reportiori.ge - როგორ გადაიღეს 9 აპრილი: 25 წელი სისხლიანი დარბევიდან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:25
პრეს-დაიჯესტი
როგორ გადაიღეს 9 აპრილი: 25 წელი სისხლიანი დარბევიდან
ავტორი:
09 აპრილი, 2014. 23:12



9 აპრილის ტრაგიკულ დღეებში არანაკლები უბედურება ისიც იყო, რომ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, განსაკუთრებით ცენტრალური პრესა და საინფორმაციო პროგრამა „ვრემია“ ყალბად და ტენდენციურად აშუქებდნენ მოვლენებს, თითქოს ადამიანთა მსხვერპლი მოხდა წარმოქმნილი ჭყლეტის შედეგად. ხალხი არ ცდებოდა, რომ ამ დეინფორმაციაში საბჭოთა პროპაგანდისტულ მანქანას ადანაშაულებდა, რომ მათი ხელი ერია, რათა საზოგადოებრისთვის ცნობილი არ გამხდარიყო რაც საბჭოთა არმიის ნაწილებმა ჩაიდინეს თბილისში 1989 წლის 9 აპრილის დილის 4 საათზე მიტინგის დარბევის დროს. თუმცა, ტრაგედიიდან მეორე დღეს მთელმა მსოფლიომ გაიგო ამ ბარბაროსული აქტის შესახებ.

 

დღევანდელ სტატიაში გვინდა მკითხველს შევთავაზოთ იმ ადამიანების ნაამბობი, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ამ საიდუმლოს გამჟღავნებაში. მანამდე კი თვალსაჩინოებისთვის შემოგთავაზებთ რამდენიმე ფრაგმენტს იმ დღეების ქრონიკიდან, თუ როგორ მუშაობდა საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანა.

9 აპრილს თითქმის მთელი დღე დუმდა საქართველოს ტელევიზია და რადიო, თუ არ ჩათვლით „მოწოდებას კეთილგონიერებისაკენ“ და იმას, რომ თბილისის ტრაგედიას უწოდეს „გარდაქმნისათვის ზურგში ჩაცემული ლახვარი“. იმ დღეს ეთერში გავიდა მხოლოდ სამი გადაცემა, მათ შორის იყო 16 საათზე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მიმართვა მშრომელებისადმი. 22 საათსა და 50 წუთზე – გენერალ იგორ როდიონოვის გამოსვლა, რომელმაც გამოაცხადა რომ შემოღებულია კომენდანტის საათი.

11 აპრილს კი გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა ოფიციალური განცხადება: „8 აპრილს ღამით, ქალაქ თბილისში მთავრობის სახლის მოედანზე ექსტრემისტი, ანტისაზოგადოებრივი ელემენტების მიერ პროვოკაციულად გამოწვეულ უწესრიგობათა აღკვეთის დროს დაშავდა ადამიანთა ჯგუფი სამოქალაქო პირთა და სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვიდან, წარმოქმნილი ჭყწეტის შედეგად დაიღუპა 16 კაცი. სკკპ ცენტრალური კომიტეტი, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო ღრმა სამძიმარს უცხადებენ დაღუპულთა ოჯახებს, ნათესავებს და ახობლება“.

გაზეთი „ვეჩერნი თბილისი“ კი 11 აპრილს იუწყებოდა, რომ „სწორედ ზოგიერთი თვითმარქვია, ექსტრემისტი ლიდერისა და ნაციონალისტების სინდისზეა თბილისში მომხდარი ტრაგიკული ამბები, უწესრიგობანი, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ნაციონალისტურმა გამოვლინებებმა ანტისოციალისტური ელფერი შეიძინა“.

იგივე სულისკვეთეით იყო გამსჭვალული სხვა ადგილობრივ პრესაში დაბეჭდილი სტატიების უმრავლესობა.

