reportiori.ge - ოჯახი მეღუპება, მოვითხოვ, ,,პოპულის’‘ ვალი, 45 ათასი ლარი დამიბრუნონ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:35
პრეს-დაიჯესტი
ოჯახი მეღუპება, მოვითხოვ, ,,პოპულის’‘ ვალი, 45 ათასი ლარი დამიბრუნონ!
ავტორი:
15 აპრილი, 2014. 17:18



რა კაბალურ პირობებს სთავაზობდა ,,ფუდმარტის’‘ კომერციული დირექტორი თამარ ჩაჩანიძეს და რა სქემით გადაიფორმა არჩილ გეგენავამ კომპანიის ობიექტები ერთ ღამეში.


,,ვერსიას’‘ სუპერმარკეტების ქსელ ,,პოპულის’‘ ერთ-ერთი მიმწოდებელი დაუკავშირდა. თამარ ჩაჩანიძე ფიზიკური პირია, რომლის მიმართაც კომპანიას 45 000-ლარიანი დავალიანება დაუგროვდა. მისი თქმით, ,,პოპულის’‘ ამჟამინდელი მმართველი კომპანია ,,ფუდმარტი’‘ ძველი კრედიტორების დავალიანებას არ ისტუმრებს.  

ფიზიკური პირი თამარ ჩაჩანიძე ჭიათურის რაიონის ერთერთი სოფლიდანაა. მას მცირე საოჯახო მეურნეობა აქვს და ყველს აწარმოებს, რომლითაც წლების განმავლობაში სუპერმარკეტების ქსელ ,,პოპულს’‘ ამარაგებდა. 2013 წელს, მას შემდეგ, რაც ,,პოპულს’‘ ფინანსურად გაუჭირდა და კრედიტორების, მიმწოდებლებისა და დისტრიბუტორების დავალიანება დაუგროვდა, თამარ ჩაჩანიძეც მათ რიცხვში აღმოჩნდა: ,,კომპანიას ჩემი, დაახლოებით, 45 000 ლარი ვალი დაუგროვდა. ჩვენისთანა უბრალო ოჯახისთვის ეს ძალიან დიდი თანხაა. ამას ისიც ემატება, რომ ორი ბანკიდან კრედიტი გვაქვს აღებული და პროცენტის გადახდა რეგულაურად გვიწევს.



2013 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც ,,პოპული’‘ კომპანია ,,ფუდმარტმა’‘ შეიძინა, კომერციულმა დირექტორმა, ბექა პეტრიაშვილმა გვითხრა, თუ ხელშეკრულებას ხელს მოაწერთ, ჩვენი ვალის 70%-ს გაგისტუმრებთ, ოღონდ გადახდას ახლავე კი არა, ორი წლის შემდეგ დავიწყებთ 4-წლიანი გრაფიკითო. მოსაფიქრებლად ერთკვირიანი ვადა მოგვცეს, მაგრამ პირობები იმდენად კაბალური იყო, არ დავთანხმდი და არც ხელშეკრულებაზე მოვაწერე ხელი. ამის შემდეგ, 2013 წლის 31 დეკემბერს, სასამართლოში სარჩელი შევიტანე და ვალის გადახდა მოვითხოვე. სარჩელი ,,პოპულის’‘ წინააღმდეგაა, რადგან ხელშეკრულება სწორედ ამ კომპანიასთან გვქონდა გაფორმებული. ერთი თვის წინ, სასამართლომ ჩვენ სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება _ კომპანიას დაავალა, ჩვენი ვალი სრულად დაეფარა. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საქმე აღმასრულებელთან გადავიდა, მაგრამ მან გვითხრა, ვერაფრით დაგეხმარებით, რადგან მსგავსი ტიპის 50-მდე საქმე მაქვს აღსასრულებელიო. გაურკვევლობაში ვარ, არ ვიცი, ვის მივმართო ან რა გზას დავადგე, ოჯახი მეღუპება’‘. თამარ ჩაჩანიძის თქმით, ვიდრე სასამართლოს ვალის გასტუმრების შესახებ სარჩელით მიმართავდა, ,,პოპულის’‘ ერთერთი ობიექტის დაყადაღება მოითხოვა, მაგრამ, რადგან ბაჟი გადახდილი არ ჰქონდა, ობიექტის დაყადაღების მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. ჩაჩანიძე ამბობს, რომ ეს ობიექტი მეორე დღესვე გაყიდეს: ,,იცით, როგორ გაიყიდა ,,პოპულის’‘ ობიექტები?



