reportiori.ge - სკანდალური ინტერვიუ ნანა თხელიძესთან!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:43
ინტერვიუ
სკანდალური ინტერვიუ ნანა თხელიძესთან!
ავტორი:
04 აპრილი, 2014. 15:58

 

 

ინტერვიუ ყოველგვარი შესავლის გარეშე! აქ თქვენ იპოვით ყველა კითხვაზე პასუხს, რაც შეეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების ფაქტს, ამიტომ არ აქვს ინტერვიუს შესავალი.

 

 

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ყოფილი პოლიტპატიმარი, ყოფილი პროკურორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „გახდი მოქალაქეს“ ხელმძღვანელი ნანა თხელიძე:

 

– როგორც ვხედავთ, ჟვანიას საქმის გამოძიება მიმდინარეობს და ეს გვესმის უკვე წელიწადნახევარია, მაგრამ ფაქტია, რომ გამოძიება სრულყოფილად არ მიდის. არ მგონია, ექსპერტისა და დაცვის წევრის დაკავებას საქმის გახსნად მიიჩნევდეთ, ისე როგორც ამას ზოგიერთი ჟურნალისტი ფიქრობს და გამოძიების სრულყოფილება არ გესმოდეთ. ყველა იურისტი, ვისაც კი საგამოძიებო მოქმედებები ჩაუტარებია, დამეთანხმება, რომ ჟვანიას საქმეზე, ექსპერტისა და დაცვის წევრის დაკავებამდე, მთელი რიგი პროცედურები უნდა ჩატარებულიყო. პირველ რიგში, უნდა მომხდარიყო ეგსჰუმაცია და ჩატარებულიყო ექსპერტიზა, რომ გვქონოდა მეორე, ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა; დღეს არ უნდა ეძებდნენ საექსპერტო ბიუროს, ამისთვის ჰქონდათ წელიწადნახევარი. ამით მტკიცებულება ყოველ მხრივ იქნებოდა გამაგრებული. ასევე საქმეში დევს ჟვანიას ფოტომასალა, ექსპერტიზის დასკვნა. ცხადია, რომ ეს მასალები ერთმანეთს არ ემთხვევა. ანუ დასკვნაში სხვა დაზიანების ხარისხია მითითებული, ფოტოებით – სხვა რამ ირკვევა. გამოდის, რომ საქმის თავდაპირველმა გამომძიებელმა მტკიცებულებები გააყალბა, ფოტომასალა საქმეში ჩატოვა და გაითვალისწინა, ანუ მტკიცებულებად მიიღო ექსპერტის დასკვნა.

 

 

– მაგრამ  ხომ შეიძლებოდა, ფოტოები გაექრო?

– როგორ არ შეიძლებოდა, მაგრამ...

 

– შემთხვევით დარჩა?

 

– ხომ არ ვიმკითხავებთ? ფაქტია, ფოტოები საქმეშია. როდესაც ფოტომასალა და ექსპერტის დასკვნა ერთმანეთს არ ემთხვეოდა, გამომძიებელს უნდა ჩაეტარებინა ახალი საგამოძიებო მოქმედება და უნდა დაენიშნა ხელახალი ექსპერტიზა, ეს კანონის მოთხოვნაა! იმ პერიოდში, როცა ეს ფაქტი მოხდა, კომისური ექსპერტიზა არსებობდა, უნდა დაენიშნა კომისიური ექსპერტიზა. ახლა რომ გაჰყვირიან, 15 ექსპერტი იყო ჟვანიას გვამის გაკვეთის დროსო, თუ 15 იყო, მარტო ლევან ჩაჩუას ხელმოწერილი ექსპერტიზის დასკვნა რომ იდო საქმეში, სხვები სად იყვნენ? ანუ გამომძიებელმაც გააყალბა ხომ საქმის მასალები? ამიტომ ექსპერტის დაკითხვით კი არა, გამომძიებლის დაკითხვით უნდა დაწყებულიყო საქმის ხელახალი წარმოება. ჩაჩუას დაკავებამდე არ უნდა გაერკვიათ გამომძიებელთან, ექსპერტიზა და ფოტომასალა ერთმანეთს რომ არ ემთხვევა, რატომ მიიღო მან ეს ორი, აბსოლუტურად განსხვავებული მასალა და რატომ ჩათვალა მტკიცებულებად?