ცენტრალური პრესა კი თითქოს განზრახ აყრიდა მარილს იარებზე მგლოვიარე ხალხს. „პრავდა“, „იზვესტია“, „სოვეტსკაია კულტურა“ და სხვა გამოცემები დოზირებულად, სიტყვაძუნწ ინფორმაციებს სჯერდეოდნენ.

დეზინფორმაციაში განსაკუთრებით „იმარჯვა“ სსრკ-ს თავდაცვის სამინისტროს ბეჭდვითმა ორგანომ „კრასნაია ზვეზდა“. მასში გამოქვეყნებულმა სიცრუემ ყველა ნორმას გადააჭარბა. სიცრუის ეს ესტაფეტა შემდეგ აიტაცეს „სოვეტსკაია რასიამ“, „მედიცინსკაია გაზეტამ“, „სოვეტსკი პატრიოტმა“ და სხვებმა.

გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტი“-ს 16 აპრილის ნომ ერში კითხვაზე „რა ქიმიური ნივთიერება იხმარეს თბილისში 8 აპრილის ღამეს?“ – სსრკ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი, რომელმაც ისურვა, ინკოგნიტოდ დარჩენილიყო, პასუხობს: „შინაგანმა ჯარებმა იხმარეს მხოლოდ ცრემლსადენი მოქმედების საშუალებები, რომელსაც წესრიგის დაცვის ძალები იყენებენ“. თუმცა არაფერი უთქვამს „სი-ეს“-ით ათასობით მოწამლულზე, მშვიდობიანი მოსახლეობის ბარბაროსულ სასტიკ რბევა-დაწიოკებაზე.

ქიმიურ საშუალებათა გამოყენების შესახებ ადეკვატური ინფორმაცია მხოლოდ 19 აპრილის „პრავდაში“ გამოქვეყნდა. საინფორმაციო გადაცემა „ვრემიაში“ გასულ აღმაშფოთებელ დეზინფორმაციებზე კი შეიძლება ტომები დაიწეროს.

13 აპრილს გაზეთ „მოლოდიოჟ გრუზიი“-ში გამოქვეყნდა „ლიტერატურნაია გაზეტის“ მიმომხილველის იური როსტის რეპორტაჟი, სადაც პირველად გაირღვა ის კედელი, რომელიც მკითხველამდე არ უშვებდა სიმართლეს 9 აპრილის ღამის შესახებ. მართალია, მოსკოვში გამომავალმა „ლიტერატურნაია გაზეტამ“ არ დაბეჭდა ეს რეპორტაჟი, მაგრამ თბილისური „მოლოდიოჟ გრუზიას“ ის ნომერი, რომელიც სამხედრო ცენზურამ სწორედ იური როსტის გამო აკრძალა, თითქმის ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა.

ეს ამბავი კი ასე იყო: როგორც 9 აპრილის ღამის მოვლენების თვითმხილველმა იური როსტმა ყველაფერი იღონა, რათა დოკუმენტურად აღბეჭდა ის, რაც მოედანზე მოხდა. დაბეჭდა ფოტოსურათები, დაწერა ტექსტი, რომელშიც არავითარ შეფასებებს არ იძლეოდა და მოჰყავდა მხოლოდ ფაქტები და გადასცა „ლიტერატურნაია გაზეტას“. მაგრამ გაზეთმა „გარკვეული მიზეზების“ გამო უარი თქვა გამოექვეყნებინა მასალა. მაშინ „მოლოდიოჟ გრუზიამ“ სთხოვა ავტორს მიეცა მისთვის კორესპონდენცია და ფოტოსურათები.

რედაქტორისაგან ხელმოწერილი ნომერი დასაბეჭდად წავიდა სტამბაში, მაგრამ 13 აპრილს, დილის 4 საათზე სტამბას ალყა შემოარტყეს სამხედროებმა, ბრძანება გასცეს არ დარიგებოდათ „მოლოდიოჟ გრუზიას“ ხელმომწერებს და ჯიხურებს. დააპატიმრეს მთელი ტირაჟი. მაგრამ პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატის რაზუმოვსკის ჩარევის შემდეგ გაზეთი მიიღეს მხოლოლდ თბილისის ხელმომწერებმა.

