საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 2004-2012 წლებში, ნივთების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა კანონდარღვევით ხდებოდა - არც გატანის და არც შემოტანის დროს, არც ერთ ნივთს არ ჩატარებია კანონით გათვალისწინებული სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზა! როგორც ფიროსმანის ტილოები, ისე ოქროს, ვერცხლის, თიხისა და ბრინჯაოს ასეულობით არქეოლოგიური ნივთი ქვეყნიდან ქვეყანაში ამოგზაურეს კანონის უხეში დარღვევით!
საქართველოში არ არსებობს სათანადო აპარატურა, რომლითაც დეტალურად გამოირკვევა და საბოლოდ დაზუსტდება: ექსპონატების ამჟამინდელი მდგომარეობა; მასალა, რითაც ესა თუ ის ექსპონატია შექმნილი; შექმნის დრო და მისი ნამდვილობა. ამიტომ, ამ ეტაპზე, ამა თუ იმ დასკვნის გაკეთება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების და დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზეა შესაძლებელი!
ამგვარი თამამი განცხადებების გაკეთების საფუძველს მაძლევს ოთხთვიანი მუშაობა, იმ კომისიაში, რომელიც შეიქმნა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის N515 განკარგულების და შემდეგ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიას N03/92 ბრძანების საფუძველზე.
ცნობისთვის - რომ არა კულტურის მინისტრის პრინციპული პოზიცია, შესაძლებელი იყო მე არ მქონოდა, არც დოკუმენტაციაზე წვდომის და არც ამა თუ იმ ნივთის დათვალიერების საშუალება, როგორც კომისიის წევრს, რადგან ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაცია კომისიაში ჩემი ჩართვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.
"ქალბატონო მანანა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს სამინისტროს დროებით კომისიასთან, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 2004-2012 წლებში ქვეყნის ფარგლებს გარეთ საგამოფენოდ გატანილი ექსპონატების მდგომარეობისა და თანმხლები დოკუმენტაციის შესასწავლად შეიქმნა. იმედს გამოვთქვამთ, აღნიშნული საკითხის შესწავლის შემდეგ საბოლოოდ დასრულდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საღინააღმდეგოდ მიმართული შეურაცხმყოფელი და უსაფუძვლო ბრალდებები.
ამასთანავე, მოგახსენებთ, რომ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია კომისიაში ნინო მიქიაშვილის ჩართვა, ვინაიდან მან საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ შეიტანა საჩივარი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ადმინისტრაციული სარჩელი - თბილისის საქალაქო სასამართლოში და ადმინისტრაციული საჩივარი - საქართველოს კულტურის სამინისტროში. მის სტატიებსა და სატელევიზიო გამოსვლებში აშკარად იკვეთება მცდელობა დაუსაბუთებელი მოსაზრებებით ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა, რომ არაფერი ვთქვათ მის მიერ აღნიშნული საკითხის მუდმივ პოლიტიზირებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი ეჭვი შევიტანოთ მის მიუკერძოებლობაში. მუზეუმისადმი ამგვარი დამოკიდებულების გამო, ჩვენი ღვაწლმოსილი თანამშრომლები თავს შეურაცხყოფილად თვლიან და წარმოუდგენლად მიაჩნიათ მასთან საქმიანი ურთიერთობა. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ჟურნალისტის ჩართვას კომისიის შემადგენლობაში...", - ამგვარი შინაარსის წერილი 2013 წლის 20 ივნისს მიწერა კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილს, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე მიხეილ წერეთელმა.
პატივისცემას ვუდასტურებ ეროვნული მუზეუმის ყველა თანამშრომელს, იმათ გარდა, ვისაც სვანეთის საგანძურთან ფიზიკური შეხება ჰქონდა, 2011-2012 წლებში, როცა საგანძური ამყოფეს სამშენებლო ნაგავში! ეს ცალკე სასაუბრო თემაა და ამაზე აქ აღარ გავაგრძელებ.
ზემოხსენებული კომისიის ოთხთვიანი მუშაობის დროს, ეროვნული მუზეუმის, არც ერთ თანამშრომელთან არანაირი პრობლემა არ შემქმნია - ჩვენი ურთიერთობა იყო საქმიანი, კორექტული და თავაზიანი.
