პატრიარქთან ერთად, „ვია დოლოროსას“ ქუჩაზე პროცესიაში მონაწილეობა ათასობით პილიგრიმმა მიიღო. წმინდა მიწაზე მომლოცველები ყოველ წითელ პარასკევს ტრადიციულად იმ გზას გადიან, რომლითაც მაცხოვარმა ჯვარი გოლგოთამდე მიიტანა. წელს მართლმადიდებლები და კათოლიკეები აღდგომას ერთად აღნიშნავენ.
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, მაცხოვარმა ჯვარცმამდე „ვია დოლოროსას“ გზა გაიარა. მარშრუტი ძველი იერუსალიმის ერთ-ერთი კარიბჭიდან იწყება და 600 მეტრის დაშორებით, მაცხოვრის აღდგომის ტაძართან სრულდება.
უფლის აღდგომის ტაძარში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მომლოცველები წელს ცეცხლის გადმოსვლას 20 აპრილს ელოდებიან. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი საგანგებო ლოცვებს შეასრულებს.
მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად მე-3 საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.