"შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში, ერთი წლის მანძილზე, 318,000,000 ლარის ოდენობის 14,100 შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა დღეს სასტუმრო "რედისონში" "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ერთი წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინეს. ღონისძიება, სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ გახსნეს.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სოფლის მეურნეობა ახალი მთავრობისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა, შესაბამისად, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, ერთ-ერთი წარმატებული "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტია".
"ერთწლიან პერიოდში ჩვენ მოვახრეხეთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანებისა და კომპანიების ძალიან ფართო სპექტრმა, 14 000-ზე მეტმა მსესხებელმა შეძლო დაახლოებით 320 მილიონი ლარის აღება სხვადასხვა ბანკებიდან, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან, შესაბამისად, შეძლეს ამ თანხების ინვესტირება საკუთარ საქმიანობაში. პროექტი, რომელიც თავიდან სამ კომპონენტს მოიცავდა, დღეს უკვე შვიდ კომპონენტს მოიცავს", - აღნიშნა შალვა ფიფიამ.
ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დაესწრო, რომელიც ამავდროულად, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის გამგეობის წევრია. მისი თქმით, შეუძლია დაადასტუროს იმ პროექტების განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელიც ფონდის ფარგლებში მიმდინარეობს და დაფინანსებულია. ნარმანიას განცხადებით, ეს პროექტები რეგიონული განვითარების თვალსაზრისითაც განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რადგან ხდება ადამიანების დასაქმება, ოჯახებში დამატებითი შემოსავლების შედინება და იქმნება სამამულო წარმოების პროდუქცია.
"შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი", საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა, რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლის 27 მარტიდან ახორციელებს. პროექტში ჩართულია 13 ბანკი, 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და 2 სალიზინგო კომპანია.
პროექტი, თავდაპირველად სამი კომპონენტისგან შედგებოდა: 1. უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) მცირე ფერმერებისთვის; 2. შეღავათიანი აგროკრედიტი საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის; 3. შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო - სამეურნეო საწარმოებისთვის. ერთი წლის მანძილზე, მას სხვა კომპონენტები დაემატა: 4. შეღავათიანი აგროლიზინგი; 5. შეღავათიანი აგროკრედიტი ყურძნის გადამამუშავებელი კომპანიებისათვის; 6. შეღავათიანი აგროკრედიტი ციტრუსის ექსპორტიორი და გადამამუშავებელი კომპანიებისათვის; 7. შეღავათიანი აგროკრედიტი თანმხვედრი გრანტით დაფინანსებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის.
პროექტის შედეგად 70 ახალი საწარმო დაფინანსდა და 400-ზე მეტი უკვე არსებული საწარმოს გაფართოება/გადაიარაღება მოხდა.
4 აპრილის მონაცემებით: I კომპონენტში გაცემულია 1,837,478 ლარის 4,309 სასაქონლო განვადება. II კომპონენტში გაცემულია 168,644,280 ლარის ოდენობის 9,258 შეღავათიანი აგროკრედიტი. III კომპონენტში გაცემულია 96,991,211 ლარის 482 შეღავათიანი აგროკრედიტი. V კომპონენტით, 2013 წლის რთველის პერიოდში, ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა ყურძნის შესაძენად ისარგებლეს. ამ მიზნით, გაცემულია 49,625,810 ლარის ოდენობის 48 სესხი.