რაც შეეხება საჩივრებსა და სარჩელს - საქართველოს მთავარ პროკურატურაში ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ საჩივრის შეტანა სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობით იყო განპირობებული. ჩემი სარჩელის საფუძველზე სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება ეროვნულმა მუზეუმმა არ შეასრულა და საქართველოს მთავარ პროკურორს დახმარებისთვის მივმართე. ამ ქმედებამ დადებითი შედეგი გამოიღო - ეროვნულმმა მუზეუმა მომაწოდა ის საჯარო ინფორმაცია, რომელსაც სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით ვითხოვდი.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში 2013 წლის 3 იანვარს შეტანილი ჩემი ბოლო ადმინისტრაციული საჩივარი ეხებოდა ზარზმისა და აწყურის ხატების მდგომარეობას და გახლდათ შემდეგი შინაარსის: "...გთხოვთ, მომცეთ აწყურისა და ზარზმის ღვთისმშობლის ხატების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის თანამშრომლების მიერ დაწერილი დასკვნის ასლი..."
ადმინისტრაციული საჩივარი ეფუძნებოდა ეროვნული მუზეუმიდან მიღებულ წერილობით პასუხს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩემს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია საჯარო არ იყო.
ის რაც ეროვნულმა მუზეუმმა ჩათვალა არასაჯაროდ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვა - ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს დოკუმენტაცია თავად გამოითხოვა და გადმომცა.
სხვათა შორის, ზარზმისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატების მდგომარეობით ჩემი დაინტერესება იმ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივმა ქმედებამ გამოიწვია, რომელიც 2012 წლის 12 აგვისტოს ხდებოდა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში - შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ დღეს, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორ დავით ლორთქიფანიძის სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე ზარზმისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატები ახალციხეში გადაჰქონდათ. რომ არა ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლების, ჟურნალისტებისა და მუზეუმთან შეკრებილი ორ ათეულამდე ადამიანის წინააღმდეგობა, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ზარზმისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატებს ახლადრეაბილიტირებულ რაბათში გამოსაფენად წაიღებდნენ.
ქვეყნიდან ქვეყანაში შეუსვენებლად ნამოგზაურები ფიროსმანის ნამუშევრები
უცხოეთში აქეთ-იქით ნატარები ექსპონატები გამოფენილია სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში და ეროვნულ გალერეაში; მეორე ნაწილი ფონდებშია დაბინავებული. ფონდების ნივთებს შორის ყველაზე მოვლილი და სათუთად შენახულია თავის ქალები და ყბის ძვლები - ისინი ბარხატით გამოკრულ ხის ყუთებში ალაგია.
სისტემური ტიპის დარღვევებია იმ დოკუმენტაციაში, რომელიც თან ახლავს საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 2004-2012 წლებში ქვეყნის ფარგლებს გარეთ საგამოფენოდ გატანილ ექსპონატებს. ერთიდაგივე ნივთის ზომა, წონა, მასალა სხვადასხვა დოკუმენტებში სხვადასხვაგვარადაა დაფიქსირებული. დოკუმენტაციის სრულყოფილად ვერ გავეცანი, რადგან მათი ნაწილი უცხო ენაზეა შედგენილი.
რის მიხედვით არჩევდა ეროვნული მუზეუმი გამოფენებზე გასაგზავნ ნივთებს, ეს უცნობია, რადგან ჩემს მიერ ნანახ დოკუმენტებს შორის არ ყოფილა, არც ერთი ფურცელი, რომლითაც ცხადი გახდებოდა ამა თუ იმ ნივთის შერჩევის პრინციპი.
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, სადაც ფიროსმანის მუდმივმოქმედი ექსპოზიციაა, უამრავი სათვალთვალო კამერაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მნახველი ნამუშევრებს თავისუფლად შეიძლება შეეხოს, რადგან სიგნალიზაცია არ არის. მნახეველები ფიროსმანის ნამუშევრებს ფოტოებს ბლიცით უღებდნენ. ამგვარი არაერთი ფაქტის ირგვლივ, რაც კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის დროს ჩემი თვალით ვნახე, კულტურის მინისტრის სახელზე წარდგენილ ანგარიშებში მივუთითე.
ეროვნული გალერეის საცავში, სადაც ფიროსმანის ნამუშრევები ინახება, არ არის ტიხრები და რკინის სტელაჟებზე ნამუშევრები ერთმანეთზეა მიწყობილი. იატაკი კი სხმული ბეტონისგანაა გაკეთებული.
ჩემს მიერ ნანახი დოკუმენტებიდან განსაკუთრებით შთამბეჭდავია ფიროსმანის ნამუშევრების უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ შედგენილი ე.წ. დაცულობის აქტები, ფარატინა ფურცლებზე დაბეჭდილი ერთი ბწკარი - "ნ.ფიროსმანის 45 ნამუშევარი დაბრუნდა 2012 წლის 20 ნოემებრს. ნამუშევრები დაბრუნდა ცვლილებების გარეშე".
