საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხურჩაში აფხაზეთის ოკუპირებული ტერტიორიიდან რუსული თვითმფრინავის შემოფრენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შეისწავლის.
ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განუცხადა.
" აუცილებლად შევისწავლით, თუ როგორ მოხდა, რა პირობებში. შესაბამისად, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია იქნება ინფორმირებული, მათ შორის, ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილე ყველა დელეგაცია", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დღეს მცირე ზომის რუსული თვითმფრინავი შემოფრინდა. თვითმფრინავი ცოტა ხნით უკან გაბრუნდა, შემდეგ კი ისევ სოფლის თავზე დაფრინავდა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათ სავარაუდოდ ხურჩის ტერიტორიის სურათები გადაიღეს.
თვითმფრინავი სოფლის თავზე მაშინ გამოჩნდა, როცა სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ხურჩის მოსახლეობასთან შეხვედრა უნდა დაწყებულიყო.