დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
"ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ღვთის წყალობა, მადლი მოდის იმ ადამიანზე, რომელიც თავმდაბალია და სათნოება გააჩნია. ქართველი ადამიანი ოდითგანვე ცდილობდა და ცდილობს სარწმუნოება შეინარჩუნოს. ქართველი ადამიანი არავის ჩაგრავს, ის თვითონ დაიჩაგრავს თავის თავს. იმ სარწმუნოებას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ვერავინ ვერ შეგვაცვლევინებს და ვერავითარი სხვა ძალა ვერ შეცვლის ამას. სიწმინდე ღვთისგან მოდის, ადამიანს ეფინება და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ეს სიწმინდე დღემდე გვაქვს და გვექნება კიდეც. ღმერთმა დაგლოცოთ, მადლი და წყალობა არ მოგაკლოთ", - განაცხადა ილია მეორემ.
ქადაგების შემდეგ ილია მეორემ და სასულიერო პირებმა სამადლობელი ლოცვები წაიკითხეს.