი ხელისუფლების მხრიდან ამდაგვარ ქმედებას და ვინც ირგებს, ღმერთმა შეარგოს, მაგრამ პირადად მე არასოდეს, არც ერთი ხელისუფლების დამქაში რომ არ ვყოფილვარ, არასოდეს არავისთვის გუნდრუკი არ მიკმევია და მით უმეტეს, ვიღაც ბექაურისნაირების საამებლად რომ არ მითქვამს, – ვინც არ არის კახაბერი – კახაბერია-მეთქი, – რა ვქნა ახლა, გავჩუმდე? არ გავ-ჩუმ-დე-ბი, ვიდრე, ძალა და ენერგია მეყოფა და ვიდრე სამართალს პურს არ ვაჭმევ!
ჯერ ერთი, კახა ბექაური ცამდე მართალი კაცი რომ ყოფილიყო, იმ დღეს, 27 მარტს, იმ სხდომაზე მოვიდოდა, დაჯდებოდა და პასუხსაც გამცემდა, მაგრამ ალბათ, გააგებინეს, მისული რომ ვიყავი, დაიმალა და შემდეგ უკვე საიტ მედია.გე-ს საშუალებით მპასუხობს, რომ თურმე ფული ამიღია და იმიტომ დავწერე მასზე ასეთი „ბინძური“ ცილისწამება!
ოეეეე, კახააა!!! შენ მე შენი ოჯახის წევრი ხომ არ გგონივარ (ფართო გაგებით), პირდაპირ რომ „მამხელ“, – ჩემ წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაშიირინა გოგოსაშვილმა „მაყუთი“ აიღოო... ან, იქნებ ისიც დაგეწერა, ვინ მომცა ფული, რამდენი, როდის და სად?! რუსებს ერთი გამონათქვამი აქვთ: „Каждый понимает по мере своей испорченности!..“ ანუ ყველა თავისი გაფუჭებულობის მიხედვით იგებსო, ქურდს ყველა ქურდი ჰგონიაო და შენ რომ ვერ წარმოგიდგენია სხვაგვარად, იმიტომაც იმოძღვრები, ბინძური, ცილისმწამებლური შეკვეთის შესრულება უხდებათ „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტებსო? ან შენ რა იცი, ვინ არის ნამდვილი ჟურნალისტი და ვინ – არა, ისევე როგორც არ იცი, კეთილსინდისიერ ჟურნალისტიკაში რა მოიაზრება?!! საკუთარი თვალსაწიერიდან რომ გადასცქერი საქართველოს, სწორედ ამიტომ გელანდება „კიკუ“ ჟურნალისტები ყველგან და, საერთოდ, რას გეტყვი, იცი? ღმერთმა დამიფაროს, შენი და შენისთანების გემოვნება რომ დავაკმაყოფილო და თქვენ დაგემსგავსოთ, გაიგე?!
კიდევ გეუბნებით, რომ შენც და ზაზა შენგელიაც ბიუჯეტის „კრისები“ ხართ და ამას მე კი არ ვამბობ, არამედ სულხან მოლაშვილისდროინდელი კონტროლის პალატის კომისია ადასტურებს და თან კომისიის მუშაობის ვადის გაგრძელებასაც ითხოვდნენ, იმდენი ნაქურდალი გაგქონდათ საქართველოს უპირველესი ტელევიზიიდან! ისე, რამდენი მილიონი მოტეხეთ „პირველი არხიდან“ შენ და „პატარა ვალოდია ლენინელმა“ – შენგელიამ, მაშინ? მთელი „ნაცმოძრაობა“ – ვანო, მიშა, დათა, ზურა დაჭერით რომ გემუქრებოდნენ, როგორ დაივძრინეთ თავი, ან როგორ გახდით მილიონერები მათი მმართველობის დროს მაშინ, როცა იგივე „ნაცმოძრაობა“ მათთან რეალურად დაპირისპირებულ, ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ციხეში უშვებდა, ბიზნესსაც ართმევდა და ოჯახებსაც უწიოკებდა? საიდან სახლები, აგარაკები, ძვირადღირებული ავტომობილები (ცოლებისთვისაც), მუდმივად მაღალანაზღაურებადი სამსახურები, შვილების უცხოეთში სწავლება, ძვირფასი ჩაცმა, კვება, ბოტოქსები, მასაჟები, საბანკო ანგარიშები და ასე შემდეგ?!. და ეს მაშინ, როცა თავი ისე გეჭირათ, ვითომცდა სააკაშვილის ოპოზიციაში იდექით და როცა „ნაცმოძრაობის“ „შნირები“ გიწოდეთ „საერთო გაზეთიდან“, თქვენი გრანტითქვლეფია „მედიაექსპერტები“, დამასიეთ, – ეს როგორ გვაკადრაო? ნეტა, თუ არსებობს ქვეყანაზე ისეთი, რაც თქვენ არ გეკადრებათ?!
