კომპანია „ტრანსსისტემი“ ბათუმის პორტის მფლობელი კომპანიის „ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდინგის“ დირექტორს, ტალგაიტ ბაიტაზიევს შევიწროებაში ადანაშაულებს.
კომპანიის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, კომპანია პორტთან კონტრაქტს წყვეტს და ზიანის ასანაზღაურებლად მილიონ დოლარზე მეტს მოითხოვს. მისი თქმით, ბაიტაზიევის ქმედებების გამო, საგრძნობლად იკლო პორტის თანამშრომლების ხელფასებმა.
„ვწყვეტთ ხელშეკრულებას ბათუმის საზღვაო ნავსადგურთან და ვითხოვთ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც შეადგენს მილიონ დოლარზე მეტს. ხვალ მთავარ პროკურატურას მივმართავთ, რომ დაიწყოს ძიება იმ კორუფციულ გარიგებებზე, რომელსაც ბაიტაზიევი ხელმძღვანელობს. ჩვენ წერილით მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, სადაც უნდა დაინტერესდნენ ამ ადამიანის საქმიანობით. მოვუწოდებთ ყაზახეთის საელჩოს, შეისწავლოს რას საქმიანობს და რა მდგომარეობამდე მიიყვანა ბათუმის ნავსადგური ბაიტაზიევმა“-განაცხადა გაბუნიამ.
ადვოკატის განცხადებით, ტალგატ ბაიტაზიევი საეჭვო პიროვნებაა და თავის ქვეყანაში მრავალი კრიმინალური დაჯგუფების ორგანიზებაშია გარეული.
„მან კოლაფსამდე მიიყვანა, დაანგრია ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ინფრასტრუქტურა, შემცირებულია ტვირთების გადაზიდვა, ორი კვირის წინ იგეგმებოდა და იყო პორტის თანამშრომლების გაფიცვის მცდელობა. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ბათუმის პორტისა და ქართული კომპანიების საბოტაჟი, ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებებს და გვაქვს ამის კონკრეტული დოკუმენტაცია“-განაცხადა გაბუნიამ.