რუბრიკა „15 კითხვის“ სტუმარია ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, შსს-ს პოლიციის აკადემიის პრორექტორი, მსოფლიო ჩემპიონი ლუკა კურტანიძე:
-ლუკა, ბოლო დროს საზოგადოების წინაშე აქტიურად აღარ ჩანხართ....
-პირველ რიგში, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. პოლიციის აკადემიის პრორექტორი გახლავართ, სადაც ჩემი ფუნქცია პოლიციელთა სპორტული ღონისძიებების დაგეგმარება და მისი განხორციელებაა, რაც პოლიციელის საერთო ფიზიკურ მომზადებას ემსახურება. ასევე, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი ვარ. საქართველოში სამი დღის წინ დავბრუნდით, ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, მოვიპოვეთ ევროპის ჩემპიონობა, ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო. თუმცა გულშემატკივარი ჩვენგან გაცილებით მეტს ელოდება. დასახვეწი ბევრია, იმედია, მსოფლიო ჩემპიონატზე უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ. მართალია აქტიურად არ ვჩანვარ, მაგრამ იმ სფეროში, რაც ჩამაბარეს, ბევრს ვმუშაობ.
- ლუკა, თქვენ, სააკაშვილისა და „ნაციონალების“ მიმართ საკმაოდ მკვეთრი განცხადებებით გამოირჩეოდით, მათ ლინჩის წესით გასამართლებითაც დაემუქრეთ. დღეს, ამ საკითხზე რა მოსაზრება გაქვთ?
- 9 წლიანმა რეჟიმმა უამრავი უსამართლობა მოიტანა. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ სამართლიანობის აღდგენას მარტო ხელისუფლება კი არა, არამედ საზოგადოებაც უნდა ეცადოს. დამნაშავეების გასამართლება საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს. ადრე ვთქვი, რომ ისინი ცოცხლად უნდა გატყავდნენ. პოლიტიკურად, უკვე გატყავდნენ კიდეც, ეს ხალხი მთელმა საზოგადოებამ გააშიშვლა და მათ სიტყვას, დღეს, ფასი არ აქვს. საზოგადოებაში, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა დიდია, მაგრამ არ გვინდა, რომ ''ნაციონალებს'' დავემსგავსოთ და პროცესები უკონტროლო გავხადოთ. ამიტომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს, რასაც დიდი დრო და შრომა სჭირდება. მაგრამ, ამავდროულად, საზოგადოებამ არ უნდა დაივიწყოს ის უბედურებები, რაც ამ რეჟიმმა მოიტანა. არც ის უნდა დავივიწყოთ რაც ამ 9 წლამდე იყო. დღეს ივანიშვილმა სიცოცხლის ფასად სულ სხვა რეალობა შექმნა: ადრე, საზოგადოება შიშისგან ხმას ვერ იღებდა, ახლა ვისაც რა უნდა იმაზე საუბრობს და პროტესტს გამოხატავს. ეს დიდი მონაპოვარია. დღეს ყველას შეუძლია ჩირგვებიდან და სოროებიდან კი არა, არამედ პროტესტი ღიად გამოთქვას. ვინც 9 წლის მანძილზე ამ ყველაფერს ანგრევდა, აყადაღებდა, იტაცებდა, ასხვისებდა, რა თქმა უნდა, ყველას პასუხი უნდა მოეთხოვოს. სააკაშვილი - ყველა უბედურების თავიდათავი აუცილებლად უნდა გასამართლდეს, ამ დონის სისასტიკე უპატიებელი არ უნდა დარჩეს.
- ადრე თქვით, ვერ შევეგუები, რომ მე და მიშა ერთ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, ვთანაარსებობდეთო...