მე რომ თქვენსავით მეცხოვრა და შუბლის ძარღვი გამწყვეტოდა, თქვენი ელიტა-ბნელიტის წევრი ვიქნებოდი, სამოქალაქო ტრანსპორტით არ ვიმგზავრებდი, ხელფასიდან ხელფასამდე თავს ძლივს არ მივიტანდი და ვიქნებოდი ისე, როგორც თქვენ ხართ, მაგრამ მინდოდა, რომ თქვენ დაგმსგავსებოდით? არც ის მდომებია, სხვისი ნაოფლარი მიმეთვისებინა და ადამიანები სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ დამეთხოვა, რომ „მინაზე მიმხმარ ბუზებს ჰგავდნენ“... არც თქვენ მიერ გაძარცულ ტელევიზიაში მიგრძნია მათ გამო „მიცვალებულების სუნი“ და არც სახე მომღრეცია თქვენსავით, როცა მათ გაჭაღარავებულ თავებს ვუყურებდი! იქნებ, გაბედოთ და თქვათ, რომ „მინაზე მიმხმარ ბუზებად“ არ მოიხსენიებდით იმ ადამიანებს, რომლებმაც საქართველოს ტელევიზია თავისი მხრებით მოიტანეს ჩვენამდე?! როცა თქვენ მილიონებს სახლებში ეზიდებოდით, „მინაზე მიმხმარი ბუზები“ 30-50 ლარსაც ვერ იღებდნენ, რომელიც ბიუჯეტით ჰქონდათ განსაზღვრული, მაგრამ თქვენი ცოლები, თქვენი საყვარლები, თქვენი საყვარლების საყვარლები და ასე შემდეგ, 1500-2000, ზოგჯერ 3000 ლარს ხელფასს იღებდნენ და ეს მაშინ, როცა თანამშრომელთა უმრავლესობას შვილები გზაზე დასაყენებელი და გამოსაკვები ჰყავდა!
ბექაურო, რა უნდოდა ტელეკომპანია „მზეში“, თუნდაც, ჩემ მიერ გადაღებულ ასობით კადრს, რომელიც მე აფხაზეთში გადავიღე და ჩემს ტელევიზიას, „პირველ არხს“ ეკუთვნოდა?! ვინ მოგცათ უფლება, წაგეღოთ „პირველი არხის“ საკუთრება კერძო კომპანიაში და ამით დიდი ფული გეკეთებინათ შენ და შენგელიას? გარდა იმისა, რომ გაძარცვეთ ჩვენი ტელევიზია, ძვლამდე გამოხარით ტელეკომპანია „მზე“ და ვანო ჩხარტიშვილმა შენ და შენგელიას ჭიტლაყი რომ ამოგკრათ, იქნებ, ესეც ტყუილია? ბექაურო, დავიჯერო, შენი ქონებრივი დეკლარაცია მისხალ-მისხალ მართალია?! სუპერმარკეტების ქსელში „ორი ნაბიჯი“ შემოსავალი „0“ რომ გიწერიათ, ეს არის მართალი თუ ის, რომ ნაღდი ფული არ გაქვთ ოჯახში და ფასიან ქაღალდებსაც არ ფლობთ?! უკვე სამი თვეა, მარეგულირებელი კომისიის წევრი ხარ, 10.000 ლარი გაქვს ხელფასი, შენი ცოლი – ეკა ბერიძე – „ჯორჯიან უოთერ პაუერში“ გენდირექტორის მრჩეველია საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, იღებს 12 500 ლარს ხელფასს და 4000-ის ზემოთ თანხა არ გქონდათ ხელხზე, დეკლარაციაში რომ მიგეთითებინათ?!