ერთ ღამეში, სასწრაფო წესით, 200-ლარიანი ჩეკებით გადაიფორმა ეს ობიექტები არჩილ გეგენავას კომპანია ,,ფუდმარტმა’‘, რომ კრედიტორებს, დისტრიბუტორებსა და მომწოდებლებს მათი დაყადაღება არ მოესწროთ. მოგვიანებით, ისიც გავიგე, რომ მხოლოდ იმ მიმწოდებლების ვალი გაისტუმრეს, ვინც მოასწრო და ,,პოპულის’‘ ობიექტები დააყადაღა. ჩვენ, უბრალო ხალხი კი, უსახსროდ დაგვტოვეს’‘. თამარ ჩაჩანიძე იმასაც გვიამბობს, რომ ,,ფუდმარტის’‘ გენერალურ დირექტორთან, ირაკლი კასრაძესთან უშუალო კავშირი არ ჰქონია, მაგრამ ,,პოპულის’‘ შესყიდვიდან რამდენიმე დღეში, კასრაძე მიმწოდებლებს დაუკავშირდა და პროდუქციის მიწოდების განახლება სთხოვა. შესაბამისი ხელშეკრულებაც გააფორმეს, რის საფუძველზეც თამარ ჩაჩანიძემ მხოლოდ ერთხელ მიაწოდა ყველი ,,ფუდმარტს’‘ და ანაზღაურებაც მიიღო. ძველი ვალის შესახებ კი, განუცხადეს, რომ ვერ გადაუხდიდნენ.



მეტიც, ,,ფუდმარტის’‘ წარმომადგენლებმა ჩაჩანიძეს ისიც უთხრეს, ძველი დავალიანების მოთხოვნით, სასამართლოში სარჩელის შეტანას აზრი არ აქვს, რადგან ,,ფუდმარტს’‘ თქვენ წინაშე არავითარი ვალდებულება არ აქვს. თუ ვალის ნაწილს, თანაც ორი წლის შემდეგ, ოღონდ ოთხწლიანი გრაფიკით გაგისტუმრებთ, ეს მხოლოდ ჩვენი კეთილი ნება იქნება და არა ვალდებულების შესრულება მიმწოდებლის წინაშეო: ,,თქვენთან ინტერვიუში, ,,პოპულის’‘ დამფუძნებლის, ევგენი ფიჩხაიას ადვოკატი, ლაშა ნოდია ამბობდა, რომ აუცილებელია ,,პოპულის’‘ გადახდისუუნარობის პროცესის დაწყება, რათა მომწოდებლები თანაბარ პირობებში აღმოვჩნდეთ და კომპანიამ ჩვენი დავალიანება გაისტუმროს. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, ეს ერთადერთი გამოსავალია. იმედი მაქვს, ბატონი ევგენი პროცესს მოიგებს, თორემ სხვა შემთხვევაში, ვალს არავინ გამისტუმრებს და გამორიცხული არაა, ბანკმა სახლიც კი გამიყიდოს. როგორც გითხარით, კრედიტი გვაქვს აღებული და თუ პროცენტს არ გადავიხდით, რომელი ბანკი გვაპატიებს ამას?’‘. ,,ვერსია’‘ უკვე წერდა, რომ ,,პოპულის’‘ დამფუძნებელმა და 12%-იანი წილის მფლობელმა, ევგენი ფიჩხაიამ სასამართლოს სარჩელით მიმართა და იმ ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც სუპერმარკეტების ქსელის ,,პოპულის’‘ აქტივები ,,ფუდმარტის’‘ მფლობელობაში გადავიდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სარჩელი, საფუძვლიანად მიიჩნია და დაასკვნა, რომ ,,ფუდმარტს’‘ მთელი რიგი ნივთების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა ეკრძალება. ევგენი ფიჩხაიას ადვოკატმა, ლაშა ნოდიამ ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას აღნიშნა, რომ სასამართლო დავის დაწყების მიზანი იმ სტატუს- კვოს აღდგენაა, რაც ,,ფუდმარტსა’‘ და ,,პოპულს’‘ შორის, გარიგების განხორციელებამდე იყო. გარდა ამისა, ,,პოპულმა’‘ უნდა დაიწყოს გადახდისუუნარობის პროცესი, რათა ყველა კრედიტორი, მიმწოდებელი და დისტრიბუტორი თანაბარ პირობებში ჩადგეს და მათი ვალდებულებები სამართლიანად დაკმაყოფილდეს.