 

 

– ფაქტია ის, რომ დაკავებულია მხოლოდ დაცვის წევრი და ექსპერტი.

 

– რაც შეეხება დაცვის წევრს, ჩვენ საქმის მასალებში არ ჩაგვიხედავს და ვიცით ის, რასაც ამბობს პროკურატურა. დაცვის წევრი დააკავეს გულგრილობისთვის, ანუ არ შეასრულა მის მიმართ სამსახურის დებულებით და წესდებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობა. აქ აღმოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაზეც ყველა ლაპარაკობს და ესაა დაცვის წევრების მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებები. ყველა ჩვენება სხვადასხვაა, დაცვის სხვადასხვა წევრი სხვადასხვა ჩვენებას აძლევს ერთსა და იმავე ფაქტზე. ჩვენებები არ ემთხვევა ერთმანეთს და გამოძიებამ თავის დროზე არ გადაამოწმა ფაქტები, ისე მიიღო მტკიცებულებად. პირველი, ვინც უნდა დაკითხულიყო, ეს საქმის მწარმოებელია, ის არის პირველ რიგში პასუხისმგებელი! დღემდე საქმის მწარმოებლისთვის, გამომძიებლისთვის კითხვა არავის დაუსვამს. მეტიც, დღემდე არავინ იცის, ვინ იყო ამ საქმის გამომძიებელი!

 

 

– რა გახდა ჟვანიასა და იუსუპოვის გარდაცვალების მიზეზი, ამას ვერც ჩვენ და ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ დაადგენს. გარდაცვალების ფაქტზე ჯერ მერაბიშვილის ე.წ. დასკვნა მოვისმინეთ, შემდეგ კი გამოძიება დაიწყო...

 

– შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა მამუკა გვარამია, ამ ჯგუფში შედიოდნენ კახა ჭუმბაძე და ხვიჩა ბიგვავა. ჭუმბაძე და ბიგვავა დღესაც მუშაობენ საგამოძიებო ნაწილში. თუმცა ამ თემას ცოტა მოგვიანებით შევეხები, ავხსნი, თუ რატომ არ უნდა მუშაობდნენ. რაც შეეხება მამუკა გვარამიას, ის დღესად ადვოკატურაშია.

 

 

– მამუკა გვარამია რამდენიმე საქმიდან მახსოვს, თუ არ ვცდები, გიორგი სანაიას მკვლელობის საქმესაც ის იძიებდა და ფრიდონ ინჯიას საქმესაც...

 

– არ ცდები! ჟვანიას საქმის გამოძიების შემდეგ, მამუკა გვარამია ისეთი სისწრაფით დააწინაურეს, თავადაც კი ვერ ახერხებდა გააზრებას, სად და რა ვითარებაში უნდა ემუშავა. 2008 წლის ნოემბერში დაინიშნა მთავარ პროკურორად და მაშინ გავრცელდა მხოლოდ ერთწინადადებიანი ინფორმაცია: „საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, იუსტიცის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის წარდგინებით მთავარ პროკურორად მამუკა გვარამია დანიშნა. მამუკა გვარამია 1990-1995 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1995 წლიდან მუშაობდა საქართველოს პროკურატურის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. მთავარ პროკურორად დანიშვნამდე იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი“. აი, ესაა სულ! მანამდე კი იყო ჟვანიას საქმე, რის შემდეგაც იგი უცებ გახდა ვაკის რაიონის პროკურორი, აქედან გადაიყვანეს ყველაზე რთულ ობიექტზე, ფინანსური დეპარტამენტის უფროსად. გავიხსენოთ, აბა, რომელი წლებია ეს? 2008 წლის ნოემბერში მოდის მთავარ პროკურორად გვარამია, მანამდე კი იყო ის ფაქტები, რის გამოც დღეს ხალხი ქუჩაში დგას და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს – ქონებების წართმევა, ხალხის დაყაჩაღება. ფინანსური პოლიცია ბრძანდებოდა თანხების ამოღების ძირითადი ძალა და ძალიან კარგად ვიცით, როგორც ხდებოდა ეს. ვინ იყო მთავარი წამრთმევი? ადეიშვილის უშუალო ხელქვეითი, მამუკა გვარამია!