- ახლა რასაც გეტყვით შეიძლება ხმამაღალ ნათქვამად აღიქვათ, მაგრამ პირდაპირ ვამბობ - თუ სააკაშვილს 10 ტყვია მოხვდება, ერთი ტყვია აუცილებლად, ლუკა კურტანიძისგან იქნება. იმ ადამიანებს შორის ვინც მას არ დამორჩილდება და პასუხს მოსთხოვს, ერთ-ერთი ლუკა კურტანიძე იქნება. ეს მარტო სააკაშვილს არ ეხება. მინაშვილის, გაბაშვილის, უგულავას, თაქთაქიშვილის, ხერხეულიძის და სხვათა სახით, ქვეყანაში ბევრი სააკაშვილია. მათი სახელები 9 წლიან რეჟიმთანაა დაკავშირებული. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, ის ტრაგედიები არ დაივიწყოს, რაც მათი წყალობით, ასი ათასობით საქართველოში მაცხოვრებელმა გადაიტანა. თუ ეს დავიწყებას მიეცა და ხელისუფლებას ამ ადამიანების დასასჯელად საზოგადოებისგან მხარდაჭერა არ ექნა, დამერწმუნეთ, მომავალში უფრო მეტ უბედურებას მივიღებთ. იმიტომ, რომ ხელისუფლება ყოველთვის ხალხმა უნდა აკონტროლოს. თუ ის კონტროლიდან გამოვიდა, ვიმეორებ, უფრო მეტ უბედურებას მივიღებთ. ნურავის ეგონება, რომ ბრძოლა დამთავრდა. სანამ ადამიანი ცოცხალია, სულ იბრძვის, ბრძოლა გრძელდება. მე, საზოგადოების ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ, რომელიც უსამართლობას არასოდეს გაუჩუმდება.
- როგორ შეაფასებთ 26 მაისს ქართველი ხალხის ცხოვრებაში, ისტორიაში?
- 26 მაისი ტრაგედიად იქცა, რომელიც ისევე გამოსაძიებელია, როგორც 7 ნოემბერი და სხვა. 7 ნოემბერის მომწყობები რომ დასჯილიყვნენ, 26 მაისის ტარგედია აღარ გვექნებოდა. თავის დროზე ამ საკითხის გამოუძიებლობამ და დაუსჯელობის სინდრომმა 26 მაისი მოიტანა. აქ მხოლოდ მერაბიშვილზე არ უნდა ვისაუბროთ, არამედ ყველა იმ ადამიანზე, ვინც საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა და სისასტიკე გამოიჩინა. მხოლოდ მერაბიშვილს არ დაუღვრია სისხლი, მათ შორისაა ადამიანები, რომლებიც არ ჩანან, მაგრამ ამ დანაშაულში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით. ვინც ბრძანება ზედმიწევნით და გადაჭარბებით შეასრულა, ყველა, ძალოვან სტრუქტურებს უნდა მოშორდნენ და პასუხისგებაში მიეცნენ. ამიტომ, ერთ ადამიანზე ხელის შეწმენდა არ ივარგებს. აშშ-ს კონგრესმენებმა ბოკერიას პროკურატურაში დაბარებაზე შეშფოთება გამოთქვეს. იმიტომ, რომ მათ ვერ წარმოუდგენიათ დიდი თანამდებობის პირები ასეთ დანაშაულს როგორ უნდა სჩადიოდნენ. ბოკერიას და სხვათა დაკითხვაში აღსაშფოთებელი არაფერია. სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტი იყო, მაგრამ პროკურატურამ დაიბარა, ბერლუსკონი სასჯელს იხდის. ამიტომ, სააკაშვილის დაბარება ნურავის უკვირს. საზოგადოებამ უნდა ვიაქტიუროთ, ვიმეორებ, ხალხმა არ უნდა დაივიწყოს ამ 9 წლის მანძილზე ვინ რა დანაშაული ჩაიდინა, ამაზე ღიად და ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ. არ მომწონს ის ლიბერალები, რომლებიც ტელევიზიით გამოდიან და ზღვარგადასულ თავისუფლებაზე ლაპარაკობენ, სიბინძურეს თესავენ. ადრე გადაცემა „აზრი“ გადიოდა, რომელიც გოკა გაბაშვილს მიჰყავდა, მისი იდეების დათესვამ რაც მოგვიტანა, ყველამ ვნახეთ. ახლა ტაბლიაშვილები და მისნაირები მთელს ერს „კვირის აზრებით“ წამლავენ, სოსო ჯაჭვლიანისნაირი ადამიანების მარგინალიზაციას ახდენენ. სანამ სოსო ჯაჭვლიანის, ირაკლი ღარიბაშვილის, ბიძინა ივანიშვილის - ამ ერისკაცების სახელებსა და გვარებს ახსენებენ, ვურჩევ, კბილები კარგად გამოიხეხონ. კი ბატონო, ჩვენ თმენის ვალდებულება გვაქვს და ვითმენთ, მაგრამ ჩემი ძალაუფლება, არც თანამდებობა იმად არ მიღირს, რომ ზღვარგადასული შეურაცხყოფა მოვითმინო. პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ. მიუხედავად მცირე ასაკისა, მან დიდი მაგალითი მომცა. ივანიშვილი მოვლენაა, მისკენ ნასროლი ტყვია რომ მომხვდეს ბედნიერი ვიქნები. ქართველმა ერმა ერთი რამ უნდა გამოვასწოროთ - ადამიანი სიცოცხლეშივე უნდა დავაფასოთ და მაგალითად ვაქციოთ. ბიძინა ივანიშვილები, რომლებიც ქვეყნისთვის იფერფლებიან მაგალითად უნდა ვაქციოთ. თანამდებობა იმად არ მიღირს, რომ გავჩუმდე და არ ვილაპარაკო, სიცოცხლის ფასად ვიბრძოლებ. დღეს, .''ნაცმოძრაობა'' ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს უნდა უმადლოდეს, რომ ხალხმა ლინჩის წესით არ გაასამართლა. რატიანი, მინაშვილი, უგულავა და სხვა ნაძირალები, ადამიანების უფლებების დაცვაზე და შეზღუდვებზე რომ გველაპარაკებიან, ტელევიზიებით გამოდიან, ამას დღევანდელ ხელისუფლებას უნდა უმადლოდნენ. ეს რომ არა, მათი რიტორიკის წყალობით, თითოეული მათგანი სარზე იქნებოდა წამოგებული ან კოცონზე დაფერფლილი. ყველაფერს ზღვარი აქვს, ვითმენ სანამ ეს ჩემს სახელმწიფოს, თანამებრძოლებს არ ავნებს. მაგრამ როცა დავინახავ, რომ ქვეყანას, სამშობლოს საფრთხე ემუქრება, თანამდებობა არაფრად მიღირს, ის დაუნდობელი მებრძოლი გავხდები, რომელსაც კარგად იცნობს „ნაცმოძრაობაც“ და მისი ე.წ. ლიდერი სააკაშვილიც. ვიმეორებ, სააკაშვილს 10 ტყვია თუ მოხვდება, ერთი ჩემგან იქნება, როგორც უნდა ისე გაიგონ, გინდათ პირდაპირი, გინდათ ირიბი მნიშვნელობით.
- როგორც არაერთხელ გითქვამთ, არავის უსურვებთ იმ დამცირების ნახვასაც კი, რაც 26 მაისს აქციის მონაწილეებმა გადაიტანეს. ამ ფონზე რამდენად ადეკვატურია მერაბიშვილის სასჯელი?
- ეს ის სასჯელი არ არის, რასაც მერაბიშვილი იმსახურებს. ეს ერთი, მეორეც, ვერ ვიქნები კმაყოფილი, სანამ მერაბიშვილს გვერდით არ მიუჯდება სააკაშვილი, მინაშვილი, გაბაშვილი და ის ადამიანები, რომლებიც დღესაც წამლავენ საზოგადოებას.
- ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის ტემპი როგორია და ამ ფონზე კოაბიტაციას როგორ შეაფასებთ?