ფიროსმანის ნამუშევრების თანხმლებ დოკუმენტაციაში: საინვენტარო წიგნებში, მოძრავი ძეგლის პასპორტებსა და დაცულობის აქტებში ერთიდაიგივე ნამუშევრის დასახელებები სხვადასხვანაირადაა მოცემული, ისევე, როგორც ზომები. ფიროსმანის ნამუშევრების უდიდეს უმრავლესობას რესტავრაციის პასპორტი არ გააჩნია, რის მეშვეობითაც ცნობილი გახდებოდა როგორი იყო ამა თუ ნამუშევრის მდგომარეობა, რა ტიპის რესტავრაცია ჩაუტარდა და ამის შემდეგ, სპეციალისტების მიერ განისაზღვრებოდა, რამდენად სასურველი იყო მათი ქვეყნიდან ქვეყანაში, ლამის შესვენების გარეშე მოგზაურობა.
ფონდსაცავად გადაქცეული ხელოვნების მუზეუმი
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან უცხოეთში საგამოფენოდ გატანილი ექსპონატების სანახავად და თანმხლები დოკუმენტაციის შესამოწმებლად მისულს მომეცა საშუალება, კომისიის სხვა წევრებთან ერთად საკუთარი თვალით მენახა როგორ არის ერთ დიდ ფონდსაცავად გადაქცეული საექსპოზიციო სივრცე. ვნახე ის არანორმალური, არაადამიანური პირობები, რომელშიც მუზეუმის თანამშრომლებს ყოველდღიური მუშაობა უწევთ. მესამე სართულზე ვნახე ჭერიდან ჩამოსული ნალექის შედეგად ჩამოშლილი კედლები.
გავეცანი წერილებს, რომლითაც ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმს სთხოვენ კუთვნილი ნივთების უკან დაბრუნებას. კიდევ ერთხელ ვნახე წერილები, რომლითაც იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას მუზეუმის თანამშრომლებმა მიმართეს და მუზეუმისთვის პირვანდელი, დამოუკიდებელი სტატუსის აღდგენა მოითხოვეს.
როგორც ხელოვნების მუზეუმის წარმომადგენლებმა განგვიცხადეს, მდგომარეობა სამუზეუმო გაერთიანების შექმნის შემდეგ გართულდა - რემონტის დაწყების საბაბით, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე საექსპოზიციო სივრცე გადაიქცა ფონდსაცავად.
ხელოვნების მუზეუმის წარმომადგენლებმა კომისიის წევრებთან სიტყვიერად გააპროტესტეს სამუზეუმო გაერთიანების შედეგად ხელოვნების მუზეუმის როლის მიზანმიმართული დაკნინება; საექსპოზიციო სივრცის უდიდესი ნაწილის ფონდსაცავებად გადაქცევა; არანორმალური, არაადამიანური სამუშაო პირობები; ჯანაშიას სახელობის მუზეუმსა და ეროვნულ გალერეაში გადატანილი ნივთების (მათ შორის ოქროს ნივთების და ფიროსმანის ნამუშევრების) უკან არდაბრუნება.
ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ კულტურის სამინისტრო მათ მოთხოვნას გაითვალისწინებს, ხელოვნების მუზეუმი სამუზეუმო გაერთიანებას გამოეყოფა და პირვანდელი სტატუსს დაიბრუნებს.
ზემოხსენებულ კომისიასთან შეხვედრისას ხელოვნების მუზეუმის წარმომადგენლებმა გაიხსენეს 2009 წელს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე, კლიპის გადასაღებად ოქროს ფონდში შესული უამრავი ადამიანი, პროჟექტორებითა და სხვა აპარატურით (რის შესახებეც მე, როგორც ჟურნალისტს ვრცელი მოკვლევა მაქვს გამოქვეყნებული). მათ ასევე გაიხსენეს, 2012 წელს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის სიტყვიერი ბრძანებით ახალციხის ახლადრეაბილიტირებულ რაბათში ძალადობით როგორ ცდილობდნენ გადაეტანათ ზარზმისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატები.
ხელოვნების მუზუემის ოქროს ფონდში გვაჩვენეს უცხოეთში ნამოგზაურები ნივთები. ვიტრინაში ის ცარიელი თაროებიც ვნახეთ, სადაც უნდა ელაგოს ნივთები, რომელსაც ჯანაშიას სახელობის მუზეუმი ხელოვნების მუზეუმს უკან არ უბრუნებს.