 

 

– ადეიშვილის მეწყვილე...

 

– დიახ, როცა ადეიშვილი იუსტიციის მინისტრი გახდა, გვარამია დაინიშნა მთავარ პროკურორად. მამუკა გვარამია მთავარი პროკურორი იყო 2010 წლამდე. ეს ის პერიოდია, როცა მოხდა დარბევები, ხალხის ცემა, არაერთი გამხმაურებული მკვლელობა და ასე შემდეგ. 2012 წლამდე იყო ქალაქის პროკურორი.

 

 

– ზოდელავა...

 

– ზოდელავას დამცველად არ გამოვდგები, ის ძალიან დიდი ხნის წინ უნდა დაეკავებინათ, მაგრამ ვთქვათ სიმართლე: ზოდელავა იქ დაინიშნა 2009 წლის ბოლოს. ზოდელავა არა იყო ის ფიგურა პროკურატურაში, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა  ყველაფერზე, რაზეც მამუკა გვარამიას. ჟვანიას საქმის მასალები მთავარი პროკურორის სეიფიდან ამოიღეს, ხომ? ვინ იყო მთავარი პროკურორი? ვის შეეძლო შეენახა სეიფში მასალები? ვის მიუწვდებოდა ამ მასალებზე ხელი? რა შუაშია ზოდელავა, როცა ამ საქმის გამომძიებელი იყო მამუკა გვარამია და ის ამის შემდეგ გახდა მთავარი პროკურორი? მამუკა გვარამიამ დაახვედრა ზოდელავას ეს მასალები სეიფში და არ არის გამორიცხული, სულაც არ სცოდნოდა ზოდელავას, იმ სეიფში რა იყო.

 

 

– კი, შეიძლება დავუშვათ, რომ არც გაუხსნია სეიფი, თუმცა გახსნითაც რომ გაეხსნა და სცოდნოდა, რა მასალები დევს სეიფში, ესეც არ არის დანაშაული. მოკლედ, იმის გამო, რისთვისაც ზოდელავა ახლა დაიბარეს პროკურატურაში, არ უნდა დაებარებინათ, ხომ?

 

– რა თქმა უნდა! მამუკა გვარამია იყო გამომძიებელი, საგამოძიებო ჯგუფის უფროსი და სხვა რა შუაშია? ზოდელავამ გარკვევით თქვა თავის კომენტარში: ეს არ იყო ჩემი სეიფი, ეს იყო მთავარი პროკურორის სეიფი – ყველაზე დაცული ადგილი! ახლა ერთი პლასტილინით არიან ნაძერწი და ამიტომ არ დაასახელა ზოდელავამ პირდაპირ გვარამია, თორემ მიანიშნა, – მე რა შუაში ვარო?

 

 

– შეიძლება მეტი პიარისთვის სჭირდებათ, ზოდელავამ გვარამია რომ დაასახელოს...