- ბევრი ღირსეული საჯარო მოხელე განიცდიდა იმას, რაც ქვეყანაში ხდებოდა. ჩვენ ამ ადამიანების რეაბილიტაცია მოვახდინეთ. მაგრამ ის სიბინძურე, რაც `ნაცმოძრაობის~ ლიდერების სახით ქვეყანაშია, უნდა ჩამოვიშოროთ, რათა საქართველომ ამოისუნთქოს. ფრთხილად უნდა ვიბრძოლოთ, რათა იმ ზღვარს არ გავცდეთ, რასაც სამართლიანობა ჰქვია. ამ წელიწადნახევარში ზღვარს რომ გადავსულიყავით, არცერთი მათგანი ფიზიკურად აღარ იქნებოდა ამ ქვეყანაზე.
- ხშირად მიმტევებლობაზე საუბრობთ, მართლა გულწრფელად აპატიეთ იმ ხალხს, შურისძიების გრძნობა არ გაქვთ მათ მიმართ, ვინც 26 მაისს სასაკლაო მოაწყო?
- ევროპის ჩემპიონატის გახსნისას, მთელი ევროპის დასანახად მუხლი მოვიდრიკე. მათ კი სინანული, სიტყვითაც არ გამოუხატავთ. ამ ადამიანების წინაშე კი არ მომიდრეკია მუხლი, არამედ დაღლილი ერის და მათ წინაშე, ვინც ჩადენილი შეცდომები გააცნობიერა. მიმტევებელი ყოველთვის ვიქნები, მაგრამ არა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამას ირონიით შეხედა, გაკრიტიკება დაიწყო. იმ ადამიანების წინაშე ისევ დაუნდობელი ვარ და ისევ აგრესიულად ვიქნები განწყობილი, სანამ ეს ადამიანები საზოგადოებას საერთოდ არ ჩამოშორდებიან. ერთხელ ნაძირალა გიგი უგულავამ თქვა, ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ, ამიტომ ან ციხეში ჩაგვსვამენ, ან ფიზიკურად გაგვისწორდებიანო. ნამდვილად, სანამ ეს ადამიანები საზოგადოებას საფრთხეს უქმნიან, არ გავჩერდებით.
- საზოგადოებამ აქტიურ პოლიტიკაში „სახალხო კრებიდან“ გაგიცნოთ. რა გახდა თქვენი იქედან წამოსვლის მიზეზი?
-პირველ რიგში, მე არსად წავსულვარ. ''სახალხო კრებაში'' არიან ადამიანები, ვინც ჩემთვის ძვირფასია. ბედნიერი ვარ რომ ნონა გაფრინდაშვილთან, რეზო ესაძესთან, გურამ ფირცხალავასთან, გია ბურჯანაძესთან, გოგი ქავთარაძესთან, სოსო ჯაჭვლიანთან ერთად მთელი საქართველო შემოვიარე. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც არ ეგუებიან იმ გაერთიანებებს, ბლოკებს, რომლებსაც სურთ ოპოზიციონერობა პროფესიად იქციონ. მე, მათთან გავიზარდე, როგორც პოლიტიკაში მოღვაწე ადამიანი. ჩემი სამშობლოსთვის მათთან ერთად ვიბრძოლე. ისინი არასდროს დამავიწყდება, მათ ყოველთვის გულით ვატარებ. მათ ის მასწავლეს რაც არ ვიცოდი - პოლიტტექნოლოგია, რასაც მე სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულს ვეძახი. როცა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, პირველივე დღეს, მე, სოსო ჯაჭვლიანმა და მერაბ შათირიშვილმა სიცოცხლის ფასად, გელათიდან სამებამდე მსვლელობა მოვაწყვეთ. მაშინ დავაფიქსირეთ, რომ თუ „სახალხო კრება“ ბიძინა ივანიშვილის გვერდით არ იქნებოდა, ჩვენ „სახალხო კრებელები“ ვეღარ ვიქნებოდით.
- ადრე ამბობდით, ივანიშვილი აუცილებლად გახდება პრემიერი, მაგრამ იმისიც მჯერა, რომ დღეს თუ ხვალ ნინო ბურჯანაძე აუცილებლად გახდება პრეზიდენტიო....
