ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ სტუმრობისას მომღერალი სოფო ნიჟარაძე გულახდილი ინტერვიუს დროს ატირდა. მომღერლის ასეთი ემოციები წამყვანის მიერ დასმულმა კითხვამ გამოიწვია, რომელიც მის გარდაცვლილ მამას ეხებოდა. ჟორჟოლიანმა სთხოვა მას, გაეხსენებინა მამა.
„მე და ირაკლის (სოფოს ძმა) სულ გვიხაროდა, როცა მამა სახლში მოდიოდა, რადგან დედა კატეგორიულად გვთხოვდა გვესწავლა, ხოლო როცა მამა სახლში ბრუნდებოდა, მთავრდებოდა ჩვენი მეცადინეობის დრო“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ როდესაც სიტყვა „მამა“ ესმის, ემოციურად რთულია მისთვის, რადგან ცუდ დროს და მოულოდნელად წავიდა მათგან. სოფოს თქმით, მამა მისი განსაკუთრებული გულშემატკივარი იყო, თუმცა ქება არ უყვარდა. მისი თქმით, ძალიან ელოდებოდა სოფოს ახალ ალბომს და მომღერალს გული წყდება, რომ ამ ამბავს ვერ მოესწრო.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)