„ქვეყანაში, სადაც პარლამენტის წევრის ცემის ფაქტი დროულად გამოძიებული ვერ იქნება, ვერცერთი ჩვენი მოქალაქე თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პლენარულ სხდომაზე.
მან სამართალდამცველებს ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტის დროულად გამოძიებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„მივესალმებით ნუგზარ წიკლაურის პარლამენტის დარბაზში დაბრუნებას და ვწუხვარ იმ ფაქტზე, რაც მოხდა. კიდევ ერთხელ მკაფიო პოზიციას გამოვხატავ, რომ ქვეყანაში, სადაც პარლამენტის წევრის ცემის თუ სხვა ტიპის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი დროულად ვერ იქნება გამოძიებული, ვერცერთი ჩვენი მოქალაქე თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს. კიდევ ერთხელ მივმართავ სამართალდამცველ ორგანოებს, რომ ეს საკითხი, რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას და ნათელი მოეფინოს , თუ რა მოხდა ნუგზარ წიკლაურთან დაკავშირებით“-განაცხადა უსუფაშვილმა.