 

– რას მელაპარაკები ახლა, დარეჯან? პროკურატურა „მეტი პიარის“ მიხედვით უნდა იძიებდეს საქმეებს? მით უმეტეს, ისეთ ხმაურიან საქმეს, როგორიც ჟვანია-იუსუპოვის საქმეა? ვერ ხედავ, მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ ალაპარაკდა ამ საქმის გამო... კარგი, თუნდაც ზოდელავა იყოს მთავარი პროკურორი. როცა ეს ფაქტი მოხდა, ზოდელავას რომ კითხავენ ამ საქმეზე, მამუკა გვარამია, საქმის გამომძიებელი, გამოძიების ხელმძღვანელი, არ უნდა დაკითხონ? გაქცეულია ქვეყნიდან თუ რა? მშვენივრად ადვოკატობს, საკუთარი ფირმა აქვს, მაგრამ აქ სხვა რამეა – გვარამია იყო წლების მანძილზე ფინანსური დეპარტამენტის უფროსი, ის თანამშრომლები, რომლებიც დღეს ფინანსური პოლიციიდან პროკურატურაში გადაიყვანეს და ისინი, ვინც დღეს ფინანსურში არიან, ყველანი გვარამიას ხელქვეითები იყვნენ და ერთმანეთის ტყავს არ დახევენ. რაც არ უნდა იძახონ, რომ ყოფილ მთავრობას აღარ ემსახურებიან, უნდათ თუ არ უნდათ, ბინძური საქმეებით ერთმანეთთან გადაბმულები არიან. ჟვანიას საქმის გამოძიება სრულყოფილად რომ მიმდინარეობს, მას შემდეგ დავიჯერებ, თუკი მამუკა გვარამიას დაკითხავენ და პასუხისგებაში მისცემენ. ძირითადი მტკიცებულება და ჩვენება ამ საქმეში არის მამუკა გვარამიას ჩვენება! ვინმემ არ თქვას ახლა, რომ გვარამია თანამშრომლობს და ამიტომ არ ჰკიდებენ ხელს, ზოდელავა დაიბარეს დაკითხვაზე, ზოდელავაო! რა უნდა ეთქვა მას იმაზე ღირებული, ვიდრე ეს მამუკა გვარამიას შეუძლია?

 

 

– იტყვის თუ არა, ეს სხვა თემაა.

 

– დიახ, მაგრამ დაბარებით ის უნდა დაებარებინათ და არა სხვები! ვის ხელშიც გაიარა ამ მასალებმა, ვინც ჩადო გაყალბებული მტკიცებულებები საქმეში, ვის ხელშიც ინახებოდა საქმე და ვინც სეიფში მიუჩინა ამ საქმეს ადგილი, არ ჩანს და არავინ ლაპარაკობს მასზე, არადა, ეს კაცია ყველაფერი!

 

 

– ორი გამომძიებელი იყო გვარამიას გარდა ამ საქმეში.

 

– ისინი დღესაც მუშაობენ! საგამოძიებო ჯგუფის წევრები იყვნენ. ფაქტია, რომ ეს ორი გამომძიებელიც უნდა იყოს დაკითხული, თუმცა ისინი დღეს ისევ პროკურატურაში მუშაობენ. წესით, დღეს არც ჭუმბაძე და არც ბიგვავა არ უნდა მუშაობდნენ, რაკი ჟვანიას საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. პირველი რაც უნდა გაეკეთებინათ, სწორედ ისაა, რომ ამ ორი გამომძიებლისთვის უფლებამოსილება შეეჩერებინათ, თუ სამსახურიდან არ გაუშვებდნენ და ვერ შეელეოდნენ! რატომ არ დაკითხეს ეს გამომძიებლები? რა, არ ჰქონდათ შეხება საქმესთან? ბიგვავა და ჭუმბაძე დღეს ხომ ხედავენ, ჟვანიას საქმის გამო ვის იბარებენ, ვინ რა ჩვენებას აძლევს? როგორ ხდება მათგან ინფორმაციის დამალვა? რა, არ მიუწვდებათ ხელი მასალებზე? მასალებზე თუ არ მიუწვდებათ ხელი, პროკურატურაში რა ხდება, ჩვენზე უკეთ ვერ გაიგებენ? დავიჯერო, ასე ბნელა? გინდა-არ გინდა, ისინი საქმის კურსში არიან. კიდევ ერთი მთავარი დეტალი – პროკურატურის მოწმეები იკარგებიან. ბრალდების ორი მოწმის ისტორია გავიხსენოთ, ერთი ისნის მეტროსთან რომ ჩახოცეს ბიჭები იმ საქმიდან და მეორე თათუხაშვილის ფაქტი. პირველ შემთხვევაში მოწმე ერთი კვირა დაიკარგა და მერე ტელევიზიის კიბეებზე ნახეს ინტერვიუს მიცემის დროს და მეორე მოწმე მკვდარი იპოვეს. ეს ორი მოწმე სხვადასხვა საქმეში მთავარი მოწმე იყო! ასე უნდა ქრებოდნენ ბრალდების მოწმეები?