ოჯახი, რომლის ყოველთვიური შემოსავალი 22 500 ლარია, დაარწმუნებს ვინმეს, რომ სადმე, თბილისთან ახლოს, ან უფრო შორსაც, რამე ქონებას არ ფლობს, თუნდაც ძვირადღირებულ აგარაკს?! ვის კეთილსინდისიერებაზე ამახვილებ ყურადღებას და ვის „ენამიოკები“, „ბინძური ცილისმწამებლური შეკვეთები“ განახორციელა „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტმა, შემოსავალი რომ მიეღოო, მაშინ, როცა მარეგულირებელში ხმამაღლა გაჰყვირი, – „ბიძინას უნდა, მე ვიყო კომისიის თავმჯდომარე და ყ...ს ვერ მომჭამთ ვერც თქვენ და ვერც ის ჟურნალისტიო?“
ჯერ ერთი, ბიძინას შენთვის რომ რამე სდომოდა, „მე-9 არხიდან“ 10 თვეში არ დაგახვევინებდა, შენ შემდეგ აუდიტს არ შეიყვანდა და კაპიკ-კაპიკ არ დაგითვლიდა, რა „იკრისე“!
მეორე, – ბიძინაჩვენი, როგორც უკვე ვიცით, სამოქალაქო სექტორშია, არ ერევა საკადრო პოლიტიკაში და შენ გაჰყვირი, რომ ისევ ბიძინა მართავს ქვეყანას და პრეზიდენტიც, მთავრობაც და პარლამენტიც მისი მარიონეტები არიანო?
მესამე, – ბექაურო! მე არ ვიცი, შენ ვინ რას „გჭამს“, მაგრამ ინტუიციით ვგრძნობ, სულ მალე, საკუთარ ხორცებს თვითონ დაიჭამ, ამასთანავე, ძალიან ბევრ კითხვაზე მოგიწევს პასუხის გაცემა და მაგ შენს მათემატიკის დიპლომსაც ერთ ადგილას შეგტენიან, თუ ფრთხილად არ იქნები და ენას კბილს არ დააჭერ!
ისიც ზუსტად ვიცი, რომ ჩემი, როგორც ჟურნალისტისთვის პატივისა და ღირსების შეურაცხყოფისთვის, სასამრთლოში მობრძანდები და სოლიდურ კომპენსაციასაც გადამიხდი!!! ერთიც, – როცა ამბობ, ბინძური ცილისმწამებლური შეკვეთა შეასრულა „ქრონიკა+“-მაო, აუცილებლად უნდა დაასახელო დამკვეთის ვინაობა და თანხა, რომელიც ჩვენ გადაგვიხადეს!!!
ახლა რაც შეეხება პრეზიდენტ მარგველაშვილსა და შენს „არჩევას“ პარლამენტში... კანონი ამბობს: „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და მაღალი ნდობის პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების, ან ჟურნალისტიკის მაგისტრის, ან მასთან განათანაბრებული აკადემიური ხარისხი“-ო!