ხელოვნების მუზეუმის მეორე სართულზე, შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ფონდი სადაც არის, იქიდან ქვის ფონდის ნაწილი 2010 წელს ჯანაშიას სახელობის მუზეუმში, გამოფენის მოწყობის საბაბით გადაიტანეს, მაგრამ, არც გამოფენა გაუკეთებიათ და არც ნივთები დაუბრუნებიათ. ეკლესიიდან აღებული მონუმენტური ფერწერის ასლებიც 2010-ში, ქვის ფონდის ნაწილთან ერთად გადაიტანეს და უკან არ დაუბრუნებიათ.
ხელოვნების მუზეუმიდან ეროვნულ გალერეაშია გადატანილი ფიროსმანის ყველა ნამუშევარი, გარდა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სურათებისა, რომელთაც რესტავრაცია უნდა ჩაუტარდეს.
უკან დაბრუნებულ ნივთებს შორის ერთი - ვერცხლის სამაჯური ორ ნაწილად გატეხილი აღმოჩნდა. ესაა ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნის შუა წლებში გაკეთებული ნივთი, რომელიც ჯანაშიას მუზეუმიდან ხელოვნების მუზეუმში 2011 წლის 13 ოქტომბერს, სხვა ნივთებთან ერთად დააბრუნეს.
ხელოვნების მუზეუმში გავეცანი დოკუმენტაციას, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის მთავრობის კულტურის მინისტრი და ეროვნული მუზეუმის დირექცია ცდილობდა ოქროს ფონდის ჯანაშიას მუზეუმში გადატანას. აქვეა ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლების მოხსენებითი ბარათები, რომლებშიც ოქროს ფონდის გადატანის მცდელობა გარპოტესტებულია.
უგულებელყოფილი სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზა
კანონში "კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ" შავით თეთრზეა მითითებული, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო "უზრუნველყოფს საქართველოდან გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის, აგრეთვე დროებით გატანის შემთხვევაში მისი უკან დაბრუნებისას სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებას". ამავე კანონის მე-15-ე მუხლში ასეთი ჩანაწერია - "კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის განმცხადებელი ნებისმიერი პირი ვალდებულია წარადგინოს იგი სახელმწიფო ექსპერტიზისათვის".
ზემოთ ხსენებული კანონის მე-16-ე მუხლში აღნიშნულია - "საქართველოდან დროებით გასატანად განცხადებული, აგრეთვე დროებით გატანის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული კულტურის მოძრავი ძეგლი ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტი ექვემდებარება აუცილებელ სახელმწიფო ექსპერტიზას";
25-ე მუხლში წერია -"კულტურული ფასეულობა საქართველოდან დროებით გატანის შემდეგ საქართველოში დაბრუნებისას ექვემდებარება აუცილებელ სახელმწიფო ექსპერტიზას, რომელიც ტარდება ამ კანონის მე-15-17 მუხლების მოთხოვნათა დაცვით".
კანონის ხსენებული მუხლები არ არის შესრულებული - სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზა, არც ქვეყნიდან გატანის და არც უკან დაბრუნების შემდეგ არ ჩატარებულა, რადგან არ არის დამტკიცებული დებულება "კულტურული ფასეულობის სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ".
და ბოლოს - ზემოთ არაერთხელ ნახსენებმა ათკაციანმა კომისიამ იმუშავა ოთხი თვე (აქედან ბოლო ერთი თვე ანაზღაურების გარეშე). დაიწერა კომისიის საბოლოო დასკვნა, რაზეც მე ხელი არ მოვაწერე. კომისიის წევრები და ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები სამინისტროში მიგვიწვიეს. კულტურის მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის მარინე მიზანდარის თანდასწრებით კომისიის საბოლოო დასკვნა ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს გააცნეს.
ვინაიდან ჩემს მიერ მომზადებულ დასკვნასა და კომისიის საბოლოო დასკვნას შორის სხვაობები იყო და ვინაიდან "ობიექტივის" პირდაპირ ეთერში მიმეჩქარებოდა (სადაც გადაცემას ვუძღვები), სამინისტროდან ადრე წამოვედი, ხოლო მანამდე იქ მყოფთ მივმართე, რომ თუ ჩემთან ექნებოდათ კითხვები, მზად ვიყავი მივსულიყავი იქ, სადაც მიმითითებდნენ (მუზეუმში, ან გალერეაში, ან სამინისტროში) და ყველა კითხვაზე გამეცა ამომწურავი პასუხი. ჩემთვის დღემდე არავის დაუძახია და არც არაფერი უკითხავს.
(ნინო მიქიაშვილი, სპეციალურად "საქართველოს რესპუბლიკისთვის")