 

 

– არა, არ უნდა ქრებოდნენ და, ზოგადად, დაცვა უნდა ჰყოლოდათ.

 

– რას ნიშნავს, მისივე სურვილით მოვუხსენით დაცვაო, რომ ამბობენ?! ასე არ უხსნიან სახელმწიფო დაცვას, როდესაც გარკვეული საფრთხეა! აგერ მკვდარიც არის სახეზე, ვინაა ახლა პასუხისმგებელი?! ბრალდების მოწმეა, ბრალდების! ახლა ამბობენ, პროკურატურა იძიებს მომხდარსო და ეს მოწმეებზე არ მოახდენს გავლენას? ხომ იტყვიან ადამიანები, ჩვენ როგორ ვიქნებით დაცულებიო და მიიღებენ სრულიად ლოგიკურ გადაწყვეტილებას, არ მისცენ ჩვენება. ჩათვალე, ბრალდების მოწმეების ასე გაქრობა მათ მიერ მიცემული ჩვენებების გაქრობას ნიშნავს, ნორმალური სასამართლო არ მიიღებს მათ ჩვენებას მტკიცებულებად. ამის შემდეგ ვინმე დაზღვეულია, რომ ჟვანიას საქმიდან მოწმე არ გაქრება?

 

 

– ჩაჩუაც დაკავებულია და დაცვის წევრიც. ალბათ, მათს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება...

 

– ჩაჩუა იმიტომ დააკავეს, რომ არ გამქრალიყო?

 

 

– არადა, რა მოწმე ეგაა...

 

– არაფრის მოწმე ეგ არაა, ჩაჩუა პასუხისმგებლობაში მისცეს გულგრილობისთვის. დაწერა ექსპერტიზის დასკვნა და მოაწერა ხელი. ჩაჩუა ამ დასკვნას ხომ ვერ შეცვლის? ჩაჩუამ უნდა მისცეს ჩვენება, ვინ აიძულა, მსგავსი დასკვნა დაედო, თუმცა ჩაჩუამდე ამ კითხვას სამმა გამომძიებელმა უნდა გასცეს პასუხი.

 

 

– რამდენად კვალიფიციურია ჩაჩუას ბრალის კვალიფიკაცია?

 

– გულგრილობა? ეს რა გულგრილობაა, სახეზეა დოკუმენტის გაყალბება. ეს არის მტკიცებულებების გაყალბება და არა გულგრილობა! გულგრილობა ჰქვია დანაშაულს, რომელიც ნიშნავს სამსახურებრივი მოვალეობის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას. ჩაჩუა გამოცდილი ექსპერტია, მან დასკვნა დადო და ხელი მოაწერა, ე.ი. შეგნებულად ჩაიდინა ეს! ჩაჩუამ შეგნებულად გააყალბა მტკიცებულება, დადო ყალბი ექსპერტიზის დასკვნა და ეს არ არის გულგრილობა! მაგრამ იცი, რატომ ვერ მისცეს ამ მუხლით პასუხისგებაში ჩაჩუა? – ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა არ აქვთ და ამიტომ! ფოტომასალა ალტერნატიული ექსპერტიზა არ არის! ამიტომ ვამბობ, გამომძიებლებიდან და გვამიდან უნდა დაეწყოთ და არა ექსპერტიდან და დაცვიდან! სადმე ვინმემ გააჟღერა გვარამიას, ჭუმბაძისა და ბიგვავას გვარები?!