კინოსტუდია „ქართული ფილმის“ გაზეთში, 19 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა სრული ანგარიში კინოსტუდიაში შევარდნაძის და რაზუმოვსკის შეხვედრის შესახებ. ასევე დაიბეჭდა მიმართვა გორბაჩოვისადმი, რომელსაც ხელს აწერდნენ სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები. გაზეთი სისტემატურად აქვეყნებდა საპროტესტო წერილებს. მკაცრად აკრიტიკებდა ტენდენციურ გამოსვლებს არმიის დასაცავად, ასევე ინტერვიუებს 9 აპრილის ღამეს დაშავებულებთან.

იური როსტი: „8 აპრილს ჩემმა მეგობარმა, გოგი ხარაბაძემ დამირეკა თბილისიდან და მთხოვა – ჩვენთან რთული მდგომარეობაა და ჩამოდიო. მეც ავიღე ბილეთი და თბილისში ჩამოვფრინდი. ღამის პირველი საათი იქნებოდა, მიტინგზე რომ მივედით. თან მქონდა მიკროფონი, კამერა.

„ილია მეორემ რომ დაასრულა მიმართვა ხალხისადმი, მე და გოგი ქვევით მხატვრის სახლთან ჩავედით. გავიგონე რომ ამბობდნენ – თუ სამხედროები დაიძვრებიან, წინააღმდეგობა არ გავუწიოთო. იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ მშვიდობიანად დამთავრდებოდა ყველაფერი, გოგის ვუთხარი – არაფერიც არ მოხდება-მეთქი.

„ისევ ზემოთ ვაპირებდი ასვლას მოშიმშილეებთან. გოგიმ მითხრა – თუ დავიკარგებით, ერთმანეთს ისევ მხატვრის სახლთან შევხვდეთო. დავშორდით და იქვე ქუჩაზე გადავედი. დავინახე, მოშორებით ოთხი ჯავშანტრანსპორტიორი იდგა ანთებული ფარებით. ამ დროს დამეწია გოგა ხაინდრავა და მთხოვა – დაბრუნდი, იქით წასვლა სახიფათოაო. მე მაინც წავედი.

„ტროტუარზე გადავედი და სიბნელეში დავინახე, რომ მოედანზე მზადყოფნაში მოეყვანათ ჯარისკაცებ, ჯავშანტრანსპორტიორები, ორი სახანძრო მანქანა, რომელიც შემდეგ არ გამოუყენებიათ. ესეც გადავიღე. მინდოდა უკან წამოვსულიყავი და ხალხისთვის მეთქვა მოდიან-მეთქი, რომ სწორედ ამ დროს დამაკავეს ჯარისკაცებმა, იარაღით დამადგნენ თავზე.

„გამჩხრიკეს, აპარატის წართმევა მოინდომეს. შემდეგ მოვიდა ოფიცერი. ჩინი ვერ გავარჩიე, რადგან სახმრეები არ უჩანდა. შესძახა „კამერუ პად გუსენიცი“. ვუპასუხე – კამერა სახელმწიფოსია და თუ დამიმტვრევთ, ხელწერილი მომეცით, რომ თქვენ დამიმტვრიეთ-მეთქი. ამის გაგონებაზე გაჩუმდა.

„ჯარისაცებმა ფოლგაში მოქცეული ფირები მთლიანად ამოქაჩეს და გამინათეს. ორი ფირი გასაღებთან ერთად მქონდა შენახული. იქ რომ მოინდომეს ხელის ჩაყოფა, ვუთხარი, მანდ მხოლოდ გასაღებებია-მეთქი.

„სასწაულად გადავარჩინე ის ფირიც, რომელიც აპარატში მქონდა. სამხედროების ყურადღება რომ მომედუნებინა, რაღაცას ვეუბნებოდი და თან ფრთხილად ვახვევდი ფირს კასეტაში, როდესაც მთლიანად გადავახვიე, კასეტა ამოვიღე და ჯარისკაცებს ცარიელი აპარატი დავანახე. როგორც ჩანს იმ დროს ბრძანება მიიღეს, უცებ დამანებეს თავი, დამიყვირეს – წადი აქედანო და მანქანისკენ გაიქცნენ.