მოდით, თავი დავანებოთ კანონს და ვთქვათ, – შენ, კახი ბექაური, რომელიც ჯერ კიდევ საქართველოს ტელერადიოცენტრში იგივე „პირველ არხზე“ მუშაობისას, კონტროლის პალატის მიერ ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და მითვისებაში ხარ მხილებული, ეს რომელმა საზოგადოებამ გაღიარა და გამოგიცხადა ნდობა? ე.ი. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეგნებულად დახუჭა თვალი, როცა შენს კანდიდატურას პარლამენტს სთავაზობდა და მეორე, – კანონით დადგენილ ნორმებში, იქნებ, სადმე წერია, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრი მათემატიკოსი უნდა იყოს?!
ბექაურო!.. შენ „CV“-ში წერია, რომ 1986-92 წლებში სწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე, სპეციალობით – ოპტიმიზაცია და ოპტიმალური მართვა, მაგრამ კომისიის წევრობის კანდიდატისთვის მათემატიკის მაგისტრის ხარისხი კი არ იყო დადგენილი ნორმა, არამედ ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების, ან ჟურნალისტიკის მაგისტრის დიპლომი უნდა გქონოდა!!!
ასე რომ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კანონი უხეშად დაარღვია, როცა შენ გამოგარჩია რამდენიმე ათეული კანდიდატიდან, რომლებიც, სავარაუდოდ, სავსებით აკმაყოფილებდნენ კანონის მოთხოვნებს და პარლამენტში გაგაგზავნა ასარჩევად! პარლამენტმა კი იმიტომ, რომ იქაც ზუსტად შენისთანები სხედან, ხმათა უმრავლესობით აგირჩია და დღეს უკვე დიდგულზე ხართ და მთელი მარეგულირებლის გასაგონად გაჰყვირი, – ყ...ს ვერავინ მომჭამს, ბიძინას ჩემი თავმჯდომარეობა უნდა, დამასკდით ერთ ადგილზეო!
მე არ ვიცი, ეგ შენი საოხრე რამდენ კილოგრამს დაძრავს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩემი აწევა გაუჭირდება,რადგან გარდა იმისა, რომ 77 კგ. ვარ, დამატებით 10 კგ. კონტროლის პალატის სქელწტანიანი დასკვნაც დამაქვს და რა ვიცი, აბა, გაუძლებ?! გარდა ამისა, როგორც უკვე მოგახსენე, სასამართლოში უნდა გიჩივლო და ამ ყველაფერს როგორ აიტან, უკვე აღარ ვიცი! ტვირთი რომ შეგიმსუბუქო, ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ მარგველაშვილს და ბატონ უსუფაშვილს: აღასრულონ კანონი და კანონდარღვევით შერჩეულ-არჩეული შენი, კახი ბექაურის თანამდებობიდან გაწვევის საქმეს დროულად მიხედონ!!!
მივმართავ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც:
ბატონო ბიძინა, კატეგორულად ვითხოვ თქვენთან აუდიენციას, რათა დეტალურად გაგარკვიოთ და წარმოგიდგინოთ დოკუმენტაცია, რომელიც თქვენი რჩეულის – კახა ბექაურის შესახებ კონტროლის პალატამ მოიკვლია და რომლის ასლსაც აუცილებლად გაჩუქებთ!
შენ კი, ბექაურო, ვიდრე გონს მოეგები, გირჩევ, ეთერი ქართული ლექსი „მძლეთამძლე“ წაიკითხო, სადაც ერთ-ერთ სტრიქონში ისეთი სიბრძნე წერია, ბევრ რამეზეც აგიხელს თვალს: „ალვის ხე ცამდე ასული, ჭინჭველას წაუქცევიაო“. იფიქრე ამაზე, ბექაურო და შენი ნებით წადი მაგ კომისიიდან, ვიდრე გაგიტანენ!!!
გაიტანეთ ბექაური!..
გაიტანეთ ბექაური!..
გაიტანეთ ბექაური!..
ირინე გოგოსაშვილი
გაზეთი „ქრონიკა+“
02. 04. 2014 წ.