 

 

– ერთი ხელის მოსმით ჩაჩუას დაწერილ დასკვნას ვერც ყალბს ვუწოდებთ და ვერც ნაღდს...

 

– სამართლებრივად ასეა. ვერ ვიტყვი, რომ ის უკანონოდ დააკავეს, მაგრამ, ალბათ, მოწმეები რომ უქრება პროკურატურას, ამის გამო უფრო მოითხოვეს ჩაჩუას პატიმრობაში აყვანა. რა მნიშვნელობა აქვს, აღკვეთის ღონისძიებად რას შეუფარდებდნენ? მთავარი ისაა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. მოწმეები უქრებათ და ბრალდებული რომ გამქრალიყო, წარმოგიდგენია, რამხელა სირცხვილი იქნებოდა? მეტსაც გეტყვი: რას ნიშნავს კონსპირაციული ბინა? ანუ ადგილს, რომლის შესახებაც არავინ იცის და შუა საბურთალოზე კონსპირაციული ბინის არსებობა როგორ წარმოგიდგენია? რაოდენ გვიანაც არ უნდა მისულიყო იმ ბინაში ჟანია, როგორ ფიქრობ, ვერავინ დაინახავდა და ვერავინ იცნობდა? კარგი, ამას თავი დავანებოთ, რატომ არ დაიკითხა ვასიკო მაღლაფერიძე? აკი ის აცხადებდა, მე დავიქირავე ჟვანიასთვის ეს ბინაო?! არც ის დაგავიწყდეს, რომ იმ პერიოდში ჟვანიას მეუღლე ამბობდა, არ ვაპირებ ომს, ბავშვები მყავს გასაზრდელიო.

 

 

– ცოტა უცნაურია ამ ფონზე გააქტიურება და თან პარალელურად მოთხოვნა, – აცალეთ გამოძიებას! სააკაშვილმა, ჩემი შეხედულებით, იმ მიმართულებით შეცვალა ყველაფერი, რა მიმართულებაც აწყობდა ახლა. ხალხი აჟიტირებულია იმით, რომ დღეს-ხვალ შეიძლება სააკაშვილი დაკითხონ. ამ დროს ხდება აქცენტის გადატანა „უხერხულ მოტივზე“ და „დელიკატურ თემებზე“, ცოტა უცნაური არ არის?

 

– და ვინმემ იკითხა, რას გულისხმობენ ამ „უხერხულო მოტივში“? ვინმემ დასვა ეს კითხვა? ვინმემ ჰკითხა „ნაციონალებს“, „დელიკატურ თემაში“ რას გულისხმობთო? მიშა ტელევიზიიდან იძლევა ჩვენებებს, მე ჟვანიას ცოლის ადგილზე სამოქალაქო დავას წამოვიწყებდი და ვუჩივლებდი იმის გამო, რაც თქვა. რას ჰქვია, ფული მომთხოვა ჟვანიას ცოლმაო? თუ სხვებმა უნდა დაამტკიცონ, რასაც ამბობენ, სააკაშვილმა რატომ არ უნდა დაამტკიცოს, ჟვანიას ცოლმა მას ფული მოსთხოვა თუ არა?

 

 

– პროკურატურამ განაცხადა, რომ სააკაშვილს ჟვანიას საქმის გამოც დაუსვამდნენ კითხვებს და ჩამოთვალეს მთელი რიგი საქმეები. ხალხი აღფრთოვანდა, გაკეთდა კომენტარები, ჩემთვის ყველაზე ყურადსაღები ნინო ბურჯანაძის კომენტარი იყო. მან განაცხადა ზუსტად ის, რაც უნდა ეთქვა კარგ იურისტს: ანუ მოწმე (საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი) პროკურატურაში წარმოადგინო და დაკითხო, ამის მექანიზმი არ არსებობსო. ამას მოჰყვა პროკურატურის განცხადება: სააკაშვილს ვთავაზობთ „სკაიპის“ გამოყენებით დისტანციურად დაკითხვასო. მიშამ თავი შორს დაიჭირა...