„მე წამოვედი და ვიძახდი, „მოდიან-მეთქი“, მართლაც წამოვიდნენ...

„მერე, როცა რბევას ვიღებდი, შიშის გრძნობა არ მქონია. კი, საშინელი სანახავი იყო, მაგრამ მე მხოლოდ ერთი რამ მამოძრავებდა – ყველაფრის გადაღება უნდა მომესწრო.

„შევყურებდი ჯარისკაცებს და მეგონ, რომ ისინი საიდანღაც ძალიან შორიდან მოდიოდნენ, რუსულად რომ დაველაპარაკო, ვერც გამიგებენ-მეთქი. დემონსტრანტების მხრიდან კი დაცვას ვგრძნობდი. ქართველმა ბიჭებმა ხელში ამიყვანეს, რომ უკეთ გადამეფო, მიფარავდნენ“.

შემდეგ იყო ის, რომ იური როსტს ცრემლსადენმა გაზმა მუშაობაში ხელი შეუშალა, ჯარისკაცების ხელკეტიც იგემა, მაგრამ ყველაფრის გადაღება მოასწრო და მოსკოვის „კინოს სახლში“ 9 აპრილის ამბების ამსახველი, იური როსტის თავზარდამცემი 50 ფოტოსურათიანი რეპორტაჟიც გავიდა.

9 აპრილის საღამოს კი შვედეთის ტელევიზიით გავიდა კადრები იმ ღამის საშინელებები, რომელიც ვიდეოფირზე ქართველმა კინორეჟიფორმა გოგა ხაინდრავამ გადაიღო.

გოგა ხაინდრავა: „ნოემბრიდან მოყოლებული, რაც იმ დროს ქვეყანაში ხდებოდა, თითქმის ყველაფერი მაქვს გადაღებული, დაახლოებით 200-საათიანი ფირია. რაც შეეხება 9 აპრილს, ვიცოდი, რომ მძიმე ღამე იქნებოდა. თვალნათლივ ჩანდა, რომ რაღაც მზადდებოდა.

„იმ ღამეს კადრებს მარტო მე არ ვიღებდი, ახალგაზრდა ბიჭებიც თავგანწირვით მუშაობდნენ, რომ სრული სურათი ეჩვენებინათ.

„მიტინგის დარბევის შემდეგ წავედით ფილარმონიისკენ, შემდეგ უნივერსიტეტის ბაღში გადავინაცვლეთ. ჯერ ამდენი მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა. როცა გავიგეთ, წავედით პროზექტურაში, რომელიც ავლაბარში იყო. პირველებმა ჩვენ მოვახერხეთ, რომ გადაგვეღო ეს გვამები. შემდეგ უკვე მოვიდნენ და დახურეს. მოვასწარით, გამოვიპარეთ და კადრები წამოვიღეთ.

„აპრილის დღეებს იღებდნენ ესტონელი ახალგაზრდები. აქციაზე ხშირად ვხვდებოდით. ვიცოდი, რომ ისინი 9 აპრილის დილას სამშობლოში ბრუნდებოდნენ. ისიც ვიცოდი, რომ სასტუმრო „თბილისში“ ცხოვრობდნენ. გამთენიისას უკანა კარიდან შევაღწიე სასტუმრო „თბილისში“ და ფირი გადავეცი, სულ 22 წუთიანი ფირია. ეს ფირი ესტონეთში ჩაიტანეს და იმავე საღამოს შვედეთში გადააგზავნეს, შვედეთის ტელევიზიამ კი იმ საღამოსვე აჩვენა ეს კადრები, რომლითაც გაბათილდა ის, რასაც „ვრემია“ გადასცემდა – რომ ჩვენ ვიყავით ექსტრემისტები, ერთმანეთს თვითონ დავერიეთ და ა.შ.