- ყველას თავისი გზა აქვს. ქალბატონ ნინოს, როგორც პოლიტიკოსს, ძალიან ვაფასებ, მაგრამ დღეს ეს გაერთიანება წარმოუდგენლად მიმაჩნია. ბევრ რამეს ვსწავლობ. თქვენ ნუ ფიქრობთ, რომ მაშინ ყველაფერი ვიცოდი. ძლიერი პოლიტიკოსობა და პროფესიონალიზმი, არ ნიშნავს, რომ საწადელს მიაღწევ, ბრძოლა სამართლიანი უნდა იყოს. თუ სამართლიანი ხარ, ყოველთვის გახდები პირველი.
- როცა წვერი გქონდათ მოშვებული თქვით, რომ ჩემს ქვეყანას ვგლოვობო, მერე მოიპარსეთ, მაგრამ ახლა ისევ წვერში გხედავთ, ისევ გლოვობთ თუ რა ხდება?
- დამერწმუნეთ, ბევრ რამეს განვიცდი, რაც ყველას აწუხებს. განცდები ვიზუალურად ყოველთვის მეტყობა. სანამ საქართველოში ბევრი სატკივარია, ვერ გავიღიმებ. როცა ბევრი ოჯახი იქნება ბედნიერი, მეც ბედნიერი ვიქნები. მაგრამ ვარ ადამიანი, რომელსაც მაქვს განცდები, ტკივილი, ცრემლი. მინდა დაწყებული კურსი ბოლომდე მივიდეს.
- ლუკა, თქვენ ბერად აღკვეცას აპირებდით, დგას თუ არა ეს საკითხი დღის წესრიგში თუნდაც სამომავლოდ?
- ეს მარცვალი ჩემში არის და თავისებურად ღვივის. ეკლესიამ, სულიერებამ გადამარჩინა და ძალა მომცა. ამ თემაზე პატრიარქთანაც მისაუბრია. დღეს ერში ვიბრძვი, მაგრამ მონასტრის კარი არასდროს მავიწყდება და არც ის გრძნობა მიმნელებია, რასაც ღვთისმსახურება ჰქვია. მაგრამ ჯერ ერში მაქვს ბევრი საბრძოლი. ამის მერე თუ უფლის ნება იქნება მონასტრის კარებს შევაღებ. მაგრამ ჯერ იმ ველზე უნდა ვიბრძოლო, სადაც ხმალი უკვე ამოღებულია და ეს ხმალი დაუნდობელია.
- ლუკა როგორც ერთხელ აღნიშნეთ, ქვეყანას კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონის მედალი უნდა ვაჩუქოო. სამწუხაროდ, თეირანში „ტახტის თასზე“ ბრძოლა დამარცხებით დასრულდა. ვარჯიშობთ ისევ?
- მეგობრებში მეუბნებოდნენ, რომ ამხელა თანამდებობის პირს ბრძოლაში არ უნდა მეასპარეზა. მაგრამ მე უბრალო ადამიანი ვარ, რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყო, რატომაც არ უნდა გამოვიყენო დაგროვილი ცოდნა. თუ უბრალო ადამიანი წაიქცა რადგან თანამდებობაზე ვარ და ამხელა საფეხურზე ვდგავარ, ის ადამიანი არ უნდა წამოვაყენო? თითოეულ ქართველ მებრძოლ სპორტსმენს თუ შევეშველები ეს დასაძრახია? არცერთი ფედერაციის პრეზიდენტი არ მოქცეულა ასე. მაგრამ ვთვლი, სპორტსმენებს ჩემს გამოცდილებას თუ გავუზიარებ, ეს სრულებით არ მაკნინებს.
- ოჯახი გაგვაცანით, როგორც ვიცი მრავალშვილიანი მამა ხართ.