ლაშა ნოდიამ ,,ფუდმარტის’‘, ,,პოპულისა’‘ და ,,პოპულის’‘ მმართველი ,,იოლის’‘ წარმომადგენლებისგან წერილობითი ინფორმაცია გამოითხოვა, რათა გაერკვია, დაიწყო თუ არა ,,ფუდმარტის’‘ ხელმძღვანელობამ ,,პოპულის’‘ კრედიტორებისა თუ მიმწოდებლების ვალების გასტუმრების პროცესი. მისი თქმით, ,,ფუდმარტის’‘ მმართველები, ვალის 70%-იან დისკონტირებაზე, მოვალეებს ორთვიან ხელშეკრულებებს უფორმებენ, რაც სამართლიანი გადაწყვეტილება არ არის.



,,ვერსიის’‘ კითხვაზე, რა გზას უნდა დაადგეს ფიზიკური პირი, თამარ ჩაჩანიძე და ვალის გასტუმრების მოთხოვნით, კონკრეტულად რომელ ინსტანციას უნდა მიმართოს, ლაშა ნოდიამ გვიპასუხა: ,,საერთოდ, ეს გარიგება იმიტომ შედგა ანუ ,,პოპულის’‘ აქტივები ,,ფუდმარტს’‘ იმიტომაც გადაეცა, რომ საბოლოოდ, დავალიანების მქონე კრედიტორების ვალი არ გაესტუმრებინათ.



მართალია, ამ ქალბატონს სასამართლოს გადაწყვეტილება აქვს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არანაირ საშუალებას არ აძლევს ,,პოპულს’‘, ვალი გაისტუმროს. ,,პოპულს’‘ აქტივები აღარ აქვს და შესაბამისად, ერთადერთი სწორი გზა სწორედ ,,პოპულსა’‘ და ,,ფუდმარტს’‘ შორის არსებული გარიგების ბათილად ცნობაა. შედეგად, ,,ფუდმარტის’‘ საკუთრებაში არსებული აქტივები ისევ ,,პოპულს’‘ დაუბრუნდება, რაც კრედიტორებს მისცემს საშუალებას, საკუთარი ვალი, ამ აქტივების ხარჯზე დაიბრუნონ. ამ ქალბატონსაც და სხვა კრედიტორებსაც სამართლებრივი საფუძველი აქვთ, სადაო გახადონ სწორედ ,,პოპულსა’‘ და ,,ფუდმარტს’‘ შორის გაფორმებული ხელშეკრულება.



რეალურად, ,,პოპულის’‘ დირექტორი, სამართლებრივად ვალდებულია, ამ კომპანიის გადახდისუუნარობის საქმე დაიწყოს, მაგრამ ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ ის არარეზიდენტი პირია, საქართველოში არ ცხოვრობს და არც ადგილობრივი კანონების ეშინია.



,,პოპული’‘ რომ გადახდისუუნარობაში შევიდეს, შესაძლოა, კომპანიის მიერ, ბოლო 6 თვის განმავლობაში დადებული გარიგებები ბათილად ჩაითვალოს. კრედიტორებმა და მომწოდებლებმა სასამართლოს უნდა მიმართონ, რათა ,,პოპულის’‘ გადახდისუუნარობის პროცესი დაიწყოს, ამის შემდეგ კომპანიის მეურვე და რეაბილიტაციის მმართველი დაინიშნება, რომელიც დავალიანებას გაისტუმრებს’‘. 



( მაია მიშელაძე http://www.versia.ge/ )
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016