 

– პროკურატურამ ჟვანიას საქმის გარდა, სხვა საქმეები იმიტომ ჩამოთვალა, რომ მუშაობაში ჩათვლოდა. ჟვანიას საქმეზე დღეს სააკაშვილი რომც დაკითხონ მოწმის სტატუსით, იმ ფონზე, როცა არ გყავს დაკითხული მთავარი მოწმეები, გამომძიებლები, რას შესძენს საქმეს? სააკაშვილი შეიძლება ამ საქმეზე მოწმე კი არა, ბრალდებულიც იყოს, მაგრამ ახლა, ამ ეტაპზე, რა ჩვენება უნდა მიეცა ჩაჩუას, ან ჟვანიას დაცვას ისეთი, რომ სააკაშვილი დაებარებინათ? ადეიშვილი უნდა გყავდეს დაკითხული, გვარამია, ჭუმბაძე, ბიგვავა...

ჩაჩუა ვერ მისცემდა ვერანაირ ჩვენებას, ე.ი. დაცვამ მისცა უშუალოდ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება. საქმეში რასაც ვხედავთ, დაკითხულები არიან არა უშუალო მონაწილეები, არამედ სხვები. როგორ წარმოადგენენ სააკაშვილს? რამდენჯერაც არ უნდა დაიბარონ, ძებნაზე მოწმეს ვერ დასვამენ, ძებნაზე სააკაშვილი დასვან კი არა, კეზერაშვილი და ადეიშვილი ვერ დასვეს. მაინც „YouTube“-ით აკავებენ ხალხს და რა მნიშვნელობა აქვს სხვა დეტალებს? სასაცილოა, წელიწადნახევარია ამბობენ, გამოძიება მიდისო და სანამ „YouTube“-ზე არ აიტვირთა მასალა, მანამ არავინ დააკავეს. ჰო, ისე არავის დაავიწყდეს,რომ დღევანდელი მთავარი პროკურორი, თავის დროზე, გვარამიას თანამშრომელი იყო! ისე, ერთიცაა, როცა საქმე წელიწადნახევარია ძიებაში, რატომ არ დაკითხა დღეს გამოძიებამ ყოფილი მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი?

 

 

– ეგ რატომ უნდა დაეკითხათ?

 

– რა გააკეთა იმ პერიოდში, როცა ის იყო მთავარი პროკურორი? ხომ ამბობდა, ვიძიებო, რა გამოიძია, საინტერესოა? სეიფში ეს მასალები ვინ აღმოაჩინა? კბილაშვილი ხომ იყო მთავარი პროკურორი? ბადაშვილამდე ის ხომ შევიდა კაბინეტში? გამოდის, კბილაშვილის დროს აღმოაჩინეს ფოტოები, რომელიც ყოფილ პროკურორს წელიწადნახევარი ედო წინ. საინტერესოა, რატომ არ გაუჩნდა სურვილი, გამოეკვლია ეს მასალები და რატომ არ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები?  ვინმე ეუბნებოდა, რომ არ უნდა ჩაეტარებინა მოქმედებები? რატომ არ ეკითხება არავინ კბილაშვილს, რატომ არ დაკითხა თუნდაც ჩაჩუა? რა ვქნათ ახლა, ჩვენ ვირბინოთ და ვსდიოთ პროკურატურას და „ნაციონალებს?“

 

 

ნანა თხელიძესთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ „ქრონიკა+“-მა რამდენჯერმე სცადა არჩილ კბილაშვილთან დაკავშირება... ბატონმა არჩილმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

 

დარეჯან მეფარიშვილი

გაზეთი „ქრონიკა +“

 

02. 04. 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016