"2013 წლის განმავლობაში თითქმის 800 მილიონ ლარამდე დაიხარჯა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად“ - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ მინისტრის რანგში საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ნარმანიას უწყების მიერ წელიწადნახევრის განმავლობაში გაწეული სამუშაობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე მინისტრმა განაცხადა, რომ 2013 წელს 2012 წელთან შედარებით 130 მილიონი ლარით მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები შესრულდა.
„ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით, როგორ გზების მოწესრიგების, ისე წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით - 160 კილომეტრზე მეტი მეორადი კატეგორიის გზა გაკეთდა. სამ სხვადასხვა მონაკვეთზე მიმდინარეობდა მუშაობა ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, თუმცა 2014 წელს ეს სამუშაოები უფრო ინტენსიური იქნება _ ჩვენ 7 სხვადახვა მონაკვეთზე ვაწარმოებთ მას.
მე ვარ ძალიან ამაყი, რომ ჩემი მმართველობის პერიოდში ინტენსიურად დავიწყეთ წყალმომარაგების სამუშაოები რეგიონებში. უკვე ყველა საპროექტო დოკუმენტაცია დავასრულეთ და 2014 წელს 28-ვე მუნიციპალიტეტში დაიწყება მსხვილი და მასშტაბური სამუშაოები წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ასევე მყარი ნარჩენების მართვის კუთხითაც საქართველოში პირველადი სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და ამ წლის გაზაფხულზე მოწესრიგდა 9 ერთეული რეგიონული ნაგავსაყრელი, ხოლო 11 ერთეულის მოწესრიგება 2014 წელსაა დაგეგმილი. ძალიან ბევრი რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ადმინისტრირების ფარგლებში 200 მილიონ ლარზე მეტი სამუშაოები იქნა დაფინანსებული გასულ წელს", - აღნიშნა მინისტრმა.