„ჩემს სახლში სამჯერ ჩაატარეს ჩხრეკა და ყველაფერი გადათელეს, მაგრამ კადრებს როგორ მივცემდი?! ყველაფრისათვის მზად ვიყავი. ვიცოდი, რომ ნადირობა ჩემზე დიდი ხნის წინ იყო დაწყებული. ღმერთმა ინება, რომ ეს კადრები გადარჩა და მომავალ თაობას დარჩა“, – ასე გაიხსენა „მთელ კვირასთან“ საუბრისას 25 წლის წინანდელი ტრაგიკული ღამე გოგა ხაინდრავამ.

კინოდოკუმენტალისტი გივი ყურელი კი იმ ამბებს იხსენებს, რომელიც მას და მის კოლეგებს გადახდათ თავს აპრილის დღეებში.

„მიტინგის მსვლელობის კადრებს იღებდნენ კინორეჟისორი ლია ელიავა, კინოდოკუმენტალისები ნოდარ ფალიაშვილი, გია ჭუბაბრია და სხვები, მათთან ერთად მეც. ამ მასალას შემდეგ ლაბორატორიაში ვაბარებდით გასამჟღავნებლად. როდესაც მივედით ფირების წამოსაღებად, ლაბორატორია ჩარაზული დამხვდა, იქ უკვე კგბ-ს თანამშრომლები იდგნენ. ასე დაიკარგა უამრავი ფოტო არა მხოლოდ ჩემ მიერ გადაღებული, არამედ იმათიც, ვინც ამ მოვლენებს იღებდა.

„პირადად მე, სანამ კომენდანტის საათი გამოცხადდებოდა, აეროპორტის გზაზაე ჩემი მანქანით მივდიოდი და ჯავშანტრანსპორტიორმა გადამიარა, რომელიც კოლონას მოწყდა და სავალ გზაზე გადმოვიდა. ეს ის კოლონა იყო, რომელიც ავღანეთიდან წამოსული ჯარისკაცებით სავსე მანქანებით თბილისში შემოდიოდა 9 აპრილის საღამოს. ჯერ გაგვაჩერეს, ყველა გზა მოგვიჭრეს და მერე ისევ ჩვენ გვაბრალებდნენ – თქვენ ჩაუხერგეთ გზა კოლონასო. იძახდნენ – ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთო.

„სასწაულად გადავრჩი. ამ ფოტომ კი, რომელზეც აღბეჭდილი იყო, თუ როგორ გადაუარა ჩემს მანქანას ამხელა ტექნიკამ, მგონი მთელი ქვეყანა მოიარა.

„მეორე დღეს მძიმე დაზიანებებით მაინც მივედი კინოსტუდიაში. მიტინგი იყო. მართალია, ბურუსში ვიყავით და მდგომარეობიდან ჯერაც არ ვიყავით გამოსული, მაგრამ რეზო ჩხეიძემ კინოსტუდიის პავილიონში დიდი მიტინგი მოაწყო.

„ერთმა ახალგაზრდა მსახიობმა თქვა – გასტროლებზე საფრანგეთში მივდიოდით, მაგრამ აღარ წავალთო. რეზო ჩხეიძემ უთხრა – სწორედ ახლა უნდა წახვიდეთ და ყოველი სპექტაკლის წინ 9 აპრილის ტრაგედიაზე უნდა მოუყვეთ საზოგადოებასო.

„ჩვენც როგორც შეგვეძლო, ისე ვაწვდიდით ხმას ჩვენს უცხოელ კოლეგებს. მე პირადად გორბაჩოვსაც გავუგზავნე დეპეშა ყრილობაზე, მგონი კომუნისტების ბოლო ყრილობა იყო. მეორე დღეს კი გენერალურმა პროკურორმა დამიბარა და მითხრა – ეს როგორ გაბედეო“.

 

ია აბულაშვილი

გაზეთი „რეზონანსი“

 

09. 04. 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016