- შიდა სამზარეულოზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ გეტყვით, რომ მყავს 6 შვილი და მეორე მეუღლე, რომელთანაც ბედნიერი ვარ. ესაა ქალბატონი ხათუნა მიქაცაძე. მასთან ბედნიერი ვარ, იგი არამარტო მეუღლე, არამედ თანამებრძოლი, მეგობარი, ჩემი ტკივილის და სიხარულის თანამოზიარეა. როცა ის მელოდება, სახლში მიმიხარია. ქალბატონ ხათუნას ორი შვილი ჰყავს, ანუ სულ 8 შვილი გვყავს. ამ სიმრავლით ბედნიერი ვარ. ღმერთმა თუ ინება, კიდევ გავმრავლდებით. სიყვარული დიდი ძალაა. მინდა ეს ბედნიერება ხანგრძლივი იყოს, რათა მქონდეს ძალა, რომ ამ ქვეყანაზე ბევრი სიკეთე ვაკეთო.
- ვინ არიან თქვენი მეგობრები?
- ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოსო ჯაჭვლიანი, ანზორ ჩუბინიძე და მრავალი სხვა. ძნელბედობის ჟამს, თითოეული მათგანი ჩემთვის ხვალინდელი დღის იმედი იყო და ახლაც ასეა. ახლახან, ერთ თანამებრძოლს შევხვდი და ვუთხარი, ადრე, ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით-მეთქი. მან მიპასუხა, დღეს, ჩვენ, მთელს საქართველოზე გადავნაწილდით და ისე ხშირად ვეღარ ვხვდებით ერთმანეთსო. მაშინ ერთ მუშტად ვიყავით შეკრული. ახლა ხშირად რომ ვერ ვხვდებით ეს გასაგებიცააო. ჩემთვის ეს არ არის და ვერც ვერასდროს გახდება გასაგები. იმიტომ, რომ ის ხალხი ვისთანაც ეს ბრძოლა გამოვიარე იმდენად მიყვარს, მათი დიდი ხნით უნახაობა მონატრებას მიჩენს და მასუსტებს. როცა მათ ვხედავ, ესაა ჩემი ძალა. ვინც ამ ბრძოლაში სამშობლო გადამირჩინა, თითოეულ მათგანს ვლოცავ.
- როგორი ხართ სუფრაზე, თამადობა თუ გიყვართ?
- სუფრაზე ძალიან იშვიათად ვარ, ხალხმრავლობას ვერიდები. მინდა არა ხალხმრავლობაში, არამედ უბრალოდ, ქვეყანაზე საუბარში დავიხარჯო. ამას წინათ ბატონ ბიძინას მესიჯი მივწერე, რომ ძალიან მომენატრა იგი და მასთან საუბარი.
- მან რა გიპასუხათ?
- გუშინ მივწერე. ივანიშვილი ყველას საკუთრებაა. იგი ბევრს უყვარს და დამერწმუნეთ, ყველას პასუხს ვერ მისწერს, მთავარია მან ჩემი დამოკიდებულება და სიყვარული იცის.
- ბოლოს როგორ შეაფასებთ რუბრიკას, რას ეტყვით მკითხველს?
- ძალიან საინტერესო რუბრიკაა. მკითხველს კი ვეტყვი, რომ ყველამ, ერთმანეთში ვეძებოთ ძალა. არასოდეს არ დაივიწყონ ის ტრაგედიები, რაც გამოვიარეთ. თუ ეს ტრაგედია დავივიწყეთ და დაუსჯელი დავტოვეთ, თუ სააკაშვილები და სხვანი არ დაისაჯნენ, ეს ჩვენი ბრალი იქნება. ამიტომ ნუ ვიქნებით ზედმეტად კრიტიკულები ხელისუფლების მიმართ, რომელსაც სამართლიანობის აღდგენა უნდა, პირიქით ერთად დავდგეთ. ძალა ხალხშია, მაგრამ ამას სლოგანად ნუ დავტოვებთ, არამედ რეალობად ვაქციოთ. მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ წინა ხელისუფლებაში მყოფი დამნაშავეების დასჯა მხოლოდ ხელისუფლების კი არა, ხალხის მოთხოვნაა.
ესაუბრა თათული ლორთქიფანიძე
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“